თოვლის ბაბუა სავანედან - გზაპრესი

თოვლის ბაბუა სავანედან

სტუმრად მისულს მასპინძელმა მითხრა, მამაჩემს ველოდები იმერეთიდან და თუ ცოტა ხანს კიდევ დარჩები, მგონი, არ ინანებ - შენ რომ გიყვარს, ისეთი მოსაუბრეაო. ასეც აღმოჩნდა. მოხუცმა ოთახში შემოიჭყიტა, თბილად მოგვესალმა, მოგვიკითხა და მგზავრობისას მომხდარ მხიარულ ამბავსაც მოგვიყვა, სახელდახელოდ (სახალხოდ არ ითქმება ოღონდ). მაშინვე მივხვდი, ენაწყლიანი რესპონდენტი იქნებოდა და საუბარი გავუბი. ტარიელ ღუღუნიშვილი საჩხერეში, სოფელ სავანეში ცხოვრობს. თურმე ყოველ ამ დროს დედაქალაქში ჩამოდის, თოვლის ბაბუის როლს ირგებს და პატარებს ახარებს. რომ ვკითხე, რა პროფესიის ბრძანდებით-მეთქი, ასე მიპასუხა:

- თავიდან ბოლომდე მძღოლი ვარ, ეს არის ჩემი პროფესია. კითხვა მიყვარდა და კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ მშობლებს 11 შვილი ვყავდით და ვის ეცალა უმაღლესისთვის? უფრო სწორად, ცამეტნი ვიყავით, 2 პატარაობაშივე დაღუპვიათ - ერთი - დამწვრობით და მეორე კიდევ - ზნით. იმ დროს მრავალშვილიანობა არ უკვირდათ, 5, 6, 7 შვილი ბევრს ჰყავდა, მაგრამ 13 - იშვიათად რომ ვინმეს გაერისკა. რაიონში ჩვენ გარდა სულ ერთი ოჯახი იყო ასეთი მრავალშვილიანი. 5 ძმა და 6 და ვართ, მე მეექვსე ვარ. ახლა უკვე რვანიღა დავრჩით, უფროსი ძმა ცოცხალია, 83 წლისაა, მე კი - 69 წლის. ყველაზე პატარა და, თინა ბათუმში მოკლეს, 38 წლისა. დედაჩემს ერთი ძველისძველი და საკმაოდ უცნაური წიგნი ჰქონდა, ეფრემ ვერდივით, იქ ეწერა, რომელ წელს, რომელ რიცხვში დაბადებულს როდის ეწერა სიკვდილი და რით. დაკარგა მერე, თურმე მეზობლის ქალს წაუღია და რომ წაუკითხავს, შვილი ამა და ამ დღეს მოუკვდებოდა, ამდგარა და გამწარებულს ეს წიგნი ცეცხლში ჩაუგდია. აი, სწორედ იმ წიგნში ამოუკითხავს დედას ჩემი დის ბედიც. ბათუმში მუშაობდა, ეგონათ, ფული ჰქონდა, დააყაჩაღეს და წამებით მოკლეს, ყელი გამოსჭრეს, 3-4 წლის ტყუპი ბიჭი დარჩა. დედაჩემმა მხოლოდ მერე აღიარა, ვიცოდი, რომ ჩემი თინა ასე მოკვდებოდა და სულ მეშინოდაო. მე მითხრა, ამ წიგნში წერია, რომ შენ თუ 59 წელს გადააბიჯებ, 84 წლამდე იცოცხლებო.

- მერე, მართლა შეგემთხვათ რამე 59 წლისას?

- კი, 7-8 მეტრის სიმაღლიდან გადმოვვარდი, ასფალტზე დავენარცხე და არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი.

- მაშინ მრავალშვილიანებს სახელმწიფო როგორ ეხმარებოდა? გამიგია, ბინებსა და მანქანებს აძლევდნენო...

- თითო ბავშვზე 7 მანეთს აძლევდნენ, არც ისე ბევრი იყო ეს 7 მანეთი. მეათე ბავშვზე, მახსოვს, ოქროს მედლით დააჯილდოეს დედაჩემი, 2 მანქანა თავის ფასში გამოვიყვანეთ მამაჩემის და დედაჩემის სახელზე, მაშინ ასე უპრობლემოდ ხომ ვერ იყიდდი ავტომანქანას. კი, მართალია, ბინებსაც აძლევდნენ მრავალშვილიანებს, მაგრამ ჩვენთვის არ აპირებდნენ თურმე. დედაჩემი მებრძოლი ქალი იყო, სიტყვა-პასუხიც არ ეშლებოდა ქართულის მასწავლებელს, ამდგარა და პირდაპირ შევარდნაძესთან არ შესულა? უთქვამს, ამდენ შვილს გაჭირვებულად ვზრდი, ლუკმას ვუნაწილებ ყველას და თბილისში როგორ არ მაძლევთ ბინასო? შენ ვინ ყოფილხარ, ქალბატონოო, - ასე უთქვამს დედაჩემის შეუპოვრობით გაკვირვებულსა და მოხიბლულ შევარდნაძეს და ბინაც მიუცია. იქ დღეს ჩემი უფროსი ძმა და მისი ოჯახი ცხოვრობს. ეხ, დედაჩემი შეუდარებელი იყო, სუფთა და კოპწია, საოცრად კეთილი, მარტო თავისი შვილებისთვის კი არა, სხვების, მეზობლების, ნათესავების შვილებისთვისაც კი ლოცულობდა. რამდენს უთქვამს, შენმა ლოცვამ გადამირჩინა ბავშვიო. მამაჩემი ბრიგადირი იყო, ხელოსანი. შრომა არ ეზარებოდა, მაგრამ მაინც გვიჭირდა, ერთი "მაიკით" 6 ბიჭი გაგზარდეთო, გვეუბნებოდნენ ხოლმე მშობლები.

GzaPress- ახალგაზრდობაში რას საქმიანობდით, სად მუშაობდით?

- ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჯარში ყოფნის დრო. ნოვოროსიისკში ვიყავი, მცირე მიწაზე, კარგი იყო იქაურობა, ბევრი რამით საქართველოს მაგონებდა. იქაურებს ვენახები ჰქონდათ გაშენებული. ერთხელ ყურძენი მოვიპარეთ, კოლმეურნეობას კი კასრი მოვპარეთ და იმაში ჩავწურეთ. ზღაპრული ღვინო დავაყენეთ. ერთხანს ტაქსიზე ვმუშაობდი, მიხეილ რჩეულიშვილის, გურამის მამის მძღოლი ვიყავი. ხომ იცით, როგორი ბიჭი იყო გურამი? უკეთილშობილესი - გაიხდიდა და სხვას მისცემდა, რაც ეცვა. ის რომ ასეთი იყო, აბა, მამა, რომელმაც გაზარდა, როგორი ეყოლებოდა? ლექციებს კითხულობდა ინსტიტუტში და თან 16.000 სული ცხვარი ჰყავდა მარნეულში. ლომთაგორის მთა თუ გაგიგიათ, იქ დავდიოდით ხოლმე "ვილისით". მერე თავი დავანებე ამ სამსახურს და ჩვეულებრივ ტაქსიზე დავჯექი, იქ უფრო მეტი გამორჩენა იყო, თან ცოლიც მოვიყვანე და...

- სიყვარულით შეუღლდით?

- გაცნობიდან 2 თვეში მოვიყვანე. 26 წლისა ვიყავი, რომ დავოჯახდი. ჩემი ცოლი სოფელ მერჯევიდან არის. ისედაც იმდენი ვიყავით და ცოლსაც იქ ხომ არ მივიყვანდი? ავდექი და ჩემთვის ცალკე ავიშენე სახლი. მოვიყვანე პატარა ქალი, თან რავარი ქალი, იცი? (იცინის) - 2 მტკაველი თვითონ არის და 6 მტკაველი ენა აქვს. იცი, რაფერ მწყევლის? როდის მოკვდები, რომ დავისვენოო, მაგრამ გულგარეთ მწყევლის, მართლა კი არა. ვიცი უკვე მისი ხასიათი. 4 შვილი მეყოლა, 3 გოგოს შემდეგ მე-4 ბიჭი. გავხდი 36 წლის, გამოვიჩინე ნიჭი და "გავაკეთე" ბიჭი-მეთქი, ასე გალექსვით ვხუმრობდი ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, რა აკლია ამ თაობას?

- თოხი ვის უყვარს, ოქროსიც რომ იყოს, ზოგს ისიც კი არ უნდა, მაგრამ მე სულ თოხი მეჭირა ხელში. როგორც კი წამოვიზარდეთ, ყველანი ვეხმარებოდით მშობლებს, ბიჭებიცა და გოგოებიც. აი, ეს აკლიათ ახლანდელებს - შრომისმოყვარეობა.

- ნადირობა გყვარებიათ თურმე.

- კი, ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, დღეში ბევრ თევზს ვიჭერდი, ხან 5 კილომდეც კი მიმიტანია სახლში. ვერ დავიტრაბახებ, დათვი მყავს-მეთქი მოკლული, მაგრამ ერთი მგელი კი მოვკალი. კურდღელი, მწყერი, ტყის ქათამი ხომ რამდენიც გინდათ.

- სადაც არის უკვე 70 წლის გახდებით, გული რაზე გწყდებათ?

- უსწავლელი არ უნდა დავრჩენილიყავი, შვილო, მარტო მაგაზე მწყდება გული... წიგნის კითხვა დღესაც მიყვარს, როცა ამის დრო მაქვს.

- სოფელში როგორ ცხოვრობს ხალხი, იმერეთი ხომ მწირმოსავლიანი მხარეა.

- ჩვენს სოფელში სარწყავი არ არის და თუ წვიმა არ მოვიდა, არც მოსავალი გვექნება. ყვირილას პირზე რაც ყანებია, იქ კი მოდის, მაგრამ სხვაგან მწირია მოსავალი. საქონელი გვყავს - ძროხა, ღორი, ფრინველიც, ცოტა რაღაცას ვთესავთ და ასე გავდივართ იოლას. დიდი სოფელია ჩვენი სავანე, მაგრამ სანახევროდ დაცლილია. ეს ქვეყანა რომ აირია, მე და ჩემმა ცოლმა ვაჭრობა დავიწყეთ. მერე შვილებიც წამოიზარდნენ, დაბინავდნენ, ზოგმა საზღვარგარეთ არჩია წასვლა და დავრჩით მე და ჩემი მოხუცი სოფელში...

- ახლა ისიც მომიყევით, თოვლის ბაბუა როგორ გახდით და როგორ მოირგეთ ეს როლი?

- 3 წლის წინ ერთმა ნაცნობმა შემომთავაზა, ჩამოდიო, თოვლის ბაბუას კი ჰგავხარ, იმსიგრძე და ისეთი თეთრი წვერი გაქვსო და მეც ჩამოვედი. მოვირგებ ხოლმე ამ ჩემს ჩოხას, ნაბადს მოვიხურავ და იქ, სადაც მთავარი ნაძვის ხე იდგმება, საჩუქრებს ვურიგებ პატარებს, თან სურათებსაც იღებენ ჩემთან. ისინიც ბედნიერები არიან და არც მე ვარ უსაქმოდ. ძველით ახალ წელსაც აქ ვხვდები და მერე ვბრუნდები ხოლმე სოფელში. ჩემს ასაკს თოვლის ბაბუის პროფესია ნამდვილად შეეფერება - როდესაც პატარების ბედნიერ სახეებს ვხედავ, მეც მათთან ერთად ვხარობ...

ნინო ჯავახიშვილი