რა დროს არ შეუძლია განქორწინება მამაკაცს? - გზაპრესი

რა დროს არ შეუძლია განქორწინება მამაკაცს?

საქართველოში არსებული კანონმდებლობით, საოჯახო დავები მარტივი არაა. მით უმეტეს, როცა საქმე განქორწინებას, ბავშვებზე ზრუნვასა და ალიმენტს ეხება. განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ორივე მშობელს გარკვეული უფლება-მოვალეობა ეკისრება. მშობლები ვალდებულნი არიან, ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, იზრუნონ მის აღზრდაზე და საამისოდ საჭირო პირობებიც შექმნან. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ნორმა, რა დროსაც ქმარს უფლება არა აქვს, განქორწინება მოითხოვოს.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინების შესახებ დეტალებზე ჩვენს კითხვებს იურისტი, დავით მუმლაძე პასუხობს.

- ბატონო დავით, როგორც ირკვევა, საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ არსებობს გარემოებები, როცა ქმარს განქორწინების მოთხოვნა არ შეუძლია.

- მოქმედი კანონმდებლობა იცნობს ქორწინების შეწყვეტის რამდენიმე ფორმას. კერძოდ, ქორწინება წყდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ორი პირის ნებაყოფლობითი კავშირია, კანონმდებელი გარკვეულ პირობებში ზღუდავს განქორწინების შესაძლებლობას. ცოლის ორსულობისა და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. პროცესის განმავლობაში სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად - გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, ამ შემთხვევაში ხდება განქორწინება. სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკაში ცოტაა შემთხვევა, როცა წყვილთა გადაწყვეტილება განქორწინებაზე შერიგებით დასრულებულა. მსგავსი შემთხვევა 5%-ია.

- რა სახის ქონებას ვერ გაიყოფს წყვილი განქორწინებისას?

- განქორწინებისას თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს, მოითხოვოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა. მეუღლეებს ეკუთვნით თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნახევარი. ქორწინებისას მიღებული ქონება მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა მატერიალურად ერთ-ერთი მეუღლე, მის შეძენაში. კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც, მიუხედავად მეუღლეთა მიერ ქონების თანაცხოვრების პერიოდში შეძენისა, ქონება მიიჩნევა ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად და არა - თანასაკუთრებად. მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს: 1) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; 2) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, იმ მეუღლის საკუთრებად ჩაითვლება, რომელიც ამ ნივთებით სარგებლობს. გარდა ამისა, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. როდესაც მეუღლეები ვერ თანხმდებიან თანასაკუთრების გაყოფაზე, დავას წყვეტს სასამართლო, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე.

- როგორ განისაზღვრება შვილისთვის ალიმენტის გადახდის ოდენობა?

- მოქმედი კანონმდებლობით, ალიმენტის კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, მისი განსაზღვრება დამოკიდებულია სასამართლოზე. სასამართლო ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. ალიმენტის დანიშვნისას თანხის დაკისრებას გარკვეული სახის გარემოებები განაპირობებს, როგორიცაა, მოსარჩელისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებები, მხარეთა ოჯახური მდგომარეობა. ამიტომ, მხარემ, რომელიც აპირებს საალიმენტო სარჩელის წარდგენას, სასამართლოს უნდა მიაწოდოს დამადასტურებელი მტკიცებულებები.

- თუ მამას არა აქვს ფიქსირებული შემოსავალი ან არ ირიცხება მის სახელზე უძრავი, ან მოძრავი ქონება, ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა?

- თუ მოსარჩელე სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მოპასუხეს ფიქსირებული შემოსავალი არა აქვს, სასამართლო მას მაინც აკისრებს ალიმენტის მინიმალურ ოდენობას, 150 ლარამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში კი დაეკისრება პასუხისმგებლობა. აღმასრულებელი ყველანაირ ბერკეტს იყენებს, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობა შესრულდეს.

- რა შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა და რა პროცედურები მიმდინარეობს სამართლებრივად?

- არის შემთხვევები, როცა მშობელი სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს, ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით ან ქრონიკული ალკოჰოლიკი, ან ნარკომანია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მშობელი ვალდებულია, სასამართლოს დაუსაბუთოს და დაამტკიცოს, რა მოქმედებით მიაყენა კანონიერმა წარმომადგენელმა არასრულწლოვანს ზიანი.

სასამართლოს აქვს უფლება და მოვალეა, გამოკითხოს ბავშვები, თუ როგორია მათი პოზიცია მშობლებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ გაირკვეს, რამდენად გულწრფელია ბავშვის პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე, პროცესში ჩართულია ფსიქოლოგი. სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ფსიქოლოგმა სწორად შეაფასოს ბავშვის გულწრფელობა, კონკრეტული პასუხის გაცემისას. ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვებზე კონკრეტული პირის გავლენა რომ გამოირიცხოს.

ნანა ჩხაიძე