სჭირდებათ თუ არა ქართველებს უმუშევრობის კომპენსაცია? - გზაპრესი

სჭირდებათ თუ არა ქართველებს უმუშევრობის კომპენსაცია?

ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას, უმუშევრობაა. დღეს ჩვენთან სამუშაო ძალის 13,9% უმუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი არცთუ ისე მაღალი ჩანს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს უმუშევრად მიიჩნევს და ეს მიზერული, მწირი ანაზღაურების ბრალია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 140 ათასზე მეტი უმუშევარია, ამიტომ, უკვე წლებია, რაც მთავრობა და არასამთავრობო სექტორი უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებაზე მსჯელობენ. ორიოდე წლის წინ, ამგვარი ინიციატივით საქართველოს პროფკავშირები და ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო გამოვიდნენ, რამდენიმე დღის წინ კი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ - რომან კაკულიამ განაცხადა, რომ საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღება აუცილებელია: "ვფიქრობ, თუნდაც სიმბოლურად, უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია. თუ მომავალში ამის შესაძლებლობა გაჩნდება, მივესალმები... ამ საკითხზე კომუნიკაცია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან უკვე მქონდა" - აცხადებს ის. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ პარლამენტარის ინიციატივაზე ქართველი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები:

GzaPress

ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი:

- რა თქმა უნდა, უმუშევრობის კომპენსაცია სასურველია, მაგრამ თუ ეს ნორმალური თანხა იქნება, იცოდეთ, რომ ნახევარი საქართველო აღარ იმუშავებს. რატომ? - მე მყავს ნაცნობები, რომლებსაც ძალიან უნდათ ნორმალური სამსახურის შოვნა, ეძებენ, რეკავენ ვაკანსიებზე, რომელიც ინტერნეტშია გამოქვეყნებული, მაგრამ ყველგან არაადამიანური, უსინდისო პირობები ხვდებათ, რაზეც უარს ამბობენ. ათი საათის განმავლობაში ფეხზე რომ უნდა იდგე და დღის ბოლოს მხოლოდ 15 ლარი უნდა გადაგიხადონ - მიპასუხეთ, რას ჰგავს ეს?! ადამიანს ძალიან უნდა უჭირდეს, რომ ასეთ არაადამიანურ პირობებს შეეგუოს. ამიტომ, თუ უმუშევრობის კომპენსაცია იმდენი იქნება, რომ ადამიანი შეძლებს თუნდაც პურით და შემწვარი კარტოფილით თავი შეინახოს, ძალიან ბევრი არ იმუშავებს. რაღაც გონივრული პოლიტიკაა საჭირო, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს. მაგალითად, მე გამიგია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ქარხნები და ფაბრიკები შაბათ-კვირასაც არ ჩერდებიან და იქ უმუშევრები მუშაობენ, ამით ორი კარგი საქმე კეთდება: ქვეყანაში დამატებითი დოვლათი იქმნება და ხალხიც დასაქმებულია. ჩვენც უნდა მოვახერხოთ და ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ.

GzaPressლაშა ტუღუში, მედიაექსპერტი: - უმუშევართათვის კომპენსაციის დანიშვნა კარგია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ იდეა და ჩანაფიქრია. მსგავსი იდეები რომ რეალური გახდეს, ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. თუ ხელისუფლება საამისო პოტენციალს ხედავს, მაშინ შესაბამისი არგუმენტებიც უნდა წარმოადგინოს, მაგრამ თუ ამას ზოგადად ამბობენ, მაშინ სხვა საქმეა. ლამაზი იდეები ერთია და რეალური ცხოვრება - სულ სხვა. სამწუხაროდ, შეიძლება იდეა საინტერესო იყოს, მაგრამ მას შესრულება უნდა. ასე არჩევნების პერიოდში ხალხს პენსიის მომატებასაც ჰპირდებიან, მაგრამ ეს პენსიონერთა ხმების მიღებაზეა გათვლილი. ასეთი განცხადებები რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, როდესაც ლამის ნახევარი საქართველო უმუშევარია. მაშინ დაწერონ და დაასაბუთონ, რომ ქვეყანას ამის რესურსი აქვს. უმუშევრობის კომპენსაციას შვედეთშიც გასცემენ, მაგრამ იქ საამისო რესურსიც აქვთ. ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში ასეთი იდეები ვერ ხორციელდება და როგორც წესი, მხოლოდ პოპულიზმის დონეზე რჩება. თუ მიაჩნიათ, რომ ეს რეალურია, მაშინ უნდა დაასაბუთონ, როგორ აპირებენ მიზნის მიღწევას.

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი: - უმუშევრობა დღეს ჩვენთვის ურთულესი პრობლემაა: ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და უმუშევრები რჩებიან, ან სულ სხვა პროფილით მუშაობენ. ასევე ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სამსახური ამა თუ იმ მიზეზის გამო დაკარგა. ცხადია, სახელმწიფოც დაინტერესებულია, რომ ამ ადამიანების პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ უმუშევრებს კომპენსაციას ვინ მისცემს - საქართველო ხომ ღარიბი ქვეყანაა? ძალიან ბევრ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს და რამდენიმე სულს ინახავს. ჩემს მაგალითს გეტყვით: დღეს მე არ უნდა ვდარდობდე იმაზე, რომ ჩემი შვილი, ან შვილიშვილი უმუშევარია. როგორც გამორჩეული სტუდენტი, ჩემი შვილიშვილი აშშ-ში გაგზავნეს სასწავლებლად. მის სწავლას ამერიკა აფინანსებს, მაგრამ იქ ცხოვრება, კვება, წიგნები იმდენად ძვირი ჯდება, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შევზღუდე. სამ თეატრში ერთდროულად ვმუშაობ და ძალიან ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად სწავლობს, გარანტია არა მაქვს, აქ რომ ჩამოვა, ღირსეული სამუშაო და ნორმალური ანაზღაურება ექნება. სანამ საქართველოში ადამიანის ცოდნა და პროფესიონალიზმი არ დაფასდება, ვერაფერი გვიშველის.

ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი, პროფესორი: - რა უნდა ვთქვა, როცა ქვეყანაში უმუშევრები კი არა, დასაქმებულებიც არ არიან დაცულნი? მოწინავე ქვეყნებში თუ ადამიანი დამატებით სამუშაოს შეასრულებს, დამატებით ანაზღაურებას აძლევენ, ამის გარეშე დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩვენთან რა ხდება? - იმის გამო, რომ მიზერული ანაზღაურება არ ჰყოფნის, ადამიანი თავს იტვირთავს და ხშირად 2-3 კაცის საქმეს ასრულებს. როცა ასე აღარ იქნება, როცა ერთი დასაქმებული რამდენიმე ადამიანის საქმეს აღარ გააკეთებს, იქნებ, ახალი სამუშაო ადგილებიც გამოჩნდეს? ჩემი აზრით, ჯერ მათი უფლებები უნდა იყოს დაცული, ვინც დოვლათს ქმნის, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის და ამით ქვეყანას აცოცხლებს. ისინი ქართულ სახელმწიფოს არჩენენ და ფუნდამენტს უქმნიან. როდესაც მათი პრობლემები მოწესრიგდება, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ უმუშევართა კომპენსაციაზე. დღეს საქართველოში "დასაქმებულებს" ისეთ ადამიანებს ეძახიან, ვისი ხელფასიც სოციალური დახმარების ტოლფასია. ბევრი ამის გამო სამსახურის დაწყებას თავს არიდებს. როდესაც სახელმწიფოში დასაქმებულთა უფლებები დაცულია, ასეთი სახელმწიფო უმუშევრებსაც მიხედავს. ევროპამ სწორედ დასაქმებულთა უფლებების დაცვით დაიწყო. დღეს უმუშევრობის კომპენსაცია თითქმის ყველა მოწინავე ქვეყანაშია, მაგრამ ყველგან საკმაოდ მკაცრი წესი მოქმედებს: სახელმწიფო უმუშევარს სამსახურს სთავაზობს და თუ ის უარს იტყვის და არ იმუშავებს, უმუშევრობის კომპენსაციას მალევე უხსნიან.

გელა სამხარაული, საქართველოს პარლამენტის წევრი: - ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენი ეკონომიკა ამდენს ვერ შეძლებს, მაგრამ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის მიღწევა შეიძლება. საარსებო მინიმუმი ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა საჭირო. ჯერ საქართველოს ეკონომიკა უნდა იყოს ძლიერი, რომ უმუშევრობის კომპენსაცია დააფინანსოს, თანაც, ეს წამახალისებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს საიმისოდ, რომ ადამიანმა აღარ იმუშაოს. უმუშევრობის კომპენსაცია უნდა იყოს მინიმუმი, რომელიც ადამიანს არსებობის საშუალებას მისცემს. მერე კი, მანვე უნდა გადაწყვიტოს - რა ჯობია, შრომა და ღირსეული ანაზღაურება თუ სხვის ხარჯზე ცხოვრება?

GzaPressსოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - უმუშევრობის კომპენსაცია საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ატრიბუტია, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს. ყველა განვითარებული ქვეყანა უზრუნველყოფს სამუშაოდან დათხოვნილ ადამიანებს და თუ საბაზრო ეკონომიკის წესებს ვემორჩილებით, ეს უნდა იყოს ორიენტირი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. მე არ ვამბობ, რომ უმუშევრობის კომპენსაცია დღეს ან ხვალ უნდა შემოვიღოთ, მაგრამ მასზე უარის თქმაც არ ივარგებს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა საქართველოს ცივილიზებული სახელმწიფო ერქვას, ამ ტიპის კომპენსაციაზეც უნდა ვიზრუნოთ. თუ ვიფიქრებთ, რომ საამისო რესურსი არ გვაქვს, მიზნის მიღწევას ვერასდროს შევძლებთ, მაგრამ თუ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მაშინ ყველაფერი გაგვიადვილდება. მართალია, შვედეთს და სკანდინავიის ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ ქართულმა სახელმწიფომ უმუშევრებისთვის შემწეობის გაცემა ადრე თუ გვიან მაინც უნდა შეძლოს. მით უმეტეს, უმუშევრობის კომპენსაცია არ არის მუდმივი, ეს - დროებითი დახმარებაა. თუ აშშ-ის მაგალითს ავიღებთ, იქ ამგვარ დახმარებას ნიშნავენ არა უმეტეს 26 კვირისა. კომპენსაცია არცთუ ისე მცირე უნდა იყოს, რომ ადამიანმა არსებობა ვერ შეძლოს და არც ისე დიდი, რომ სამუშაოს პოვნის სურვილი დაეკარგოს. ეს "ოქროს შუალედიც" მოსაძებნია. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელიც ქვეყანაში უმუშევართა პრობლემას მოაგვარებს - ეს - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაა.

ხათუნა ჩიგოგიძე