როგორ შეხვდა ერთადერთი მესაზღვრე ქალი ახალ წელს - გზაპრესი

როგორ შეხვდა ერთადერთი მესაზღვრე ქალი ახალ წელს

ახალი წლის დადგომას ყველა ზეიმობს, ირგვლივ ამაღლებული საახალწლო განწყობა იგრძნობა. ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი, 2019 წლის შემობრძანებას. სახლებში სუფრები გაშლილია, ბევრი ოჯახურ გარემოში ხვდება შობა-ახალ წელს, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ახალი წელი სამსახურში დგება და წლის პირველ წუთებშიც კი თავიანთ საქმეს სრულად მობილიზებულები აკეთებენ. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში ახალგაზრდა ქალი მუშაობს, რომელმაც ხელში იარაღი აიღო, მესაზღვრის ფორმა ჩაიცვა და ჩვენს საზღვარს სვანეთში იცავს.

ნათია სუბელიანი ახალ წელს სამსახურში შეხვდა, ის ამწუთასაც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგას. სამი წელია, წარმატებული მესაზღვრეა, ერთი თვის წინ დააწინაურეს კიდეც და ჭუბერში ჯგუფის უფროსად დანიშნეს. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დაკისრებული ნდობა გაამართლოს. როგორ აღმოჩნდა თბილისში დაბადებული და გაზრდილი გოგო სვანეთში, რატომ აირჩია ეს პროფესია, როგორია ერთადერთი მესაზღვრე ქალის ცხოვრება, ამ ყველაფერზე თავად ნათია გვესაუბრება.

- ნათია, ერთადერთი ქალი ხართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იცავს. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- სულ მინდოდა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მეკეთებინა. როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩავაბარე, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ერთადერთი მესაზღვრე ქალი აღმოვჩნდებოდი. ვიცოდი, რომ სასაზღვრო პოლიციაში ქალებიც მუშაობდნენ, თუმცა, ამ სფეროში ძალიან ჩახედული არ ვიყავი. მერე გაირკვა, რომ ქალები ძირითადად მეკავშირეებად მუშაობდნენ, მაგრამ მე სხვა არჩევანი მქონდა. როცა აკადემიის სტუდენტი გავხდი, მაშინ აღმოვაჩინე, რომ პირველი მესაზღვრე ქალი მე ვიყავი.

- რა რეაქცია გქონდათ?

- თავიდან მოუთმენლად ველოდი გოგოს გამოჩენას, მესაზღვრეების ორ ჯგუფში მარტო მე ვიყავი ქალი. როცა ეს აღმოვაჩინე, ძალიან დავიბენი, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად აეწყო. არაჩვეულებრივი ჯგუფელები მყავდა. კარგად მახსენდება აკადემიაში გატარებული პერიოდი. მერე მუშაობაც დავიწყე. ამ საქმეს თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა. თავიდან ბეჩოში დავიწყე მუშაობა. დამაწინაურეს ერთი თვის წინ, მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენი სამმართველო მესტიაშია, იმავე სამმართველოს მეცხრე სექტორზე ვარ, ამჯერად - ჭუბერში, წოდებით უმცროსი ლეიტენანტი. პარალელურად ვსწავლობ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და მინდა, ცოდნა ამ მიმართულებითაც გავიღრმაო.

- როგორც ვიცი, სუბელიანი მეუღლის გვარია. თბილისში დაბადებული და გაზრდილი გოგო სვანეთში უფრო სიყვარულმა ხომ არ აგიყვანათ? იქნებ გვიამბოთ თქვენი სიყვარულის ამბავი?

- აქ მუშაობა რომ დავიწყე, ოჯახი უკვე შექმნილი მქონდა. ჩემი მეუღლე სულ მხარში მედგა. ძალიან მომწონდა მისი გვარი და რომ ვიქორწინეთ, გვარი შევიცვალე. სვანები ყოველთვის ძალიან მომწონდა. გიორგის ძალიან უნდოდა თავის სოფელში საცხოვრებლად დაბრუნება. მესტიის მუნიციპალიტეტშია სოფელი ნაკრა და იქ ვცხოვრობთ. ადრეულ წლებში ბევრჯერ გავსულვარ გასაუბრებებზე საჯარო სამსახურებში, კერძო სექტორშიც სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. კონსულტანტიც ვიყავი, მოლარეც და ა.შ. ახლა ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ, ძალიან საინტერესო საქმე ვიპოვე, რომელიც მომწონს და ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო. როცა მესტიაში ვიპოვე სამსახური, ორმაგად ბედნიერი ვიყავი. კარგია, რომ სვანეთში იყო ადგილი და ავირჩიე სვანეთის მიმართულება. სწავლის პერიოდში კარგად გავაცნობიერე, რა იყო მესაზღვრეობა და მივხვდი, რომ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.

GzaPress- სვანებს მოსწონთ ქალი მესაზღვრე?

- არაჩვეულებრივად შემხვდნენ. თავიდან ალბათ იყო გარკვეული ეჭვები, როცა გაიგეს, რომ თბილისელი გოგო მოდიოდა მესაზღვრედ, მაგრამ სწორად და კარგად დალაგდა ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ ვინმესთვის რამე შეღავათი მითხოვია იმის გამო, რომ ქალი ვარ. როცა ურთიერთპატივისცემაა, იქ ყველაფერი კარგადაა. ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ და ერთ მიზანს - სამშობლოს დაცვას ვემსახურებით.

- ანუ ტოლს არ უდებთ მამაკაცებს?

- მამაკაცებს არასოდეს გავჯიბრებივარ. თანამშრომლებს შორის შეჯიბრება არ უნდა იყოს და არც არის.

- იქნებ გაიხსენოთ ის დღე, როცა პირველად გახვედით სამსახურში?

- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, ძალიან დაბნეული ვიყავი. მილოცავდნენ დანიშვნას. სწრაფად გავიარე ადაპტაცია. ძალიან კარგი ხელმძღვანელი მყავდა. ძალიან მიყვარს აქაურობა. სვანი ხალხი გამორჩეულია.

- თქვენი სამუშაო განრიგი როგორია?

- გრაფიკი 15-დღიანია, თუმცა, რამდენი ხანიც დაგვჭირდება, იმდენი ხანი ვართ საქმის შესასრულებლად. ყოველთვის არის ხელშეწყობა, მაგრამ არ შეიძლება, ქალი რომ ვარ ამიტომ ჩემთვის სხვა გრაფიკი დაიწეროს. ძალიან ბევრი სხვა პროფესიის ქალი ათევს ღამეს, მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩემთვის პრობლემა არ არის ღამისთევა.

- როცა საზღვარს ათვალიერებთ, ცხენით გადააადგილდებით?

- ნამდვილად ვერ დავიბრალებ, რომ კარგი ცხენოსანი ვარ, მამაკაცები ბუნებრივია, უკეთესები არიან. მიცდია ცხენით სიარული, მაგრამ ფეხით სიარული მირჩევნია. გარკვეულ მონაკვეთამდე ტრანსპორტით მივდივართ, მაგრამ უმეტესი ნაწილის გავლა ფეხით მიწევს და ასე ვახდენთ ტერიტორიების დათვალიერებას.

- სახალისო ამბებიც ხშირად ხდება ალბათ, ხომ არ გაიხსენებთ?

- სვანებზე კურიოზები როგორ გავიხსენო, როცა სვანებთან ვმუშაობ? კურიოზები ხდება, რა თქმა უნდა, მსმენელი ტიპაჟურად უნდა იცნობდეს იმ ადამიანს, ვისზეც ჰყვები ამბავს. ამიტომ თავს შევიკავებ ასეთი ამბების მოყოლისგან. სვანები იქამდეც მიყვარდა, სანამ მათი რძალი გავხდებოდი.

- მცირეწლოვანი შვილი გყავთ. ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ბავშვი შეგუებულია, რომ დედა და მამა სულ სამსახურში არიან. ოჯახი მეხმარება ძალიან: მეუღლე, ჩემი მშობლები და მეუღლის მამიდა. ბავშვის თემა მოუგვარებელი რომ მქონდეს, აქ ვერ ვიმუშავებდი. არ ვარ ზედმეტად ემოციური დედა, სამსახურში ბევრჯერ არც მითქვამს, რომ რაღაც პრობლემა მაქვს. ვცდილობ, ჩემი საქმეები თავად მოვაწესრიგო და ეს არ დაეტყოს საქმეს. თუ ძალიან აუცილებელია, ვსარგებლობ შვებულებით. ბავშვი უკვე გაიზარდა და მოსწონს დედის პროფესია. პირველ კლასშია და ზოგჯერ ჩემს სამსახურზე რაღაცებს მეკითხება. ერთხელ მთხოვა, ჩემნაირი წოდება ამომექარგა და მის მაისურზე მიმეკრა.

- ფორმა ძალიან გიხდებათ, მაკიაჟს ხშირად იკეთებთ?

- ფორმასთან მაკიაჟი არასოდეს მქონია, ფორმის ჩაცმას თავისი დადგენილი წესები აქვს, ამიტომ მაკიაჟი გამორიცხულია.

- ამბობთ, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობთ, პროფესიის შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

- ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, იურიდიული ფაკულტეტი დამემთავრებინა. პირველ წელს ვერ მოვეწყვე. წლების მერე უბრალოდ ვცადე ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისევ იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ შესაძლებელი იყო, ჩემნაირი გრაფიკის მქონე ადამიანს ესწავლა. ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკია და ეს ძალიან მეხმარება. მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო, არა მგონია, სხვა სფეროში როგორც იურისტმა, ისე ვიმუშავო, მაგრამ იქნებ ჩემი განათლება ამ სამსახურში გამომადგეს პროფესიული წინსვლისთვის. თუ არადა, უფრო განათლებული მესაზღვრე ვიქნები.

- როგორია ჭუბერში ახალი წელი?

- მესტიაში საახალწლო განწყობა კარგა ხანია შექმნილია, ულამაზესად მორთეს აქაურობა, გვაქვს ფაფუკი, საყვარელი თოვლი, რაც კიდევ უფრო ალამაზებს შობა-ახალ წელს.

- ახალ წელს ოჯახის წევრების გარეშე რომ შეხვდით, ეს არ გაგიჭირდათ?

- ასეთ რამეზე არ ვფიქრობ. ეს არ არის გასაჭირი. წელს ახალ წელს მომიწია მუშაობამ, შარშან ძველით ახალ წელს და შობას ვიყავი სამსახურში. აღდგომასაც ხშირად მიწევს აქ ყოფნა. სულ სამსახურში ვარ და არ გავდივარ არასოდეს ახალ წელს გარეთ. საახალწლო სუფრაზე სვანეთში არც ერთხელ არ ვყოფილვარ, რადგან სამსახურში სხვანაირად მომართულები ვართ და გაორმაგებულია ყურადღება დღესასწაულებზე, - ძალიან მობილიზებულები ვართ.

- სვანეთის ტრადიციებზე რას იტყვით?

- სვანეთში უფრო ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. თავისი წესები აქვთ, მეკვლეობის ტრადიციას აქცევენ დიდ ყურადღებას. ბევრს წინასწარ ჰყავს შერჩეული მეკვლე. ოჯახის მეკვლე სულ ერთი და იგივე ადამიანია მანამ, სანამ იმ ოჯახში არ გარდაიცვლება ოჯახის წევრი. კიდევ ხელის აშვების ტრადიცია აქვთ. ყველა ჯდება სუფრასთან ახალ წელს და ბედობას, დიდ ლამაზ თეფშზე დალაგებულია ტკბილეული, კანფეტები, გოზინაყი, ხილი, ნამცხვარი, ხონჩადან იღებენ ტკბილეულს და ერთმანეთს უცვლიან. შობას ალილოც არის აუცილებლად, ბევრი მოქმედი ტაძარია აქ. საოცრად კარგად გალობენ სვანები. ძალიან ტრადიციული ხალხია, ლამპრობა მოდის ძალიან მალე და ეს არის ულამაზესი სანახავი. შორიდან მიდევნებია თვალი. ამ დღეს დილით ადრე სახლიდან გამოდიან მამაკაცები ლამპრით ხელში და სოფლის ცენტრში იკრიბებიან. ოჯახში რამდენი მამაკაციც არის, თუნდაც ჩვილი იყოს, იმდენ ლამპარს ანთებენ, ყველა სახლიდან იმდენი ლამპარი გამოდის. ჩემი ოჯახის კაცებიც, მეუღლე და ჩემი ვაჟი მონაწილეობენ.

- სვანური ისწავლეთ?

- მეტ-ნაკლებად. ვერ ვსაუბრობ, თან მე თავისებური აქცენტი მექნება, მაგრამ მათი საუბრის შინაარსი კი მესმის.

- სვანური კერძების გაკეთება ისწავლეთ? ალბათ, კუბდარსაც ამზადებთ...

- სვანური კუბდარის გამოცხობა იქამდე ვისწავლე, სანამ ჩემს მეუღლეს გავყვებოდი ცოლად. სვანეთში მამაკაცებიც კარგ საჭმელებს ამზადებენ. ჩემი მეუღლე ხორცეულს არაჩვეულებრივად ამზადებს. ისეთ მაგარ ადგილებში ვარ ნამყოფი, გაოცებული ვარ ამ ბუნებით. აგვისტოში თოვლში რომ მიდიხარ, ეს საოცარი შეგრძნებაა. იმდენად ლამაზი ადგილებია და ისეთი ლამაზია სვანეთი, ამას ვერც ერთი ფოტო ვერ აღბეჭდავს. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამ ადგილებში დადიხარ და შენი ქვეყნის მესაზღვრე გქვია. საოცარი განცდაა, როცა შენი ქვეყნის საზღვართან დგახარ და გადახედავ შენს ქვეყანას. დგახარ, შენს ტერიტორიებს უყურებ და უფრთხილდები. მაშინ რასაც განიცდი, ალბათ ეს არის სამშობლოს სიყვარული. აქაურობა უცხოელების დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ერთმა ამერიკელმა გოგონამ მითხრა, ისეთ მაგარ ადგილზე მუშაობ, სიამოვნებით გაგიცვლიდი ამერიკაში ჩემს სამსახურშიო. მეც შევიფერე, ვიცი-მეთქი. აქ სეზონის ყველა პერიოდი ლამაზია, დათოვლილი მთები ამშვენებს სვანეთს. ისეთი ლამაზი ხედებია ჩემ გარშემო, წარმოუდგენელია ამან არ დაგაყენოს კარგ განწყობაზე.

- ნათია, მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ბედნიერი წელი გქონოდეთ...

- მეც მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას შობა ახალი წელი და ვისურვო მშვიდობა და გამთლიანებული საქართველო!

თეა ხურცილავა