როგორ ცხოვრობს საქართველოში ყველაზე პატარა პოლიტპატიმარი - გზაპრესი

როგორ ცხოვრობს საქართველოში ყველაზე პატარა პოლიტპატიმარი

გიორგი ზერეკიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა 14 წლის ბიჭი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გიორგი ორჯერ დააკავეს და ციხეში დაახლოებით შვიდი წლის გატარება მოუხდა. 2013 წელს 21 წლის იყო, როცა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

მოკლედ შეგახსენებთ გახმაურებული საქმის დეტალებს:

პირველად გიორგი 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს და გამოძიებამ მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და ხულიგნობაში დასდო ბრალი. სინამდვილეში, მცირე შელაპარაკების დროს, დაზარალებულს სხეულზე მხოლოდ მსუბუქი განაკაწრი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ გიორგი მამამ თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში. ეგონა, ბავშვს გააფრთხილებდნენ და სიტყვიერად დასჯიდნენ, მაგრამ იმავე დღეს იქ დატოვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან მაღალჩინოსნები გიორგი ზერეკიძეს კრიმინალად მოიხსენიებდნენ და წაყენებულ ბრალდებას სამართლიანად მიიჩნევდნენ. ისიც ითქვა, რომ მისი დაკავება სამაგალითო უნდა გამხდარიყო სხვებისთვის და ყველაფერი მოზარდთა ფსიქოლოგიაზე იყო გათვლილი. თუმცა, რასაკვირველია, მაშინაც იყვნენ და ალბათ ახლაც არიან ისეთები, ვინც მას რეჟიმის მსხვერპლად დღემდე არ მიიჩნევს.

სასამართლომ გიორგის ჯერ ათი და ბოლოს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა განაჩენი გააპროტესტა და საქმე სტრასბურგში გაასაჩივრა. დაკავებულის მშობლებს საქმის სტრასბურგიდან გამოტანას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. მშობლებმა საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერეს და ზერეკიძეები სტრასბურგში საბუთების გამოსატანად ჩაფრინდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს სულ სხვა რამ ელოდათ - გიორგის მამა, მამუკა ზერეკიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი აღმოაჩინეს და მამუკა ზერეკიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, 16 აგვისტოს, რუსთავის #მე-6 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. არადა, გარდაცვლილს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და კისრის არეში. მოგვიანებით მეუღლის, ლიკას მოთხოვნით, მამუკა ზერეკიძის ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა და არსად იყო დენის კვალი.

2010 წლის დეკემბერში გიორგი გათავისუფლდა. მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი, მაგრამ როგორც მოგვიანებით დედამისი აცხადებდა, მოზარდს 2 თვეში პროვოკაცია მოუწყვეს და ხულიგნობის ბრალდებით ისევ ციხეში შეაბრუნეს. ამჯერად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი...

გისოსებს მიღმა გატარებული წლები მისთვის დღემდე მძიმედ გასახსენებელია. რეაბილიტაცია და მამამისის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კითხვები, ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო.

- 2006 წელს, ბევრი სხვა ჟურნალისტივით, მეც შენი საქმის, ოჯახისა და ციხიდან გამოგზავნილი წერილების მეშვეობით გაგიცანი. პირველად 2013 წელს შეგხვდი, როცა პოლიტპატიმრის სტატუსით რამდენიმე დღის დატოვებული გქონდა ციხის კედლები. რა მოხდა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ?

GzaPress- ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის იყო, როცა დასრულდა ძალადობრივი რეჟიმი, 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გავთავისუფლდი და ამჯერად, ციხის გარეთ თავისუფალი გარემო დამხვდა, მომეცა ნორმალურად ცხოვრების საშუალება. მანამდე უნივერსიტეტში მქონდა ჩაბარებული და სწავლა გავაგრძელე. შევირთე ჩემი საყვარელი ადამიანი და დღეს უკვე 5 წლის ალექსანდრე გვყავს. საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში ვმუშაობ, პარალელურად ვსწავლობ. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: 14 წლის ასაკში რაც გავაკეთე, არ იყო სამაგალითო საქციელი და ამისთვის პასუხი უნდა მეგო, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორითაც მოხდა. რეალურად, შეკამათება მოხდა, რასაც მძიმე დაზიანება არ მოჰყოლია. დამაბრალეს ყაჩაღობა და თურმე, რადგან დაზარალებულისგან ფული ვერ მივიღე, ვითომ მისი მკვლელობა განვიზრახე. პირველივე ინსტანციამ გამამართლა ყაჩაღობაში, მეორემ გამამართლა ხულიგნობაში, მაგრამ წარმოუდგენელი მუხლი დამიტოვა, თითქოს ყველანაირი მოტივის გარეშე, უცნობი ადამიანის მკვლელობა მქონდა გადაწყვეტილი. ალბათ ყველას ახსოვს, რომ საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ, მაგრამ გამოგვატანინეს, ამის ფონზე მამა დააკავეს, რომელიც 1 წელიწადში ციხეში გარდაიცვალა. არ მინდა ვიფიქრო, რომ მამა მომიკლეს, მაგრამ როცა პროკურორს შევხვდი და გამოძიების დეტალებში ჩავიხედე, სულ სხვა ვითარებაა. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა მაქვს და ვიცი, ეს ადამიანები ისეთ ბოროტებას არასოდეს ჩაიდენენ, რაც "ნაციონალების" დროს ხდებოდა. პროკურორს ვუთხარი, თუ მამაჩემი ციხეში დენის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი, მაშინ დახურეთ საქმე-მეთქი, მაგრამ პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებიან, რომ მამა დენის დარტყმით არ არის გარდაცვლილი. უბრალოდ, ეს საქმე აქამდე იმიტომ გაიწელა, რომ იმ რეჟიმსა და ციხეშია მომხდარი, რთული გამოსაძიებელია.

- როგორც მახსოვს, როცა შენი მშობლები სტრასბურგიდან დაბრუნდნენ, მათ ბარგში აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით სუბოტექსი. მაშინ მამაშენმა დედას უთხრა, შენ ახლა ციხეში მყოფ გიორგის სჭირდებიო და საკუთარ თავზე აიღო ე.წ. დანაშაული.

- დიახ, ასე იყო... ჩემთვის ძალიან რთულია, საქმე წინ რომ ვერ მიმყავს, რათა საბოლოოდ გავიგო, რეალურად რა დაემართა მამაჩემს.

- ყოფილი პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეში არაადამიანურ მოპყრობასა და იქ არსებულ სასტიკ რეჟიმზე. თუმცა, ადამიანების ნაწილს არ სჯერა ამ ყველაფრის. როგორ ფიქრობ, რატომ?

- ამ თემაზე მეც ბევრი მიფიქრია. ამ ადამიანების ჯგუფი მცირეა, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ისეთები, ვისაც მოსწონდათ ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" გვიკეთებდა, როგორც ციხეში, ისე მის გარეთ. ამას გინდათ ავადმყოფობა დაარქვით და გინდათ, სხვა სახელი, მაგრამ ფაქტია, მოსწონდათ. ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა დაიჯერო ეს ფაქტები, თუნდაც, კარანტინის დაშლის კადრების ნახვის შემდეგ. ასეთი რამ კვირაში ერთხელ ხდებოდა. 150-200 კაცს სცემდნენ და იმ დღეს "სისხლიან პარასკევს" აწყობდნენ. დაახლოებით 4 თვე კარგად მესმოდა, რა ხმები გამოდიოდა კარანტინის დაშლის დროს ადმინისტრაციული კორპუსიდან. ისეთი წივილ-კივილი იყო, წარმოდგენაც არ მინდა, იქ რა ხდებოდა. გოგა ხაინდრავას ცნობილ ფილმში "ჰეროკრატია" 40%-ია ნაჩვენები იმისა, რაც რეალურად ხდებოდა ციხეებში. წელიწად-ნახევარი იკითხებოდნენ ადამიანები და ასე შეგროვდა ფილმისთვის მასალა. შეიძლება, სრულად რომ ყოფილიყო ყველაფერი ასახული, საზოგადოებას ამისთვის ვერ გაეძლო.

- უშუალოდ შენ თუ გაიარე "კარანტინის დაშლა" ან სხვა დროს თუ უცემიხართ?

- არასრულწლოვანი რომ ვიყავი, 14-დან 17 წლამდე, პირადად ჩემთვის ხელი არავის დაურტყამს. იყო მომენტები, როცა ძალიან მიჭირდა გაძლება და აღარ შემეძლო ციხეში ყოფნა. 10 წელი მქონდა მისჯილი უსამართლოდ და ეს დრო უსასრულოდ მეჩვენებოდა. ამიტომ, 15 წლის რომ ვიყავი, მუცელსა და ხელებზე თვითდაზიანება მივიყენე - საერთო ჯამში 36 ნაკერი დამადეს. იმ დროს "მატროსოვის ციხის" დირექტორთან ახალაიას მოადგილე იყო მოსული. ჭაღარათმიანი კაცი გახლდათ, მისი არც სახელი მახსოვს და არც გვარი. შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს და სხვებთან ერთად, ისიც ჩემთან მოვიდა. ციხის საავადმყოფოში ვერ გადაგიყვანთ, შენ იქ წამალს იკეთებო, ამიტომ საავადმყოფოდან მოიყვანეს ექიმი და იმ არაჰიგიენურ პირობებში ჭრილობებზე ნაკერები დამადეს. არასრულწლოვნებიდან დიდებში რომ გადმომიყვანეს, ეროვნული გამოცდები მქონდა ჩაბარებული. გვარი რომ მკითხეს, მერე გამიყვანეს და ჟარგონული ენით რომ ვთქვა, "ასობად" გამლახეს. მაგრამ ჩემი კოპი თავზე, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ ხალხს სჭირდა - საოცარი ჭრილობები ჰქონდათ თავსა თუ მხრებზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვუცემივართ, მტკენია, მაგრამ სხვებთან შედარებით, ჩემგან სირცხვილია იმის თქმა, რომ მცემდნენ.

- მესმის, რომ იყო უიმედობის პერიოდი და რთული ფსიქოლოგიური წუთები, მაგრამ ვფიქრობ, დედაშენის სიძლიერე და მიდგომა იყო შენი სულიერი გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ჯანსაღი ფსიქიკით დაჰბრუნებოდი გარე სამყაროს...

- კი, დედა ცდილობდა, უიმედოდ არ ვყოფილიყავი. წერილებით, წიგნების შემოგზავნით მედგა მხარში და გაზრდაში მეხმარებოდა. ალბათ მოახერხა. თუმცა, ამას ჩემი მეუღლე იტყვის და ჩემი შვილი. ალექსანდრე გაიზრდება, ის შეაფასებს, თუ როგორი მამა და მეგობარი ვარ. ისევე, როგორც ყველა ოჯახი, ჩვენც შაბათ-კვირას დავდივართ ვაკის, მთაწმინდის პარკში. მანქანები უყვარს, მე და მარიკა შვილის სურვილებს ვართ მორგებული და სადაც ბევრი მანქანებია, იქ მიგვყავს.

- საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შევხვდით და როცა ჩვენი საუბარი დაიბეჭდება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეყოლება - არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის იქნება გაკეთებული. ელოდი თუ არა ამ შედეგს და მეორე ტურს?

- არ ველოდი. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ მახსოვს და მაშინდელი "ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობა პოლიტიკაში, მას მერე არ მეგონა, ოდესმე რაიმე შანსი თუ ექნებოდათ. ეს ალბათ, იმან განაპირობა, რომ "ნაციონალური" რეჟიმის სამართლებრივი შეფასება არ მოხდა. ბევრი დანაშაული დარჩა ღიად, ამან კი უფრო გააბოროტა ხალხი; სურვილი გაუჩნდათ, უფრო მეტი ცუდის კეთების. მეორე ტური ერთგვარი ცივი შხაპი იყო ქართველი საზოგადოებისთვის. დავაფუძნეთ სამოქალაქო მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას", საქართველოს არაერთი რეგიონი მოვიარეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის სიძულვილისა და ბოროტების მანქანა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია.

ანა კალანდაძე