პირად სარგებლობაში მყოფი მთავრობა თუ უმადური ხალხი - გზაპრესი

პირად სარგებლობაში მყოფი მთავრობა თუ უმადური ხალხი

შერჩევითი სამართალი, საბანკო რეგულაციები, ბიზნესის ტერორი, ხალხის გაღატაკება, გაზრდილი კრიმინალი, რუსული კვალი... ეს ის თემებია, რომლებზეც ბოლო დროს საზოგადოების დიდ ნაწილში კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. საზოგადოების ნაწილი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელიწადში "ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს მიიღებდნენ", დღეს იმედგაცრუებულია და ხელისუფლებას ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ კი უსამართლოდ ამუნათებს. რიგით მოქალაქეებთან ერთად, ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას, ბოლო დროს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც საკმაოდ ხშირად გამოხატავენ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, მწერალმა რატი ამაღლობელმა საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "არ მთავრდება ივანიშვილის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სიღარიბით მანიპულაცია. არჩევნების დროს, არჩევნების მერე, სურვილი ნათელია - საქართველოში ყველა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტისა და რესურსის სრული დაუფლება და მონოპოლიზაცია, მის პირად სარგებლობაში მყოფ პარლამენტს, მთავრობას, პროკურატურას, სასამართლოს და კიდევ ვინ მოთვლის... სურს, რომ მათ რიცხვს შემატოს ავად თუ კარგად ჩამოყალიბებული, ქართული, ხაზს ვუსვამ - ქართული საბანკო სისტემაც, ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, ლონდონის ბირჟის ნაცვლად, "თიბისი ბანკი" რომელიმე რუსულ "სბერბანკს" ან "როსსელხოზბანკს" პატარა ფილიალად მიუერთოს, ანაკლიის სტრატეგიული პორტი კი - ნოვოროსიისკის პორტ-ფილიალად იქცეს. და რაც მთავარია, მას ამ პროცესში დიდ დახმარებას ჩვენი მატერიალური გასაჭირი და ბანკებისადმი ჩვენი ხშირად სამართლიანი, ნეგატიური დამოკიდებულება გაუწევს". საინტერესოა, როგორ აფასებს დღეს არსებულ რეალობას მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი და როგორია მისი პასუხები ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე.

- რა გახდა ხელისუფლებისთვის მთავარი დაბრკოლება, სამართლიანობის აღდგენის გზაზე?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სამართლიანობა რომ აღდგენილად მივიჩნიოთ, ამისთვის მხოლოდ უკანონოდ დაპატიმრებულთა რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მეპატრონეებისთვის დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. პრობლემები სწორედ ამ კუთხით გამოჩნდა. უკანონოდ წართმეული ქონების დიდი ნაწილი საბოლოოდ კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში ხანდაზმულობა იყო დაბრკოლება, ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ სხვა...

- თქვენ თუ გჯერათ, რომ ადრე ცუდი საქმის მკეთებელი მოსამართლეები ახლა კარგ საქმეებს აკეთებენ?

- გარემო პირობები ნამდვილად არის ადამიანის ქცევის მთავარი განმსაზღვრელი. ჯანსაღ გარემოში ადამიანებიც ჯანსაღად იქცევიან და პირიქით. თუმცა, ნაკლებად მჯერა, რომ 40-50 წლის ასაკში ადამიანის შეცვლა შესაძლებელია.

- თქვენი შეფასებით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი?

- ნახეთ, საქმე როგორ არის: "ნაციონალური" მმართველობის დროს იყო ასეთი გადაცემა, - "ვიდეოპატრული", რომელსაც დონაძე ხელმძღვანელობდა. ამ გადაცემაში მხოლოდ ის ინფორმაცია ხვდებოდა, რასაც შსს მიიჩნევდა საჭიროდ. დანარჩენი საინფორმაციო საშუალებებიდან მთლიანად ამოღებული იყო როგორც კრიმინალური ამბები, ასევე თითქმის ყველა ნეგატიური ინფორმაცია, რასაც ხალხის გაღიზიანება შეეძლო. დღეს ამ მხრივ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, საინფორმაციო გადაცემებს ნებისმიერი ინფორმაციის გაშუქების საშუალება აქვთ. გარდა ამისა, გაიზარდა პოლიციის მიმართ ნდობა, ბოლო დროს ბევრად უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურას დახმარებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს კრიმინალური ფაქტების აღრიცხვაც გაიზარდა. ადრე ბევრი ამბავი უბრალოდ იმალებოდა, არ ხმაურდებოდა.

GzaPress

- თქვენ უარყოფთ იმ რეალობას, რომ ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობების შიშით, კრიმინალთა უმეტესობა, უბრალოდ, ვერ რისკავდა დანაშაულის ჩადენას? - არა, არ უარვყოფ, თუმცა ვფიქრობ, რომ შიშსა და ძალადობაზე დამყარებული წესრიგი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მისაღები არ არის. ძალიან იოლია იძალადო, დააშინო ადამიანები და ისე დაამყარო წესრიგი, მაგრამ ეს ვერ იქნება დემოკრატიული და პრევენციულ ღონისძიებებზე დაფუძნებული სამართალდამცავი სისტემის ალტერნატივა.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოიშალა "ნაციონალების" მმართველობის დროს შექმნილი ინსტიტუციები, ახალი აღარაფერი იქმნება, ქვეყნის განვითარება შეჩერებულია. თქვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებით, რომ ქვეყანა წინ მიდის, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ, უბრალოდ, ამ ყველაფერს არ აპიარებთ. შეგიძლიათ, კონკრეტული ფაქტები დაგვისახელოთ?

- კი ბატონო. "აწარმოე საქართველოში" პროგრამით ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა ამის პიარი არ გაკეთებულა. გაიხსნა ფაბრიკა-ქარხნები, საფუძველი ჩაეყარა სამამულო წარმოებას, ჩვენ უკვე თავად ვაწარმოებთ კარტოფილსა და სხვა სახის ბოსტნეულს, გავაუმჯობესეთ ხორცის წარმოება... სხვათა შორის, დღეს საქართველო აწარმოებს ბოჭკოვან არმატურას, რაც უნიკალური პროდუქციაა მთელ მსოფლიოში. ასევე ვაწარმოებთ ავეჯს...

- მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ახალი საბანკო რეგულაციებით, ადამიანებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, კრიტიკულ ვითარებაში ბანკის დახმარებით ისარგებლონ. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ეს რეგულაციები გამიზნულია იმისთვის, რომ ღარიბმა ოჯახებმა ცხოვრება არ გაიუბედურონ. რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 24%-მდე სესხის გაცემა ავუკრძალეთ. ადრე სესხის პროცენტი 25%, ზოგ შემთხვევაში კი - 30%-ც იყო. ასევე ბანკებს ავუკრძალეთ, ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმის გაანგარიშება ნასესხები ძირი თანხის მიხედვით. ბანკი ვალდებულია, კლიენტს დარჩენილი თანხიდან დაუანგარიშოს ჯარიმა. ამ მიდგომამ ვადაგადაცილების საურავი ათჯერ და თხუთმეტჯერ შეამცირა. ასევე, უპირატეს მდგომარეობაში ჩავაყენეთ ბანკში ჩადებული ბინის მეპატრონე. ვიდრე ბანკი ბინას აუქციონზე გაიტანს, მესაკუთრეს საშუალება ეძლევა, საშეღავათო პირობებში გამოისყიდოს საკუთარი ქონება.

- რას იტყვით "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე? მთელი სახელმწიფო აპარატი ახლა დაინტერესდა 11 წლის წინანდელი საბანკო ოპერაციით, თუ საქმე გვაქვს პოლიტიკური და ბიზნესინტერესებით მოტივირებულ შეტევასთან?

- ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ვარ შეშფოთებული. თქვენ იცით, რომ საქართველოს მცირე ეკონომიკა რამდენიმე ბანკის რეპუტაციასა და ფინანსებზე დგას. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქართული საბანკო სისტემის მდგრადობა, ისევე, როგორც ქართული პროკურატურის რეპუტაცია. შეშფოთებული ვარ. "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არა მაქვს. შესაბამისად, მიჭირს რაიმე დასკვნის გამოტანა.

- ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს თუ ხედავთ?

- არა, ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ ვიცი, რა ხდება. საქმის კურსში არა ვარ.

- გასაგებია. აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "თიბისი ბანკის" თემა ანაკლიის პროექტს უკავშირდება. ანაკლიის პროექტის ჩაშლა კი ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებში შედის...

- უკვე დიდი ხანია, უფრო სწორად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საუბრობენ იმის შესახებ, ვითომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია. ასეთი ბრალდებები ჩვენი ოპოზიციის ორკესტრირებულია. ასეთი ცრუ ბრალდებებისა და ლეგენდების არც ადრე მჯეროდა და არც ახლა მჯერა. ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი კაცია. საქართველოსთვის იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ XXI საუკუნეში სხვა ვეღარავინ შეძლებს მის მეტოქეობას. ნუ ვიქნებით უმადურები და ერთი ხელის მოსმით ნუ ჩავუყრით სიკეთეს წყალში.

ხათუნა ბახტურიძე