სოციალური მუშაკების საგანგაშო სიგნალი სახელმწიფოს - გზაპრესი

სოციალური მუშაკების საგანგაშო სიგნალი სახელმწიფოს

მართალია, თითქოს ქვეყანაში უამრავი სამსახურია არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად, მუდმივად ისმის, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, უმძიმესი დანაშაულები ისევ ხდება. 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მწვავე პრობლემები არსებობს და ამის მოსაგვარებლად სახელმწიფო ნაბიჯებს თუ არ გადადგამს, შეიძლება მსგავსი ტრაგედიები ისევ განმეორდეს.

ისიც ფაქტია, ოჯახური ძალადობის დროს გაცემული შემაკავებელი ორდერი უამრავ შემთხვევაში ფარატინა ფურცლად რჩება. ამ შემთხვევაშიც შემაკავებელი ორდერი გაცემული იყო. შვილზე ძალადობის გამო დედას საკუთარ შვილთან მიახლოება ეკრძალებოდა, თუმცა ბავშვი მოძალადესთან ცხოვრობდა.

4 წლის ბავშვის სიკვდილის შემდეგ დედა - ლელა ქსოვრელი დააკავეს, თუმცა შვილის მკვლელობაში ის ჯერ ბრალდებული არ არის. დედას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებიან. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, ნაცემი ბავშვის ფოტოებმა კი მთელი ქვეყანა შეძრა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ტრაგედიის შემდეგ 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, ხოლო დეპარტამენტის უფროსმა თავად დაწერა განცხადება გადადგომაზე.

მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ სისტემაში ცვლილებები იგეგმება.

თავად სოციალური მუშაკების მონათხრობით ირკვევა, რომ სისტემაში მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა და ამჯერად ჯოხი დაბალ რგოლზე გადატყდა. დიდი ხნის წინ ატეხილი მათი განგაში ყურად არავინ იღო, მათი განცხადებებიც ზემდგომებმა რეაგირების გარეშე დატოვეს.

ჯერ კიდევ 2018 წლის 19 სექტემბერს, სწორედ გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მაშინდელ დირექტორს, წოწკოლაურს განცხადებით მიმართეს. ისინი საუბრობდნენ პროფესიული და ადამიანური ღირსების შემლახველ პირობებზე, რომელშიც მუშაობა უწევთ. ამბობენ, რომ არსებული გარემო-პირობები მნიშვნელოვნად ლახავს მათი შრომის ეფექტიანობას. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს აღნიშნული წერილი საქართველოს ფოსტით ჩაბარდა, ჩაბარებული წერილი სოციალური მომსახურების სააგენტოს კანცელარიიდან გაქრა. აქციებიც კი გამართეს მაშინ, მაგრამ უშედეგოდ.

GzaPress ნინო სიხუაშვილი, გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მოქმედი სოცმუშაკი: - პირველ რიგში, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო და თითოეული ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას. როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი, რითაც ვითხოვდით დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურს სცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. ყველამ იცოდა, გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში უმძიმესი ვითარება რომ იყო. ყველა სოციალური მუშაკი ვწერდით მოხსენებას, დახმარებას ვითხოვდით, რადგან ვერ ვასწრებდით დროულად მივსულიყავით მოქალაქესთან. განსაკუთრებით ბოლო წელი ვყვიროდით, ვცდილობდით, გაეგონათ ჩვენი ხმა. იმდენად დიდი იყო ჩვენი ცენტრიდან სოცმუშაკების გადინება, დარჩენილებს ძალიან გვიჭირდა. თითოეულ სოციალურ მუშაკს 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ისიც საკითხავია, რომ მიხვალ, რამდენი ხანს გაქვს დრო ურთიერთობისთვის, როცა იცი, კიდევ ძალიან ბევრი მწვავე შემთხვევა გელოდება. ერთია მიხვალ, მაგრამ ასევე უმთავრესია, რა რესურსი გაქვს, რას სთავაზობ ბენეფიციარს, რომ გააძლიერო? როგორ გააძლიერებ, როცა თითზე ჩამოსათვლელი პროგრამებია და ისიც დროში გაწერილი? მოქალაქე ამ პროგრამაში ორი თვის ან ორი წლის შემდეგ ერთვება. არადა, დედა გეუბნება, შვილი შიმშილით მიკვდება და დამეხმარე, ბავშვისთვის საჭმელი არ მაქვსო. შენ ეუბნები, რომ 2 თვე სჭირდება, 80-ლარიანი კვების ვაუჩერის მისაღებად. როცა პრობლემებია, მარტო ვიზიტი კი არა, სხვანაირი თანადგომა, გაძლიერება სჭირდებათ. ფსიქოლოგი რომ მიუყვანო, ამის საშუალებაც არ არის. 5 რაიონია თბილისში და მთელ თბილისში ერთი ფსიქოლოგია. წარმოიდგინეთ, რამდენ ოჯახში უნდა მივიდეს ის ან რა დახმარება უნდა აღმოუჩინოს ერთმა ადამიანმა? გვიწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება, იმის ნაცვლად, კარგსა და უკეთესზე ვიყოთ ორიენტირებული. საზოგადოებაშიც მიდის ჩვენი პროფესიის დემონიზაცია. როცა უკიდურესი მდგომარეობაა, ცდილობ, ბავშვი გამოიყვანო და მიმღებ ოჯახში წაიყვანო. ამ დროს აღვიქმებით როგორც ბავშვის გამტაცებლები, ბოროტი ხალხი. აუცილებელი არ არის, ოჯახში სცემდნენ, მაგრამ თუ შემთხვევაზე გასული ხედავ საფრთხეს, რომ შეიძლება ბავშვს რამე დაემართოს, ოჯახიდან გამოგყავს, მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც: სახელმწიფო ზრუნვაში რომ გადაგყავს, წაიყვანენ მინდობით ოჯახში, მაგრამ ეს არის კი იმის საპირწონე, რომ ოჯახს ბავშვი მოაცილე? არის კი მიმღები იმ სტანდარტის, ბიოლოგიური მშობელი რომ ჩაანაცვლოს? შეიძლება ბავშვს მასთან ცხელი ულუფა ჰქონდეს, მაგრამ სითბო და სიყვარული აკლდეს. მიმღების ხელფასი არის ჯანმრთელ ბავშვზე 450 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე კი 600 ლარი. მერწმუნეთ, ეს თანხა ვერ ფარავს ბავშვის საჭიროებებს. არც სამედიცინო დაზღვევა არის სათანადო, რომ ამ მხრივაც გაუწიო დახმარება. თან ბავშვს დამატებითი განვითარება ხომ სჭირდება, წრეებზე სიარული და ა.შ. პერიოდულად ვმუშაობთ ბიოლოგიურ მშობელთან, ვიგებთ, როგორ მიდის მისი საქმიანობა, მაგრამ რას ვაკეთებთ გასაძლიერებლად? არაფერს. ან რას ვაკეთებთ მოძალადესთან, რომ ის არ იყოს მოძალადე? ზოგჯერ არის შემთხვევა, მოდის დედა და თვითონ გეუბნება, მიშველე, შიმშილისგან ბავშვი რომ არ მოკვდეს, მირჩევნია, წაიყვანო მიმღებ ოჯახშიო. წარმოიდგინეთ, დედას რა მძიმე ემოციური ფონი აქვს. ამ დროს მას ვერ ვთავაზობ ვერაფერს, გარდა იმისა, რომ ბავშვი გადამყავს მიმღებ ოჯახში. აქამდე იყო კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მცირე დახმარებას მაინც გვიწევდნენ, მაგრამ ეტაპობრივად საქმიდან გადიან ეს ორგანიზაციებიც და ვრჩებით მხოლოდ სახელმწიფოს იმედად, რაც ძალიან არაეფექტიანია და მარტო ის, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება და პერსონალური კომპიუტერი მექნება, ვერ შეცვლის ვითარებას. იმაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი, მოქალაქე რომ მოდის შენთან ოფისში, არ უნდა თქვას, შენ თვითონ დასახმარებელი ხარო, პირიქით, მას უნდა გაუჩნდეს ნდობის განცდა, პატივისცემით რომ იყოს განწყობილი. ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა აგდებული დამოკიდებულება აქვთ. დიდი დრო გვჭირდება, რომ ნდობა მოვიპოვოთ. არაოფიციალურად ვაწვდით მათ ინფორმაციებს არსებულ ფონდებზე, რომ იქაც მივიდეს და იქნებ იქიდანაც მცირედი დახმარება მიიღოს. ბევრჯერ სახლში მოვსულვარ განადგურებული და ახლობლებისთვის მითხოვია დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილი შიმშილით უკვდებათ. ისეთი მძიმე სიტუაცია გვაქვს, რომ ჩვენი სამეგობროს, კეთილი ადამიანების დახმარებით ვცდილობთ, გავაძლიეროთ ეს ოჯახები.

- ბევრი ოჯახია ასეთ გაუსაძლის პირობებში?

- გლდანი-ნაძალადევის რაიონი განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ძალიან ბევრია ისეთ საყოფაცხოვრებო პირობებში, რაც ახლახან იხილა საზოგადოებამ, მარტო პირობების გამო ვერ გადაიყვან მიმღებ ოჯახში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად ძალადობაა. ბავშვს სიყვარული აქვს, მშობელი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არა აქვს პირობები. რისი გაკეთება შემიძლია? არაფრის! მარტივია, წამოხვიდე სამსახურიდან, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. 18 სოციალური მუშაკი ვიყავით, მერე 12 გავხდით. ამწუთას მოქმედი 5 სოციალური მუშაკია გლდანი-ნაძალადევში. გაუშვეს ამ ფაქტის მერე სოცმუშაკები, ეს არის მათზე ჯოხის გადატეხა. მინდა მივმართო მინისტრს: ბატონო მინისტრო, კარგად იცით, დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ სწვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. 29 მიმართულებით ვმუშაობთ. პირის მხარდამჭერად სასამართლო პროცესებს ესწრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი - იურისტი. როცა აღნიშნული კადრის ნაკლებობა შეიქმნა, სოციალურ მუშაკებს ზეპირსიტყვიერად დაგვევალა იურისტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაც. ამ ფაქტს მოჰყვა შიდა პროტესტი, რის შემდეგაც გლდანი-ნაძალადევის სოციალურმა მუშაკებმა უარი თქვეს იმ მოვალეობის შესრულებაზე, რომელშიც თავს არ თვლიდნენ კომპეტენტურად და ისედაც "მოუსწრებელ" საქმეებს კიდევ "მოსასწრები" დაემატებოდა. ამ პროტესტს მოჰყვა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რითაც უკვე ოფიციალურად დაევალა სოციალურ მუშაკს სასამართლო წარმომადგენლობა.

სოფიკო ხვთისიაშვილი ყოფილი სოცმუშაკია, ის შარშან წამოვიდა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრიდან:

- 2018 წლის ზაფხულში 4 სოცმუშაკი წამოვედით. სააგენტოში კომპლექსური პრობლემებია და მივხვდით, იქ მუშაობა არ შეიძლებოდა. როცა ვსაუბრობთ ცუდ პირობებზე, არ ვგულისხმობთ, რომ საშინელი შენობაა, დაბალი ხელფასი, ტრანსპორტირების საფასურს ჩვენ ვიხდით - ეს არის მეორეხარისხოვანი. ხშირად გვიწევდა ისეთი საქმის გაკეთება, რაც ჩვენს მოვალეობებში არ შედიოდა. ტექნიკური საქმეების კეთებაში იხარჯება დიდი რესურსი. ვაუჩერების ბეჭდვაც კი ჩვენ გვევალებოდა. ოჯახში რომ შედიხარ, იმ ოჯახს ხომ უნდა დაეტყოს, რომ სოციალური მუშაკი მივიდა და გააძლიერა? იმის მაგივრად, რომ ჩვენი იმედი ჰქონოდათ, ჩვენი ეშინიათ, ბავშვი არ წამართვასო. არადა, ეს არის ყველაზე უკიდურესი ზომა. შიშველი ხელითა და ლაპარაკით ოჯახს ვერ გააძლიერებ. არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პრევენციაზე ვიმუშაოთ.

GzaPress- რა იყო ბოლო წვეთი, რამაც სამსახურიდან წამოსვლა გადაგაწყვეტინათ?

- შარშან ჩვენს კოლეგას მივეხმარეთ რამდენიმე სოცმუშაკი, რადგან 3 ბავშვი იყო ბინიდან გამოსაყვანი. დედა ძალადობდა შვილებზე და მოძალადესთან უნდა დაგვეშორებინა. ამ დროს ცალკე პოლიციასთანაც გიწევს იმის მტკიცება, რომ აუცილებლად გამოსაყვანია ბავშვი. ის 3 მოზარდი გამოვიყვანეთ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მინდობით ოჯახში დავაბინავეთ, ჩვენ დავბრუნდით სამსახურში. დედა მოგვივარდა იქ, ფიზიკურად იძალადა, დაგვკაწრა, თავზე დაგვამხო ყველაფერი. ამაზე რეაგირება არ ხდება. არაფერს ვამბობ სიტყვიერ შეურაცხყოფებზე, რომელიც უამრავი აგვიტანია. კიდევ ერთი ფიზიკური თავდასხმის შემთხვევა იყო ჩვენთან. ხელმძღვანელობას არც ერთზე არ მიუღია ზომები. უსაფრთხოება არ არის დაცული, თუნდაც მაშინ, როცა ფსიქიკური პრობლემის მქონე ოჯახში შედიხარ ან როცა თავს გესხმიან. მე როცა მივდივარ ფსიქიკურად დაავადებულთან, ვიცი, რისკია, მაგრამ სამუშაო ოთახში რომ თავს გესხმიან, ამაზე რეაგირება არ უნდა ხდებოდეს?.. პოლიციელის ცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და შენ რომ თავს გესხმიან, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს? მაშინ ავტეხეთ განგაში, პეტიცია შევქმენით, მინისტრს მივწერეთ წერილი, აქცია ჩავატარეთ, სახალხო დამცველსაც მივწერეთ. რეაგირება არ იყო. არადა, სახელმწიფო უნდა იყოს შენ გვერდით.

- როცა შემაკავებელი ორდერი გამოცემულია, აღსრულება ვის ევალება?

- სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენ გვევალება. მსგავსი ვალდებულება აქვს პოლიციასაც, თანაბრად არიან ჩართულები, მაგრამ რა მოხდა? ჯოხი სოცმუშაკებზე გადატყდა და არავის გახსენებია პოლიცია. გვეუბნებოდნენ, 2020 წელს შემოვა "სოციალური მუშაკის კანონიო", მაგრამ ბიუროკრატიას რომ მიხედონ, ეს მაინც ხომ შეუძლიათ? ბენეფიციარის ინტერესები უნდა იყოს წინა ხაზზე. თუ 6 საათის შემდეგ გიწევს შემთხვევაზე გასვლა და გამოსაყვანია ბავშვი, მანქანის გამოყოფაც კი არ შეუძლიათ. უნდა გაიარო ბევრი ბიუროკრატიული საფეხური, რომ მანქანა მოგცენ. მერე გვიწევს პოლიციისთვის თხოვნა, რომ დაგვეხმარონ. ასეთი რამეების მოგვარება მაინც ხომ შეიძლება?

დღეის მდგომარეობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების ვალდებულებაა: აწარმოონ სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული არასრულწლოვნების საქმეები (რეინტეგრაცია/მინდობით აღზრდა), დღის ცენტრის, ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, სათემო ორგანიზაციების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ქვეპროგრამებში ჩართვა, მონიტორინგის; მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭერის, შვილად აყვანის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის, ოჯახური დავების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, საპროცესო წარმომადგენლობის, გადაუდებელად შესასწავლი შემთხვევების, მიმღებ მშობლად/მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახალხო დამცველის, შსს და სხვა უწყებების მომართვებზე რეაგირების განხორციელება და მონიტორინგი. შესაბამის მომსახურებებში ჩართვასთან დაკავშირებით არამატერიალიზებული ვაუჩერის ბეჭდვა, პროგრამებში ჩართვის გადაწყვეტილებების და რეესტრების მომზადება/მონიტორინგი, ასევე, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებული მოქალაქეთა კონსულტირება და განცხადებების მიღება.

ჩვენი ინფორმაციით, ახლა უკვე მეორე უკიდურესობის წინაშე აღმოჩნდნენ სოციალური მუშაკები: ნინო ზალინაშვილის დაღუპვის შემდეგ ძალოვანები უფრო ფრთხილობენ. გამოძახებაზე მისულ სამართალდამცავებს ბავშვები მასობრივად გამოჰყავთ ოჯახებიდან და სოციალური მუშაკებისგან ითხოვენ მიმღებ ოჯახებში მათ მოთავსებას. ახლა უკვე მიმღები ოჯახების დეფიციტი შეიქმნა ქვეყანაში და ახალი თავსატეხი გაუჩნდათ სოციალურ მუშაკებს, სად გადაიყვანონ ბავშვები. პრობლემა მწვავეა, იმედია, ამჯერად მაინც ხმას მიაწვდენენ ხელისუფლებას, რომლებიც სასწრაფოდ დაიწყებენ ამ პრობლემების მოგვარებას.

თეა ხურცილავა