"სამირ სავჩუკის ცხედარი გაგვტაცეს, მისი ბოლო სურვილიც ვერ ასრულდა"
font-large font-small
"სამირ სავჩუკის ცხედარი გაგვტაცეს, მისი ბოლო სურვილიც ვერ ასრულდა"
ქუჩის მუსკოსის სევდიანი ამბავი

ქუჩის მუსიკოსის, სამირ (ზაზა) სავჩუკის გარდაცვალებამ ბევრ ადამიანს ატკინა გული. სოციალური ქსელი ტკივილიანი წერილებითაა აჭრელებული. თბილისელები სამირს თითქმის 17 წელი ყოველდღე, ქუჩაში გიტარით ხელში ხედავდნენ. ხალხის ყურადღება მაშინვე მიიპყრო მისმა გარეგნობამ: სწორი შავი თმა ჰქონდა, ჭრელი თვალები. ყოველთვის მოწესრიგებული იდგა მეტროსადგურებში, მიწისქვეშა გადასასვლებში და გულიანად მღეროდა.


ჟურნალ "გზაში" 2016 წელს დაიბეჭდა სამირ სავჩუკის პირველი ინტერვიუ. ჩემი კოლეგა თამუნა კვინიკაძე შეხვდა მას. ნამდვილი გვარიც არ იცოდა, მხოლოდ სახელი ახსოვდა და ის, რომ უკრაინაში დაიბადა. დედა უკრაინელი ჰყავდა, მამა - ბოშა. 4 წლისა დედამ ტაქსით საავადმყოფოს შენობასთან მიიყვანა, მერვე სართულზე აიყვანა და უთხრა, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ მწარედ მოატყუა. მას მერე დედა აღარ უნახავს.
მერე პატარა ბიჭი თავშესაფარში მოხვდა. მოგვიანებით, უცხო ადამიანებმა იშვილეს და საქართველოში წამოიყვანეს - ასე აღმოჩნდა უკრაინელი ბიჭი ჭიათურის სოფელ თაბაგრებში. სამწუხაროდ, არც მშვილებლებში გაუმართლა. როგორც თვითონ ამბობდა, გამზრდელები ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. სითბო და სიყვარული მთელი ცხოვრება აკლდა, პატარა ბიჭს ყველა საქმეს აკეთებინებდნენ და ატერორებდნენ.
"ხან სარდაფში მამწყვდევდა დედობილი, ხან საღორეში, ერთხელ ლამის ღორმა დამგლიჯა, მაშინ 11 წლისა ვიყავი. სხეულზე არაერთი ნაიარევი მაქვს, ყველა მისი მოყენებული ფიზიკური დაზიანების გამო. მეზობლებს ვეცოდებოდი, მხოლოდ მათგან ვგრძნობდი მხარდაჭერასა და ყურადღებას", - ამბობდა სამირ სავჩუკი.
მართალია, დედობილისგან თბილი სიტყვაც კი არ ახსოვდა, მაგრამ როცა ის ლოგინად ჩავარდა, ავადმყოფს რამდენიმე წელი უვლიდა. არც ის დაუმალავს, რომ სიკვდილის წინ დედობილმა ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. მამობილმაც ზურგი აქცია, მან სხვა ოჯახი შექმნა და ბიჭთან ურთიერთობა გაწყვიტა. მასთან მისულს კარი მიუხურეს. ასე დარჩა ქუჩაში უპატრონოდ 15 წლის ბიჭი, ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და აქ დაიწყო ბრძოლა არსებობისთვის. სამირ სავჩუკი ტელეეკრანებზეც არაერთხელ გამოჩნდა, არაერთ შოუში ისაუბრა თავის უმძიმეს ცხოვრებაზე, ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, მასზე განხორციელებულ ძალადობებზე.
ქუჩის მომღერალს აგრესიულ ხალხთანაც ხშირად უწევდა გამკლავება. ერთხელ სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მარჯვენა ხელზე ხელოვნური ფრჩხილები ჰქონდა. ბიჭი უხსნიდა მოძალადეებს, გიტარაზე ვუკრავ, სუსტი ფრჩხილები მაქვს, ამიტომ მაქვს დაკრული ხელოვნური ფრჩხილებიო, მაგრამ არავინ მოუსმინა. ისე სასტიკად სცემეს, ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. მაშინ სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. 2 თვე საავადმყოფოში გაატარა, ოპერაცია ჩაუტარდა. მას მერეც თურმე არაერთხელ დაესხნენ თავს და წაგლიჯეს სიმწრით მოგროვილი თანხა. ამ ზაფხულსაც, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შემდეგ, 4 დღე ინგოროყვას კლინიკაში გაატარა. მაშინ მოძალადეებმა ბიჭს ინსტრუმენტებიც დაუმტვრიეს და ფულიც წაგლიჯეს. როგორც მისი მეგობრები და ახლობლები ამბობენ, ამდენი აგრესიის მიუხედავად, სამირ სავჩუკი არასოდეს გაბოროტებულა.
27 ნოემბერს სახლში მთვრალი მივიდა. დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა იმ სახლის პატრონმა, ვის ბინაშიც თვეები ცხოვრობდა.
სამირმა რამდენიმე თვე იცხოვრა თემქის IV მიკრორაიონში. მეც დეტალების გასარკვევად იმ ბინაში მივედი, სადაც 32 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სახლში ორი ასაკოვანი ქალბატონი დამხვდა. თვალცრემლიანები ძალიან წუხდნენ, რომ ცხედარი ჭიათურაში გადაასვენეს. სამირის ხელით მოწყობილ სალოცავ კუთხეში, სადაც ხატები და ლოცვის წიგნი იდო, კანდელი ენთო, ოთახში სამირის გადიდებული ფოტოები ელაგა. ქალბატონები მის ტანსაცმელსა და ფოტოებს ეფერებოდნენ. ვერ ეგუებიან, რომ საყვარელ ადამიანს ბოლო სურვილი ვერ აუსრულეს.
- აი, ამ საწოლში, ჩემ გვერდით ეძინა იმ ღამით სამირს, - მეუბნება 70 წელს მიღწეული ქალბატონი და თავის საძინებელ ოთახში შევყავარ. ოთახში ცალ-ცალკე ორი საწოლი დგას. კუთხეში კომოდი, რომელზეც აწყვია სამირის ნივთები, - რამდენი ხანია, ასე გვერდიგვერდ გვძინავს, შვილად ვთვლიდი, მასზე ბევრი ადამიანი ზრუნავდა. ვეუბნებოდით, ყველანი შენი დედები ვართო და ძალიან უხაროდა. დილის 7 საათი ხდებოდა, რომ დავუძახე, - სამირ, სამირ, გაიღვიძე-მეთქი. ხმა არ გამცა, ავდექი და დავხედე, უკვე აღარ სუნთქავდა. ავტეხე ხმაური, კარის მეზობელთან გავვარდი, მიშველეთ-მეთქი. სამწუხაროდ, ჩვენი სამირი ძილში გაიპარა, ვეღარ ვუშველეთ. იმ ღამით ძალიან ნასვამი მოვიყვანე ტაქსით ვაგზლიდან. ისეთი მთვრალი იყო, მანქანიდან ვერ ჩამოდიოდა, მძღოლმა გადმომაყვანინა. სადარბაზოსთან ორი ბიჭი იდგა, ისინი მომეხმარნენ, ლიფტში რომ შემეყვანა. ვეღარ დავიკავე ჯან-ღონით სავსე ბიჭი. წავბორძიკდით ორივე. ხმაური კარის მეზობელმა, ნონამ გაიგო. ის და მისი მეუღლე დამეხმარნენ, სახლში რომ შემომეყვანა. ქურთუკი და ფეხსაცმელი ძლივს გავხადე, შარვლისა და ჯემპრის გახდა ვერ მოვახერხე, ამიტომ ტანსაცმლიანად დავაწვინე. მერე მეზობელი მარიკაც მოვიდა, დაძინებამდე რამდენჯერმე დავხედეთ, მშვიდად ეძინა. როცა დათვრებოდა, სუნთქვა უჭირდა. ამიტომ სულ ვაკონტროლებდი. ხშირად ამბობდა, სუსტი გული მაქვსო. გული სტკიოდა ალბათ. იმას ვნატრობდი, როდის მოიყვანდა ცოლს, როდის ააწყობდა თავის ცხოვრებას.
GzaPress- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- გლდანში სიგარეტებს ვყიდი. სამირი და მისი მეგობარი ახმეტელის მეტროსთან მღეროდნენ. იმდენად გულში ჩამწვდომი იყო მისი სიმღერა, მივდიოდი და ვუსმენდი. მერე კარგა ხანი არ გამოჩნდა. ნაცნობ გოგოს შევჩივლე, აქ ერთი კარგი ბიჭი მღეროდა, მგონი ციგანია და აღარ ჩანს-მეთქი. მითხრა, ეს ბიჭი ახლა ვაგზალზე, საბურთალოს გადასასვლელთან დგას და იქ მღერისო. წავედი ვაგზალზე მის სანახავად. მუქი სათვალე ეკეთა, სახე დასიებული ჰქონდა. მითხრა, თითებზე რომ დაკრული მაქვს ფრჩხილები, ამის გამო მცემეს, ცისფერი ვეგონეო. მანამდეც იყო ამის გამო სასტიკად ნაცემი. - ორი თვე საავადმყოფოში იწვა. მაშინ არ ვიცნობდი, მაგრამ მისგან ვიცი, არ მოუკითხავს არც მამობილს, არც იმ ბიძაშვილებს, რომლებმაც ჩვენი სამირის ცხედარი მოგვპარეს.
- ცხედარი ვინ მოგპარათ?
- ცხედარი "სამხარაულში", ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მე სამირის მეგობარ ბიჭს, რომელიც მატარებლის ვაგონებში მღერის, მაშინვე დავურეკე, შევატყობინე ტრაგედია და ისიც მოვიდა. პოლიციას ჩვენება მივეცით. მერე სხვებიც მოგროვდნენ. ყველა ერთად წავედით "სამხარაულში" და ველოდებოდით ექსპერტიზის დასრულებას, რომ ცხედარი გადმოგვესვენებინა. გვინდოდა, თბილისში დაგვეკრძალა. მის ბიძაშვილებს ბევრჯერ ავუხსენით, რომ სამირს ჭიათურაში დაკრძალვა არ უნდოდა. სულ ამბობდა, - თუ მოვკვდები, იქ არ წამასვენონო, მაგრამ ამ ხალხმა ცხედარი გაგვტაცა. პოლიციიდან ნებართვა აუღიათ, შენობის უკანა მხარეს მიუყენებიათ მსუბუქი მანქანა და ზეწარში გახვეული სამირი გადაასვენეს ჭიათურაში. ყველა ფეხზე დგას, ვისაც მართლა გულით უყვარს სამირი. გვინდა, სიკვდილის შემდეგ მაინც შევუსრულოთ ამ გატანჯულ ბიჭს ბოლო სურვილი, მაგრამ გვეუბნებიან, - ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად, თქვენ არ გაქვთ უფლებაო. სად არის სამართალი? ჟურნალისტები ხართ, იქნებ დაგვეხმაროთ, რომ გარდაცვლილის სურვილი მაინც ასრულდეს. თქვენ არ იცით, რამხელა ტკივილი და ტანჯვა აქვს გამოვლილი. ხან იმის გამო სცემეს, რუსულ სიმღერას რატომ მღერიო? არადა, ზოგიერთი ფულს რომ დაუგდებდა, უკვეთავდა რუსულ სიმღერას. მერე მისი დაცვა გადავწყვიტე. იქვე ახლოს ვიჯექი და საღამოს სახლამდე ვაცილებდი, თავს რომ არ დასხმოდნენ. მაშინ ბინა ჰქონდა მთაწმინდაზე ნაქირავები, 150 ლარს იხდიდა ქირას. დავტოვებდი ბინაში და მივიჩქაროდი ხან ერთი დაქალის სახლში, ხან მეორესთან. მაშინ გაიგო სამირმა, რომ სხვის სახლში მეძინა და მითხრა, - მოდი, ჩემთან ერთად იცხოვრეო. მას მერე ერთად ვცხოვრობდით მთაწმინდაზე. მერე დიასახლისმა თქვა, ბინა მჭირდებაო და ბინის დაცლა მოგვხდა. ვეძებდით, მაგრამ 250 ლარზე ნაკლებად ბინა ვერსად იშოვა. მაშინ მითხრა, რა ვქნა, ამდენ ფულს ვერ გადავიხდი, ქუჩაში დავიძინებო. ვუთხარი, მე მაქვს ძალიან სარემონტო ბინა თემქაზე, ჩემი ძმა რაც დაიღუპა, იმ სახლში არ მიცხოვრია, მეშინია იქ მარტო დარჩენის და იქნებ მოგეწონოს-მეთქი. რომ ნახა ეს ბინა, თქვა, - ძალიან დასალაგებელია ყველაფერი, მაგრამ დავალაგებო. სუფთა და კოპწია ბიჭი იყო. მეზობლებიც დაგვეხმარნენ. ზაფხულში გიტარაც გაუტეხეს და ინსტრუმენტის გარეშე რომ დარჩა, ძალიან ნერვიულობდა.
- ისევ დაესხნენ თავს?
- ფულს ართმევდნენ. ჯერ დაუმტვრიეს გიტარა, მერე ითხოვა ლანასგან კომპი. ამ კომპში მუსიკას რთავდა და მიკროფონით მღეროდა მეტროში. ლანა იქვე იჯდა და რასაც იშოვიდა, ნახევარზე მეტი თანხა მას მიჰქონდა. მერე ეს კომპიუტერიც დაუმტვრიეს. ამის გამო ერთი ბაჯაღლოს ბეჭედი ჰქონდა, ჩემი ოქროს საყურე დავამატეთ და ორივე დაალომბარდა. 600 ლარი გამოიტანა და ლანას მისცა, დამატებით კიდევ 300 ლარი ჰქონდა ლანას მისი და ეს თანხა სულ დაეკარგა ამ საწყალ ბიჭს. ახლა ლომბარდშია ჩემი საყურე და მისი ბეჭედი. 512 ლარი იყო დარჩენილი ვალი. ნელ-ნელა იხდიდა. თქვენ არ იცით, როგორ წვალობდა, რომ "კაპიკები" ეშოვა.

ნონა, მეზობელი:
- გაზაფხულზე გადმოვიდნენ ამ სახლში და სახლის დალაგება სამირმა დაიწყო. ბინაში არც შუქი იყო, არც წყალი და არც გაზი. ამ დრომდე ეზოს ონკანიდან ეზიდებოდა წყალს. ამბობდა, ახლა გიტარის ვალი მაქვს, იმას გადავიხდი და მერე წყლის პრობლემას მოვაგვარებ ბინაში. 120 ლარი მაინც დასჭირდება ამ ამბავსო. რომ გავიცანით, მითხრა, ჩემზე სიუჟეტებია ტელევიზიებში და უყურეო. ვუყურე და ტირილით მოვკვდი. ძალიან იმოქმედა ჩემზე მისმა ამბავმა. ნეტა არ მენახა, გული დამეწვა. იმ დღიდან დავიწყეთ მასზე ზრუნვა მეზობლებმა. ცხელ საჭმელს რომ გავაკეთებდით, მასთან მოგვქონდა. ძალიან მორიდებული იყო, ათას მადლობას იტყოდა. სახლი რომ მოეწყოთ, ზოგ მეზობელს ფარდა მოჰქონდა, ზოგს ტელევიზორი. გვინდოდა, სახლში პირობები შეგვექმნა. გიტარა რომ დაუმტვრიეს, მეზობელებმა ფულიც შევაგროვეთ, მერე ქალბატონმა იამ გამოუტანა თავისი პენსიის ფულით გიტარა.

ია ყარაშვილი:
- ტელევიზორში წავაწყდი მასზე სიუჟეტს. ძალიან იმოქმედა ჩემზე. მეორე დილით ავიღე პენსია, ვიყიდე პროდუქტები და წავედი ვაგზალზე მის საძებნელად. მინდოდა, მხარში დგომა ეგრძნო, პარკებით ხელში მივადექი, მღეროდა. ასე გავიცანი. ძალიან შეწუხდა, პროდუქტები რომ დაინახა, არ მართმევდა. 10 ლარიც ჩავუგდე ყუთში და წამოვედი. მას მერე მასთან ხშირად მივდიოდი, ვუსმენდი მის სიმღერებს. ისე დავუახლოვდი, ფაქტობრივად, სულ მისკენ მიმიწევდა გული. 65 წლის ქალი ვარ და შვილივით მივიღე. თუ სახლში რამე გემრიელი საჭმელი მქონდა, ქილაში ჩავუსხამდი და მიმქონდა. სულ იძახდა, - როგორ მინდოდა, მუსიკალური განათლება მქონოდაო. მისი ეს სიტყვები გულში ჩამრჩა. ვაკეში წავედი, მოვძებნე მუსიკალური სასწავლებელი, სადაც მითხრეს, 350 ლარი უნდაო. რამდენიმე თვის პენსია ავიღე, მივედი სამირთან და ერთად წავედით მასწავლებელთან. რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარდა, ძალიან მოეწონა, მაგრამ ვერ გააგრძელა სწავლა, რადგან ცხვირიდან სუნთქვა უჭირდა.
- ცხვირზე რა სჭირდა?
- სასტიკად რომ სცემეს, მაშინ ცხვირი ჰქონდა გატეხილი. მეორე ოპერაცია არ გაუკეთებია. ფული არ ჰქონდა. მე რომ თანხა მივეცი, იმით მანტო იყიდა, ჯინსის შარვალიც. სულ ამბობდა, მოუწესრიგებელი ქუჩაში ვერ გავალ, ხალხი კი უფრო იმათ ეხმარება, ვისაც ცუდად აცვიაო. ახლა მის ტანსაცმელს ვეფერებით.
- თქვენი პენსიით გიყიდიათ მისთვის გიტარა...
- გიტარა არ ჰქონდა, სხვისი კომპიუტერის დახმარებით მღეროდა და რასაც შოულობდა, იმის წილშიც პატრონი ეჯდა. ზაფხულში ისიც გაუტეხეს და შემეცოდა. შევთავაზე, ჩემი პენსიით, განვადებით მისთვის გამომეტანა გიტარა. 900 ლარად იყიდა ის ესპანური გიტარა, ძალიან ძვირფასი იყო მისთვის. ეფერებოდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. იხდიდა განვადების ფულს, ნახევარი გადახდილი აქვს, მაგრამ 425 ლარი დამრჩა ახლა გადასახდელი ამ პენსიონერ ქალს. ცოტა ხნის წინ ამ ბინაში ჩემსა და მარინას შუაში დაჯდა, არ იყო ხასიათზე, იტირა მდუღარე ცრემლებით. თუ რამე დამემართა, იცოდეთ, ჩემი თავი ჭიათურაში არ გაატანოთ, სადმე თბილისში დამმარხეთო. ბოლო დროს ხშირად სიკვდილზეც მღეროდა, ალბათ წინათგრძნობაც ჰქონდა.

მარინა გუჯაბიძე:
- ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ მუხანათურად წაგვართვეს სამირი. მას თავისი ასაკიც კი არ ახსოვდა. მისი გამოთვლით, 32 წლის იყო. რომ იშვილეს, მერე ზაზა დაარქვეს, მაგრამ თავისი ნამდვილი სახელი უფრო მოსწონდა. დროდადრო ძალიან სევდიანი ხდებოდა და მაშინ მიეძალებოდა სასმელს. იმ დღესაც ბევრი დალია ეტყობა. ბოლო ხუთი დღე სულ მეუბნებოდა, მარიკა, ჩემი დედობილი მესიზმრება და მეძახის, - სამირ, მოდი და ხელს მიქნევსო.
სამირ სავჩუკი სამშაბათს, 4 დეკემბერს ჭიათურის სოფელში, დედობილის გვერდით დაკრძალეს.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ორი კვირის წინ, 23 წლის ფოტომოდელ ლიკა ხაჭაპურიძესთან, სტუმრად პოპულარული ავსტრალიელი მსახიობი, დომენიკ პარსელი ჩამოვიდა.
"ანა უნდა გადადგეს, ორი წიგნი არა აქვს წაკითხული"
ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: - ვფიქრობ, სიამოვნებით დავტოვებდი ამ ქვეყანას
ქართველი პოლიტიკოსები იშვიათად ინტერესდებიან ასტროლოგიით
დაჯილდოების ცერემონიალზე სტუმართა შორის მედიის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
"ფსიქოლოგიური გაგებით ეს პათოლოგია არ არის"
"ვცდილობთ, მათ სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კლასიკოსები უფრო ახლოს გავაცნოთ..."
სამართლებრივი საკითხები, რომელიც ბევრმა არ იცის
"ჯანსაღ გარემოში ადამიანებიც ჯანსაღად იქცევიან"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი