როგორ ებრძოდნენ ხანძარს ძველ თბილისში
font-large font-small
როგორ ებრძოდნენ ხანძარს ძველ თბილისში
ვიდრე თბილისში სახანძრო რაზმი ჩამოყალიბდებოდა, ზოგჯერ ხანძრის ჩაქრობას ყარაჩოხელთა ამქარი ცდილობდა. თუ შენიშნავდნენ, რომ რომელიმე სახლს ცეცხლი ეკიდა, მაშინვე ცხენებს შემოახტებოდნენ და საშველად გარბოდნენ. მაშინდელი თბილისის მოსახლეობამ, ყარაჩოხელებს "ხანძარჩი" შეარქვა, რაც თურქულად ხანძრის ჩამქრობს ნიშნავს. რადგან მაშინდელ დედაქალაქში წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო და წყალს თულუხჩებით, ტიკებითა და რუმბებით ეზიდებოდნენ, რომელსაც ყიდულობდნენ, თუმცა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კომერციული მაქინაციები მაშინაც იყო: თუ სხვა დროს ლიტრი წყალი 5 კაპიკად იყიდებოდა, ხანძრისას მისი ფასი 15-20 კაპიკი ხდებოდა.
"სახანძროს მუზეუმის" საკმაოდ ვრცელ დარბაზში ძირითადად, საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურის მაკეტებია წარმოდგენილი, არა და ვიცი, რომ დღევანდელი მეხანძრეები საკმაოდ განვითარებული და მოხერხებული იარაღითა და სამოსით არიან აღჭურვილნი... როგორც ჩანს, შესაბამისმა სამსახურებმა მუზეუმის გასაახლებლად ჯერჯერობით ვერ მოიცალეს...


GzaPressსახანძრო სამსახურის ტექნიკური მუზეუმის ხელმძღვანელი, ლაურა ოზაშვილი დაახლოებით 40 წელია, იქ მუშაობს. მოგვითხრობს, თუ რა გზა გაიარა მეხანძრის პროფესიამ და სახანძრო სამსახურმა, ცეცხლის თულუხჩებით ჩაქრობიდან, მეხანძრე რობოტის გამოყენებამდე...
- პირველი სახანძრო ბრიგადა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, თბილისში 1825 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 25-კაციანი შემადგენლობით მუშაობდა. მათი სამსახური ჩაიკოვსკის 5 ნომერში იყო განთავსებული... მეხანძრეებს ბრანდმაისტერი ხელმძღვანელობდა. პირველი ბრანდმაისტერი კი, ალექსანდრე კალმიკოვი იყო. მაშინ, მეხანძრეთა ბრიგადა პოლიციის შემადგენლობაში შედიოდა და მასვე ექვემდებარებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო სახანძრო მანქანები, არც სპეცტექნიკა და მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე გასვლა ცხენებით უწევდათ, წყალი კი ისევ თულუხჩებით, ტიკებითა და რუმბებით მიჰქონდათ. ხანძრის შემთხვევაში, სიგნალის დროულად მისაღებად, ძალიან მაღალი კოშკურები ააგეს, რომელზეც მეხანძრეები თავად მორიგეობდნენ. ისინი კოშკურიდან ხელისგულივით გადაშლილ დედაქალაქს მეთვალყურეობდნენ. იმ წლებში თბილისი ამხელა არ იყო...
- როგორ ანიშნებდნენ ხანძრის შემთხვევაში?
- მისი დანახვისთანავე მორიგეები კოშკურიდან სხვადასხვა უბნის მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ, უბნები ფერებით იყო განსაზღვრული. მაგალითად, წითელი ბუშტი ავლაბარში ხანძრის გაჩენას ნიშნავდა, ლურჯი - სოლოლაკში... თუ ხანძარი ღამე ჩნდებოდა, კოშკურის თავზე განათებულ ფარნებს კიდებდნენ და მათი რაოდენობის მიხედვით ირკვეოდა, სად, რომელ უბანში იყო ხანძარი...
- თუ ხანძარი მაღალ სართულებზე ხდებოდა?
- მაშინ სახანძრო კიბე არ არსებობდა, ამიტომ შენობა-ნაგებობის ხანძრისგან გადარჩენა შეუძლებელი იყო... ასე განადგურდა ხანძრისგან თბილისში არსებული საოპერო თეატრი, სადაც ცეცხლი ორჯერ გაჩნდა... ის მაშინდელი ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), იტალიელმა არქიტექტორმა რასტრელიმ ააშენა და იმდროინდელ ევროპაში სილამაზით განთქმული იყო. ცნობისთვის, ეს ის თეატრია, რომელიც ალექსანდრე დიუმას "კავკასიაში" აქვს აღწერილი და აღნიშნავს, ასეთი სილამაზის თეატრი აქამდე არსად მინახავსო... შენობის პირველი სართული სომეხი ვაჭრების მაღაზიებს ჰქონდა დათმობილი, რომლის მფლობელიც ასევე სომეხი სოვდაგარი თამამშევი იყო...
- რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი?
- გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს, ფართლეულით მოვაჭრე ლაზარევს ჯერ საკუთარი მაღაზია დაუზღვევია, შემდეგ კი იქაურობა გადაუწვავს... ერთი სიტყვით, მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად, შენობა მთლიანად განადგურებულა.
მეორედ ხანძარი რუსთაველის გამზირზე აგებულ ოპერის თეატრს გაუჩნდა 1973 წელს. ცეცხლი ერთდროულად 5 ადგილას გაჩნდა და პარტერი, სცენა და გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი და სერგო ქობულაძის მიერ მოხატული ოპერის სავიზიტო ბარათად ქცეული ულამაზესი ფარდაც დაიწვა. საბედნიეროდ, შემდეგ ის აღადგინეს... ხანძრის მასშტაბურობის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ტექნიკა განვითარდა, ოპერაში დამონტაჟდა ავტომატური ცეცხლსაქრობი მოწყობილობა. როგორც კი სისტემა ხანძრის შესახებ ინფორმაციას იღებს, რკინის სახანძრო ფარდა იხურება და მაყურებელს მოსალოდნელი პანიკისგან იცავს. ფარდა 18,5 ტონას იწონის და სიმძიმის მიუხედავად, წუთ-ნახევარში ეშვება...
GzaPress- რა ხდებოდა რეგიონებში, როგორ ებრძოდნენ მაშინდელ ხანძარს?
- იმ წლებში რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ბევრი არაფერია შემონახული. ვიცით მხოლოდ ის, რომ თბილისის შემოგარენში დედაქალაქის სახანძრო ბრიგადა გადიოდა გამოძახებებზე... იმ წლებში საკმაოდ ხშირი იყო ხანძრები დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთისგან განსხვავებით, მათ სახლები და ღობეებიც კი ქვის ან აგურისგან ჰქონდათ ნაშენები, მაგრამ საცხოვრებელი სახლი უშუალოდ ხის იყო. განსაკუთრებით მასშტაბური ხანძარი ყოფილა ქუთაისში, 1928 წელს, რა დროსაც თითქმის მთლიანად განადგურდა ებრაელების უბანი. მის ჩასაქრობად, თბილისიდან მატარებლით ჩავიდა მეხანძრეთა ბრიგადა, მაგრამ რატომღაც ადგილზე ვერ ჩააღწია...
კიდევ ერთი ცნობის თანახმად, უფრო ადრე, 1904 წელს მთლიანად დამწვარა ლეჩხუმის რაიონი სოფელი ლაილაშიც, სადაც არსებული ინფორმაციით, ხანძარი ღამე გაჩენილა, თან ქარი ყოფილა, 150 სახლი და 30 მაღაზია მთლიანად დამწვარა. ადამიანური დანაკარგის შესახებ ცნობები არ არსებობს...
- არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებში ქალების მიღებაც დაიწყება. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ სამსახურში ქალებსაც ემუშავათ...
- კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი სოხუმელი ქალი მუშაობდა - რუსები, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კაცები ომში იყვნენ. ეს ქალები ისეთ ადგილებში შედიოდნენ, სადაც იცოდნენ, რომ ქალი ცხოვრობდა მარტო ანუ მამაკაცის შესვლა უხერხული რომ არ ყოფილიყო.
- გასული საუკუნის თბილისში მეხანძრედ აფროამერიკელი მუშაობდა. რა იცით მის შესახებ?
- დიახ, ბაშირ შამბე ერთადერთი აფროამერიკელი მეხანძრე იყო, რომელიც თბილისის ძველ სახანძრო რაზმში მსახურობდა. ის რუს "კნიაზს" უყიდია ერთ-ერთ მონათა ბაზარზე და შემდეგ, რომელიღაც ქართველი თავადისთვის უჩუქებია... გასაბჭოების შემდეგ, შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად საფრანგეთში, ემიგრაციაში წასულა და შამბე არ გაჰყოლია, - ეს არის ჩემი ქვეყანაო. აქ დარჩა, თბილისში სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა, სადაც ღრმა მოხუცებულობამდე იმსახურა. შამბეს რუსი ქალი მოუყვანია ცოლად და მისი მულატი შვილიც აქ მუშაობდა, თბილისის სახანძრო სამსახურში. მასაც რუსი ქალი ჰყოლია ცოლად... მუშთაიდის მეხანძრეთა განყოფილებაში იყო დასაქმებული. მამა-შვილი შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ და რუსულ ენებს. მახსოვს, რომ როდესაც მეხანძრეთა პატივსაცემად ღონისძიებები იმართებოდა, მულატი ნიკოლოზ შამბეც ყოველთვის მოდიოდა და საპატიო სტუმრების სიაში გვყავდა...
ცნობისთვის, ბაშირ შამბე, 1932 წელს, საბჭოთა კავშირის შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს. ამასთან, ივანე პერესტიანის ცნობილ ფილმ "წითელ ეშმაკუნებშიც" თამაშობს.
GzaPress
- ვნახე, რომ თანამედროვე ნიმუშებიც გაქვთ.
- დიახ, ალბათ ყველას კარგად ახსოვს ზურა მუზაშვილი, რომელიც 2015 წელს, 13 ივნისის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა... მან შვიდი ადამიანი გადაარჩინა, თავად კი სამშვიდობოს ვერ გამოვიდა... მისი კუთხე ცალკე გვაქვს, როგორც გმირის, რომელსაც თავისი პროფესიის სირთულე გაცნობიერებული ჰქონდა და წამით არ დაფიქრებულა, სხვების გადასარჩენად ისე გაწირა საკუთარი სიცოცხლე. ცოტა უფრო შორს თუ წავალთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სერგო ბაიდაშვილი, რომელიც თბილისის სამოქალაქო ომის დროს კიტოვანის შტაბზე წაკიდებულ ცეცხლს აქრობდა, რა დროსაც ესროლეს და ადგილზე დაიღუპა...
ასევე, ივანე ქსოვრელი, რომელმაც 70-იან წლებში, ცეცხლმოკიდებული საბავშვო ბაღის შენობიდან ყველა ბავშვი გამოიყვანა. შემდეგ კი ისევ შენობაში შებრუნდა შესამოწმებლად, ვინმე ხომ არ დამრჩაო და სწორედ ამ დროს, ცეცხლმოკიდებული შენობა ჩამოინგრა და მოიყოლა. ჩვენი მეხანძრეები თავიანთ მოვალეობას 2008 წლის აგვისტოშიც ასრულებდნენ. გახსოვთ ალბათ, რუსული მხარე აქტიურად გვებრძოდა ტყის ხანძრებითაც, კონფლიქტის რეგიონებში, ჩვენი მეხანძრეები კი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად აქრობდნენ მას...
P.S. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რა სირთულეებისა და რისკების წინაშე დგანან ამ პროფესიის ადამიანები, რომელთაც ძალიან ხშირად ჩვენი უნებლიე გულგრილობის გამო უწევთ, გარისკონ. ამიტომ, ალბათ ორმაგად სასიხარულოა ჭკვიანი მეხანძრე რობოტის შემოყვანა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მეხანძრე-მაშველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკს. ის შექმნილია საშიში, რთული ვითარების დროს გამოყენებისთვის. ნებისმიერ სიტუაციაში იოლად მანევრირებს და შენობის რამდენიმე სართულზე გადაადგილება შეუძლია.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველ ხალხს დღეს ურთულეს გარემოში უწევს ცხოვრება, შიში, სტრესი, იმედგაცრუება, ხელისუფალთა და ოპოზიციონერ ლიდერთა სიარული სამძიმრიდან სამძიმარზე...
კაცი, რომელსაც დუმილით მილიონის შოვნა შეუძლია
ანუ საქართველოს სახელით მიღებული ჯილდოები
"დღევანდელი განათლების სისტემა ბავშვებს თავში უბრალოდ, ფაქტების გარკვეულ რაოდენობას უტენის"
ანუ როგორ გადავარჩინოთ შეჭმას "ბურდღუნები"
"ირაკლი კობახიძემ და მამუკა ბახტაძემ შესაძლოა, წელს თანამდებობები დაკარგონ", - ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ვერსია.
"მაგარი შეგრძნებაა, როცა ამ ადგილებში დადიხარ და შენი ქვეყნის მესაზღვრე გქვია"
"რით დაგამახსოვრათ თავი 2018 წელმა? ჩამოთვალეთ 5 თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი", - ასეთი "დავალება" ჰქონდა ხელოვანებს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი