რუსთაველი და ზესტაფონელი სპორტსმენების წარმატება - გზაპრესი

რუსთაველი და ზესტაფონელი სპორტსმენების წარმატება

WK-1 ფედერაციიდან ორთაბრძოლებში 2 რუსთაველი სპორტსმენი - გიორგი კობაური, მაქსიმ პეტრენკო და 1 ზესტაფონელი - გიორგი მშვილდაძე მონაწილეობდნენ. ქართველი სპორტსმენები თავიანთი მიღწევების შესახებ გვესაუბრნენ...

გიორგი კობაური, 17 წლის: - ბაქოში, შეჯიბრებაზე აზერბაიჯანელი მეტოქე შემხვდა. MMA-ში ვიჩხუბე და მეორე ადგილი დავიკავე: ჩემი შეცდომების გამო, 2 ქულით წავაგე.

- შეცდომების დაშვების მიზეზი რა იყო?

- პროფესიონალურ ჩხუბში პირველად ვმონაწილეობდი. ცოტათი ვინერვიულე და ეტყობა, შეცდომები ამიტომ დავუშვი. ჩემი მოწინააღმდეგე ჩემზე მეტად გამოცდილი იყო.

- რამდენი ხანია, რაც სპორტის ამ სახეობით ხარ დაკავებული?

- სპორტის ამ სახეობით წინათაც ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემდეგ, გარკვეული პრობლემების გამო, თავი დავანებე. ერთი წელია, რაც ვარჯიში განვაახლე.

- მეორე ადგილის დაკავების გამო, გულდაწყვეტილი ხარ?

- არა. უფრო მეტი სტიმული მომეცა, პირველი ადგილისთვის მეტი ვივარჯიშო და მეტს მივაღწიო...

- მაქსიმ, შენი წარმატების შესახებ გვიამბე...

GzaPress მაქსიმ პეტრენკო, 13 წლის: - ბაქოში, K1-ში ვიჩხუბე. ჩემი მეტოქე აზერბაიჯანელი იყო. მოვიგე და ქამარი ავიღე.

- შენ არ ნერვიულობდი?

- ცოტათი.

- ეს შენთვის პირველი გამარჯვებაა?

- არა. საქართველოს, საერთაშორისო და ევრაზიის ჩემპიონი ვარ. სერიაში ვჩხუბობდი, ახლა უმაღლეს ლიგებში გადავედი.

- შეჯიბრებისთვის როგორ ემზადებით ხოლმე?

- დარბაზში 3-4 საათი ვვარჯიშობთ, კარგად რომ მოვემზადოთ.

გიორგი: - საერთოდ, 2 საათი ვვარჯიშობთ, მაგრამ როცა შეჯიბრებამდე 1 კვირა რჩება, სავარჯიშო დროს ვამატებთ, უკეთესი შედეგის მისაღწევად. ერთმანეთს ვეხმარებით, შეცდომებს ვუხსნით.

- ბაქოში, შეჯიბრებაზე ერთმანეთს როგორ გულშემატკივრობდით?

- პირველად მაქსმა იჩხუბა. მე ვიდეოს ვუღებდი და ვუყვიროდი: - მიდი, მაქს, მიდი ბოლომდე, არ დაინდო-მეთქი. მერე შეჯიბრებაზე მე გავედი... მაქს, ყვიროდი თუ არა?

მაქსიმი: - ვყვიროდი? შენი სეკუნდანტიც ვიყავი, რინგზე შემოვედი, გაგამხნევე და გავედი.

- როგორი რეჟიმი გაქვთ?

GzaPressგიორგი: - დილით 7 საათზე ვდგები და ვარჯიშს ვიწყებ.

მაქსიმი: - მე 5-ის ნახევარზე ვდგები, გავიწელები, მერე - მე და ჩემი მასწავლებელი სავარჯიშოდ მივდივართ. გიორგიც მოდის.

გიორგი: - 8-მდე ან 9-ის ნახევრამდე ვვარჯიშობთ.

მაქსიმი: - მერე, როცა სკოლიდან ვბრუნდებით, კიდევ ვვარჯიშობთ. საღამოობით სავარჯიშოდ დარბაზში მივდივართ. მანამდე სახლში ან გარეთ ვვარჯიშობთ - გააჩნია, როგორი ამინდია.

- გიორგი, მაქსი 5 საათზე რატომ იწყებს ვარჯიშს, შენ კი - 7-ზე?

გიორგი: - ვერ ვიღვიძებ, უფრო ხანგრძლივი დასვენება მჭირდება (იცინის). დილით სავარჯიშოდ 1 საათი ან საათ-ნახევარი მყოფნის. მერე სკოლაში წასვლის დრო დგება და რეჟიმში ვერ ვეტევი...

- მაქს, დროს ასე კარგად როგორ ანაწილებ?

მაქსიმი: - ეს მასწავლებლის დამსახურებაა.

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- არც ისე კარგად. შეიძლება ითქვას, რომ - საშუალოდ. Mმასწავლებლები მხარს მიჭერენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

- გიორგი, შენ როგორ სწავლობ?

გიორგი: - ვერ ვიტყვი, რომ გასაგიჟებლად. Nნორმალურად ვსწავლობ.

- სპორტით თქვენი გატაცების მიმართ მშობლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- ჩემი ინტერესით კმაყოფილები არიან. სურთ, წარმატებას მივაღწიოთ და საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ.

მაქსიმი: - მშობლები მხარს მიჭერენ. თავადაც უნდოდათ, რომ სპორტის ამ სახეობას გავყოლოდი.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ირანში გასამგზავრებლად ვემზადებით. იქ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. იქიდან დაბრუნების შემდეგ, 1 კვირაში ისევ შეჯიბრება (MMA-ში) გვაქვს, ოღონდ - ბაქოში. იქ ფულზე ვიჩხუბებთ. ასეთ შეჯიბრებაში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ფულს მივიღებთ, პირველად ვმონაწილეობთ. მანამდე შესაბამისი ეტაპები უნდა გაგვევლო. ეს ეტაპები გავიარე.

- გამარჯვებისთვის თანხა თქვენთვის დიდი მოტივაციაა?

- ფულს მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებაში გამარჯვებაა.

გიორგი: - კი, გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფულიც მოტივაციაა, რომ მეტოქეს მოუგო, წარმატებას მიაღწიო...

გიორგი მშვილდაძე, 24 წლის: - ბაქოში, პროფესიონალურ შეჯიბრებაში (MMA) ირანელ მებრძოლს შევხვდი. ტექნიკური ნოკდაუნით მოვიგე - პირველი ადგილი დავიკავე. ძალიან მონდომებული ვიყავი. შეჯიბრებამდე ბევრს ვვარჯიშობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გახარებული ვარ. 8 წელიწადია, რაც ვვარჯიშობ. ზესტაფონში ვცხოვრობ. ნოდარ გიორგაძე გვავარჯიშებს, დატვირთული რეჟიმი გვაქვს. ძალიან მომთხოვნი მასწავლებელია. ბავშვები ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ და მასწავლებელი არ გავაბრაზოთ. ჩემი მიზანია, წარჩინებული სპორტსმენი გავხდე. ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ - მივლიან, მეხმარებიან, კარგად მეპყრობიან... ახლა თეირანში გასამგზავრებლად ვემზადები და ბევრს ვვარჯიშობ.

სოსო გელაშვილი, საქართველოს ჭK-1 პროფესიონალური ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი:

- ქართველი მებრძოლების შედეგებით კმაყოფილები ვართ: ბაქოში გამართულ ტურნირზე, ორმა პირველი ადგილი დაიკავა, ერთმა - მეორე. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული, კარგადაც მიგვიღეს. ახლა ირანში, თეირანში, მსოფლიო ჩემპიონატზე (სტილით - ტოკიმა) გამგზავრებას ვაპირებთ, სადაც დაახლოებით, 45 ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. ჩვენი ქვეყნიდან მებრძოლებს მხოლოდ ჩვენი ფედერაციიდან წარვადგენთ. შემდეგ, 2 კვირაში, ბიჭებს უმაღლეს ლიგაში თანხებისთვის ბრძოლა (შეჯიბრებას თავისუფალი ბრძოლების ფედერაცია ატარებს) ელით. პრიზი 500 დოლარი იქნება. ქართველი მებრძოლები პირველად მიიღებენ მონაწილეობას. შედეგებს დაველოდოთ... მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ქალაქ რუსთავის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორს - ქალბატონ ლელა ქურდაძეს, სასწავლო ნაწილის გამგეს - ასმათ დუგლაძეს, პედაგოგს (კლასის დამრიგებელს) - ეკატერინე ღუღუნიშვილს და ამავე სკოლის აღსაზრდელ მაქსიმ პეტრენკოს. ასევე, ზესტაფონელი სპორტსმენის აღზრდისთვის ნოდარ გიორგაძის მადლიერი ვარ.

ეთო ყორღანაშვილი