25 წლის ქართველი მფრინავი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში დაფრინავს - გზაპრესი

25 წლის ქართველი მფრინავი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში დაფრინავს

"ბოინგ 747"-ით, რომელიც მსოფლიოში ათასობით გამოცდილი მფრინავისთვის საოცნებო საფრენი აპარატია, კარგა ხანია, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ცა დაპყრობილი აქვს...

მამამისი, "რკინის შამილათი" ცნობილი მფრინავი, შამილ ქორთოშიძე, წლების განმავლობაში დიდ ქართულ ავიაციას ემსახურებოდა. მფრინავები იყვნენ მისი ძმები, ერთ-ერთი კი, აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და დავალების შესრულებას შეეწირა... - ამ და სხვა მიზეზების გამო სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრიაო, - მითხრა საბა ქორთოშიძემ, რომელიც 8 წელია, ავიაციაშია და 380-ტონიან ბოინგს მართავს...

- 8 წელია დავფრინავ. ეს ჩვენი საოჯახო, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობითი პროფესიაა. მამაჩემი, ბიძები, ბიძაშვილები - ყველანი მფრინავები არიან. ამიტომაც ეს ჩემთვის ძალზე "ახლობელი" პროფესია იყო. სახლში სულ თვითმფრინავსა და ფრენაზე საუბრობდნენ... ამიტომ დიდხანს არც მიფიქრია, ისე ჩავაბარე საავიაციო უნივერსიტეტში. იქ სწავლის კვალდაკვალ, დამატებითი სწავლებები და კურსები საზღვარგარეთ გავიარე. სირთულე, მით უფრო შეუძლებელი, არაფერი იყო. მთავარია, მუდმივად სწავლობდე, ყურადღება არ უნდა მოადუნო. აუცილებელია სიზუსტე ყველა დეტალში, რომელიც შემდგომ ხასიათზე აისახება. ვერ ვიტან და ვერ ვეგუები არაპუნქტუალობას, საქმისა და ნებისმიერი რამის მიმართ ზერელე და გულგრილ დამოკიდებულებას, ყველაფერში სიზუსტე მიყვარს...

- "ბოინგ 747"-ით დაფრინავთ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრენი აპარატია, ხომ?

- დიახ, ეს თვითმფრინავი ავიაციაში ყველა მფრინავისთვის ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო საფრენ აპარატად მიიჩნევა. 30 და 40 წელს გადაცილებული მფრინავები ყოველთვის ოცნებობენ, რომ თავიანთი კარიერა ისე დაასრულონ, ერთხელ მაინც მართონ ეს თვითმფრინავი... მათივე შეფასებით, თუ ამ თვითმფრინავით დაფრინავ, ეს ნიშნავს, რომ კარიერაში მაქსიმუმს მიაღწიე. სხვებთან შედარები ბევრად დიდი და მძიმეა, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მეტია და სირთულეც.

- როგორ აღმოჩნდით ამ ბოინგის შტურვალთან?

- ჩვენი კანონმდებლობით, ამ ტიპის თვითმფრინავზე რომ მოხვდე, მინიმუმ 1.500 საათი უნდა გქონდეს ნაფრენი. მე კი ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდი. "ბოინგ 747", რომლითაც ახლა დავფრინავ, სატვირთოა, თუმცა, ასეთივე არის სამგზავროებიც. სამოქალაქოც მიტარებია და შვეულმფრენიც.

- თქვენი ასაკის მფრინავი კიდევ არის?

- არა, 25 წლის ნამდვილად არ არის, ყველა უფროსია, 30 წელზე ზევით... უფროსი თაობის ადამიანები ყოველთვის აძლევენ რჩევას უმცროსებს. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, სისხლით დაწერილი თეორია, - ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, ასევე უსაფრთხოება, დაიცავი წესები, სიზუსტე და როგორც მფრინავები ვეძახით, - "ფრენის სისუფთავე". რაც ნიშნავს, ყველაფერი ისე შეასრულო, როგორც წესია ანუ ზედმიწევნით და არ დაარღვიო არც ერთი წესი.

- რაც შეეხება პილოტაჟის სირთულეს, ალბათ გიწევთ სხვადასხვაგვარი ტრიუკის გაკეთება.

- დიახ, ყველაზე რთული "აერობატიკაა", თუმცა ამის გაკეთება სამხედრო ავიაციაში მყოფებს უფრო უწევთ, ვიდრე სამოქალაქო და სატვირთო ავიაციის თანამშრომლებს - თუმცა წელიწადში ორჯერ მივდივართ ამერიკაში, სადაც სპეციალურ ტრენაჟორზე ვაკეთებთ ისეთ პილოტაჟს, რომელსაც დაბალი რანგის სპეციალისტი ვერ შეასრულებს. ეს არის ერთგვარი თვითშემოწმება ანუ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ძრავის გამორთვის, ხანძრის გაჩენისა და სხვა გაუთვალისწინებელი რისკების დროს თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამის შესაბამისად გრძელდება მფრინავის კარიერა... კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობ, მთელი მსოფლიოდან არიან მფრინავები წარმოდგენილი, თუმცა, სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ქართველები ყველაზე მოწინავეები ვართ და ამას ყველა აღიარებს.

GzaPress- სუსტი სქესის წარმომადგენლები თუ არიან მფრინავები?

- კი, ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირია მფრინავი ქალები, თუმცა ჩვენს კომპანიაში ჯერჯერობით არ არიან. როდესაც ჰაერში ვართ, მესმის მათი ხმა, როდესაც ავიამეთვალყურეებს თავიანთ პოზიციებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას აწვდიან.

- ახლა ძირითადად რომელ ქვეყანაში გიწევთ მუშაობა?

- ძირითადად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანში. კონკრეტულად - დუბაისა და ბაქოში მიწევს ყოფნა, თუმცა, სხვა ქვეყნებშიც დავფრინავ. გვიფრენია ავღანეთში, ინდოეთში, აფრიკაში...

- მსოფლიოს ცხელ წერტილებში გიწევთ თურმე ფრენა, რისკები არსებობს?

- დიახ, იქ, სადაც საომარი ვითარებაა, არსებობს. ავღანეთში ფრენა უკვე სარისკოა. ჰაერში არა, მაგრამ ხანდახან გვესვრიან კიდეც. ძირითადად, ბაზებზე ყოფნისას ვართ მათი სამიზნე.

- კიდევ რა უქმნის მფრინავს საფრთხეს? რთული მეტეოროლოგიური პირობები?

- დიახ და ჩიტიც, რომლისაც ყველა მფრინავს ძალიან ეშინია, გააჩნია, სად მოხვდება... უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩიტის გამო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ავარიულად შეძლო დაჯდომა და გადარჩა... რაც შეეხება ამინდს, წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე ვიღებთ ინფორმაციას. ყველა კომპანიას, თვითმფრინავსა და კომპანიას თავისი გაფრენის მინიმუმი აქვს. თუ ამის გადალახვა შეგვიძლია, მივფრინავთ... ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოულოდნელად შეცვლილა ამინდი. "ბოინგ 747"-ს ჰაერში 10-11 საათი უწევს ფრენა და ამ დროის განმავლობაში ამინდი რამდენჯერმე იცვლება. ჩვენ, გაფრენამდე სამი საათით ადრინდელ პროგნოზს ვითვალისწინებთ, შემდეგ, საჭირო სიტუაციაში გვაქვს "ბე" ვარიანტიც, ანუ სათადარიგო აეროდრომი. იმ შემთხვევაში, თუ ფრენის გაგრძელება შეუძლებელია - უნდა დაჯდე, თუმცა, იქაც თუ არ დაგვხვდა საჭირო ამინდი, სხვა გამოსავალს ვპოულობთ... საერთოდ, უარესისთვისაც ვართ მზად. მაგალითად, თუ სათადარიგო აეროდრომი მიზეზთა გამო დაკეტილია, ან თვითმფრინავში რაღაც გამოვიდა მწყობრიდან. "ბოინგ 747"-ის ასაფრენი წონა 378,8 ტონაა, რასაც ყველა აეროდრომის ასაფრენი ბილიკი ვერ გაუძლებს, ყველგან ვერ მობრუნდები და ვერც შეხვალ. ამიტომ ასეთი რაღაცების გათვალისწინება და თადარიგის დაჭერაც გვიწევს, რაც ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი სირთულეა. თუმცა, თავად ვირჩევთ პროფესიას და შესაბამისად, სირთულეებისთვისაც ვართ მზად.

- ინდოეთზე რა შეგიძლიათ გვითხრა, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და ფერადი ქვეყანაა?

- მართალი გითხრათ, მე არ მომწონს ინდოეთი, ძალიან ბევრი უბედური ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში და ქუჩაშივე კვდებიან. სიღარიბის მაჩვენებელი ყველანაირი ნიშნულის ქვემოთ არის. მილიონობით ბავშვი მათხოვრობს და ასევე მილიონობით ადამიანი საოცარ სიმდიდრეში ცხოვრობს... მდინარე განგის წყალს სვამენ, იქ ბანაობენ და მიცვალებულებსაც იქ ყრიან, მხოლოდ კრემაციას არ ვგულისხმობ... თუმცა, მომწონს ავღანეთი, რომელიც მთიანი სისტემით ძალიან ჰგავს საქართველოს. მოხიბლული ვარ მათი ტრადიციით, ცხოვრების წესითა და ადათით.

- მაგალითად?

- ადრე ჩვენთანაც იცოდნენ სისხლის აღება, იქ ახლაც იციან, ასევე, თუშეთში არის სალოცავები, სადაც ქალს შესვლის უფლება არა აქვს, ასევეა იქაც... თუმცა, პროვინციები თავიანთი ტრადიციებით, ხალხის ბუნებითა და ენითაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სადაც თალიბანი გავლენით სარგებლობს, იქ ქალები ძალიან დაჩაგრულები არიან, თუმცა, არა ყველგან. არაერთი თანამშრომელი და მეგობარი მყავს ავღანელი, რომლებიც ქართველებს დიდ პატივს სცემენ... ისე კი, სახასიათოა ჩრდილოეთი აფრიკაც - სუდანი. ამ ქვეყნის კლიმატთან ადაპტაცია იმდენად გვიჭირს, რომ სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. განსაკუთრებით გვაშინებს მათ ენაზე "ჰაბუბი" ანუ ქვიშის ქარიშხალი. 20 წუთში იმდენად მასშტაბურ ზომებს იღებს, რომ ხილვადობას 100 მეტრიდან 3 მეტრამდე ამცირებს.

- ბიძათქვენი, რომელიც ასევე მფრინავი იყო, აფხაზეთის ომში დაიკარგა, ხომ?

- დიახ, დავალება მიიღო და დანიშნული ადგილისკენ რომ მიფრინავდნენ, გზაში გაქრა... მისი შვილი, ვანოც მფრინავია, მამის გზას გაჰყვა...

- რა არის თქვენი ოცნება?

- მშვიდობიანი ფრენა კარიერის დასრულებამდე და ჩემი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა...

- ალბათ გარკვეული შეზღუდვები გაქვთ...

- რა თქმა უნდა, გაფრენამდე ალკოჰოლი არ უნდა მიიღო, უნდა გამოიძინო... ყოველ წელს გავდივართ საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას, გვეკითხებიან, ხომ არ სვამ და სხვა რამე პრობლემები ხომ არ გაქვსო... თუ სხვა პროფესიის ადამიანები, ვიდრე შეუძლიათ, კარიერას არ წყვეტენ, მფრინავები 62 წლამდე ახორციელებენ კომერციულ ფრენებს, შემდეგ კი, რაც უნდა კარგ ფორმაში იყვნენ, პენსიაზე გადიან... თუმცა, შეგიძლია, შენთვის პატარა შვეულმფრენი იყიდო და იფრინო, დიდ ავიაციაში კი ვერ იქნები.

- ოჯახი გყავთ?

- დიახ, მეუღლე და ორი გოგონა. ვიცი, რომ მკითხავთ, როგორ ეგუება მეუღლე ჩემი ცხოვრების წესს. მამამისიც მფრინავია და ეს ყველაფერი მისთვის სიახლე არ არის.

- თქვენი გოგონებიც რომ მამის კვალს გაჰყვნენ, ამაზე თუ გიფიქრიათ?

- კი, მაგრამ სიმართლე გითხრა, არ მინდა, რომ მფრინავები იყვნენ, ძალიან რთულია. მე 3 ათას საათამდე მაქვს ჰაერში გატარებული და ასეთი ცხოვრებისთვის ქალი არ მემეტება.

ლალი პაპასკირი