"გირჩის" ალტერნატიული სკოლების გახსნის ინიციატივა - გზაპრესი

"გირჩის" ალტერნატიული სკოლების გახსნის ინიციატივა

კრეატიულობით გამორჩეული პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" ამჯერად, საქართველოს მასშტაბით არაავტორიზებული სკოლების გახსნას გეგმავს, რომლებიც სრულიად განსხვავებული იქნება საჯარო სკოლებისგან და განათლების სამინისტროს არ დაექვემდებარება. პროექტისა და მისი მთავარი მიზნების შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გვესაუბრა:

- "გირჩი" შექმნილია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეცვალოს საზოგადოების წარმოდგენა სამყაროსა და საზოგადოებაზე. ჩვენ გვინდა შევქმნათ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, რასაც ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განათლების პრობლემაა. დღევანდელი განათლების სისტემა ადამიანებს თავში უტენის ფაქტების გარკვეულ მოცულობას, რასაც განათლებას ვეძახით. პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა დაკავშირებულია სწორედ განათლებასთან. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი ადამიანების ქვეყნის აშენება გვინდა, ამას განათლებაში ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება. გადავწყვიტეთ, არსებული განათლების სისტემის ალტერნატივა შევქმნათ, რომელიც სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება. პირველი სკოლა თბილისში გაიხსნება.

- სკოლები არაავტორიზებული იქნება. ავტორიზაციის პროცედურაშია თქვენთვის რაიმე მიუღებელი, მოთხოვნებში თუ ასე რატომ გადაწყდა?

- აქ მხოლოდ ავტორიზაციაში არ არის საქმე. განათლების სისტემის მთავარი პრობლემა სახელმწიფოს კონტროლსა და რეგულირებებშია. ის გვეუბნება, რომ ზუსტად იცის, როგორი იქნება მომავალი 10, 15, 20 წლის შემდეგ და როგორ უნდა მოამზადოს ჩვენი შვილები იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ამ დროს დადგება. სინამდვილეში, არავინ არაფერი იცის, ეგეთი ჭკვიანი არავინაა. განათლების სამინისტრო ჩვენს შვილებს შტამპავს და აკარგვინებს იმ უნარებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში სჭირდება ადამიანს. გვყავს მასწავლებლები, რომლებიც დღეს ყველაზე წარუმატებლები არიან ქვეყანაში. როგორ შეიძლება, მათ ჩვენი შვილები მომავლისთვის მოამზადონ? თავად არა აქვთ ის უნარები, რაც ამჟამადაა საჭირო. ვამბობთ, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან განსხვავებულად წარმოგვიდგენია როგორც მომავალი, ისე ის, თუ რა უნარები და ცოდნა დასჭირდება ადამიანს. ამიტომ ვაპირებთ, გავაკეთოთ სკოლა, სადაც ბავშვებს ამის მიხედვით გავზრდით. თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ სხვა რაღაცებია საჭირო, მასაც უნდა ჰქონდეს საშუალება, ჰქონდეს კიდევ სხვანაირი სკოლა. საბოლოოდ კი, მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი სკოლა მოსწონთ, როგორი მასწავლებლები, მეთოდები და ა.შ. განათლების მიმწოდებლებს შორის ყველაფერში უნდა იყოს კონკურენცია: მასწავლებლებში, განათლების მიცემის მეთოდიკაში, სახელმძღვანელოებში, გამოყენებულ ინსტრუმენტებში, შენობებში და ა.შ.

- ალბათ, თქვენი ერთ-ერთი მიზანი ის იქნება, რომ ბოლო კლასებში მოსწავლეებს რეპეტიტორებთან სიარული აღარ უწევდეთ...

- რა თქმა უნდა. რეპეტიტორების ინსტიტუტის არსებობა ადასტურებს, რომ მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს განათლების სისტემა არ ვარგა. თავისთავად, მიზანი, რომ სკოლა ბავშვებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებდეს, არასწორია, მაგრამ იმდენად უხარისხოა დღევანდელი სკოლები, რომ მაგ მიზანსაც ვერ აღწევენ. მშობლები ამიტომ ზოგავენ ფულს, რომ რეპეტიტორებს გადაუხადონ. ნაკლებად ვვარაუდობ, რომ ჩვენი სკოლის გავლის შემდეგ ბავშვს სურვილი ჰქონდეს, ეროვნული გამოცდები ჩააბაროს და ამ სისტემას გაჰყვეს, მაგრამ თუ ენდომება, უპრობლემოდ ჩააბარებს.

GzaPress

- რატომ ფიქრობთ, რომ ამის სურვილი ნაკლებად ექნებათ? - ერთიან ეროვნულ გამოცდებს ხომ სინამდვილეში არანაირი შინაარსი არა აქვს. ეს არის სახელმწიფოს მიერ მოგონილი ხელოვნური ბარიერი, საშუალო განათლების სისტემასა და ე.წ. უმაღლეს განათლების სისტემას შორის. უნივერსიტეტში მოსახვედრად რაღაც გამოცდებს აბარებინებ ყველას. ჩვენი ბავშვები გაცილებით მომზადებულები იქნებიან რეალური ცხოვრებისთვის, მაგრამ მგონია, მაგ დროისთვის დიპლომზე მოთხოვნა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ საბჭოთა ტრადიციიდანაა გამოყოლილი, ამ ქვეყანაში უკვე იმდენად მილეული იქნება, რომ ახალგაზრდებს ამის ინტერესი აღარც ექნებათ. განვითარებული სამყაროს მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებში დიპლომს აღარავინ უყურებს. მნიშვნელოვანია, ადამიანი რას აკეთებს ცხოვრებაში, მისი გამოცდილება, უნარები, ბოლო 3-5 წლის განმავლობაში რა უკეთებია და ა.შ. ამას უყურებენ და არა იმას, 15 წლის წინ რომელი უმაღლესი დაამთავრა. მე სამი დიპლომი მაქვს აღებული და მხოლოდ პარლამენტში ყოფნის დროს დამჭირდა ერთ-ერთის გამოყენება, ისიც მხოლოდ სახელმწიფოსთვის საჩვენებლად.

- და თუ მაინც, თქვენი სკოლის დამთავრების მერე ბავშვმა ეროვნულ გამოცდებზე გასვლა გადაწყვიტა, "გირჩს" ამისთვის ორი გზა ესახება: მათგან პირველი ყოველ წელს რესურსცენტრში გამოცდების ჩაბარებაა. ეს ცოტა რთული და დისკომფორტის გამომწვევი ხომ არ იქნება?

- დისკომფორტი იქნება, მაგრამ თუ ვინმეს სურვილი ექნება, ექსტერნად ჩაბარების გზის გამოყენებაც შეგვიძლია. ამ სკოლადამთავრებულ ბავშვებს ეროვნულ გამოცდებზე გასვლას სახელმწიფო ვერ დაუშლის იმ მოტივით, რომ მათ ისეთი სკოლა დაამთავრეს, რომლის დიპლომსაც სახელმწიფო არ აღიარებს. როგორ შეიძლება, სახელმწიფომ ბავშვს უთხრას, გამოცდაზე არ გაგიშვებო. ბავშვს თუ უნდა, გამოცდაზე ისე უნდა გავიდეს, როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვი და თუ ჩააბარებს, ეს ადასტურებს, რომ მისმა სკოლამ სათანადოდ მოამზადა ამ გამოცდისთვის.

- აღნიშნეთ, რომ "ეროვნულებზე" გასვლის მეორე გზა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაა. კონკრეტულად რა მოთხოვნით აპირებთ მიმართვას?

- რომელი მუხლით წავალთ, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. შინაარსი ძირითადად არის ის, რომ თუ ადამიანთა ჯგუფს სკოლის გახსნა სურს და თუ არსებობენ მშობლებიც, რომლებიც მზად არიან, ბავშვები ამ სკოლაში ატარონ და ფული გადაიხადონ, ესე იგი, ორი მხარე თანახმაა, ერთმანეთში გაცვალონ ცოდნა და ფული. სახელმწიფოს საქმე ამაში ჩარევა არ არის.

- თქვენს სკოლებში ასაკობრივი შეზღუდვაც არ იქნება. ამაში რა იგულისხმება?

- ამას ორი მხარე აქვს. პირველია ბავშვის სკოლაში შეყვანა. დღეს 5 წლის ბაშვებს სკოლაში არ იღებენ. შვილი მყავს, რომელიც ოქტომბერში 6 წლის ხდება. ისედაც არ ვაპირებ, სახელმწიფო სკოლაში შევიყვანო, მაგრამ რომც მინდოდეს, წელს ვერ შევიყვან, რადგან მაინცდამაინც სექტემბერში 6 წლის არ იქნება. სისულელეა. იმ დღეს, როცა ბავშვი 6 წლის ხდება, მის თავში რადიკალურად არაფერი იცვლება, რომ მხოლოდ დაბადების დღის მერე შეიძლებოდეს სწავლა. გასაგებია, სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდშია სკოლაში სიარულისთვის მზად, მაგრამ ჩვენთან ასეთი ბარიერი არ იქნება. მეორე ფაქტორი სკოლის დამთავრებას ეხება. შეიძლება, 15-17 წლის მოზარდს უნდოდეს, რომელიმე საგანში კიდევ რაღაცები გაიაროს, ჩათვალოს, რომ ვერ მივიდა ბოლომდე. მას საშუალება მიეცემა, დარჩეს სკოლაში და სწავლა გააგრძელოს. ასეთი ბარიერები არ იარსებებს, ისევე, როგორც მანდატურები, საზაფხულო და საზამთრო არდადეგები განსაზღვრულ პერიოდში. მშობლებს როცა მოუნდებათ, მაშინ წაიყვანენ დასასვენებლად, ხოლო როცა დაბრუნდებიან, ბავშვი სწავლას იქიდან გააგრძელებს, სადაც შეწყვიტა. ამ თავიდან ბოლომდე სხვანაირად მოწყობილ სკოლაში ბავშვები იქნებიან ბედნიერები, თავისუფლები, საგანმანათლებლო პროცესის შექმნასა და მომზადებაში ჩართულები. აქ პატარები დილაობით სიხარულით გაიქცევიან და მშობლებს მათი გაღვიძების პრობლემა არ ექნებათ. სხვათა შორის, ვიღაცამ შეიძლება დილას, ადრე მოიყვანოს ბავშვი, მაგრამ სხვას თუ შუადღე უფრო აწყობს, მოგვიანებით მოიყვანოს. ყველაფერი მორგებული იქნება მათ საჭიროებებზე.

- შეგიძლიათ, ახსნათ, როგორია მონტესორის მეთოდი, რომლითაც აპირებთ სწავლებას?

- ეს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბრენდია და ძირითადად დაბალ კლასებში განათლებაზე მუშაობს. მას აქვს მიდგომა, რომლითაც ბავშვებში სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა უნარის განვითარებას თავისუფალი გარემოს შექმნით, კერძების კეთებით, თამაშებითა და სხვა მეთოდებით ახერხებს. პატარა ასაკში სწორედ ეს მეთოდი გვსურს, გამოვიყენოთ, მაგრამ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში სხვა წარმატებული მეთოდების გამოყენებასაც ვაპირებთ.

- გადასახადი როგორი იქნება?

- ჯერჯერობით რიცხვის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ გეტყვით, რომ საათებს ალბათ პაკეტებად გავყიდით, სხვადასხვა საათის პაკეტი სხვადასხვა თანხა ეღირება.

- რას იტყვით რესურსებზე, რომლითაც ამ ყველაფრის წამოწყებას გეგმავთ?

- ადამიანურ რესურსს რაც შეეხება, არ ვიყენებთ არსებული მასწავლებლების ბაზას. ახალგაზრდების დაკავებას და მათ მასწავლებლებად გაზრდას ვაპირებთ. ჩვენთან მასწავლებლები ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან შედარებით ბევრად დაფასებულები იქნებიან. ინვესტორი გვყავს, რომელიც მზადაა, პროექტი დააფინანსოს.

- ხომ არ გექნებათ, ერთი მხრივ, ისეთი საგნები, რომლებიც დღეს სკოლებში არ ისწავლება და მეორე მხრივ, საგნები, რომლებიც ისწავლება ან ადრე ისწავლებოდა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელ დონეზე, მაგალითად, რელიგია, სამოქალაქო განათლება და ა.შ.?

- აკადემიური ნაწილი ჩვეულებრივად იქნება, მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა და ა.შ. ამის გარდა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსები იქნება, რომელზეც შევჯერდებით თავად ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. საგანმანათლებლო პროცესი მშობლებთან ერთად იგეგმება. არააკადემიური ნაწილი მათი სურვილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება. შეიძლება, ისეთი საგნებიც იყოს, რაც სხვა სკოლებს არა აქვთ. მთავარი განსხვავებული და ახალი საგნების ქონა კი არა, ატმოსფეროა - თითოეული ბავშვისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება. სკოლა ეცდება, ერთი მხრივ, ბავშვის ის ინტერესები და დამოკიდებულებები გამოავლინოს, რაც შინაგანად აქვს, უნდა, რომ აკეთოს და ბედნიერს გახდის ცხოვრებაში, ხოლო მეორე მხრივ, გადასცეს და განუვითაროს უნარები. დღევანდელი სკოლებისგან განსხვავებით, ყველაფერი იქნება ინდივიდუალურად ბავშვთან და არა - ჯოგთან მიმართებაში.

ეკა აბაშიძე