აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - გზაპრესი

აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება

რამდენიმე დღის წინ, გალის რაიონში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, აფხაზური მხარის ინიციატივით, საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორის "სახელმწიფო ელექტროსისტემის" (სსე) და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) პირველ პირებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.

თემა ზამთრის პერიოდისთვის ტრადიციული იყო - აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება, უმძიმესი ენერგოკრიზისი და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კლება, რამაც შესაძლოა, ოკუპირებული რეგიონი დენის გარეშე დატოვოს.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს კომპანია "ჩერნომორენერგოს" ორგანიზებულ შეხვედრაზე აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას, "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ განაცხადა, რომ წყლის დონე იმდენად კრიტიკულ ზღვარზეა, შესაძლოა, ელექტროსადგურმა 2019 წლის მარტში მუშაობა შეწყვიტოს:

"ახლა წყალსაცავის დონე მინიმალურად დაბალ ნიშნულზეა ანუ საექსპლუატაციო ნიშნულზე, 440 მეტრზე ქვემოთ. ავარიული მარაგი 18 მეტრის ფარგლებშია, ანუ დაახლოებით 100 მილიონი კილოვატსაათია შემოდინებული წყლის მარაგის გარეშე... ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთი დაახლოებით 7,8 მილიონ კილოვატსაათს მოიხმარს დღე-ღამეში. წყლის დონე "ენგურჰესში" ყოველდღიურად 1 მეტრით მცირდება და თუ ასე გაგრძელდება, 2019 წლის მარტში ჰიდროელექტროსადგური შეჩერდება". - აცხადებს მებონია, რომლის თქმითაც, აფხაზეთი იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისის თითქმის ნახევარმილიონიანი მოსახლეობა.

მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ზამთარია, რა დროსაც ის მთლიანად დენის მოხმარებაზეა გადასული, განსხვავებით ენგურს აქეთა საქართველოსგან, სადაც გასათბობად და სხვა მოხმარებისთვის, სხვა საშუალებებიც გამოიყენება...

საიდან იღებს პრობლემა სათავეს?

საქმე ის არის, რომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან მალევე, 1993 წლის 30 სექტემბრიდან, თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა. "ენგურჰესის" სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზეა, კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი - წალენჯიხის რაიონში. 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით, ოკუპანტებსა და სეპარატისტებს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღოთ, თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით, ზამთარში, დენის 100% მიაქვთ და მაინც არ ჰყოფნით. ბოლო 12 წლის მანძილზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 800 მლნ კილოვატსაათით გაიზარდა და წელიწადში უკვე 2 მლრდ კილოვატსაათს მიაღწია, რაც იმით არის განპირობებული, რომ რეგიონში ბუნებრივი აირი არ არის და მთელი დატვირთვა მხოლოდ ელექტროენერგიაზე მოდის და გარდა ამისა, დენი პრაქტიკულად, უფასოა.

ამასთან, "ენგურჰესის" "უფასო დენს" აფხაზეთში მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის არმიის საოკუპაციო ბაზები, ოჩამჩირის სამხედრო პორტი და ბოლო წლებში მომრავლებული, კრიპტოვალუტის მაინინგფერმებიც მოიხმარენ. ამას ემატება რუსეთიდან და ბოლო წლებში თურქეთიდან ჩასული ბიზნესმენები და მცირე მეწარმეები, რომელთათვისაც იქ ბიზნესის წარმოება, პრაქტიკულად დენის გადასახადის არარსებობის გამო ძალზე ხელსაყრელია. ასე რომ, 25 წელზე მეტია, საქართველოს სახელმწიფო რეგიონში მოხმარებული ენერგიის საფასურს ფარავს... ამას ემატება "ენგურჰესის" ძვირად ღირებული რეაბილიტაციის ხარჯიც.

ქართული მხარე და ენერგეტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს რაიმე სახის მექანიზმი, რათა აფხაზური მხარის მაქსიმალური დანახარჯი ლიმიტირებული იყოს, რეგიონში დენის მოხმარების ზრდა შეჩერდეს და შემდეგ პრობლემა კომპლექსურად გადაწყდეს. სხვა შემთხვევაში, რეგიონს ჩაბნელება ემუქრება. ამას სჭირდება ნაბიჯები, საერთაშორისო, შიგა, პროპაგანდისტული - ყველანაირი ანუ ეს არ არის უიმედო საქმე. მოქმედებით ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე უმოქმედობით. ეს მოქმედება კი სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს.

1998 წელს, საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ელექტროენერგიის 40%, უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% კი - ქართულ მხარეს რჩება. აფხაზური მხარეც არ უარყოფს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია - ისინი დღეში 8 მლნ კილოვატსაათ ელექტროენერგიას იყენებენ და შესაბამისად, ბოლო წლებთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 55%-ით არის გაზრდილი. ზამთარში ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სარემონტო სამუშაოების გამო, "ენგურჰესი" გაჩერდება და აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

GzaPress თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტიკოსი: - აფხაზეთში უნდა შეიგნონ, რომ ელექტროენერგია უფასო არ არის, სხვა შემთხვევაში იქ დენის მოხმარების ზრდა ყოველდღიურად გაიზრდება და გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ და უფასოდ უნდა მივაწოდოთ. აფხაზები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ დენი ფული ღირს და უნდა გადაიხადონ. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთი მათ ელექტროენერგიას საფასურის გადახდის გარეშე არ მისცემს.

უფრო ადრე, იანვრის შუა რიცხვებში გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა, სადაც ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი განიხილეს, რომელიც რეგიონს თებერვალსა და მარტში ელოდა... შეხვედრის შემდეგ, "ენგურჰესის" ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ განაცხადა, რომ კაშხალის შეჩერება 2020 წლამდე არ იგეგმებოდა... როგორც ჩანს, ვითარება მალევე შეიცვალა.

გასაგებია, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფოებრივად თუ მივუდგებით, ვალდებული ვართ, მათზე ვიზრუნოთ, რასაც ისინი სათავისოდ ძალიან კარგად იყენებენ, მაგრამ ქართულმა მხარემ რაღაც მექანიზმი და ფორმა უნდა იპოვოს, თორემ ასე ვეღარ გაგრძელდება.

apsnylife.ru-ის ცნობით, წყალსაცავში წლის დონის ვარდნას ენერგეტიკოსები უნალექო ზამთარსა და აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას უკავშირებენ. საქმე ის არის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მუდმივად აკრიტიკებს დენის დაბალ ძაბვას, რის გამოც, ხშირად ფუჭდება ტექნიკა.

აფხაზური მედია და ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად, ჩიხში აღმოჩნდნენ, რაც ბევრი მიზეზით არის გამოწვეული. კერძოდ, აფხაზეთში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელსაც ელექტროენერგიით ვითომ "რაო ესი" ამარაგებს და მის საფასურს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფარავს, სინამდვილეში, ქართული მხარის მიერ იფარება.

აფხაზეთის, ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა დენს პრაქტიკულად უფასოდ, სიმბოლურ ფასად მოიხმარს, მათ საფასურის დაწესება შეუძლებლად მიაჩნიათ, რადგან მძიმე სოციალური ფონის გამო, ისინი კომუნალური გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. აფხაზების ერთი ნაწილის თქმით, "საქართველო "რატომღაც" ვალდებულია, დენის საფასური უხადოს", თუმცა, სხვები მიიჩნევენ, რომ ეს სამარცხვინოა და თუ ასე გაგრძელდა, "აფხაზეთში ვერასდროს გაჩნდება სახელმწიფოებრივი ნიშნები".

აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გამოსავლის ძიებაში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადებით, ელექტროენერგიის დეფიციტის საშიშროება არსებობს, თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაში მათ დენით "სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი" დაეხმარება, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და შესაძლოა, უარიც მიიღონ.

"ვითარება იმან გაართულა, რომ წლევანდელი ზამთარი უხვი ნალექით არ გამოირჩეოდა, რამაც დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა. 2017 წელს ჩვენ შევეცადეთ გარკვეული გრაფიკი დაგვეწესებინა: დილას 1, საღამოს კი 2 საათით ვთიშავდით დენს, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან მოსახლეობას სხვა გასართობი საშუალება და ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ალტერნატივა არა აქვს. ამასთან, მათი თქმით, ისედაც დენის დაბალი ძაბვის ფონზე, გრაფიკის შემოტანა უარყოფითად აისახა ტურიზმის სფეროზე. უამრავმა ადამიანმა აფხაზეთში დასვენება გადაიფიქრა და რუსეთში დაბრუნდა, ამიტომ 2017 წელს დაწესებული გრაფიკი გავაუქმეთ...

ჩვენ უკვე მივმართეთ სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს, ერთად შევიმუშაოთ რაღაც გზები, მათგან თუნდაც საწყის ეტაპზე დენი შეღავათიან ფასში შევისყიდოთ, შემდეგ კი თანდათან ყველაფერი დალაგდება... ვნახოთ, რა მოხდება, მთავარია, რეგიონში დენი არ გაითიშოს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს", - აცხადებს ბასარია.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში "ენგურჰესმა" და "ვარდნილჰესმა" 265,056 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა კი 254,333 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიყენა.

ლალი პაპასკირი