მედიაკონკურსის გამარჯვებული "გზის" ჟურნალისტი გახდა - გზაპრესი

მედიაკონკურსის გამარჯვებული "გზის" ჟურნალისტი გახდა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, მწერალთა სახლში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, მედიაკონკურსის - "ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის" 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 28 მონაწილეს საკონკურსოდ 40 ნამუშევარი ჰქონდა წარდგენილი. მათ შორის ხუთი გამარჯვებული შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდა: სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო, მულტიმედია, ბლოგი და სტატია (ბეჭდური ან ონლაინ). ნომინაციაში "საუკეთესო სტატია" გამარჯვებული ჟურნალ "გზის" ჟურნალისტი შორენა ლაბაძე გახდა სტატიით - "ოჯახზე მორგებული გარემო - უცხო ფრაზა ქართული რეალობისთვის". გამარჯვებულებს ფულადი პრიზი 2.000 ლარი გადაეცათ. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა. მედიაკონკურსის პარტნიორმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის საკუთარი ორი რჩეული ჟურნალისტი, შორენა ლაბაძე (სტატია) და ანა კობაიძე (მულტიმედია) შეარჩია. კომპანიის მხარდაჭერით ისინი მაისში გამართულ European Newspaper Congress-ზე ვენაში გაემგზავრებიან.

დაჯილდოების ცერემონიალზე სტუმართა შორის მედიის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მედიაკონკურსის ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრია (CSRDG). მისი მიზანი ქართულ მედიასივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, CSRDG აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. კონკურსს წინ უძღოდა წარმატებით გამართული მედიატრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის.

GzaPressშორენა ლაბაძე:

- სტატია ისეთ საჭირბოროტო საკითხს ეხება, როგორიც დედებისა და ორსულებისთვის ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს არსებობაა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის მიხედვით, მსგავსი პოლიტიკა სახელმწიფო სტრუქტურებმა თუ კერძო კომპანიებმა კანონის მიღმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გაატარონ, მხოლოდ საკუთარი კეთილი ნებით უნდა განახორციელონ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არათუ კეთილი ნებით არ ხდება მსგავსი ინიციატივის გამოჩენა, არაერთ სახელმწიფო სტრუქტურასა და კერძო კომპანიაში კანონით გათვალისწინებულ შეღავათებსაც კი უგულებელყოფენ... სტატია საკმაოდ ფართომასშტაბიან მოკვლევას მოიცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა. მინდა მადლიერება გამოვხატო ორგანიზატორების მიმართ კონკურსის ჩატარებისა და მასში მონაწილეობით საკუთარი სათქმელის კიდევ უფრო "ხმამაღლა" გამოხატვისთვის. კარგი იქნება, თუ მასალით დამსაქმებლებიც დაინტერესდებიან და ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

ლიკა ქაჯაია