განათლების რეფორმა - წინ გადადგმული ნაბიჯი თუ შეცდომა? - გზაპრესი

განათლების რეფორმა - წინ გადადგმული ნაბიჯი თუ შეცდომა?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სისტემაში რეფორმები დაიწყო და მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სისტემაში ფრაგმენტულ ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს. შესაბამისად, აუცილებელია სისტემის სრული ტრანსფორმაცია, რაც განათლების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს.

"ჩვენი მიზანი არ არის პოპულისტური გადაწყვეტილებები. ჩვენი მიზანია ერთიანი სისტემის ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი შვილებისა და ქვეყნის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. ამ პროცესში ყველა სეგმენტის ჩართულობა, ყველა კრიტიკული აზრისა და რჩევის მოსმენა აუცილებელი და გასათვალისწინებელია", - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

როგორც ირკვევა, ყველა საფეხურსა და მეცნიერებაში აპირებენ განათლების რეფორმას. ძირითადი მიმართულებებია: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ეროვნული გამოცდები, პროფესიული განათლება, მეცნიერება და ინფრასტრუქტურული პროექტები. ეტაპობრივად დაიწყება ეს ცვლილებები ამ მიმართულებებით.

უკვე ცნობილია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განათლების სქემაში შევიდა ცვლილებები: მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება. ამბობენ, რომ ამით ბიუროკრატიული ფორმები აღმოიფხვრება და მასწავლებლისთვის საგაკვეთილო პროცესი უფრო მნიშვნელოვანი იქნება და არა - ქაღალდები. უქმდება თვით შეფასების კითხვარი და ეს გახდება ნებაყოფლობითი. ასევე უქმდება პორტფოლიო, რომლის შესავსებადაც დიდ დროს ხარჯავდნენ პედაგოგები. მასწავლებლის კვალიფიკაციის შესამოწმებლად, ასევე სტატუსის მისაღებად პედაგოგებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ისევ მოუწევთ, თუმცა ეს გამოცდები უფრო განსხვავებული იქნება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რას ცვლიან ამ კუთხით და განსხვავებულში რას გულისხმობენ.

GzaPressმინისტრის განცხადებამ ყველაზე მეტად მოსწავლეები გაახარა. უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება მეთერთმეტეკლასელებისთვის, ხოლო 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. სამინისტროს განმარტებით, უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ. ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები კი ყველასთვის სავალდებულო იქნება. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

"ჩვენი და საერთაშორისო კვლევებითა და შეფასებით, ბოლო კლასებში დარღვეულია სასწავლო პროცესი, რაც სწავლების მნიშვნელოვანი ხარვეზია. სკოლა უნდა ასრულებდეს სკოლის როლს და ჩვენი მთავარი ხედვა არის სკოლის როლის გაძლიერება. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რადგან სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე", - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი. მინისტრის თქმით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კვლევებით, სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასამდე მძიმე, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შემდგომ კლასებში, როცა გამოცდებისთვის იწყებენ მზადებას.

"სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისთვის, როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები კორუფციისგან. ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი. ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რაც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. ჩრდილოვან განათლებაში მშობლები იხდიან ასობით მილიონ ლარს და ეს ყველაფერი მიმართული არ არის განვითარებისკენ... ჩვენი რეფორმა მიმართულია იქით, რომ გაძლიერდეს სკოლა და მშობელი დავიცვათ კორუფციისგან", - აღნიშნა მინისტრმა.

ექსპერტების ნაწილი მიესალმება ამ ცვლილებს.

"ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა XI და XII კლასებში გამოცდების გაუქმება. თავად გამოცდების ფორმატი ძალზე შეზღუდული იყო. ეს არ იყო საკმარისი, რომ რეალურად განგვესაზღვრა, რამდენად საფუძვლიან ცოდნას აძლევდა სკოლა მოწაფეს. გარდა ამისა, განათლების დაკავშირება გამოცდის ჩაბარებასთან მცდარ წარმოდგენას ეფუძნება. თუ ცოდნის მიღება მოწაფის შინაგანი მოტივაციით არ არის ნაკარნახები, ის ღირებულ შედეგს ვერ მოიტანს. მხოლოდ ნიშნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად მიღებული ცოდნა ძალზე ზედაპირული, დაქუცმაცებული და გამოცდის კედლებს გარეთ გამოუყენებელია. ასეთ პირობებში მიღებული ცოდნა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლის შინაგანი ძალების განვითარებას. დათრგუნვილი, არარეალიზებული შინაგანი ძალები კი უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესებზე", - ამბობს ექსპერტი თამარ ჯაყელი.

ამ ცვლილებას ეთანხმება კიდევ ერთი ექსპერტი, განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია:

"როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა, უსამართლო იყო. დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ იმით, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ, უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ და უფრო მდიდარ გარემოში იყვნენ დაბადებული. მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ისეთი ბარიერი, რაც მათ განათლებასთან არ იყო კავშირში. მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად, მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით, რაც გამოცდაზე ბარდებოდა. მარტივი მაგალითი: ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლას ვთავაზობდი, მუზეუმებში წავიყვან ბავშვებს და კლუბების დაარსებაში დავეხმარები-მეთქი და უარი მივიღე - გამოცდებისთვის ემზადებიან და ამისთვის დრო არა აქვთო. უნივერსიტეტების განვითარებისთვის საზიანოა, რომ აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს - ვერა. ეს საშუალებას არ აძლევს უნივერსიტეტს შეიმუშაოს შედარებით რთული პროგრამა, რადგან გარანტია არ არსებობს, რომ შესაბამისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს მიიღებს. ასევე, უნივერსიტეტს არა აქვს შესაძლებლობა, შეიმუშაოს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და შესაბამისი სტუდენტები შეარჩიოს. ყოველწლიურად ბაკალავრიატში პირველკურსელების საგრანტო დაფინანსებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე მაგალითად, გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტია. აქედან გამომდინარე, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ის ცვლილებები, რაც მოხდა, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, რომ რაღაც გაუმჯობესდეს".

სხვაგვარად ფიქრობს ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი:

GzaPress - "კატის" გამოცდები არაფრის მომცემი იყო. პირველი ორი წელი სააკაშვილის პერიოდში კარგად ჩატარდა და ბავშვები სკოლაში დააბრუნა, წიგნები ხელში აიღეს, მაგრამ შემდეგ უნდა მომხდარიყო გართულება გამოცდების, რაც არ მოხდა. ახლა რომ ამბობენ, ეს გამოცდები ცოდნას არ იძლეოდაო, როგორ მოგცემდა ცოდნას, როცა თავიდანვე ქულა ჰქონდა მოსწავლეს, როცა გამოცდაზე გადიოდა და ტესტში მოცემული 50 საკითხიდან დამატებით უნდა დაეგროვებინა ქულა. ხუთი ქულა კი არ უნდა ჰქონოდა მოსწავლეს, უნდა ჰქონოდა ნული ქულა და აქედან უნდა მომხდარიყო ამ ქულების დაგროვება, მაშინ მეტი ცოდნა ექნებოდათ. ვინც ამბობს, რომ "კატის" გამოცდები შედეგებზე არ აისახა, ეს სწორია. გამოცდები დიდი ხარვეზებით მიმდინარეობდა. მოდიოდა გაუმართავი ტესტები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნას ვემხრობი. რომელ ქვეყანაში დაამთავრებინებენ მოსწავლეს სკოლას ისე, რომ გამოცდები არ ჩააბაროს. ესენი ამბობენ, ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხდება ჩანაცვლება და გადაფარვაო, ვერანაირად ვერ მოხდება. ჯერ ერთი, 12 წელი რომ იარა სკოლაში ბავშვმა, ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ საშუალო სკოლის ატესტატი ეკუთვნის, რაც გამოცდების მეშვეობით ხდება. ბევრი ახალგაზრდა, რომელიც არ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის რა ხდება? იარა 12 წელი სკოლაში და კრება დარჩა მხიარული? წლევანდელ მეთორმეტეკლასელებს შარშან ორი გამოცდა მაინც აქვთ ჩაბარებული და ახლანდელ მეთერთმეტეკლასელებს არაფრის ჩაბარება არ მოუწევთ? დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ დარჩება. ეს გადაწყვეტილება ძალიან გაუხარდა მშობლების ნაწილს, მაგრამ სასიხარულო არაფერია. ეს გამოცდები მოხსნეს იმიტომ, რომ ხმები სჭირდებათ 2020 წელს, ხალხის მომადლიერება უნდა მმართველ პარტიას, რადგან იციან, საკმარისად დავარდნილია მათი რეიტინგი. რაც დატოვეს, იმ სამ საგანში გამოცდების მომზადება უნარებზე ძვირი ღირს. მითხარით, რაში დაზოგეს ფული? ჩვენ ვნახეთ, როცა "ნაციონალები" მოვიდნენ ხელისუფლებაში, მოხსნეს გამოცდები და დაცარიელდა საერთოდ სკოლა და შემდეგ იძულებული გახდნენ, 8 საგანში გამოცდები შემოეღოთ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, "ნაციონალების" ხელისუფლებას უნდოდა, უფრო სერიოზული გამოცდები და ერთიანი ეროვნული გამოცდების მოხსნა. უნდოდათ, სკოლაში ჩატარებულიყო საატესტატო გამოცდები და იმ 8 საგანს დაემატებოდა უნარებიც. ამ გამოცდებს ექნებოდა თავისი წონა და ატესტატის რეიტინგი გაიზრდებოდა, სკოლა გაძლიერდებოდა და ფასი დაედებოდა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არავინ გთხოვს ქიმიკოსობას, ბიოლოგობას, მაგრამ უნდა გქონდეს ელემენტარული ცოდნა, თუნდაც შენი სიცოცხლე დაიცვა და ბუნების კანონები მაინც იცოდე. ვეკითხები საზოგადოებას და მშობლებს: რა უნდათ, მარტო ქართული და ინგლისური? უმრავლესობას მოვუწოდებთ, თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი, ეს კანონი არ მიიღონ. თუ ეს მიიღეს, სკოლები ისევ დაიცლება და იძულებული გახდება მთავრობა, ისევ დაუბრუნდეს იმ ნაბიჯებს, რაც "ნაცმოძრაობამ" მაშინ გააკეთა, მაგრამ თაობები ხომ დაკარგა "ნაცმოძრაობამ", იგივე იქნება ახლაც. არავის მოსდის აზრი, პარლამენტში ვინმემ უთხრას ამ "ნაციონალებს", 2004 წელს რომ შევიდნენ სკოლაში, როცა დამანგრეველი რეფორმები დაიწყეს "ნაციონალებმა" და გააუქმეს გამოცდები, სწორედ ის ბავშვები ამთავრებენ სკოლას. ბოლო 3 წელია, იმატა ჩაჭრის ხარისხმაო. სწორედ იმიტომ, რომ მაშინ არ ისხდნენ სკოლაში ბავშვები. "ქართული ოცნება" არის ირიბად დამნაშავე ამაში, მაგრამ მთავარი დამნაშავე "ნაციონალები" არიან, მაშინ გამოცდები რომ გააუქმეს, იმიტომ. გამოშიგნეს ერთიანი სასწავლო გეგმა, ყველა საგანს დააკლეს საათები. მათი რეფორმების შედეგს ვიმკით ახლა და იმავეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც. - სამინისტრო აცხადებს, რომ კვლევა ჩატარდა და გამოვლინდა, უნარების გამოცდა არ იყო ღირებულიო.

- ამ კვლევის ყველა სიტყვა შევისწავლე. ამას კვლევა არ ჰქვია. ბატიაშვილი ამბობდა, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზატორები და ლექტორები მოვიწვიე და ისინი ატარებენ კვლევასო, არადა, წერია, რომ ერთმა ადამიანმა, ლელა ჩახაიამ ჩაატარა კვლევა. ვინ არის ეს ადამიანი? კვლევა სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ და არა - განათლების ექსპერტებმა. ან რომელი კვლევის ჩამტარებელია ეს ორგანიზაცია?

- უნივერსიტეტებს რომ მიეცემათ ავტონომია, ესეც არ მოგწონთ?

- სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამედიცინო უნივერსიტეტი ივსებოდა ყოველთვის სრულად. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტებში 80%-ია. კერძოებიდან დიდი მოთხოვნა იყო "თავისუფალ უნივერსიტეტზე", ყველა დანარჩენ უნივერსიტეტში ადგილები შეუვსებელი რჩებოდა და ისინი ნახევრად გაკოტრების პირას იყვნენ. ბოლო 10 წელია, ამ რეჟიმით არიან. ახლა სკოლა გააფარჩაკეს, არავინ ჩაიჭრება, ერთიანი ეროვნული გამოცდებიც გააფარჩაკეს, უნარები აღარ იქნება, მინიმალური ბარიერის შემთხვევაში ჩაირიცხებიან არარეიტინგულ, არაკონკურენტუნარიან უნივერსიტეტებში ეს დაბალქულიანი ბავშვები. ეს უნივერსიტეტები დასწევენ ბარიერს და "კატის" გამოცდას დაემსგავსება უმაღლესში გამოცდის ჩაბარება. ეს სკოლობანას თამაშს მაგონებს. მაფიოზური კლანური ინტერესები წამოიწია წინ, კერძო უნივერსიტეტები გააკეთებენ ფულს და ალბათ თვითონაც ჩაუჯდებიან წილში, სხვა აზრი არ არსებობს. იმ კითხვაზე პასუხი არ არის, რატომ მოხსნეს უნარები. დღემდე ვერ გაიგეს ვერც ბავშვებმა და ვერც მშობლებმა, რომ ზუსტად ის 8 საგანი უნდა ისწავლო კარგად. ამ საგნების ცოდნა გჭირდებოდა იმისთვის, ნიშანი რომ მიგეღო. მინისტრი ამბობს, I-VI კლასში კარგად გვაქვს საქმეო, არადა, საერთაშორისო კვლევები ამბობს, რომ წერა-კითხვა არ იციან ბავშვებმა და წაკითხულიდან აზრის გამოტანას ვერ ახერხებს 80%. ზუსტად დაწყებითებშია პრობლემა. 60 უნივერსიტეტი გაკოტრების პირასაა და ისინი იმ სამ გამოცდას კიდევ გამოცდას დაამატებენ? ეს ხომ აბსურდია. მეოთხე გამოცდას მხოლოდ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თუ დაამატებს, რადგან იქ დიდი კონკურსია და ყველაზე ნიჭიერები იქ მიდიან. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ზოგიერთი ფაკულტეტიც ალბათ დაამატებს თითო საგანს. დავუშვათ, ვაბარებ ბიოლოგიურზე, მათემატიკა უნდა ჩავაბარო და ბიოლოგია არ უნდა ჩავაბარო? მითხარით, ეს სწორია? ხალხნო, კიდევ ვერ გაითავისეთ, რა მოხდა. ამ რეფორმით სკოლა გაუქმებულია, უმაღლესი სასწავლებელი გაუქმებულია, მარტო მაფიოზური კლანი დარჩა და ამით კერძო სასწავლებლები იხეირებენ. ქვეყანაში სპეციალისტები არ იქნებიან. უვიცებს არც ბიზნესი აიყვანს და არც კერძო სექტორი და მოუწევთ უცხოელების დასაქმება. იმედი მაქვს, ეს მთავრობა მალე შეიცვლება, მათი რეიტინგი დაცემულია და სხვა ხელისუფლება რომ მოვა, აუცილებლად აღადგენს გამოცდებს. ასეთი უგუნური რეფორმების გამო "ნაციონალებმა" გაანადგურეს სისტემა, მერე აღადგინეს სასწრაფოდ გამოცდები. იმავეს აკეთებენ ესენი. ბატიაშვილის უკან ის ჯგუფი დგას, ვინც სააკაშვილის დროს ეს მავნებლური რეფორმები ჩაატარა. ვიმეორებ, ეს არის დამღუპველი. თეა ხურცილავა