იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი "ყველას" პრეზიდენტი? - გზაპრესი

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი "ყველას" პრეზიდენტი?

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის, ცხარე დებატებისა და დაპირისპირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. დამოკიდებულება ახალი პრეზიდენტის მიმართ არაერთგვაროვანია: მომხრეები მის გაპრეზიდენტებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალბატონმა სალომემ გაყალბების შედეგად გაიმარჯვა, ხოლო ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში ისე იცხოვრებს, როგორც ალისა - საოცრებათა ქვეყანაში... და მაინც, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება ახალ პრეზიდენტზე, რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ან რა პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს? - ამ შეკითხვით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს მივმართეთ:

მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი:

- მე მგონი, ქალბატონ სალომეს ცოტა გაუჭირდება იმ მოლოდინის გამართლება, რაც მის მიმართ ქართულ საზოგადოებას აქვს. ამჟამად, მისი ფუნქციებიდან ყურადღება ორ რამეზე უნდა შევაჩერო: ერთი - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი და ამ თვალსაზრისით რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის ფორმატის შექმნა, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მივიწყებული ჰქონდა - ეს არის კომუნიკაცია საზოგადოებასთან - ამას პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკოსების მიმართ დიდი უნდობლობა და იმედგაცრუება იგრძნობა, პრეზიდენტს შეუძლია ხალხის განწყობა შეცვალოს, ის საზოგადოების მაჯისცემას უნდა გრძნობდეს და ერთგვარი შუამავალი, მედიატორი უნდა იყოს ხალხსა და მთავრობას შორის. ვნახოთ, როგორ შეძლებს ქალბატონი სალომე ამ მისიის შესრულებას.

GzaPressეკა მამალაძე, მომღერალი: - ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტებას ჩემი ოჯახი დიდი იმედით შეხვდა. ის პირველი ქალია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ეს ძალიან სასიამოვნო პრეცედენტია. ყველანი ვხვდებით, რომ ახალ პრეზიდენტს ძალიან ბევრი პრობლემა ექნება გადასაწყვეტი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ავირჩიეთ, ამიტომ, ჯერ უნდა ვადროვოთ, ალბათ ხალხიც უნდა დამშვიდდეს და ყველამ თავის საქმეს მიხედოს - ასე უფრო მივაღწევთ ქვეყნის წინსვლას. ქალბატონ სალომეს კი, გამძლეობას და სიმშვიდეს ვუსურვებ. ძალიან მინდა კარგი პრეზიდენტი იყოს და ჩვენს ქვეყანას სათანადოდ მოუაროს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი: - ბოლო წლებში ჩვენ გადავეჩვიეთ აქტიურ პრეზიდენტს, რომელიც მუდმივად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყოფილი პრეზიდენტი - ბატონი მარგველაშვილი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა რომელიმე კანონს ვეტოს ადებდა, ალბათ ქალბატონი სალომე უფრო აქტიური პრეზიდენტი იქნება. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს ერთგვარი გამტარი, კრიზისის დროს დაპირისპირებულ მხარეებთან დიალოგი უნდა შეძლოს და "ოქროს შუალედი" დაიცვას. აუცილებლად უნდა შევეხო არჩევნებამდე მის წინააღმდეგ აგორებულ "შავ პიარსაც": მე აღფრთოვანებული ვარ ამ ქალბატონის მოთმინებით - მისგან ერთი არაეთიკური რეპლიკაც არ მახსენდება ოპონენტების საპასუხოდ. ყველას კარგად გვახსოვს, ზოგჯერ რა არაადეკვატური იყო მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომელიც მისი ანტიპოდი გახლდათ. იმედია, ქალბატონი სალომე შეძლებს ამ ორ უკიდურესობას შორის "ოქროს შუალედი" დაიცვას და ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი უზრუნველყოს. რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ახალმა პრეზიდენტმა? - სასურველია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეამციროს. არ არის საჭირო ამ უწყებას 300-400 თანამშრომელი ჰყავდეს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გაცილებით ნაკლები ხალხით აღასრულოს თავისი ფუნქციები. ეს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის კარგი მაგალითი იქნება.

მანანა ნაჭყებია, "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი: - პირველ რიგში ვულოცავ ქალბატონ სალომეს და წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან პოსტზე. ის პირველი ქალი-პრეზიდენტია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. დღეს უკვე აღარავის უკვირს ქალების პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურება და არავინ სვამს კითხვას - "შეძლებს კი?" ამიტომ, მისი არჩევა ამ პოსტზე პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია. უბრალოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობები შეზღუდულია, ამიტომ, ქალბატონმა სალომემ როგორმე დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში მისი მოსაზრებები გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და მისი პოზიციაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლების ეს შტო ახალმა პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" დანამატად არ აქციოს. ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუმხრობელი პრეზიდენტი იყოს, უფრო მეტიც, ის ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს. რამდენიმე სიტყვა საპრეზიდენტო არჩევნებზეც უნდა ვთქვა: ამ არჩევნებმა პირველ ტურში ალიყური გააწნა ხელისუფლებას და დაანახა, რომ არც ისეა საქმე, როგორც მათ წარმოუდგენიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაჭრა და შეკერა, მერე კი - თავზე გადაგვახია ჩვენი კონსტიტუცია, ხოლო მეორე ტურმა ალიყური გააწნა "ნაციონალურ მოძრაობას" და შეახსენა, თუ რა აქვთ ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნისას. ის 96 ათასი ბიულეტენი, რომელშიც ორივე კანდიდატია გადახაზული, ბევრ რამეზე მეტყველებს. მათ შორის ჩემი ბიულეტენიც არის და ეს ბიულეტენები ორივე პოლიტიკური ძალისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა - ეს ნიშნავს, რომ მეორე შანსს ქართული საზოგადოება არც ერთ მხარეს აღარ მისცემს.

GzaPressკახა გოგიძე, მსახიობი: - ძალიან კარგია, რომ ჩვენმა ხალხმა პრეზიდენტად ქალი აირჩია. იქნებ, ამან სიმშვიდე და სტაბილურობა მოგვიტანოს. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და არ შეიძლება აქ ხალხი ერთმანეთს დაერიოს. ქართველების ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება ჯობია. ქალის მმართველობა ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, რადგან მე-12 საუკუნეში თამარ მეფე გვყავდა, ახლაც, არ ვეთანხმები როცა ამბობენ, საქართველოში ქალების უფლებები იზღუდებაო. საქართველოში მალე ალბათ მამაკაცთა უფლებები გახდება დასაცავი. არა მგონია ქალები აქ თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ და ახლა მსოფლიოც დაინახავს, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ქალთა უფლებები ილახება. ალბათ იცით, "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის როლს ვასრულებ. მართალია, ეს გამოგონილი სახეა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რას ურჩევდა ჩემი პერსონაჟი საქართველოს პრეზიდენტს? - ალბათ იმას, რომ პირადი ინტერესები უნდა დაივიწყოს და ქვეყანას მიხედოს... კიდევ ერთი, დიდი სურვილი მაქვს: ჩემი აზრით, სკოლებში მეგრული და სვანური ენები უნდა ისწავლებოდეს, რომ ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს ეს ბარიერი არ ჰქონდეთ. შეიძლება ვიღაცას ეს სურვილი უჩვეულოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს საჭირო და კარგი საქმეა.

GzaPressნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი: - მართალია, საქართველოში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები შეზღუდულია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ქვეყნის სახეა, სწორედ მან უნდა წარადგინოს საქართველო მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაანახვებს ახალი პრეზიდენტი საქართველოს ჩვენს პარტნიორებს, მტრებსა თუ მეგობრებს. ქალბატონი სალომე არის პოლიტიკოსი, რომელსაც დასავლეთში კრიზისული სიტუაციების მართვის სპეციალისტს უწოდებენ. მას ამ მიმართულებით განათლებაც აქვს მიღებული და პრაქტიკაც. ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი კრიზისული სიტუაცია აქვს, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის მხრივ. ძალიან კარგი იქნება, თუ ახალი პრეზიდენტის მცდელობით საგარეო ასპარეზზე დაგროვილი პრობლემების ნაწილი მაინც შეგვიმსუბუქდება. პრეზიდენტმა ომი არ უნდა დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, როცა ამის რესურსი არა აქვს, მაგრამ ის მთავარსარდალია და ნებისმიერი ფორმით უნდა დაიცვას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე კარგი პრეზიდენტი იქნება და სწორი, გონივრული პოლიტიკით წარმართავს ქვეყანას.

იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი: - მე მგონია, რომ ახალი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას კარგის მეტს არაფერს მოუტანს, თანაც, სახელად "იმედი" მქვია და იმედს არასოდეს ვკარგავ. რა პრობლემას უნდა შეეჭიდოს ქალბატონი სალომე პირველ რიგში? - ალბათ, ჩვენს საზოგადოებაში არსებული განხეთქილება უნდა შეარბილოს. მე ოპოზიციის და განსხვავებული აზრის წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ ხალხში მტრობა და შუღლი არ უნდა იყოს. რატომღაც მგონია, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში სიმშვიდეს შემოიტანს, რადგან პირველ რიგში ქალია, თანაც, კულტურული და განათლებული ადამიანია, ამავე დროს, საქართველოს დიდი სიყვარული აქვს. მე მრცხვენია, არჩევნების წინა პერიოდში რომ ამბობდნენ - სალომე ზურაბიშვილი ქართველი არ არისო. როგორ? - ის არ არის ქართველი და სააკაშვილია ქართველი?! იქნებ, ქალბატონმა სალომემ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზეც დაიწყოს დიალოგი, რადგან ეს ჩვენი მთავარი სატკივარია. ამ პრობლემის გააქტიურებას განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭი უნდა. ის კი, ევროპაში მოღვაწეობდა და ჩემი აზრით, ყინულის გალღობას უფრო შეძლებს. მე ოპოზიციის კანდიდატის - ვაშაძის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ - ამ მისიას სალომე უკეთესად შეასრულებს და საერთოდ, როცა სამშობლოს ბედი წყდება, იქ ვიწრო-პარტიული ინტერესები არ უნდა მოქმედებდეს. რაც ქვეყნისთვის უკეთესია, ის უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც.

ხათუნა ჩიგოგიძე