"გვინდოდა, გვეპოვა გზა, რათა ახალგაზრდები ქუჩისა და ინტერნეტისთვის მოგვეწყვიტა..." - გზაპრესი

"გვინდოდა, გვეპოვა გზა, რათა ახალგაზრდები ქუჩისა და ინტერნეტისთვის მოგვეწყვიტა..."

ყოველთვის მაინტერესებდა იმ ეპოქაში მეცხოვრა, როდესაც ადამიანები სალონურ შეხვედრებს მართავდნენ და ამა თუ იმ საკითხებს განიხილავდნენ... ეს ინტერნეტის ხანაში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, თუმცა, ახლახან გავიცანი ადამიანი, რომელმაც მეგობრებთან ერთად ეს მოდერნიზებული სახით გააცოცხლა.

რამდენიმე თვის წინ, მეგობრებმა გადაწყვიტეს, ისტორიის, რელიგიის, ლიტერატურის, კინოხელოვნების სპეციალისტები ეპოვათ, რომლებიც კვირაში ორჯერ, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს ლექციებს წაუკითხავდნენ. ახალგაზრდებისთვის ეს უფასო იქნებოდა, ლექტორებს კი, ანაზღაურებას თავიანთი დანაზოგიდან გადაუხდიდნენ. რამდენიმე მათგანმა, როდესაც პროექტის არსის შესახებ შეიტყო, ჰონორარზე უარი თქვა...

თავიდან მხოლოდ 10-15 ახალგაზრდა დაინტერესდა, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს ასცდა... ასე შეიქმნა გუნდი "თავისუფალი ცნობიერება", რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებაში ან გაღრმავებაში ეხმარება.

რამდენიმე დღის წინ, მათთან ერთად ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს დედათა მონასტერსა და შიომღვიმეს ვეწვიე. გიდი ყველა მათგანის შესახებ გვიყვებოდა... ახალგაზრდებმა შთაბეჭდილებები გამიზიარეს, უამრავი საინტერესო რამ მოისმინეს. თუმცა, განსაკუთრებული იყო შიომღვიმელის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელმაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები მღვიმეში გაატარა.

გიორგი თავართქილაძე, "თავისუფალი ცნობიერების" ერთ-ერთი დამფუძნებელი:

- მეგობრები ჩვენს წრეში ვაკეთებდით გარკვეული სახის შეხვედრებს. ხან ფილმის გარშემო ვსაუბრობდით, ხან რაღაც საკითხებს ვარჩევდით და სიმართლე გითხრათ, გული მწყდებოდა, რომ ახალგაზრდები უბრალოდ, ურეაქციოდ უსმენდნენ ჩვენს საუბარს. არც კი ჰქონდათ პოზიციის გამოხატვის სურვილი, რადგან უამრავ საკითხში ვერ ერკვეოდნენ...

- ყოველი მომდევნო თაობა ხომ წინასგან განსხვავებულად აზროვნებს.

- მხოლოდ განსხვავებულ აზროვნებაში არ არის საქმე, მათ უბრალოდ ინტერესიც კი არ ჰქონდათ, რომ თუნდაც საკუთარი ქვეყნის წარსული ახლებურად შეეფასებინათ, უფრო მეტი გაეგოთ ან დაენახათ. მაგალითად, არის მარადიული თემები, რის გარშემოც მუდმივად კამათობენ და ყველა თაობას განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ვიდრე იქამდე მივლენ, რომ რაღაც აზრი ჩამოუყალიბდეთ, სულ მცირე, უნდა გაიგონ და წაიკითხონ... თუნდაც, რელიგია, რა უძღოდა წინ ნოეს მიერ კიდობნის აშენებას და რითია ეს პერსონაჟი საინტერესო. ამას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე ძალზე ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ. ამ მიწაზე 500 წლის წინაც ცხოვრობდნენ ადამიანები, რაც ბევრმა არც კი იცოდა და თუ ვინმე მეტყვის, რომ რაღაცას ვაზვიადებ ან ეს ასე არ არის, შემიძლია დავარწმუნო, რომ ასეა, რადგან რამდენიმე წელია, თავადაც ვასწავლი სკოლაში.

GzaPress

- როგორ დააინტერესეთ ახალგაზრდები, რომ გამოენახათ დრო და თავისუფალ ლექციებს დასწრებოდნენ? - არ იყო იოლი, ვიდრე ამ კონტინგენტის შეკრებას შევუდგებოდით, ჯერ უნდა გვეპოვა ის პროფესიონალები, ვინც ამაზე საინტერესოდ ისაუბრებდა, მათთვის გასაგებ ენაზე და მზად იქნებოდა მათთან დიალოგისთვის, დებატებისთვის ან სულაც - კამათისთვის. მოწვეული გვყავდა ზაზა შათირიშვილი, ჯაბა სამუშია, მიხეილ ბახტაძე, რეჟისორი გელა კანდელაკი... ლექტორებს გარკვეულ ჰონორარს გადავუხდიდით. როდესაც რამდენიმე მათგანს ჩვენს იდეაზე ვესაუბრეთ, მათ ანაზღაურებაზე უარი გვითხრეს, - ოღონდ ახალგაზრდები დაინტერესდნენ და მათთვის დროს ყოველთვის გამოვნახავთო. შემდეგ, უკვე დარბაზის დაქირავებაზეც ვიფიქრეთ. ამ ყველაფრისთვის მე და ჩემს მეგობრებს გარკვეული თანხა რამდენიმე ხნით ადრე გვქონდა მოგროვებული. საკუთარი ჯიბიდან ყველა მათგანი რიცხავდა გარკვეულ თანხას, რამდენიც შეეძლოთ. შემდეგ სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდნენ. - როგორც შეგვეძლება დაგეხმარებით, ოღონდ პროექტს ნუ გააჩერებთო.

- აუდიტორია იცვლება თუ მუდმივად ერთი და იგივე ახალგაზრდები დადიან?

- იცვლება, თუმცა, გვყავს ისეთებიც, ვინც პირველი ლექციიდან მოყოლებული ყველა ლექციას ესწრებიან. ძირითადად, 17-25 წლამდე ახალგაზრდები გვესწრებიან. თავიდან, მაინც მსმენელის პოზიცია ჰქონდათ, ახლა უკვე კამათობენ, აზრის გაცვლა მიმდინარეობს. წინა ლექციის თემას განავრცობენ, მსჯელობენ და ძალზე საინტერესო ფორმატი ჩამოყალიბდა. ვიღაცას სკოლაში, უნივერსიტეტში ან ინტერნეტში მოსმენილი ვერსიების განხილვა სურს. უკვე მხოლოდ ქართველის არა - უცხოელი ისტორიკოსების წყაროებსაც ეცნობიან. ზოგჯერ მომხსენებლებიც სთავაზობენ საინტერესო ვერსიებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა თუ იმ თემაზე ქართველ ისტორიკოსებს არაფერი უწერიათ, - ამ დროს ისინი ცდილობენ, იმ ეპოქაში მომხდარი პროცესები მოიშველიონ. თავადაც ვესწრები ლექციებს და ძალზე საინტერესო ფაქტების შესახებაც მოვისმინე, მაგალითად, დავით აღმაშენებლის მეფობისას დიდგორის ომი მოვიგეთ, მაგრამ დავითის ისტორიკოსს ამის შესახებ არაფერი უწერია. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ საზოგადოებამ თამარის ისტორიკოსისგან შეიტყო. ერთ-ერთი ვერსიით, იმ წლებში ხშირი შემოსევების გამო არაერთი ისტორიული ჩანაწერი განადგურდა... ასევე საინტერესოა დავითის უმცროსი ვაჟის, 12 წლის ვახტანგ-ცვატასთვის თვალების დათხრის გარშემო არსებული ვერსიები, - შეეწირა თუ არა ის თავისი ნახევარძმის, დემეტრეს ამბიციებს, თუ ფეოდალების ინტერესების პრევენცია ამგვარი გზით მოახდინა ახალგაზრდა მეფემ...

- თქვენი მომხსენებლები რომელ წყაროებს ეყრდნობიან?

- ძირითადად, "ქართლის ცხოვრებას", დავითისა და თამარის ისტორიკოსებს, "ჟამთააღმწერელს", ასევე არქეოლოგიურ მასალებს ვიშველიებთ. ისინი თავადაც არჩევენ თემებს, თუმცა, მაინც გვინდოდა, თანამიმდევრულები ვყოფილიყავით და ჩვენს წელთ აღრიცხვამდელი პერიოდით, ადრეული სახელმწიფოებით დავიწყეთ. თუმცა, სხვა თემებს, მაგალითად, ლიტერატურას, კინოსაც ვეხებით.

- ვიცი, რომ გასვლითი ღონისძიებები გქონდათ. ალბათ მოისმინეთ ისეთი ისტორიაც, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ იყო ცნობილი.

- დიახ, არაერთი ასეთი ისტორია მოვისმინე. პირველი გასვლა თბილისში გვქონდა - გიდმა, ბესო ყირიმელმა რუსთაველის გამზირზე არსებული ყველა ძველი საცხოვრებელი სახლისა და შენობების ისტორია გვიამბო; ასევე, მოგვითხრო მთავარმართებლის სახლის, ქაშუეთის ტაძრის, ზემელისა და ცნობილი აფთიაქის ამბები; ასევე, ძველი თბილისის უმდიდრესი ადამიანის, აზარიანცის სახლის ისტორია, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ქალაქისთავი ალექსანდრე ხატისოვი იყო. იმ ადგილზე, ახლა ელბაქიძის აღმართს რომ ვუწოდებთ, ფიცრული სახლები ყოფილა, იქვე იყო ნაგავსაყრელიც. აზარიანცს ერთგვარი საშემოსავლო სახლის აშენება უნდოდა, დაახლოებით ქარვასლების ტიპის და იმედი ჰქონდა, რომ ამისთვის ადგილს ცენტრში გამოუყოფდნენ. ხატისოვმა ცენტრში კი არა, იმ ადგილას, სწორედ ნაგავსაყრელთან ახლოს მისცა ადგილი და აზარიანცი იძულებული გახდა, იქაურობა გაეწმინდა და ის ტერიტორიაც გამოეყენებინა. თითქმის სამი წელი თხრიდნენ სახლის საძირკველს, მაშინ ტექნიკაც არ იყო განვითარებული, შესაბამისად, დიდი დრო დასჭირდა. სწორედ იმ პერიოდში, ხატისოვმა წყლის მოსაკრებელი გააძვირა, რამაც კიდევ ერთხელ აღაშფოთა აზარიანცი, - ამხელა მშენებლობა მაქვს წამოწყებული და წყალს მიძვირებთო. თუმცა, ბოლოს იძულებული გახდა, კახეთში ღვინო ეყიდა და ის გამოიყენა ცემენტის მოსაზელად... გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა გააკულაკეს და უკიდურეს სიღარიბეში, კიბის ქვეშ, სარდაფში, ერთ "საცოდავ" ოთახში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც... ორი შვილი ჰყავდა, ერთი მენშევიკ მთავრობას გაჰყვა ემიგრაციაში, მეორეს შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ ისტორიას უკვე თავისთავად მიება ბოლშევიკების, საბჭოთა კავშირის ეპოქა, ეს კი არის თემა, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდა მსმენელებისგან უამრავი კითხვა მოჰყვება ხოლმე.

ერთი სიტყვით, აზარიანცის სახლის ამბავი ბევრისთვის კი არა, უმეტესობისთვის უცნობი იყო... ახალგაზრდების თქმით, მათ ადრე არასდროს უფიქრიათ ამაზე, არც კი ჰქონიათ ინტერესი, რომ რაიმე ინფორმაცია მოეძიებინათ, თუმცა, ახლა უფრო და უფრო მეტის გაგება სურდათ და უამრავ კითხვას სვამდნენ. ჩვენი მსმენელების ნაწილი სკოლაში სწავლობს, ზოგიც სტუდენტია და როგორც ჩანს, მათ სხვებსაც უამბეს ამ თემებზე. ჩვენი მიზანიც ეს არის, - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ და ქუჩას ან სულაც კომპიუტერს მოვწყვიტოთ...

- რომელი ნაწარმოებით ინტერესდებიან თქვენი მსმენელები?

- ზაზა ფირალიშვილთან ერთად განიხილეს "ოსტატი და მარგარიტა", "ფაუსტი", "დანაშაული და სასჯელი". ლევან გიგინეიშვილთან ისაუბრეს "ვეფხისტყაოსანზე". ვცდილობთ, მათ სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კლასიკოსები უფრო ახლოს გავაცნოთ... ასევე, დიდი ინტერესით შეხვდნენ რეჟისორ გელა კანდელაკის ფილმებს, ნახეს მისი დოკუმენტური ფილმი - "სოფელი", რომელიც არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია. მისივე თქმით, თავის ნამუშევრებზე ხმამაღლა არ საუბრობს, რადგან მათ მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება აქვს. "ამ ფილმის ჩვენების დროს ვინმემ "კოკა-კოლა" რომ დალიოს, იქ დავამთავრებ მის ჩვენებასო, - უთქვამს. საბედნიეროდ, ჩვენმა მსმენელებმა ძალიან ზუსტად და სწორად აღიქვეს ფილმის არსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს შრომასა და ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია... ვაპირებთ, ასეთი შეხვედრები და საუბრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავმართოთ, სადაც ლექციებს ადგილობრივები წაიკითხავენ.

ლალი პაპასკირი