ვისი ბრალია, როცა პოლიტიკოსები გვატყუებენ - გზაპრესი

ვისი ბრალია, როცა პოლიტიკოსები გვატყუებენ

სპეციალისტები სიცრუის ზოგად სახეობებს განასხვავებენ: ფალსიფიკაცია, სიმულაცია, ცნებების მოტყუებით ჩანაცვლება, ბოლომდე ართქმა, ცილისწამება, ბლეფი, შეცდომაში შეყვანა, ფაქტების გადასხვაფერება, მოძველებული ინფორმაციის განზრახ მიწოდება, ცრუ უარყოფა, ტყუილის უნებლიეთ თქმა... ალბათ, ბევრი რამ გეცნოთ, მით უმეტეს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც პოლიტიკოსები თუ საჯარო მოხელეები ყოველდღიურად იტყუებიან; როდესაც თითქოს ჩვეულებრივ ამბად იქცა სიცრუე, დემაგოგია, ორმაგი სტანდარტი.

წინასაარჩევნო კამპანია ეს ის პერიოდია, როდესაც "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" და მათი მოწინააღმდეგენიც ხალხითა და მათი პრობლემებით ინტერესდებიან, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების შემდეგ მოსახლეობა უკვე აღარავის ადარდებს. წლევანდელი კამპანია, პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მიერ ისე შეფასდა, როგორც ყველაზე ბინძური საარჩევნო კამპანია.

ვიდრე ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი გეშტალტ-თერაპევტი ნინო მინდორაშვილი აგვიხსნის, თუ რატომ იტყუებიან ადამიანები, რატომ მიიჩნევა სიცრუე ყველაზე სამარცხვინო მანკიერებად, რატომ არის ის სხვადასხვა დანაშაულისა თუ შიშის მიზეზი, რა ააშკარავებს მატყუარა ადამიანს, როგორ არ უნდა წამოვეგოთ კანდიდატების არარეალურ დაპირებებს, რომ არ გავხდეთ ლამაზად შეფუთული პიარ-კამპანიის ანუ ტყუილის მსხვერპლნი, მანამდე მოკლე მიმოხილვა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პირველსავე ანგარიშში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვად შეფასდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირება. ეს იყო ინიციატივა "ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ". ამ პოლიტიკური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატიცა და აქტივისტებიც ჰპირდებოდნენ მოსახლეობას, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მათ აუნაზღაურდებოდათ საბანკო სექტორისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიყენებული ზიანი, ასევე სამსახურებში აღადგენდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში გათავისუფლდნენ მათ მიერ დაკავებული თანამდებობიდან.

მალევე გაირკვა, რომ გრიგოლ ვაშაძის კიდევ ერთი დაპირება პენსიების 400 ლარამდე გაზრდის თაობაზე ტყუილი და შორეულ მომავალზე გათვლილი დანაპირები იყო. ამის გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მათ ორთვიან კამპანიას ტყუილზე აგებული უწოდა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს იქით დასდო ბრალი: "რა იკადრეთ, კანდიდატს დააბრალეთ, თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ მოღალატე ხალხია თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა თურმე, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ და ამიტომ ვერ იტანს - აი, ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ და 400-ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა, ტყუილის გარეშე არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც თქვენი ძალადობრივი ბუნების გამოვლინებაა. ეს ტყუილი, ამ მასშტაბით, არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული "რბილი" ძალა ამაში, ბუნებრივია, არ გიშველით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის დეკანმა, წარსულში მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიგა ბედინეიშვილმა კი განაცხადა, რომ თვითონ "ოცნების" კამპანია იყო აგებული ტყუილზე, ქრთამებსა და დადგმულ ცოცხიან სცენებზე და სოციალურ ქსელში დაწერა: "წინასაარჩევნოდ ფულის ხარჯვა რეგულირდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა წარმატებით. "ნაციონალებმა" რამდენად კანონის ფარგლებში იმოქმედეს, ივანიშვილისთვის ფული რომ არ დაეხარჯვინებინათ, არ ვიცი, თუმცა ეჭვი მაქვს, მთლად სუფთად არ იქცეოდნენ. ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ "ოცნების" კამპანია ძირითადად ამომრჩევლის მოსყიდვაზე იყო აგებული. ტყუილზე, ქრთამებსა და დადგმულ ცოცხიან სცენებზე. რეალურად რისი გაკეთება შეუძლია "ოცნებას", კი ვხედავთ. არ მითქვამს, ის ხელისუფლება სამართლიანი, პატიოსანი და მზრუნველი იყო-მეთქი. უბრალოდ, ამ მატყუარა, მექრთამე, ცოცხიანი სცენების დამდგმელ ხელისუფლებასთან შედარება არაა. ყველაფერი შედარებითია. რა გაგიკვირდათ? ტყუილებით არ კვებეთ ღარიბი და სულელი ამომრჩეველი? მაცივრებსა და ტელევიზორებს არ ითხოვდა ხალხი? თუ ცოცხების სცენა არ დადგით და ბავშვები არ ყარეთ ქვევრებში?"

GzaPress"ნაციონალებს" არც "მეოცნებეები" ჩამორჩნენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "რუსთავი 2"-ის დახმარებით დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციასა და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში "ნაციონალურ მოძრაობას" შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოებისა და საელჩოების სახელით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან. ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა სიცრუე და უპასუხისმგებლო უწოდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები პარტიას ტოვებენ და "ევროპულ საქართველოს" უერთდებიან. "სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან "ქართული ოცნების" წევრები, ეს არის მორიგი ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის ძალიან საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ეს ლოგიკურია ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია სულ უფრო მეტად კარგავს როგორც წევრებს, ისე მხარდამჭერებს", - განაცხადა მან.

როგორც ნახეთ, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ ჭორებსა და ტყუილს, ანუ აქტიურად გვატყუებენ, ჩვენ კი მათ მოტყუების საშუალებას ვაძლევთ. ნინო მინდორაშვილის თქმით, თურმე ყველა ადამიანი 10 წუთის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც იტყუება, ხოლო ტყუილისა და ჭორის ერთ-ერთი ფუნქციაა, ადამიანები იყვნენ მართულები. ასევე არის ტაქტიკური ჭორი, როდესაც პოლიტიკასა თუ ბიზნესში მიზანმიმართულად ვრცელდება მოწინააღმდეგის იმიჯისა და რეპუტაციის შესალახავად.

- როდესაც ვამბობ, ადამიანი 10 წუთის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც იტყუება-მეთქი, რას ვგულისხმობ, გეტყვით: რა არის ტყუილი? ეს განზრახ რეალობის დამახინჯებაა. თავაზიანობის გამო ხშირად გვიწევს ტყუილის თქმა. მაგალითად, როდესაც ნაცნობი გეკითხება, უხდება თუ არა ეს ტანსაცმელი და შენ ეუბნები, კი, როგორ არა, მაგრამ სინამდვილეში არ მოგწონს ან როდესაც მადლობას იხდი საჩუქრისთვის, რომელიც შეიძლება არც მოგწონს, ესეც ხომ ტყუილია? ასეთი ტყუილები მისაღებია, თავაზიანობის ნორმად მიიჩნევა. აბა, წარმოიდგინეთ, ყველამ ყველაფერი გულწრფელად რომ ვთქვათ, მაშინ რა მოხდებოდა? ზედმეტი პირდაპირობის შემთხვევაშიც უკიდურესობაში გადავვარდებით. საინტერესოა, საიდან და რატომ ჩნდება ტყუილი. 4 წლამდე ბავშვი ვერ იტყუება, რადგან წარმოსახვის უნარი არა აქვს. უბრალოდ, მან შეიძლება რომელიმე გმირის ამპლუაში წარმოიდგინოს თავი, რაღაცებს მოგვიყვეს და ამ მხრივ შეცვალოს რეალობა. რა ხდება 4 წლის მერე? ვთქვათ, მამა დაჰპირდა სადმე წაყვანას და არ შეასრულა, მას ეს არ მოსწონს, მაგრამ ტყუილის ფენომენი ჯერ არ იცის. არის ოჯახში სიტუაციები, როდესაც შვილებს ათქმევინებენ ტყუილს - ვიღაც რეკავს და მშობელი ეუბნება, უთხარი, ვითომ არ ვარ სახლში და ა.შ. ასე ვასწავლით ბავშვს, როგორ მოიტყუოს. ახლა ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რატომაც ყალიბდება ტყუილი. ერთ-ერთი მიზეზია, როდესაც ბავშვი ვერ უმკლავდება იმ მოთხოვნებს, რასაც მას ოჯახში უყენებენ. მე მახსოვს, მამა ჩემ მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო და ერთხელ, როდესაც ცუდად გამოვწერე რიცხვები, ფურცელი ამოვხიე. მან ეს შეამჩნია და როდესაც პასუხი მომთხოვა, ზედ მეორე ტყუილიც დავამატე, მე არ ამომიხევია-მეთქი. როდესაც ბავშვი რაღაცას ვერ აკეთებს, ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ ცვლილება. დაველოდოთ, როდის განუვითარდება ეს უნარი და როდის გააკეთებს უკეთესად. მოტყუების ღერძი ამ შემთხვევაში ტკივილია, შიშის ტკივილი და ნებისმიერ ასაკში გინდა გაექცე ამ შიშს.

- თურმე სინამდვილეში მშობლების არასწორი აღზრდის შედეგი ყოფილა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები აგერ უკვე რამდენი ათეული წელია გვატყუებენ, ჩვენ კი მათ ვსაყვედურობდით...

- დიახ, უსაფუძვლოდ არაფერი ხდება. ბევრ შემთხვევაში სწორედ მშობლების დამსახურებაა, რამდენად გულწრფელები იქნებიან მათი შვილები. სკოლაში მისვლის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნები და ხშირად ადარებენ სხვას: ნახე, ის ბავშვი როგორ სწავლობს? შენ კი ეს არ გამოგდის. ამ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება აგრესია თანაკლასელის მიმართ და შეიძლება, თავის თავზე დაიწყოს რაღაცების მოგონება თვითშეფასების ასამაღლებლად. ეს კი ხელს უწყობს იმას, რომ მათ შემდგომშიც შეცვალონ რეალობა ანუ მოიტყუონ. სჯობს, გამოვიკვლიოთ, რა არის მიზეზი, რის გამოც სწავლა უჭირს და არ ვაქციოთ მატყუარად, "გამომგონებლად". არის ასეთი ფენომენი - მიფომანია, ისტერიული მიდრეკილება, დაამახინჯონ რეალობა, იცრუონ, მოიგონონ სხვადასხვა ისტორია. არის კომპლექსური აშლილობაც, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ აკონტროლებს ტყუილს და ვერც კი მიხვდები, თუ იტყუება, თვითონვე სჯერა ამ ტყუილის. ეს თვითშეფასებასთანაა კავშირში. ფაქტობრივად, რა გამოდის, რომ ტყუილს ვიყენებთ მაშინ, როდესაც რეალობის გარდაქმნა გვსურს, რაღაცისგან ან ვიღაცისგან თავდასაცავად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

- ქალბატონო ნინო, ამ 2 თვის განმავლობაში ხშირად ისმის დაპირებები - სიცრუეც და სიმართლეც. რას ემსახურება კანდიდატების, პოლიტიკოსების პიარკამპანია, ეს გასაგებია, მაგრამ ამომრჩეველი რომ არ მოტყუვდეს, როგორ უნდა მიხვდეს, რამდენად რეალურია ესა თუ ის დაპირება?

- მე როგორც ფსიქოლოგი, ისე შევაფასებ და როგორც მოქალაქე, ჩემს სუბიექტურ აზრს არავის მოვახვევ თავზე, თუმცა ვიტყვი, რომ მეც ხშირად მიგრძნია თავი მოტყუებულად, რაზედაც გული მწყდება. გვიჭირს მარტივად გარჩევა, ვინ არის მატყუარა და ვინ - არა. მე ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ჩემს საქმეს გავაკეთებ და ნაკლებად დავინტერესდები სხვისი დამცირებითა და მოტყუებით. როდესაც ნეგატიურად ვიქცევით და სხვის ხარჯზე ვაღწევთ რამეს, ეს სადღაც მაინც გვაწუხებს, რადგან ნამუსი გვაქვს. მე ვგრძნობ და ვხვდები, როდესაც იტყუებიან. ადამიანი ვერ იკავებს ტყუილის დამალვის შიშს - გინდა არ გინდა, ეს ბევრ რამეში ვლინდება. როდესაც ადამიანი იტყუება, ეს ტყუილი ლოგიკურობასთან უნდა შეათავსოს, ისე უნდა მოგაწოდოს, რომ დაგაჯეროს, ამიტომ მთელი ენერგია ამისკენ აქვს მიმართული და სხეული უკონტროლოდ რჩება. შესაბამისად, ეს შფოთი და დანაშაულის შეგრძნება მის სხეულზე აისახება: ხან პაუზებს აკეთებს, ხან თავზე ან ცხირზე ხელს ჩამოისვამს, სიტყვები არ შეესაბამება ჟესტიკულაციებს, მიმიკებს. მოკლედ, ეს არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და თუ დაუკვირდებით, მიხვდებით.

- კარგი იქნებოდა, თუმცა ინტუიციითა და ჟესტიკულაციით მაინც ძნელია მიხვდე, ვინ ვინ არის და სინამდვილეში, ვინ რა დაპირების შემსრულებელია, ხომ?

- საერთოდ ადამიანები ან ბრმად მიჰყვებიან დაპირებებს, ან ძალიან კარგად იციან, რაც ხდება. ქართველ ერს ამ საკითხში, დაპირებების შეუსრულებლობას ვგულისხმობ, ძალიან ცუდი გამოცდილება და მაგალითები აქვს. აქედან გამომდინარე, ნდობა აქვთ დაკარგული. ერთხელ მოიტყუები, მეორედ მოიტყუები და მერე, სულ რომ სიმართლე თქვა, მაინც აღარავის სჯერა შენი. მე არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მე მაშინ დავიჯერებ, როცა რაღაც შეიცვლება. ამ ეტაპზე კი მოვისმენ, ვინ რას მთავაზობს და ვენდობი ინტუიციას. მთავარია, რა პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ქვეყნისა და საკუთარი თავის წინაშე, რა შემიძლია გავაკეთო მომავლისთვის დღეს. მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც კარგად დაინახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას და დიდი სურვილი ექნება, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. მოდი, შეგეკითხებით, რას ვაკეთებთ, თუკი ვგრძნობთ, რომ გვატყუებენ? არც არაფერს... ჩვენ მუდმივად გვატყუებენ და ვტყუვდებით, ხომ ასეა? ესე იგი, ჩვენშია პრობლემა. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მოვტყუვდეთ? პირველ რიგში, არ უნდა დავკარგოთ საკუთარი მე, საყრდენი სწორედ საკუთარ თავში უნდა აღმოვაჩინოთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ვეცადოთ, თავი არავის მოვატყუებინოთ.

ნინო ჯავახიშვილი