ემიგრანტების პასუხი სააკაშვილსა და კვიციანს - გზაპრესი

ემიგრანტების პასუხი სააკაშვილსა და კვიციანს

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სხვადასხვა ქვეყანაში, წლობით გადახვეწილ ემიგრანტებს ჯერ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა ფული, შემდეგ კი პარლამენტარმა - ემზარ კვიციანმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოძრაობის - "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა. სულ ახლახან კი ბელგიის ქალაქ ლიეჟიდან მოუწოდა ემიგრანტებს, ფული შეუგროვონ, რომ ზაფხულამდე სამშობლოში დაბრუნდეს. - თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო, სააკაშვილს არც კვიციანი ჩამორჩა და ემიგრანტებს ასეთი იდეა შესთავაზა: "ჩვენ დავაფუძნებთ ორგანიზაციას, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახების შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება. ამისთვის იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აიყვანენ აღრიცხვაზე და მათ დაეხმარებიან. სიმულანტობა არ იქნება, დაწერენ ფონდის სახელზე განცხადებას, დაქორწინებას ვაპირებთ და გთხოვთ დახმარებასო. იქნება პირველადი დახმარება, შემდეგ - ყველა ბავშვზე. ეს საქმიანობა კარგად გაპიარდება და მთელი საქართველო გაიგებს. ეს იქნება დახმარება მხოლოდ ქართველებისთვის".

ვნახოთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად ემიგრანტები.

GzaPressეკა ზამბახიძე, იტალია, ბარი:

- მანამდე არაფერი ჭამა კვიციანისა და სააკაშვილის პირმა, ვიდრე მე და ჩემმა მეგობრებმა მაგათ ფულები არ ვუგზავნოთ. მე აქ კაბინეტში კი არ ვზივარ, ფიზიკურად ვშრომობ, 25 წლის ვიყავი, როცა აქ წამოვედი, ახლა 38 წლის ვარ. იცით, რა პირობებში მიწევს ცხოვრება? ჩემი ახალგაზრდობა, დილიდან საღამომდე და ღამიდან დილამდე, ჩავარდნილი მოხუცის ყურებასა და მოვლაში მაქვს გატარებული. იმედი მქონდა, ცოტა ხანს ვიწვალებ, გავიჭირვებ, მერე ჩემს ქვეყანაშიც დალაგდება სიტუაცია და ჩემი მშობლებიც შეძლებენ თავიანთი თავის რჩენას, მეც გარკვეულ თანხას დავაგროვებ და დავბრუნდები-მეთქი. შენც არ მომიკვდე, ჯერ სააკაშვილის მუცელი არ გაძღა, ახლა ივანიშვილისა და მისი დამქაშების. საქართველო აღარ ეყოთ სახრავად და ახლა ჩვენ მოგვდგნენ? მე შეიძლება ჩემზე გაჭირვებულს დავეხმარო, იმათ, ვისაც საჭმელი, წამალი და თავზე ჭერი არა აქვს. ჩემი ქვეყნის ბიუჯეტით გამაძღარ პოლიტიკანებს ჩემს ნაწვალებ ფულს როგორ მივცემ? როგორ არ რცხვენიათ? ყველაზე დოვლათიან, უხვმოსავლიან ქვეყანას განვითარების შანსი არ მისცეს, ქვეყანა გამოხრეს ვირთხებივით, ახლა ჩვენს ჯიბეებს მოადგნენ?

მარიამ წერეთელი, საბერძნეთი, ათენი:

- მიშა მძულს ღორის გრიპივით. როდესაც მიჭირდა პედაგოგს, 170 ლარს (უმაღლესი ხელფასი მქონდა) და ობლებისთვის 14 ლარს მიხდიდა სააკაშვილი. მიხო, დღეს რა ნამუსით გვთხოვს ემიგრანტებს ფულს? დაგვხმარებოდა, გულთან მიეტანა ხალხის გაჭირვება, არ დაეწიოკებინა ქართველი ერი. არ წაერთმია ბიზნესი ხალხისთვის, არ ჩაეცხრილა ანგელოზი ბიჭები ქუჩაში, არ გაემწარებინა პატიმრების დედები... დენი და წყალი მოგვეცი, რაც ყველა განვითარებად ქვეყანაში აქვთ. საგარეო ვალების წყალობით თავად მილიარდერი გახდა, თავის "კიკუებს" უამრავი ოქრო და ბრილიანტი დაურიგა. ახლა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა გაისტუმრონ ის ვალები. აღიაროს, ვითომ ქვეყნის აყვავებაში ქართველ ხალხს რამდენი ფული მოუტეხა. სააკაშვილს აწყობდა რუსეთთან ომი, კარგად მოითბო ხელი. სად წავიდა მილიონობით ევრო? არ თქვას ახლა, გორელებს რომ ნიფნიფისა და ნაფნაფის სახლები აუშენა, იქ დაეხარჯა. მჯერა, რომ ჟვანიას მკვლელობა მის კისერზეა. მე არ მინდა მიშა სააკაშვილის ხილვა საქართველოში. არაფერი გამიკეთა, როცა მიჭირდა, სწორედ მან გამხადა ემიგრანტი, დამაშორა ჩემს შვილებს, დღემდე ვერ მოვფერებივარ ჩემს უნახავ შვილიშვილს. მე მძულს მიშა... თავად სოფლის ამომგდები გზირია, მისი მომხრეები კი სისხლის ნთხევის მოყვარულები!

სოსო ხოზევანიშვილი, რუსეთი:

- რა ფული უნდა გადავურიცხო ან სააკაშვილს, ან კვიციანს?! რაებს ბოდავენ? სინდისი საერთოდ აღარ აქვთ? თავად არიან გონებაჩლუნგები და ჰგონიათ, რომ ჩვენ აქ კაბინეტებში ვზივართ, ძვირად ღირებული ავტომობილებით დავდივართ, "ვგულაობთ" და ისე ვშოულობთ ფულს თუ ჩვენ ვგონივართ დებილები და ფიქრობენ, სისხლით, ოფლით, სიმწრით ნაშოვნ ფულს მაგათ ჩავუთვლით?! ალაოდ არიან, რა...

მეგი მებონია, საფრანგეთი:

- დამელოდონ ერთიცა და მეორეც, მალე ავიღებ პენსიას და ჩავურიცხავ 14-14 ლარს! ვაი მაგათ პატრონს. ესაა სულ ჩემი კომენტარი.

მანანა ცხომელიძე, ავსტრია, ლინცი:

- მაგ ავადმყოფებს ეს აზრი როგორ მოუვიდათ? კვიციანს გამდიდრება მოუნდა? რას ბოდავს, რა შეყვარებულების აღწერა, რა აგენტები... ჯერ ერთი იმ შეყვარებულ ახალგაზრდებს მშობლები არა ჰყავთ? მერე კიდევ ახალგაზრდები არიან, თავად იმუშაონ. თუ არც ახალგაზრდების შეწუხება უნდათ, არც სამუშაო ადგილების შექმნა, თავიანთი ნაპატივები ცოლები გამოუშვან ემიგრაციაში სამუშაოდ და მერე იმათ მოსთხოვონ სხვისი შვილების რჩენა. არა, ასეთი სისულელეების მთქმელი კაცი პარლამენტში როგორ უნდა იჯდეს? პარლამენტია თუ საგიჟეთი? ეგ კვიციანი ან გიჟია, ან ჩვენ გვაშაყირებს მაგრად. იმის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლება და კანონმდებლები იმაზე ფიქრობდნენ, ემიგრანტებს როგორღაც შეუმსუბუქონ მდგომარეობა და გასაძლისი მაინც გახადონ ჩვენი ყოფა, ასეთ სისულელეებს ლაპარაკობენ. თითოეული ემიგრანტი ან ბანკის ვალს იხდის, ან ავადმყოფ ოჯახის წევრს ინახავს. იცით, როგორ მენატრება ჩემი შვილები და შვილიშვილები? თითოეული აქ გატარებული დღე წამებაა ჩემთვის. სააკაშვილის, კვიციანისა და მათი მსგავსი მუქთახორებივით სასეირნოდ და დროს სატარებლად კი არ ვარ წამოსული. დაუღალავად, წელზე ფეხდადგმული ვშრომობ, რომ მაგათ მიერ დაქცეულ ქვეყანაში ჩემს ოჯახს საარსებო პირობები შევუქმნა. რამდენი ხანია ავად ვარ და ექიმთან ვერ მივდივარ. რამდენი ემიგრანტია ჩემსავით, იციან მაგ ყაჩაღებმა? იციან, რამდენი ქართველი მოკვდა უცხო მიწაზე, მშობლების მონატრებულები? კვიციანი უნდა ჩამოათრიო აქ და აცვლევინო მოხუცების პამპერსები, რომ დაეკარგოს სხვის ჯიბეში ფულების თვლის ხალისი.

მაკა ბეროშვილი, გერმანია, შტუტგარტი:

- გაოცებული ვარ... მძულს საქართველოს ხელისუფლება, ძველიც და ახალიც. რატომ? იმიტომ, რომ ძველმა ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, სწავლისთვის თავი დამენებებინა, უცხო მიწაზე, უცხო ხალხში გადმოვხვეწილიყავი და პროკურორის კარიერაზე მეოცნებე, ჩვეულებრივი მოახლე გავმხდარიყავი. ვაღიარებ, რომ სააკაშვილმა საქართველო სახელმწიფოდ აქცია, ინსტიტუტები შექმნა, კრიმინალი მოსპო, ჯარი ჯარს დაამსგავსა და პოლიცია პოლიციას, ბოლოს და ბოლოს, ხალხს შუქი, წყალი და გაზი მისცა. თუმცა, ისიც ხომ საკითხავია რის ხარჯზე, ან რის საფასურად გააკეთა ეს ყველაფერი? უცხოელებისთვის, დონორი ქვეყნების (და ჩვენთვისაც) მოსაჩვენებლად, ერთი კვირით გახსნილი საწარმოებიც კარგად მახსოვს და ღამით გადაფორმებული ბიზნესის შესახებაც არაერთხელ მსმენია. ვინ ნახა ხეირი სააკაშვილის "აღორძინებულ" ქვეყანაში? ისევ სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა. მე და ჩემნაირებს ისევ შიმშილით გვძვრებოდა სული და ისევ სიღატაკისგან დაღწევის გზებზე ვფიქრობდით. მე ვნახე ეს გზა. ჩემი ნაპოვნი გზა მძიმე, დამღლელი და არასასიამოვნოა, მაგრამ ძველებურად ღატაკი მაინც არ ვარ... მერე რა მოხდა? შეიცვალა ხელისუფლება, იმედი გამიჩნდა, რომ დიქტატურით, ქართველი ხალხის ცრემლებითა და სისხლით აშენებულ სახელმწიფოში, ახლა მაინც ეშველებოდა უბრალო ხალხს რამე. ყველაფერი პირიქით მოხდა, მიშას აშენებულიც კი ჩამოაქციეს, დაამხვეს, გაანადგურეს. ივანიშვილმა გასაოცარ დემოკრატიად მონათლა ის ამბავი, რომ თავის დამქაშების ბიუჯეტიდან ფულის ჭამის უფლება მისცა, მონოპოლიები გაჩნდა, კორუფცია ისევ მომძლავრდა და ხალხი კიდევ უფრო გაღატაკდა. ახლა ჩემს ოჯახს იმაზე მეტად უჭირს, ვიდრე სააკაშვილის დროს უჭირდა, მეტი ფულის გაგზავნა მიწევს იმისთვის, რომ თავი გაიტანონ. ივანიშვილის ხელისუფლებამ ის არ იკმარა, რომ ხალხი მოატყუა, არც სამუშაო ადგილები შექმნა, არც კომუნალური გადასახადები გააიაფა, არც პენსია გაზარდა და ემიგრანტებს მოგვდგნენ, სხვაგან არ ვიცი და გერმანიაში საქმე ძალიან გაგვიფუჭეს. წულუკიანმა იმდენი "იწანწალა" და იძახა, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ჩვენს თანამემამულეებს აქ არაფერი ემუქრებათო, გერმანელებმა ქართველების გამოყრა დაიწყეს. ახლა ათასნაირი ხლაფორთი მიწევს, რომ როგორმე დავრჩე აქ და ჩემს ოჯახს დავეხმარო. ამ ყველაფრის შემდეგ რომელ ჭკუათამყოფელს ჰგონია, რომ სიმწრით ნაშოვნ ფულს ან სააკაშვილს მივცემ, ან კვიციანს?

შორენა ფეიქრიშვილი, საბერძნეთი, სალონიკი:

- იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ არც სამუშაო მომცა, არც რაიმე სხვა გასაქანი, იძულებული გავხდი, ორი წლის შვილს ჩუმად გავპაროდი და აქ გადმოვხვეწილიყავი. იცით, რამდენი წლის სიცოცხლე მომაკლდა, როდესაც ჩემს კალთაში ნებივრად მძინარე, მოღიმარ შვილს დავყურებდი და ვფიქრობდი, რომ ამ ძვირფას სახეს დიდხანს ვეღარ ვნახავდი, რომ მის პატარა გულს როგორ ეტკინებოდა დედასთან განშორება... "სკაიპით" ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა... ახლა ის 10 წლისაა. ვგრძნობ, რომ ისე არ ვუყვარვარ, როგორც უნდა ვუყვარდე, მაგრამ ვერაფერში ვადანაშაულებ. გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ ის მაშინ დავტოვე, როდესაც ყველაზე მეტად უნდოდა ჩემი მოფერება, ჩახუტება... სითბო დავაკელი. ძალიან მინდა, ვკითხო სააკაშვილსა და კვიციანსაც, რამდენი ღამე ეძინათ თქვენს შვილებს, დედის მაგივრად ბალიშზე ჩახუტებულებს, რამდენჯერ გაიღვიძეს დილით იმ მოლოდინით, რომ დედის გაღიმებულ სახეს ამჯერად მაინც დაინახავდნენ? თქვენ ხვდებით, რას ითხოვთ? ჩვენს ფულს სისხლის, ცრემლების და ოფლის სუნი ასდის, ის თქვენ არ შეგერგებათ.

ხათუნა ბახტურიძე