ისტორიულ ტაოში X საუკუნეში აგებული პარხალი აღადგინეს - გზაპრესი

ისტორიულ ტაოში X საუკუნეში აგებული პარხალი აღადგინეს

ბევრმა დრო-ჟამის სვლას ვერ გაუძლო და მხოლოდ ისტორიაშია შემონახული. თუმცა, ზოგიერთი მკვიდრად ნაგები ეკლესია-მონასტერი გადარჩენის მოლოდინშია.

ახლახან თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ სოფელ პარხალში (თურქულად - ალთიპარმაქთან) კიდევ ერთი სამონასტრო კომპლექსის პარხლის რესტავრაცია დასრულდა... ის მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის ხეობაში, დავით III კურაპალატმა 973 წელზე ცოტა ადრე ააგო.

ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერმა გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხალის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაი, რომელიც X-XI საუკუნეებში მოღვაწეობდა და პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერად არის მოხსენიებული. პარხალში გადაიწერა "შუშანიკის წამების" უძველესი ნუსხა, X საუკუნეში.

XVI საუკუნეში ოსმალთა დაპყრობების შემდეგ, ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს... ალბათ ამის დამსახურებაა, რომ შენობა საკმაოდ კარგად იყო შემონახული.

ახლახან, პარხალს, პირვანდელი დანიშნულება არა, მაგრამ იერი დაუბრუნდა. ქართველი რესტავრატორი, ირაკლი გაბისკირია გვიამბობს, თუ როგორ მუშაობდა ქართული ძეგლის აღდგენაზე, როგორ ხვდებოდნენ მას იმერხეველი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ენა არც საუკუნეების შემდეგ დავიწყებიათ...

- წლებია, თურქეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ... პროფესიით რესტავრატორი ვარ, ქვაზე, გრანიტსა და მარმარილოზე ვმუშაობ. პირველად სტამბოლში, ტაქსების ოფისის რესტავრაცია შემიკვეთეს. ძალიან დიდი შრომა ჩავდე, მაგრამ საბოლოოდ, კარგი გამოვიდა. შემდეგ, ასევე სტამბოლში, ორთაკოის მეჩეთის აღდგენა მთხოვეს. ეს ერთგვარი გამოცდა იყო ჩემთვისაც. საკმაოდ რთულ ფიგურებზე მომიხდა მუშაობა, მაგრამ საქმე ბოლომდე მივიყვანე და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

- ანუ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ მუშაობთ?

- არა, უკრაინაშიც მქონდა რამდენიმე კერძო შეკვეთა... თანდათან ხელი გამეწაფა და სულ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს ვკიდებდი ხელს... შემდეგ პარხლის ტაძრის რესტავრაცია შემომთავაზეს. ვინაიდან ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო, დავფიქრდი, თუმცა, დავთანხმდი.

GzaPress- რა მდგომარეობაში დაგხვდათ ტაძარი?

- რამდენიმე წლის წინ იქ მეჩეთი გააკეთეს და იმისათვის, რომ ნაგებობა გაემაგრებინათ, მთლიანად ბეტონში მოაქციეს ანუ შიგნით და გარეთ გალესეს და ამით საძირკველიც გაუმყარეს და კედლებიც, წყალს რომ არ გაეჟონა... ეს სოფელ პარხლის მოსახლეობამ, მესხებმა გააკეთეს და ტაძარი დანგრევას გაადარჩინეს. გარშემო დაახლოებით 150 მესხი ცხოვრობს. ისინი დადიან იქ და ლოცულობენ. როდესაც გაიგეს, რომ პარხლის რესტავრაციაზე ქართველი მუშაობდა, ჩემს გასაცნობად მოვიდნენ... იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ იქ, რამდენიმე ვერსია აქვთ: ჩვენი წინაპარი დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა, ყივჩაღები ვართო, ზოგი თავს ქართველად მიიჩნევს, ოღონდ თავს "ძველ ქართველს უწოდებს..."

- ქართულად საუბრობენ?

- იქ არა, მაგრამ ცოტა ქვემოთ, დაახლოებით 7 კილომეტრში მეორე სოფელია, ფიჩახჩი ჰქვია, იქ ქართულად ლაპარაკობენ, ოღონდ ძველი ქართულით, როგორ ხარ, რაი ჯობი? - კაი ვარ, ანუ კარგად ვარ... შენი თავი მიყვარს, - მიყვარხარო... ასევე გავიცანი შავშეთელი ქართველები. სხვათა შორის, ძალიან ბევრი იმერხეველი და ბორჩქელი გაქრისტიანდა. მათ დღემდე ჩვენი მსგავსი ტრადიციები აქვთ. მაგალითად, ძველი ქართული ტრადიცია, ხარების შეჯიბრება, მათთან ახლაც შემორჩენელია. ძალიან თბილი ხალხია, ქართველს ოჯახის წევრივით იღებენ.

- პარხლის რესტავრაციაზე რამდენ ხანს მუშაობდით?

- დაახლოებით 3 წელი... მის რესტავრაციას სტამბოლის ყოფილი ვიცე-მერი აფინანსებდა. ის კაცი წარმოშობით იქაურია, იმ სოფლიდან, თურქეთის პრეზიდენტის მეგობარია. უბრალოდ, უნდოდა, მის სოფელში ხალხს მეჩეთი ჰქონოდა.

- ანუ პარხალში მეჩეთიც დარჩა?

- დიახ, მეჩეთი დარჩა, ქართულ ტაძარს კი მუზეუმის დანიშნულება აქვს. დაახლოებით ისეა, როგორც აია-სოფიას ტაძარში... პარხალს ავთენტურობა შენარჩუნებული აქვს, თუ არ ჩავთვლით შიდა მცირე რეკონსტრუქციას.

- ფრესკები ან რამე ქართული ნიშანწყალი თუა შემორჩენილი?

- ფრესკების ოდნავი მონახაზები, ასე ვთქვათ, ფრაგმენტებია შემორჩენილი, თუმცა, რომელი წმინდანის ან ეპიზოდის ამსახველია, იმის გარჩევა შეიძლება. სპეციალისტს შეუძლია მისი აღდგენა... მოგვიანებით, საქმეში ჩაერთვნენ ქართველებიც, მათ შორის - ისტორიკოსები და სპეციალისტები. მათი რეკომენდაციით ვმუშაობდი. ასევე ქართველი მხატვრებიც, რომლებმაც თავიანთი მოსაზრება შესთავაზეს თურქულ მხარეს და მათაც გაითვალისწინეს. თუმცა, ჩვენთან ერთად მუშაობდნენ თურქებიც... მთლიანობაში, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა.

- ამას წინათ იშხნის რესტავრაციაც მოხდა, ხომ?

- დიახ, დასრულებულია. თუმცა, კიდევ რამდენიმე ქართული ძეგლია, რომელიც დანგრევის პირას არის. კარგი იქნება, თუ პარხლის აღმდგენ თურქ ქველმოქმედს ქართველი ბიზნესმენებიც მიჰბაძავენ...

ლალი პაპასკირი