მინისტრის ამბიციური გეგმა და ბრუნდება თუ არა სკოლებში გოგებაშვილის "დედაენა" - გზაპრესი

მინისტრის ამბიციური გეგმა და ბრუნდება თუ არა სკოლებში გოგებაშვილის "დედაენა"

ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეფორმები დააანონსა ივლისში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც. ექსპერტები უკვე კარგა ხანია მოითხოვენ, რომ შემუშავდეს ქართული საგანმანათლებლო სივრცის გრძელვადიანი რეფორმების გეგმა, სტრატეგია, ტაქტიკა და მოხდეს მისი განხორციელება, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე მაინც შეიცვლებოდა რამე, არ გამართლდა. რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი ზოგადი განათლების სისტემა, რას მიიჩნევს უმთავრეს პრობლემად განათლების სამინისტრო და რა რეფორმები იგეგმება ახლო მომავალში? - ამის შესახებ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა გვესაუბრა.

- განათლების სისტემაში უამრავი გამოწვევაა და ცხადია, ამ გამოწვევებზე რეაგირებას საკმაოდ კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამჟამინდელი მინისტრი საკმაოდ ამბიციური გეგმით მოვიდა განათლების სისტემის ხუთივე მიმართულებით. ზოგადი განათლების კუთხით მისი ძირითადი მესიჯები იყო: უპირობო პოზიტიური გარემო, სადაც ყველა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია; მშობელმა უნდა დაინახოს, რომ სკოლა ის ადგილია, რომელიც ხელს უწყობს მისი შვილის პიროვნულ განვითარებას და სადაც ჩამოყალიბებული გააზრებული სწავლების კულტურაა; სკოლის მენეჯმენტი მასწავლებლებთან ერთად სკოლის განვითარებაზე მომუშავე ერთიანი გუნდია. სკოლა ასეთ სივრცედ რომ იქცეს, ამ მიმართულებებზე სამუშაოდ პროცესის დაგეგმვა და პილოტირება თბილისის 150-ე სკოლაში დავიწყეთ. სასკოლო კულტურის განვითარება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება მიზნად დავისახეთ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლის პროცესში და წინსვლის, განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნით. ყოველდღიურ რეჟიმში დაწყებითი კლასების პედაგოგებთან ერთად მიმდინარეობს სასწავლო პროცესის დაგეგმვა. პედაგოგებს არანაირ გამზადებულ რეცეპტებს არ ვაწვდით გარედან. სკოლამ თავად უნდა დასახოს მოსწავლეთა განვითარების გზა. სახელმწიფომ დააწესა სტანდარტები - მისაღწევი საგნობრივი შედეგები. თითოეულმა სკოლამ კი ამ სტანდარტების მიღწევის საკუთარი გეგმა უნდა შეიმუშაოს. ჩვენ ვეხმარებით ყოველდღიური ე.წ. ქოუჩინგის რეჟიმში. როგორც იცით, წლებია, ყველა პირველკლასელს ურიგდება ბუკები, მეტ-ნაკლებად სკოლები აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, თუმცა ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში მიზნობრივად არ ხდება. პედაგოგებს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სამუშაო პროცესში მასალების შექმნისთვის და ერთმანეთისთვის გასაზიარებლად. ჩამოყალიბდება შეფასების სისტემა, რომელიც "გაზომავს" როგორც სასწავლო გარემოს ცვლილებას, ისე მოსწავლეთა წინსვლას. შეფასება მოხდება არა რეიტინგებისა და დასჯა-წახალისებისთვის, არამედ დიაგნოსტირებისთვის. ყველა სკოლამ უნდა იცოდეს, ინტერვენციების შედეგად რა გააუმჯობესა, სად გაუჭირდა, სად წავიდა სწორი ან არასწორი მიმართულებით. ამგვარი შეფასებების ჩატარება გვინდა IV, VI და IX კლასებში. თუ სკოლას პრობლემები აღმოაჩნდება, დასჯის შიში კი არ უნდა ჰქონდეს, პირიქით - სამინისტროს მხარდაჭერა უნდა იგრძნოს.

GzaPress- ერთადერთი, რაც ამ რამდენიმე თვეში გაკეთდა, ის არის, რომ შემცირდა სასკოლო წიგნების წონა, რაც კარგია, თუმცა ხარისხი და შინაარსი არ გაუმჯობესებულა. რატომ არ იცვლება არასრულფასოვანი სახელმძღვანელოები, რასთან დაკავშირებითაც პედაგოგებიც და მშობლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ მათ არჩევანის გაკეთების საშუალებაც არ აქვთ.

- სახელმძღვანელოების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმძღვანელო ერთ-ერთი ძირითადი რესურსია, საშუალებაა და არა - მიზანი. სასწავლო მიზნები განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით და ამ მიზნების მისაღწევად პედაგოგმა შეიძლება გამოიყენოს როგორც სახელმძღვანელო, ისე თავად მის მიერ შექმნილი რესურსი, სხვა დამხმარე, დამატებითი, მათ შორის მულტიმედია მასალები და ა.შ. პედაგოგს სრული თავისუფლება აქვს, შეცვალოს სახელმძღვანელო ან ადაპტირება მოახდინოს. მთავარია, ზუსტად იცოდეს, რა მიზნების მიღწევა სურს მოსწავლეებთან. წელს ზოგმა შერჩეულმა სახელმძღვანელომ საერთოდ ვერ მიიღო გრიფი ან მიიღო, მაგრამ არ დაიბეჭდა. ცხადია, ამას პედაგოგების მხრიდან სამართლიანი უკმაყოფილება მოჰყვა. 2018 წლის გრიფირების პროცესი სამინისტროს აუდიტმა შეისწავლა და ხარვეზები გაანალიზებულია. ამჟამად გამოცხადებულია საბაზო საფეხურის VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი, სხვა საკითხებთან ერთად მხედველობაში მიღებული იქნება სკოლებისთვის სახელმძღვანელოების ვერსიების დროულად მიწოდება, კონსულტაციების ჩატარება და ადეკვატური პერიოდის მიცემა წიგნების შესარჩევად.

- განსაკუთრებით ხშირად ხდება განხილვის საგანი პირველი კლასის ქართული ენის წიგნში შეტანილი, ბევრჯერ სრულიად უცხო და უცნობი ავტორების მოთხრობები თუ ლექსები, რომლებიც ვერც მხატვრული ღირებულებით დაიკვეხნიან და ვერც შინაარსით (ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს). ამიტომაც ითხოვდა საზოგადოება სკოლებში "დედაენის" დაბრუნებას. შეეფერება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მართლაც "დედაენით" ისწავლიან ბავშვები და თუ ასეა, როდიდან იქნება ეს შესაძლებელი?

- ცხადია, გოგებაშვილის "დედაენა" იმ სახით ვერ დაბრუნდება, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ის სამყარო, რასაც გოგებაშვილი "დედაენაში" სთავაზობდა, თანამედროვე იყო XIX საუკუნეში მცხოვრები ბავშვისთვის, მაგრამ სრულიად უცხოა XXI საუკუნის მოსწავლისთვის. იმდროინდელი ლექსიკით თუ შევთავაზებთ თანამედროვე ბავშვს წერა-კითხვის სწავლას, ეს უკუშედეგს მოიტანს.

- როგორ შეიძლება მოხდეს გოგებაშვილისეული პრინციპებით თანამედროვე სახელმძღვანელოს შექმნა?

- სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ჩართავს ყველა შესაბამის ექსპერტს და გარკვეულ გადაწყვეტილებაზე შეჯერდება. რაც შეეხება ნაწარმოებებს, რომლებიც მაღალმხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევიან, ამისგან დაცვის მექანიზმები ჩაიდო როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში, ასევე სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმებში.

- ხშირად შესაბამისობაში არ მოდის სახელმძღვანელოთი მოცემული საკითხები და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები, ანუ სკოლებში ასწავლიან სხვას, ეროვნულ გამოცდებზე ითხოვენ სხვას. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების აზრით, ახლანდელი სწავლების ფორმა ხელს არ უწყობს მშობლიური ენის კარგად შესწავლას, სათანადოდ არ ისწავლება ქართული ენის გრამატიკა, არ არსებობს ცალკე წიგნიც კი, არ არის გამოყოფილი საათები, თუმცა მოითხოვება ეროვნულ გამოცდებზე - ტექსტის რედაქტირებაში და ა.შ.

- როგორც აღვნიშნე, სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი გზა სასწავლო შედეგებზე გასასვლელად, თუმცა პედაგოგი უნდა მიჰყვეს კონკრეტული საგნის მიზნებს. ცხადია, სკოლის გამოსაშვები გამოცდებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან უნდა იყოს თანხვედრაში. დღეს, სამწუხაროდ, ასე არ არის და ეს არ გულისხმობს კონკრეტული საკითხის მოთხოვნა-არმოთხოვნას. არ მოწმდება მოსწავლეთა სააზროვნო უნარები, დიდი აქცენტია გადატანილი ფაქტობრივი ინფორმაციის შემოწმებაზე, რაც სასწავლო პროცესს სხვა მიმართულებით წარმართავს. ამ გამოწვევის გადასაჭრელად მიმდინარეობს სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის გადახედვა და წლის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ხედვა.

- განათლების მკვლევრების აზრით, იმიტომ ვერ ვაწვდით ხარისხიან განათლებას, რომ არ გვყავს კარგი მასწავლებლები, რასაც ეროვნული შეფასებაც აჩვენებს. საგნის გამოცდის ჩაბარება, სერტიფიცირება არ ნიშნავს იმას, რომ იცი, ეს საგანი როგორ ასწავლო. ანუ ის პედაგოგებიც კი, რომლებიც საგნის კომპეტენციას ადასტურებენ, არ არიან პროფესიონალები. მათი შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ერთი ტესტის შედეგებს თუ უფრო კომპლექსური უნდა იყოს? ამ კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

- მიმდინარეობს იმ სისტემის გადახედვა, რაც დღეს გვაქვს, ეს შეეხება მასწავლებლების გამოცდებს, სქემას, პროფესიაში შესვლას და სხვა. სსიპ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ასევე სახელმწიფო და ეროვნული შეფასებების ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგენენ თავიანთ ხედვასა და კონკრეტულ გეგმას, თუ რა მიმართულებით განხორციელდება ცვლილებები.

- იგეგმება თუ არა IX კლასის შემდეგ საგნების არჩევითი დიფერენცირება და პროფილურ სწავლებაზე გადასვლა?

- საშუალო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. განიხილება საშუალო საფეხურზე შემოვიდეს პროფესიული განათლების, კერძოდ, სახელობო განათლების კომპონენტი, რაც შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს რეგიონის სკოლებისთვის. საბოლოო ვერსიაზე შევჯერდებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სკოლებთან, განათლების მკვლევრებთან ერთად. მთავარი პრინციპი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს გათვალისწინებული მოსწავლის ინტერესები, მეტად შეეძლოს მას თავისი შესაძლებლობების აღმოჩენა და ამ მიმართულებით განვითარება, თუმცა პროფესიული განათლების მიღება სავალდებულო ვერ გახდება, ეს მოსწავლის სურვილსა და არჩევანს უნდა დაეფუძნოს.

GzaPress- პედაგოგები ხშირად ჩივიან მოსწავლეების გაზრდილ უფლებებზე. როგორ უნდა დარეგულირდეს მასწავლებლის მოსწავლესთან, ასევე მშობელთან ურთიერთობა?

- ცხადია, ძალადობა დაუშვებელია როგორც მოსწავლის მიმართ, ასევე მოსწავლის მხრიდანაც. არსებობს დადგენილი რეგულაციებით სკოლის განაწესი, ეთიკის კოდექსი და სხვა სამართლებრივი დებულებები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი სასკოლო კულტურაა ჩამოყალიბებული ამა თუ იმ სკოლაში, როგორ ზრუნავს დირექტორი, მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე ამ საერთო კულტურის განვითარებაზე.

- მინდა, სკოლებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზეც გკითხოთ. ბევრ სკოლაში არ არის გამართული ხელსაბანები, ხელსაბანებთან არ არის საპონი და ხელსაწმენდი, არ ირეცხება საპირფარეშოები. ვინ ამოწმებს სკოლებში არსებულ სანიტარულ მდგომარეობას და დარღვევების შემთხვევაში რა ხდება, ვინ ამოწმებს გამოსწორდა თუ არა ეს დარღვევები?

- 2016-2017 სასწავლო წლიდან სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სისტემატურად ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, რომლის ერთ-ერთი კრიტერიუმია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ხარისხის შემოწმება და სკოლებისთვის ადგილზე რეკომენდაციების მიწოდება. მონიტორინგის შედეგები განიხილება რესურსცენტრებისა და სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ, ხდება რეკომენდაციების მიწოდება სკოლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგები რეაგირებისთვის იგზავნება შიდა აუდიტის დეპარტამენტში. რეკომენდაციების შესრულების ხარისხი კი დგინდება განმეორებითი მონიტორინგის ფარგლებში.

- ხშირად ისმის საყვედურები მშობლების მხრიდან ე.წ. ფონდის ფულის აგროვების თაობაზე. ვალდებულია თუ არა სკოლა, გაითვალისწინოს ხარჯები ელემენტარული საჭიროებებისთვის?

- ფონდის ფულის აგროვების ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი. მონიტორინგი ხორციელდება რესურსცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან. ყველა სკოლას აქვს საკუთარ ბიუჯეტში გაწერილი თანხები სამეურნეო ხარჯების და მშობლებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნა კატეგორიულად ეკრძალებათ.

- დაბოლოს, გამკაცრდა თუ არა სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები?

- სატრანსპორტო საშუალების გამართულობისა და მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაზე რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გაგზავნილი.

ნინო ჯავახიშვილი