ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება, შეშინებული საზოგადოება და ერთმანეთთან ბრძოლაში გართული პოლიტიკური ლიდერები - გზაპრესი

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება, შეშინებული საზოგადოება და ერთმანეთთან ბრძოლაში გართული პოლიტიკური ლიდერები

2016-2019 წელს მხოლოდ თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვით 86 ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა... ასევე გახშირდა კრიმინალი, საოკუპაციო ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტები, პოლიტიკური დაპირისპირებები და ბრძოლა ფარული ჩანაწერებით...

ვნახოთ, რას ფიქრობენ ამ ფაქტზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, ჩვენი რუბრიკის სტუმრები ამჯერად სერგი კაპანაძე და თამარ ჩუგოშვილი არიან.

- ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში ცხოვრება არ არის უსაფრთხო, ადამიანები იღუპებიან მავანთა დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის გამო. თქვენი აზრით, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

თამარ ჩუგოშვილი: - ზოგადად, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და დაცულ ქვეყნად მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არ არის. ბოლო დროს, ნამდვილად გახშირდა ბუნებრივი აირის გაჟონვის ან აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვის შემთხვევები, რაც მძიმე რეალობა და წლობით დაგროვილი პრობლემების გამოვლინებაა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მიუხედავად, უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად მაინც უზრუნველვყოთ.

სერგი კაპანაძე: - იცით, ამ კუთხით პრობლემები რატომ არის? სახელმწიფო არ რეაგირებს იმ ფაქტზე, რომ ამა თუ კომპანიის დაუდევრობასა და უუნარობას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

- "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზის კომპანიებს რეგულაციები, თავის დროზე სწორედ "ნაციონალებმა" გაუმარტივეს.

- დღეს არსებული რეგულაციები სრულად რომ დაეცვათ, მსგავსი პრობლემები არ შეიქმნებოდა. სამართალდამცავ ორგანოებს, პირველივე დანაშაულზე ადეკვატური რეაგირება რომ მოეხდინათ, კომპანიები თავად იქნებოდნენ დაინტერესებულნი მსგავსი უბედური შემთხვევები რომ აღარ მომხდარიყო. პრობლემები მხოლოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის ან აფეთქების გამო არ გვაქვს. გაიხსენეთ, რამდენჯერ მოხდა უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში. გახსოვთ, ვინმეს ამისთვის პასუხი ეგოს? როდესაც მსგავსი ტრაგედია ხდება, რეგულაციების გამკაცრებაზე ან ახალი რეგულაციების შემოღებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, კანონის დამრღვევი უნდა დავსაჯოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სხვისთვის სამაგალითო იყოს. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას, კუსტარულად დამონტაჟებულ გამათბობლებზეც. როდესაც ადამიანს არ აქვს განცდა, რომ კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებლისთვის დაისჯება, ის ამას უპრობლემოდ გააკეთებს.

- პოლიტიკურად აქტიური პერსონებისთვის, ასევე, ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი სტრესია, როცა იციან, რომ ერთ დღეს შესაძლოა ფართო საზოგადოებამ მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იხილოს. როგორ გგონიათ, ვის ინტერესებში შედის, რომ ადამიანებმა მუდმივად ტერორში იცხოვრონ?

GzaPressთამარ ჩუგოშვილი: - ეს ნამდვილად არის ტერორი, ტერორი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია დაკავებული, ეს დანაშაული აღკვეთილად არ ჩაითვლება, ვიდრე გავრცელების პირველწყარო არ გაირკვევა და პასუხისგებაში არ მიეცემა.

- ბატონო სერგი, ფიქრობთ თუ არა რომ ამ შემთხვევაში მეტი წილი პასუხისმგებლობა "ნაციონალურ" ხელისუფლებაზე მოდის?

სერგი კაპანაძე: - ფარული ჩანაწერების ნაწილი ნამდვილად "ნაციონალების" დროს არის გაკეთებული. ვფიქრობ, რომ ამის გამკეთებლები უნდა დასჯილიყვნენ, ნაწილი დაისაჯა კიდეც. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში გადავიდა. ახლა, თითის გაშვერა 9 წინ ჩადენილ დანაშაულზე უადგილო მეჩვენება, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს ბოლო დროსაც ხშირად იწერდნენ. ამ ხელისუფლებამ ეს მავნე პრაქტიკა წარმატებით გააგრძელა. მოდი, მივყვეთ ლოგიკას, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილს განუდგნენ, უცებ მათ ერთ-ერთ წარმომადგენელზე გავრცელდა ფარული ჩანაწერი, მერე "რესპუბლიკელები" განუდგნენ და ერთ-ერთი მთავარი "რესპუბლიკელის" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ახლა ეკა ბესელია "აჯანყდა", მისი პირადი ცხოვრება გახდა სალაპარაკო, მანამდე რამდენიმე ჟურნალისტსაც შეექმნა მსგავსი პრობლემა. რომელი ფაქტი გამოიძიეს და რომელ შემთხვევაში დასაჯეს ამ ამბის "შემოქმედი"? ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ საქმის უკან ხელისუფლების ერთ-ერთი შტო დგას.

- თუმცა ამჯერად პოლიციამ ფარული ჩანაწერის გავრცელებისთვის "გირჩისა" და "ნაციონალური" მოძრაობის რამდენიმე წევრი დააკავა.

- ეს ადამიანები სრულიად კანონიერად დააკავეს, რაც მათ ჩაიდინეს, ნამდვილად დანაშაული იყო. თუმცა ხომ ცხადია, რომ ამ დაკავებულთაგან პირველწყარო არც ერთია?! ამ ადამიანებმა ვიდეო უბრალოდ მიიღეს და იმის მაგივრად, რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინათ, სხვებს გადაუგზავნეს. ამიტომ არ ვამართლებ მათ, ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საქმის დამგეგმავი და ორგანიზატორი არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, არც გამოჩნდება, რადგან ეს ხელისუფლების დაკვეთა იყო.

- როგორ შეაფასებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ცილისწამებაზე ახლებური რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჩვენი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს, ცილისწამებისთვის პასუხისგებას. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ახალი ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უფროა გამიზნული?

თამარ ჩუგოშვილი: - მე ჯერ არ ვიცნობ ამ ინიციატივას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა და ყველა ინიციატივასთან, რომელიც მას უკავშირდება, სიფრთხილეა საჭირო. მართალია, ცილისწამება, ხშირ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე კონკრეტული ადამიანისთვის, თუმცა, დაუშვებელია, მასთან გამკლავების მიზნით შეილახოს გამოხატვის თავისუფლება.

სერგი კაპანაძე: - ეს ძალზე სახიფათოა. ზურაბიშვილის წარმოდგენილი ინიციატივა პირდაპირი დარტყმაა სიტყვის თავისუფლებაზე. ნახეთ, დღეს ჟურნალისტს მტკიცებითი ტვირთის გარეშე შეუძლია თქვას, ან დაწეროს ამა თუ იმ ჩინოვნიკზე, რომ კორუმპირებულია. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ჟურნალისტს მტკიცების ტვირთი დაეკისრება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მედიაში თვითცენზურა დაწესდება. რაც ყველაზე ცუდია, შესაძლებელი ხდება კანონის გამოყენება ჟურნალისტის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სტატიის დაწერისას. ეს ინიციატივა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის თვალსაზრისით. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ, ამ სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის.

- ბატონო სერგი, ცოტა ხნის წინ გაავრცელეთ განცხადება, რომ ევროსაბჭოში მიმდინარე კენჭისყრაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. რის პასუხადაც, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ "მაგნიტსკის სიაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანის ინიცირება უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების მიერ ერთობლივად მოხდა". თქვენ კი სათქმელი არაფერი გაქვთ და მოწმენდილ ცაზე რაღაცას იგონებთ. რას იტყვით ამის შესახებ?

- სიმართლე ასეთია, "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა მაგნიტსკის აქტს. ე.ი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მაგნიტსკის სიაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა. ეს არის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, გაავრცელოს ორიენტირებული სანქციები იმ ქვეყნებსა და ადამიანებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ რეზოლუციას "ქართული ოცნების" არც ერთმა დეპუტატმა, მათ შორის არც ქალბატონმა თამარმა მხარი არ დაუჭირა. ეს დადასტურებული ფაქტია, მხარდამჭერების სია გამოქვეყნებულია და თქვენ, ასევე ნებისმიერ სხვა პირს შეუძლია მისი ნახვა. რაზეც ჩუგოშვილი საუბრობს, (უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა ერთად ვიმუშავეთო) ეს არის შესწორება, რომელიც რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას გულისხმობდა. ახლა ჩუგოშვილი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ რაღაცას ვაბრალებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ამის გარკვევა ყველას შეუძლია.

- ოპოზიცია ახალ წლამდე ბრძოლის ახალ სტრატეგიებს, ახალ ინიციატივებს გვთავაზობდა და პოლიტიკურად ცხელ წლის დასაწყისს გვთავაზობდა. ახლა რჩება შთაბეჭდილება, რომ ტაიმ-აუტი აიღეთ. რას ნიშნავს ეს, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირებას გარედან ადევნებთ თვალყურს და ელოდებით, როგორ დასრულდება მათი ბრძოლა, შემდგომ ახალი სტრატეგია რომ დასახოთ?

- ჩვენი პოლიტიკური გუნდი "ევროპული საქართველო" თავიდანვე არ ვიწონებდით, "ნაციონალების" ინიციატივას პოლიტიკური ტემპერატურის აწევასთან დაკავშირებით. თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციას ახლა ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ეს შორიდან ჩანს ასე, რადგან ბოლო დროს ბევრმა საჭირბოროტო საკითხმა წინა ხაზზე წამოიწია. სინამდვილეში, ოპოზიცია ძალიანაც აქტიურია. ჩვენ დავიწყეთ ბრძოლის ახალი ციკლი - ოცამდე ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ძალიან მალე მილიონამდე ხელმოწერა გვექნება და დავიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ 2020 წლისთვის პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იყოს და უფრო სწორად ასახავდეს მოსახლეობის ინტერესებს, დამოკიდებულებებს. რეგიონებში უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

- როგორ გგონიათ, 2020 წლისთვის შესაძლოა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მესამე ძალა გამოიკვეთოს თუნდაც "ქართული ოცნების" მეამბოხეების თაოსნობით?

- არა, მე მგონია, საქართველოს პოლიტიკურ ველზე (როგორც ბოლო არჩევნებმა ცხადყო) მოვლენებს ისევ "ქართული ოცნება", "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" წარმართავენ. რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკური ლიდერებიც იქნებიან თავიანთი დღის წესრიგებით, მაგრამ 2020 წლისთვის მათ გამარჯვების შანსი არ ექნებათ. რაც შეეხება "ქართული ოცნების" შიდადაპირისპირებას, ეს ნორმალური ამბავია, არჩევნები მოდის და ყველას თავისი ინტერესები აქვს. შესაძლოა, გუნდის შიგნით დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდეს, მაგრამ იმის პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს, რომ რომელიმე ჯგუფი ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდეს. მით უფრო მაშინ, როდესაც არც ერთი ჯგუფი ივანიშვილის წინააღმდეგ არ ილაშქრებს. ბესელიაც კი თავის საჯარო გამოსვლებით ივანიშვილის მხარდამჭერად რჩება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიქმნება პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ივანიშვილს არა, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ჩაუდგება ოპოზიციაში, ძალიან ცდება. ასეთი მცდელობა უკვე ჰქონდა "პატრიოტთა ალიანსს", მაგრამ წარუმატებლად დამთავრდა. ასევე წარუმატებლად დამთავრდება სხვების მცდელობაც.

- ქალბატონო თამარ, როგორც განაცხადეთ, ბოლო დღეებში ათეულობით შეხვედრა გამართეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქვეყნის მთავარ პოლიტიკოსებთან, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და იმედი გამოთქვით, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაეხმარებოდა. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, უსაფრთხოების საკითხებია. ამ მიმართულებით კონკრეტულად რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს?

- მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა მიიღოს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უსაფრთხოების თემებსაც უკავშირდება. ვიზიტიდან გამომდინარე, ვფიქრობ ეს დოკუმენტი ბევრ მხარდამჭერს მოაგროვებს. ასევე ვფიქრობ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე გვაქვს შანსი დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

GzaPressსერგი კაპანაძე: - მსგავსი აქტის მიღებას, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე დატვირთვა აქვს. პირველი გახლავთ ორპარტიული მხარდაჭერის ფაქტი, ანუ "რესპუბლიკელებიც" და "დემოკრატებიც" ორივე ერთნაირად უწერს მხარს საქართველოს და ეს არ არის პოლიტიკური განსხვავების საგანი ამერიკის ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერა მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის შტატების მხრიდან. ამერიკამ გადაწყვიტა, სანქცია დაუწესოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს არ უჭერს. ე.ი. სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ ამერიკამ ამ ქვეყნებს ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს ან მათთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. მესამე და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ დამნაშავეებზე სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს. ახლა რაც შეეხება უსაფრთხოებას. ბუნებრივია, ამერიკის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა. კონგრესში გამართულ შეხვედრებს მე არა, მაგრამ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია ესწრებოდა და ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი იყო. ამერიკელი კონგრესმენები, საქართველოს ხელისუფლებას დაბეჯითებით მოუწოდებენ, რომ სასამართლო სისტემა კლანურ მმართველობაში არ მოაქციონ.

- როგორც ვიცი, საარჩევნო კანონმდებლობაზეც იყო საუბარი.

- ზოგადად, ამერიკელები ხშირად გვეუბნებიან, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც რეალურად ხალხის აზრს გამოხატავს. ანუ, ისინი მხარს არ უჭერენ სისტემას, რომელიც არაპროპორციულ უპირატესობას ანიჭებს ერთ რომელიმე კონკრეტულ ძალას. მათი აზრით, საქართველოსთვის საუკეთესო იქნება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ამ საქმეში ჩვენ მხოლოდ ამერიკის კი არა, ევროკავშირის და ყველა სხვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა გვაქვს.

ხათუნა ბახტურიძე