ცხოვრება გრძელდება
font-large font-small
ცხოვრება გრძელდება
ანუ საქართველოს სახელით მიღებული ჯილდოები

რამდენიმე წლის წინ, ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ყოფნისას, ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა... სტრესი დიდი იყო, თუმცა, ძალიან მალე საკუთარ თავში აღმოაჩინა ძალა ცხოვრება გაეგრძელებინა...
ქართველი სამხედრო, პარაოლიმპიელი თემურ დადიანი, შესაძლოა ბევრისთვის სამაგალითო გახდეს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უამრავი გეგმა აქვს, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს...

- თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ვეღარ გავივლიდი, მერე კი მივხვდი, ეს განაჩენი არ არის. წლების წინ, არჩევანი თავად გავაკეთე, სამხედრო ფორმა ნებით მოვირგე, მაგრამ ყველაფერი უნდა გამეაზრებინა, ალბათ ასეთი შედეგიც.
2011 წლის 3 აგვისტოს შემოვიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დასახლებაში საეჭვო სახლი უნდა შეგვემოწმებინა. თითქმის ყველა მშვიდობიანად მოვიარეთ, ბოლოს კი გალავნის შესასვლელთან ხელნაკეთი ნაღმი აფეთქდა, რომელიც კართან ყოფილა დამაგრებული. აფეთქების წნევამ სადღაც მომისროლა. მაშინ დავკარგე ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელიც ცოტათი დამიზიანდა. გამიუარესდა მხედველობაც...
ტრავმის შემდეგ, როდესაც რეაბილიტაციის კურსს კალიფორნიის შტატში გავდიოდი, უამრავი ჩემნაირი და უარეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვნახე, რომლებიც ისეთი მონდომებით ვარჯიშობდნენ, გავიფიქრე, - ეს მეც შემიძლია-მეთქი.
აზიდვებით დავიწყე და მალე ე.წ. ამპუტირებული აზიდვების შესრულებით (მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ-ერთი ცნობილი ელემენტის, "ფლენჩის" სახესხვაობაა) მსოფლიო რეკორდი დავამყარე. სპორტსმენი ამ დროს მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენი ნაწილით კი დამხმარე საშუალებების გარეშე ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ასევე საკმაო წარმატებები მაქვს ფარიკაობასა და ველორბოლაში. მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, რაც იმაში მეხმარება, რომ ჩემს მეგობრებს და სხვა ტრავმირებულ ადამიანებს დავანახვო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ცხოვრება გრძელდება... უამრავი გამოწვევის შემდეგ, გადავწყვიტე, პარაოლიმპიელების ზამთრის ოლიმპიადაზეც მეცადა ბედი.
კანადაში თხილამურებით კროსში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მოსამზადებელ ეტაპს გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე გავდივართ. ჩემთან ერთად არიან მწვრთნელები, თამაზ მოსაშვილი და ნიკოლოზ იაშვილი... მსოფლიო ჩემპიონატი 15-დან 24 თებერვლის ჩათვლით არის დაგეგმილი, სადაც ზამთრის ამ სპორტის სახეობაში, პარაოლიმპიელებში, საქართველოს სახელით პირველად გავალ. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ იმედია, გამომივა...
GzaPress
- ამავდროულად, მუშაობთ, ხომ?
- დიახ, იარაღის გამოყენების ინსტრუქტორი ვარ თავდაცვის აკადემიაში არსებულ სიმულაციის ცენტრში. საინტერესო პროფესიაა და თან ახალ თაობასთან მაქვს ურთიერთობა. 2014 წლიდან ვარ აქ და ვხედავ ახალგაზრდები როგორი მოტივირებული არიან განათლების მისაღებად. ეს მხოლოდ იარაღის მოხმარების სურვილით მიღებული გადაწყვეტილება არ არის, მათ სურთ, იცოდნენ სხვა ქვეყნების არმიების სამხედრო ძალების გამოცდილება, წარსული, იარაღის ისტორია, სტრატეგია... ანუ გადაწყვეტილება, იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათ იმპულსურად კი არ მიიღეს, არამედ გააზრებულად და რაც მთავარია, ყოველი მომდევნო თაობა წინაზე პატრიოტულია.
ბოლო ხანებში ძალიან ბევრ გოგონას გაუჩნდა სურვილი, შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს, რაც ძალზე სასიხარულოა...
- სამსახურისა და სპორტის გარდა, კიდევ ბევრ რამეს აკეთებთ?
- დიახ, შარშან დავამთავრე უნივერსიტეტი და ძალიან მიხარია. სწავლა არასდროს არის გვიან, რაც მეტს ისწავლი, უკეთესია... მიყვარს სირთულეები და მიხარია, რომ სპორტშიც აქტიური ვარ. ამ ეტაპზე პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ ევროპისა და მსოფლიო დონის შეჯიბრებაზე გავიდე, თხილამურებით ვსრიალებ. ეს არის თხილამურების ერთ-ერთი სახეობა - კროსი.
- საქართველოში პარათხილამურებით სრიალი რამდენადაა განვითარებული?
- შეიძლება ითქვას, რომ სპორტის ეს სახეობა ახლა იღებს სათავეს და ძალიან გამიხარდება, თუ მის დამკვიდრებასა და განვითარებაში შევიტან წვლილს. აქამდე საქართველოში ვერც ვვარჯიშობდი, არ იყო შესაბამისი პირობები, ერთი კვირით ადრე მივდიოდი რომელიმე ქვეყანაში და იქ ვსრიალებდი, რომ რაღაც დონეზე მოვმზადებულიყავი, და ასე მცირედ მომზადებული გავდიოდი შეჯიბრებაზე... ასე გავედი შარშან, სამხრეთ კორეაში, პიანჩანგში ზამთრის პარაოლიმპიურ შეჯიბრებაზე და საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენე, რამაც მოტივაცია გამიჩინა, უფრო კარგად მოვმზადებულიყავი.
- სამხრეთ კორეა საინტერესო ქვეყანაა?
- დიახ, ამ ოლიმპიადაზე ორი ჩრდილოკორეელიც მონაწილეობდა, თითოს 30-კაციანი დაცვა დაჰყვებოდა, არავისთან კონტაქტის უფლება არ ჰქონდათ, ვარჯიშის შემდეგ, პირდაპირ ნომერში ადიოდნენ და გარეთ აღარ გამოდიოდნენ. მხოლოდ თავის დაკვრით ვესალმებოდით ერთმანეთს. როგორც კი ოლიმპიადა დასრულდა, მაშინვე წაიყვანეს, დახურვის ცერემონიალსაც არ დასწრებიან... ჩრდილო და სამხრეთკორეელებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შემხედვარეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გამახსენდა.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ძალიან განვითარებული ქვეყანა და მოწესრიგებული ხალხია, არასოდეს იტყუებიან. ვხუმრობდით, ყოველთვის სწორ ხაზზე დადიან, გადახვევა არ შეუძლიათო... საინტერესო სამზარეულოც აქვთ. უცნაურია ის, რომ ქალები უფრო სვამენ, ვიდრე მამაკაცები. ლუდი უყვართ ძალიან, თუმცა სხვა ალკოჰოლური სასმელებიც აქვთ... თუ სხვა ქვეყნებში მამაკაცების ალკოჰოლდამოკიდებულებაა პრობლემა, აქ ქალები აქტიურობენო...
GzaPress
- პარაოლიმპიურ სპორტში დისტანცია როგორ არის განსაზღვრული?
- სულ სამი დისტანცია არსებობს: სპრინტი - 1 კმ და 100 მეტრი; შუა - 7 კმ და 500 მეტრი, მესამე - 15 ან ზოგჯერ - 20 კმ-ია. შარშანდელ ოლიმპიადაზე სამივე დისტანციაში ვმონაწილეობდი და პირველ შეჯიბრებაზე შუა დისტანციაში გავედი, 100-ზე მეტ მონაწილეს შორის 30-ე ვიყავი... შემდეგ გრძელ მანძილზეც ვცადე, მაგრამ თხილამურები გამიტყდა და დავზიანდი. თხილამურზე ზემოდან მაგრდება "ბობი", რომელსაც თავად ვმართავ და მისი საშუალებით ვსრიალებთ. ის, რომ წელს გუდაურში სრიალის შესაძლებლობა მოგვეცა, ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელია. მთავარია, ამ მიმართულებით ძვრები დაიწყო და ჩვენი ძალებით რაღაცებს ვახერხებთ...
- ავღანეთის სამშვიდობო მისიაზეც გკითხავთ: ძველ მეგობრებთან გაქვთ ურთიერთობა?
- დიახ, როგორც ქართველებთან, ასევე - უცხოელებთანაც, რადგან შეჯიბრებაზეც ვხვდებით ერთმანეთს. სამწუხაროდ, უცხოელები უფრო მეტად რეაბილიტირებული და ინტეგრირებული არიან, რაც ბევრი რამით არის განპირობებული, მათ შორის - მენტალიტეტითაც...
- როგორც ვიცი, ამ მხრივ საქართველოშიც შეიცვალა ვითარება.
- დიახ, ბევრი რამ გაკეთდა, თავდაცვის სამინისტროს აქვს პროგრამები, რაც დაჭრილების რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩვენი დაჭრილები მონაწილეობენ ყოველწლიურად პრინც ჰარის მიერ დამკვიდრებულ "ძლიერთა თამაშებში", რომელშიც საქართველოს გარდა, ავღანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ერაყი, იტალია, იორდანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, რუმინეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკა მონაწილეობენ.
ამ თამაშების ფარგლებში, 2017 წელს, ტორონტოში, ბოლო რბოლაში მეც ვმონაწილეობდი, მაგრამ სათანადოდ არ ვიყავი მომზადებული და მეორე ადგილზე გავედი. თუმცა, რა შედეგიც უნდა იყოს, ეს სამხედროების რეაბილიტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია... მნიშვნელოვანია, რომ ძალიან შინაური, თბილი და მოწესრიგებული გარემოა შექმნილი, სადაც პარასპორტსმენებს ერთმანეთის გაცნობისა და ურთიერთობის საშუალება გვაქვს. ეს კი სტიმულია, რომ შენს თავში არ ჩაიკეტო, იბრძოლო, იცხოვრო და არ მოდუნდე.
- როგორც ვიცი, მკლავჭიდელიც ხართ.
- დიახ, შარშან მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ასევე, მოყვარულის დონეზე ცურვაშიც ვვარჯიშობ... ასე რომ, ბევრი რამეა, რაშიც შეიძლება თავი გამოცადო, იბრძოლო და შენს თავს დაუმტკიცო, რომ ეს შეგიძლია... ყველას ვეუბნები, არ მოდუნდნენ, იარონ ყველგან, გაიცნონ ახალი ადამიანები, ივარჯიშონ და ცხოვრება გააგრძელონ. მერე რა, თუ ჩემპიონები ვერ გახდებიან? მთავარია, რომ სახლიდან გავლენ... ამისთვის სახელმწიფოს თანადგომა ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, მე სპორტმა გადამარჩინა და მთლიანად მას ვუმადლი, რომ ჩემს თავში აღმოვაჩინე ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
- მალე ოჯახის შექმნას ვაპირებ, უკვე რამდენიმე წელია, რჩეული მყავს და აქამდე ვერ მოვაბი თავი... იმედია, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკასა და პირად თემებზე
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება
სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ
რას ურჩევს ელენე თევდორაძე სალომე ზურაბიშვილს
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
872 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი