ახალგაზრდა ხელოვანების 2018 წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა - გზაპრესი

ახალგაზრდა ხელოვანების 2018 წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა

მათ სურვილისამებრ შეეძლოთ მოკლედ ან ვრცლად დაესახელებინათ პირადი ხასიათის ან მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, რომლითაც 2018 წელი დარჩება მათ მეხსიერებაში. ბუნებრივია, საქართველოში თუ საზღვრებს მიღმა მყოფი ადამიანების ჩამონათვალი განსხვავებული გამოდგა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თითოეულისთვის საკმაოდ წარმატებული ყოფილა 2018 წელი.

GzaPressვანო ხუციშვილი (რეჟისორი):

1. მოგზაურობა ისრაელში, წმინდა მიწაზე. იერუსალიმის მოლოცვა და ერთობლივი პროექტის განხორციელება ქართველ ებრაელებთან.

2. თავისუფალი თეატრის ახალი შენობის გახსნა და ჟან პოლ სარტრის "ალტონელი განდეგილების" დადგმა.

3. პირველად ვიმუშავე საოპერო ჟანრში და თბილისის ოპერაში დავდგი ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე".

4. წინანდლის პრემიაზე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების: საბა ასლამაზიშვილის, ლუკა ინწკირველის ნომინირება და ნატალია ყულოშვილის გარჯვება სპექტაკლიდან "ალტონელი განდეგილები".

5. ჩემი სადებიუტო სპექტაკლი, ჰენრიკ იბსენის "თოჯინების სახლი" რვა წლის შემდეგ თავისუფალი თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა.

GzaPressდათო ცინცაძე (ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი):

1. "შავნაბადას" ემოციური კონცერტი სოჭში.

2. 100-სიმღერიანი ალბომის გამოცემა.

3. აფხაზები ავამღერეთ და ვაგალობეთ ქართულად სტამბოლში და ურთიერთობის მნიშვნელოვანი ხიდი შეიქმნა. მალე მათ თბილისშიც ვუმასპინძლებთ.

4. ველოდები მესამე შვილს.

5. პირველად მომეცა საშუალება, სრულფასოვნად ვიმუშაო სტუდენტებთან ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვხედავდი.

GzaPressგოჩა აბულაძე (მომღერალი):

1. ვიმღერე არენა დი ვერონაზე, რაც ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო.

2. საქართველოს ნაკრები ფეხბურთში მკვდრეთით აღდგა.

3. 2018 წლის განმავლობაში შევასრულე 6 სადებიუტო როლი, რაც უდიდეს შრომასთან იყო დაკავშირებული.

4. პირველად გავაკეთე აჯაფსანდალი.

5. ისევ თავისუფალი ვარ.

GzaPressთაკო კორინთელი (ჟურნალისტი, მსახიობი):

2018 წელი ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო, როგორც კარგი, ისე ცუდი მხარეებით.

1. ბაბუას გარდაცვალება.

2. ამ წელს უფრო ეფექტურად დავინახე ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართ.

3. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდში მოხვედრა.

4. საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა.

5. და კიდევ... ბევრი პოზიტივი.

GzaPressჯანო იზორია (მსახიობი):

1. ჩემი შვილის, ევა გაბრიელას კიბეზე მარტო ჩასვლა და ამოსვლა.

2. მიუზიკლში "ჩხიკვთა ქორწილი" მონაწილეობა.

3. სიყვარული, ბედნიერება და იმედი, რომ სულ ასე ვიქნებით. ჯანოს + გვანცა = უსასრულობას.

4. მე და ჩემი ძმა აღდგომას აფხაზეთში ვიყავით. წინაპართა საფლავები მოვინახულეთ და პატივი მივაგეთ მონატრებულ ხალხს. ვეფერეთ ისე, რომ გული საგულეში აღარ იყო.

5. ერაყის ციხეში მოხვედრისგან რომ იხსნა ჩვენმა სახელმწიფომ და კერძოდ, თეა წულუკიანმა 3 ბავშვი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

GzaPressედმონდ მინაშვილი (კინორეჟისორი, პროდიუსერი, რუსთაველის თეატრის მსახიობი):

2018 წელი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. საერთოდ, ყოველთვის კმაყოფილი ვარ წარსულით, ვინაიდან ის ჩემი ცხოვრების განვლილი გზაა, ის მე ავირჩიე. რაც შეეხება კონკრეტულად 2018 წელს, ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო:

1. 2018 წელს დავასრულე ჩემი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "შინდისი", რომლის მსოფლიო პრემიერა შედგება 2019 წლის დასაწყისში (ფილმი მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარი გმირობის ფაქტს).

2. გავხდი ევროპის კინოაკადემიის ოფიციალური წევრი.

3. დავწერე და დავასრულე ახალი კინოსცენარი "მემკვიდრეობა", რომელსაც გადავიღებ 2019 წლის დასაწყისში.

4. გავიცანი მონიკა ბელუჩი, ჯონ ტრავლოტა, ჯულიეტ ბინოში, მიკელსენი და მედსენი...

5. ჩემს უსაყვარლეს რუსთაველის თეატრში მერგო როლი ბატონ რობერტ სტურიას ახალ სპექტაკლში "საბრალდებო დასკვნა". ასევე, ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა მიმიწვია თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლში "მარო მაყაშვილი", სადაც კოტე მაყაშვილის როლზე დამამტკიცა.

და თქვენის ნებართვით, კიდევ ორ ფაქტს დავასახელებ:

6. ვიმოგზაურე 6 ქვეყანაში, ასევე საქმიანი ვიზიტებით ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში, როგორც რუსთაველის თეატრთან ერთად, ასევე უდიდეს კინოფესტივალებზე კანსა და ბერლინში.

7. 2018 წელს დავასრულეთ შინდისის გმირების პორტრეტული მონუმენტის ბრინჯაოში ჩამოსხმა და გავხსნით 2019 წელს.

P.S. ჟურნალის "გზა" სახელით წარმატებას ვუსურვებთ ხელოვანებს. წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ 2019 წელს ვუსურვებთ!

ანა კალანდაძე