დათვი დავლიანე და სვანი მიშკა - გზაპრესი

დათვი დავლიანე და სვანი მიშკა

ბევრმა არ იცის, რომ ცხვარიჭამიასთან დათვების თავშესაფარია.

ეს საყვარელი და ბურდღუნა არსებები საოცრად ცნობისმოყვარეები არიან. როგორც კი მანქანის ხმას გაიგონებენ, ორ ფეხზე დგებიან, კისრებს წაიგრძელებენ და იქით იყურებიან, საიდანაც ადამიანების მოსვლას არიან მიჩვეული.

ამჯერად თავშესაფარში 12 მურა დათვია. ამას წინათ ვესტუმრე და როგორც კი ვოლიერთან დამინახეს, საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიაზე მიმოფანტული დათვები ჩემ წინ დასკუპდნენ.

ინტერესით მაკვირდებოდნენ, მსუნავდნენ, განსაკუთრებით კი, ჩემი წითელი შარფით დაინტერესდნენ.

ვოლიერთან ახლოს მავთულია გაბმული, რომელშიც დენი გადის. ეს იმიტომ, რომ დათვებსა და ადამიანებს შორის ბარიერი არსებობდეს და მნახველების უსაფრთხოება დაცული იყოს. თითქმის ყველა დათვი შეხებია ამ მავთულს და ერთხელ რომ "უპწკენია", მეორედ ახლოს აღარ გაჰკარებია. სწორედ ამის გამო, ვოლიერიდან თათებსა და დრუნჩებს ფრთხილად ჰყოფდნენ, ჩემი შარფი რომ ხელში ჩაეგდოთ.

მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე და შარფი გავუწოდე. დაყნოსეს, გალოკეს და საინტერესო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს, დაიშალნენ.

ზაფხულში იქაურობას ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, მნახველების ტევა აღარ არის ხოლმე. ზამთარში იშვიათად, მაგრამ დღის განმავლობაში რამდენიმე სტუმარი მაინც ჰყავთ.

სოსო ჯიქურიშვილი მარჯანიშვილის თეატრში შესყიდვების მენეჯერია და პარალელურად - ამ თავშესაფრისა და დათვების ერთადერთი პატრონი, მამა-მარჩენალი და გულშემატკივარი.

GzaPress- სოსო, როგორ შეიქმნა თავშესაფარი და როგორ მოხვდა თქვენთან პირველი დათვი?

- 2010 წელს შემთხვევით აღმოჩნდა ჩემთან 2 თვის ბელი, რომელიც დასავლეთში, ოჯახში ჰყავდათ და ვერ უვლიდნენ. შემომთავაზეს, წაიყვანე, ზოოპარკში ჩააბარეო. მეც ამ მიზნით წამოვიყვანე. მაშინ არც კი ვიცოდი, მურა დათვი წითელ წიგნში თუ იყო შეყვანილი. მივიყვანე ბელი ზოოპარკში, ის დრო იყო, ზოოპარკთან ახალ გზას რომ აკეთებდნენ. დირექტორმა, ბატონმა ზურამ მითხრა, რომ ვერ ჩაიბარებდა, რადგან არც ადგილი ჰქონდა და არც სურვილი. - ეს სახეობა წითელ ნუსხაშია შეყვანილი, გარემოს დაცვის სამინისტროში მიიყვანე და იქ დაიტოვებენო. მივიყვანე ბელი სამინისტროში, მაგრამ მითხრეს, - ვერ დავიტოვებთ და შენ გყავდესო. სანამ საწოვარათი ვკვებავდი, სახლში მყავდა. ამასობაში გაიზარდა, 5 თვის გახდა და სახლში ვეღარ ეტეოდა. სადმე უნდა წამეყვანა. კიდევ ერთხელ ვთხოვე ზოოპარკის დირექტორს, ბელი ჩაებარებინა. - ქალაქში გაზრდილი ვარ, გარეულთან კი არა, შინაურ ცხოველებთანაც კი არ მქონია შეხება და აზრზე არა ვარ, რა გავაკეთო-მეთქი. - ვერაფრით დაგეხმარებიო. ასე ხომ ვერ მივატოვებდი ბელს და იძულებული გავხდი, მიწა მომეძებნა სადმე თბილისთან ახლოს და მეყიდა. იაფი ვარიანტი გამოჩნდა ცხვარიჭამიაში, ამ ბელისთვის საგანგებოდ ვიყიდე მიწა და ვოლიერი გავუკეთე. მერე პერიოდულად გარემოს დაცვის სამინისტროდან მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, - უპატრონო დათვი გამოჩნდა, არიქა, იღუპება, შენ თუ არ მიხედე, მოკვდებაო და ჩემთან მოჰყავდათ. მეც მეცოდებოდა და უარს არ ვეუბნებოდი. ასე მომიგროვდა 12 დათვი. ნელ-ნელა ვოლიერსაც ვაფართოებდი. დავიწყე ინფორმაციის მოძიება დათვებზე, ყველაფერი გავიგე მათი ცხოვრების წესისა და ქცევების შესახებ. ასე გაჩნდა დათვების თავშესაფარი, რომელიც მთლიანად ჩემს ხარჯზე არსებობს. თამაზ ელიზბარაშვილი მეხმარება გალიების გაკეთებასა და დათვების გადმოყვანაში. საკმაოდ შრომატევადია მათი შენახვა და ასევე, 12 დათვის კვება იაფი სულაც არაა. დღეში 5 კილოგრამი საკვები უნდა მიიღოს ერთმა მოზრდილმა დათვმა და შესაბამისად, ერთი დათვის შენახვა თვეში 300 ლარი ჯდება.

- როგორ აუდიხართ ამდენი დათვის გამოკვებას? რაიმე დაფინანსება თუ გაქვთ?

- თავშესაფარი ოფიციალურადაა რეგისტრირებული, მაგრამ დაფინანსება არ გვაქვს, ჩემით ვახდენ თანხების მობილიზებას. სიმართლე გითხრათ, საიდან მომაქვს ეს ფული, არც ვიცი. გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართე რამდენჯერმე, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მივიღე. უკვე ძალიან ჭირს საჭირო თანხის მოძიება.

- გცნობენ დათვები? განსაკუთრებულად გექცევიან?

- ყველა ჩემი გაზრდილია და ბუნებრივია, მცნობენ. ის დათვები, რომლებიც უკვე მოზრილები მოხვდნენ ჩვენთან, თავიდან აგრესიულები იყვნენ, რადგან შესაბამისი კვება და პირობები არ ჰქონდათ. ახლა მოთვინიერდნენ და დამშვიდდნენ, ადამიანებზე არ იწევენ. ჩემზე და მომვლელებზე - მით უმეტეს. უკვე ისინიც მცნობენ.

- მეგობრობა იციან?

- დათვია, მტაცებელია და ვერ ენდობი ბოლომდე. ამწუთას რომ ალერსიანია, ცოტა ხანში რა გადაუტრიალდება ტვინში, არავინ იცის. ერთმანეთთან კი მეგობრობენ. პატარ-პატარა "კუტოკებიც" აქვთ: 2-3 დათვი განსაკუთრებულად მეგობრობს. თუ ერთ მათგანს რომელიმესთან ჩხუბი მოუვა, დანარჩენები ეხმარებიან.

- ხშირად ჩხუბობენ?

- კი, მაგრამ საქმე სისხლდენამდე და სერიოზულ ჩხუბამდე არ მიდის. უფრო დატორავენ ხოლმე ერთმანეთს და მერე ზავდებიან.

- რატომ არ უშვებთ ტყეში?

- შეუძლებელია მათი თავისუფლებაზე გაშვება. როცა დათვი რაღაც პერიოდი ცხოვრობს ჩაკეტილ პირობებში, მის გასაშვებად საჭიროა სარეაბილიტაციო ვოლიერი, სადაც ის ასე ვთქვათ, მოემზადება და გაივლის ტესტირებას, გაშვებამდე. ასეთი ვოლიერი ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ესეც მხოლოდ 3 წლამდე ასაკის დათვისთვისაა შესაძლებელი. უფრო მოზრდილი დათვის გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და კანონიც კრძალავს, რომ ტყვეობაში მყოფი დათვი თავისუფლად გაუშვა და ველურ ბუნებაში დააბრუნო, რადგან ესენი ადამიანებთან ურთიერთობას მიჩვეული არიან, ისევ მათთან მოინდომებენ ურთიერთობას, რადგან იციან, რომ ადამიანთან საკვებს აუცილებლად იშოვიან. მიადგებიან სოფელს, რამაც შესაძლოა, ცუდი შედეგი გამოიღოს. საქმე დასწრებაზეა: ან ადამიანს დააზიანებს, ან ადამიანი მოკლავს.

ახლა ერთმა დათვმა ბელები დაყარა. ჯერ ერთი კვირისანი არიან და დედას ბუნაგში ჰყავს, ერთ თვეში გამოიყვანს გარეთ. ასეთ დროს დედა დათვი აგრესიულია, ეშინია, რომ ვინმემ ბელები არ წაართვას. ბუნაგიდან საჭმელადაც კი არ გამოდის, ისიც არ ვიცით, რამდენი ბელი ჰყავს. როგორც წესი, ველურ გარემოში დათვს შეიძლება 2-3 ბელი ჰყავდეს, მაგრამ ტყვეობაში - მეტიც. მხოლოდ ბელების წკმუტუნის ხმა გვესმის. დედა სხვა დათვებსაც კი არ უშვებს ახლოს და ესენიც ერიდებიან ბუნაგთან ახლოს გავლას. თავშესაფრის მისია გახლავთ დათვების გამრავლება და ბელების ველურ ბუნებაში გაშვება. ახალდაბადებულ ბელებს მოვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და თავის დროზე აუცილებლად გავუშვებთ.

- რით იკვებებიან?

- დათვი არ არის ხორცის მჭამელი მტაცებელი. ის ხილითა და ბოსტნეულით იკვებება. ჩვენს დათვებს ძალიან უყვართ თაფლი და შოკოლადიც. ტყეში მცხოვრები დათვი ზამთარში იძინებს, რადგან საკვები არა აქვს, ტყვე დათვი არ იძინებს, რადგან ვკვებავთ, მაგრამ გენეტიკა მაინც თავისას შვრება და ძალიან გაზანტებულები არიან. ნაკლებს ჭამენ. დაძინების საშუალებას ჩვენც არ ვაძლევთ, რადგან მერე დასუსტებულები გამოვლენ ბუნაგებიდან. დათვების შესახებ უამრავ ლიტერატურას გავეცანი. გავიარე კონსულტაციები უცხოეთში არსებულ თავშესაფრებთან, თუ როგორი ვოლიერები სჭირდებათ, როგორი კვება უნდათ და როგორ მოვუაროთ. ზოოპარკიც ძალიან დაგვეხმარა. ყველა დათვს, რომელიც ამ 8 წლის განმავლობაში ჩაგვბარდა, ჯანმრთელობის რაღაც პრობლემა ჰქონდა. ერთს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორეს თათი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს კანის დაავადება ჰქონდა, ერთს კბილები სტკიოდა და ოპერაცია გავუკეთეთ. ამ დროს ზოოპარკის ადმინისტრაცია გვერდით გვედგა.

GzaPress

- ძაღლებიც გყავთ, ეგენიც ჩაგაბარეს? - თავისით მოგროვდნენ აქ, რამდენიმე მათგანი ძალიან აგრესიულია და ვინაიდან აქ მნახველები მოდიან, გვეშინია, რომ არ დააზარალონ ადამიანები და მათთვისაც გამოვყავით მცირე ტერიტორია, დავუდგით სახლები და დავაბით. ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს სტუმრები.

- ძირითადად ალბათ "იმერელი დათვები" გყავთ, ხომ?

- (იცინის) არა, სხვადასხვა წარმოშობის დათვები გვყავს. სხვათა შორის, "სვანი დათვიც" გვყავს, მიშკა ჰქვია.

- სახელები სხვა დათვებსაც აქვთ?

- კი, ყველას. ზოგს მოყოლილი სახელი აქვს, უმეტესობას ჩვენ დავარქვით. გვყავს ჯაჯო, ბალუ, ფოლა, დავლიანე, გრეკო, თინა, ლელა, მიშკა.

- ახლა ბელებიც შემოგემატებიან.

- კი, მაგრამ ბელების გარდა ახლა კიდევ ერთი დათვი შეგვემატება. რიკოთის უღელტეხილზე გზის გაყვანის მიზნით სახელმწიფომ რაღაც ტერიტორიები შეისყიდა. ამ ტერიტორიაზე მოყვა ერთი რესტორანი, რომელსაც ეზოში, ვოლიერში დათვი ჰყავს. რესტორანს შლიან და დათვი რჩება უპატრონოდ. იქვე, გვერდით ობიექტია, სადაც ჩინელები მუშაობენ და ისინი ეხვეწებიან, მოგვეციო. იმათ შესაჭმელად უნდათ და ნამდვილად ვერ დავუთმობ, ამიტომ თვის ბოლომდე ეგ დათვიც უნდა გადმოვიყვანო და გადავარჩინო. საჭირო თანხის მოძიება კი მიჭირს და პრობლემის წინაშე ვდგავარ. ან უნდა როგორმე მოვიძიო საჭირო თანხა და გადმოვიყვანო, ან უნდა შეჭამონ, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ.

P.S. ძალიან შეგვებრალა საყვარელი ბურდღუნა და მის გადასარჩენად (ასევე დანარჩენი დათვების გადასარჩენადაც) გადავწყვიტეთ, თავშესაფრის ანგარიშის ნომერი გამოვაქვეყნოთ. გადაშენების გზაზე მყოფ დათვებს ძალიან სჭირდებათ ხალხის თანადგომა.

ანგარიშის ნომერია:

ვალუტა: GEL, USD, EUR.

მიმღები ბანკი:

სს "საქართველოს ბანკი"

მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება:

ა(ა)იპ. "ზოოლოგიური ცენტრი"

(დათვების თავშესაფარი)

საიდენტიფიკაციო კოდი:

436038226

ანგარიშის ნომერი:

GE05BG0000000037320500

მარი ჯაფარიძე