"საჭმელი ასფალტის" დეფიციტი საქართველოში - გზაპრესი

"საჭმელი ასფალტის" დეფიციტი საქართველოში

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანებისა და აღშფოთების მიზეზი ხშირად ხდება მერიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროექტი თუ ღონისძიება. ბოლო დროს "ყაზტრანსგაზის" ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო განაცხადა, რომ კახა კალაძე აუცილებლად უნდა დაიკითხოს, როგორც არაფორმალური მმართველი და მენეჯერი და რომ მისი პასუხისმგებლობა დიდია, რასაც მერის მხრიდან "შეთავაზება" მოჰყვა, რომ ლევან ხაბეიშვილსაც და სხვებსაც შეუძლიათ, მთაწმინდიდან გამოექანონ, ოპოზიციის ბრალდებებს კი არასერიოზული უწოდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ დუმილში შეუძლია მილიონერი გახდეს, საკუთარ პრინციპებს მაინც არ ღალატობს და კვლავაც აქტიურად გააპროტესტებს ყველაფერს, რაც მისთვის მისაღები არ იქნება.

- უსამართლობა და ბიუროკრატია - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაბრაზებს და ასევე შერჩევითობა ყველაფერთან მიმართებაში. კონკრეტულ საკითხებზე უსამართლოდ მიმდინარეობს პროცესები. მაგალითად, დღევანდელ სარევიზიო სხდომაზე ბექა ოდიშარიას საკითხი იყო დაყენებული. მან შეძლო და მოიპოვა მშენებლობის ნებართვა თაბორის მთაზე, მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაა. ვინც ხელს აწერს, აღნიშნავს, რომ ეს არ არის რელევანტური მშენებლობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც თანხმობა მისცეს. აი, ამგვარ უსამართლობაზე პროტესტს როგორ არ გამოხატავ?

- წონასწორობიდან იოლად გამოდიხართ?

- ასე არ ვფიქრობ, უბრალოდ, გულწრფელი პოზიცია მაქვს, რაც ჩემს ემოციებშიც გამოიხატება. არა მგონია, საზოგადოებას ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული და სახედაკარგული ვენახე. უცენზუროდ არავისთვის მიმიმართავს. ვცდილობ, გაწონასწორებული ვიყო, თუმცა ემოციებს არ ვიკავებ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ჩემთან დებატებს, ხშირად მიწევს მაინც მათთან პოლემიკაში შესვლა. როდესაც ვინმეს ვუსაბუთებ და საჯაროდ ვეუბნები, რომ კორუმპირებულია, ამით ეთიკის ნორმებს არ ვარღვევ.

GzaPress- ბოლოდროინდელ თქვენს ბრალდებებს მერის მისამართით თქვენთვის არცთუ სასიამოვნო პასუხი მოჰყვა...

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს იყო არა ცხარე დებატების დროს ნათქვამი სიტყვები, არამედ ნაფიქრი და გააზრებული ნათქვამი. დედაქალაქის მერს დრო არ უნდა დარჩეს იმისთვის, მსგავს რამეზე რომ იფიქროს. თან ამას იუმორი დაარქვას და ჩათვალოს, რომ ოპოზიციას ასე უნდა უპასუხოს. ვფიქრობ, არასწორია. ამით პირადად მე არ დავზიანებულვარ, საზოგადოებასა და საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა. ყველამ ვიცით, ეს გამოქანების ამბავი როგორც მთავრდება, ეთიკურ დასასრულს ნამდვილად არ გულისხმობს, ხომ?

- თუმცა, როდესაც გადანაშაულებენ და კონკრეტულად ბრალს გდებენ ადამიანების გარდაცვალებაში, ცოტა ძნელია გრძნობებისა და სიტყვების კონტროლი. ცილისწამებაც ხომ არაეთიკურია?

- კი, მაგრამ მე, როგორც საჯარო პირს, ისე ვთხოვ პასუხს. როცა თვითონ ნიშნავს მენეჯმენტს, როცა არაფორმალური მმართველია და ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დადასტურებულია, ბუნებრივია, კითხვებიც ჩნდება. ცალსახად ვინმეს დადანაშაულება არასწორია და ასე არც მოვქცეულვარ. "ყაზტრანსგაზის" უპასუხისმგებლო ქმედებაზე ერთი განცხადება თუ გააკეთა ვინმემ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, არსებობს პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობაც. ხომ უნდა აიღოს ქალაქის ხელმძღვანელმა პირმა თავის თავზე მორალური პასუხისმგებლობა მაინც?

- არც შორეულ და არც ახლო წარსულში არ არსებობს ამის პრეცედენტი, რომ ვინმეს საკუთარ თავზე აეღო მორალური პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, არც იმ პოლიტიკურ ძალას გაუკეთებია ეს არასდროს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.

- თუ პასუხისმგებლობას ჩვენ არასდროს არაფერზე ავიღებთ, მაშინ პრობლემებიც არ მოგვარდება. დღევანდელი მერის ადგილზე სხვაც რომ ყოფილიყო, კი ბატონო, ტრაგედია შეიძლებოდა მაინც მომხდარიყო, მაგრამ როცა ასეთი რამ ხდება, პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. არ დამიდანაშაულებია არავინ ვინმეს მოკვლაში, მაგრამ ჩუმად ვერ ვიქნები, ჩემი განსხვავებული პოზიცია მაქვს და როცა საჯაროდ კითხულობ, რაც გაინტერესებს, ეს არ არის დანაშაული. თანაც, ეგ დამოკიდებულება - მუდმივად უკან ყურება და სხვისკენ თითის გაშვერა, არასწორია. პოლიტიკაში 2012 წელს, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ჩავერთე აქტიურად. როდემდე უნდა ვიძახოთ, იმათ დროს რა და როგორ იყო? ეს ხელისუფლება ხომ უკეთესი მომავლისთვის ავირჩიეთ? "ნაცმოძრაობას" მუდმივად რომ ეძახა, შევარდნაძის დროს "გაი" იდგა და რა მოხდა, ახლაც იდგეს; ჯარისკაცს ცალ-ცალი ბოტი ეცვა და რა მოხდა, ახლაც თუ ეცმება და ა.შ., რას მივაღწევდით მაშინ? სტანდარტი ხომ უნდა გაიზარდოს? წინსვლა ხომ გვინდა?

- მოკლედ, ძალიან აქტიურად გამოხატავთ თქვენს პოზიციას და თან ისე სწრაფად საუბრობთ, ერთ-ერთი სხდომის ჩანაწერს რომ მივადევნე თვალი, კოლეგები გთხოვდნენ, ცოტა ნელა გელაპარაკათ, რომ რამე გაეგოთ.

- ბევრს ვლაპარაკობ და სწრაფად, გურული ვარ. რა ვქნა, რეგლამენტი 3 წუთი გვაქვს და უნდა ჩავატიო სათქმელი.

- ნარმანიას რაღას ერჩით? შარშან შესაბამის უწყებებს მოუწოდეთ, დაინტერესებულიყვნენ, საიდან შეიძინა მან 180.000 დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთი.

- დეკლარაციაში აღნიშნული ჰქონდა, რომ 50.000 ბანკიდან გამოიტანა, მაგრამ დანარჩენი თანხის წარმომავლობა არსად ჩანდა. ის თანხა საიდან მოვიდა, დღემდე ვერ გავიგეთ. გამორიცხულია, ნებისმიერი ევროპული ქალაქის მერმა საკუთარი ხელფასით შეიძინოს ძვირიანი მიწა და თან დეკლარაციაშიც არ აღნიშნოს. პოლიტიკური კულტურა და საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს.

- თქვენ რამდენად პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ?

- ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემთვის და აქედან გამომდინარე, სხვების უპასუხისმგებლობა მაბრაზებს. გადახედეთ სოციალურ ქსელს, ვერ ნახავთ ჩემს გვერდზე ვერც ერთ ფოტოს რესტორანში გადაღებულს. დასასვენებლადაც დავდივართ, კაფეებშიც, ყველა ვახერხებთ რაღაცას, მაგრამ ფოტოებს არ ვტვირთავ. განა იმიტომ, რომ ამას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვიცი, უამრავი ადამიანი შიმშილობს და მრცხვენია, რომ ბევრს იმის მეასედი საშუალებაც კი არა აქვს, რაც - მე. კი ბატონო, საკუთარი ფულით სადაც გინდა, იქ წახვალ დასასვენებლად, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს საჯარო გახადო. არ ვამბობ, რომ ვინმემ არ ჭამოს, არ ჩაიცვას, არ დაიხუროს, არ გაერთოს, მაგრამ პასუხისმგებლობამ უნდა შეაწუხოს კონკრეტულ სიტუაციაში. მე ტყვე ვარ ჩემი ამომრჩევლის, ასეთია ჩემი პოზიცია.

GzaPress- კიდევ ბევრი საკითხია, რაც თქვენს აღშფოთებას იწვევს?

- დახმარებები კი არ უნდა გაიზარდოს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე. მოწყალება არავის სჭირდება. საჯარო მოხელეებმა ხელფასები და დანამატები გაიზარდეს, დადიან ჯიპებით, მივლინებებში. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარე იმდენ მივლინებაშია ნამყოფი, მგონი, საგარეო საქმეთა მინისტრიც არ ყოფილა. ასეთ კაზუსებს რომ ვხედავ, ბუნებრივია, უსამართლობის განცდა მიჩნდება. დღეში 1,5-2 ლარი საკმარისია ვინმეს გამოსაკვებად? არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა ყველაფერი კარგად, მაგრამ ბევრი რამ ხომ შეიცვალა დედაქალაქში? ნაგავს მიჰქონდა აქაურობა, არ იყო განათება, კრიმინალი ზეიმობდა... დღეს რა უნდა მომეწონოს? საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოიყვანეს უკეთესი? ღამის ეკონომიკა აყვავდა? ეკოლოგიური მიმართულებით წავედით წინ? სამშენებლო მიმართულებითაა საქმე უკეთესად? მოდი, ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ურბანული კატასტროფა, მაგრამ ახლა რა მომეწონოს, იგივე რომ გრძელდება? მაშინდელი მთავრობა 1 ლარად და 18 თეთრად კვებავდა სოციალურად დაუცველებს და ახლანდელი - 1 ლარად და 80 თეთრად? რითი გაგვაკვირვებენ, ხიდებით თუ ესტაკადებით? სხვა რამით გაგვაოცონ. წინსვლა კი არა, მგონი გზასაც აღარ აგებენ, ადრე რომ იძახდა ხალხი, ასფალტი ვჭამოთო, ახლა ეგეც აღარ არის. 2012-ში უკეთესის მოლოდინი ჰქონდა ხალხს, თუმცა მე მაშინაც არ ვუჭერდი მხარს "ოცნებას".

- მაშინ თუ გამოხატავდით პროტესტს ასე ხმამაღლა და აქტიურად, თუ ყველაფერი მოგწონდათ?

- ბევრი რამ არ მომწონდა, მაგალითად, ის როგორ უნდა მოგეწონოს, რაც 7 ნოემბერს ან 26 მაისს მოხდა და თქვა, რა კარგია, ადამიანებს თავები რომ დაუხეთქესო, იდიოტი უნდა იყო მაშინ, მაგრამ ის ხალხი სად არის, ვინც მაშინ "დუბინკებს" იქნევდა? მაღალ თანამდებობებზე არიან, არავინ დასჯილა.

- სხვების კორუმპირებულობაზე რომ საუბრობთ, საინტერესოა თქვენი ქონებრივი მდგომარეობაც.

- ამდენი წელი კორუფციაზე ვსაუბრობ - მაშინაც, როცა ისანი-სამგორის გამგეობაში ვმუშაობდი და 380 ლარი მქონდა ხელფასი და დღესაც. მაშინაც ვარკეთილში ვცხოვრობდი და ახლაც, მაშინაც ქირას ვიხდიდი და ახლაც - ვიხდი. ჩემს სახლში რომ ვინმე შემოვიდეს, განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავს. არც ბინა მაქვს და არც მანქანა მყავს. უნდა იცოდეს ხალხმა, რომ მე შემიძლია, დუმილით ვიშოვო ფული და გავხდე მილიონერი. 24 საათი დაპირისპირებული ვარ მილიონერებთან, იმ ხალხთან, რომელიც უკანონოდ აშენებს სასტუმროებს და იგებს ტენდერებს. მგონი, ძალიან მარტივია ფულის შოვნა.

- იმის თქმა გინდათ, რომ შემოთავაზებები ყოფილა?

- ამას ღიად ვერ ბედავენ, თუმცა შინაურების, ნაცნობების საშუალებით მითვლიან, ხომ არ გავესაუბრებოდი და მოვისმენდი მათ არგუმენტებს და ა.შ. მოკლედ, ყოფილა მინიშნებები. გულწრფელად გეუბნებით, დუმილში ვიშოვი ასჯერ უფრო მეტს, ვიდრე ბრძოლაში. ქირით ვცხოვრობ და რატომაც არა? მყავს მეუღლე, 2 შვილი და ბევრი საზრუნავი მაქვს, მაგრამ მე და ჩვენი ფრაქცია რომ გავჩუმდეთ, დამერწმუნეთ, ხმას სხვა არავინ ამოიღებს, მე კი არ მიყვარს, როდესაც პრინციპებს ვღალატობ.

ნინო ჯავახიშვილი