დეპუტატები, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში სხდომებს აცდენდნენ - გზაპრესი

დეპუტატები, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში სხდომებს აცდენდნენ

საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ყველაზე გამცდენი დეპუტატების სია, რომელიც ქართული მედიით გავრცელდა. ამ სიაში ლიდერთა შორის პირველობას არავის უთმობს კობა ნაყოფია, რომელიც გასულ წელს, 47 პლენარული სხდომიდან არც ერთს არ დასწრებია. რატომღაც, ყველა მისი გაცდენა საპატიოა. ნაყოფიას მოსდევს აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო, დანარჩენი 46-ის გაცდენა კი - საპატიოდ ჩაეთვალა. მესამე - გიორგი ღვინიაშვილია - ის 47-დან მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო და 38 საპატიო გაცდენა აქვს. მეოთხე ადგილზე ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელიაა - 2 სხდომით და 45 საპატიო გაცდენით. ჩვენ ამ დეპუტატებთან დაკავშირება და გასაუბრება ვცადეთ.

- აბა, რა უნდა ვთქვა? ყველა ჩემი გაცდენა საპატიოა. ჩემი აზრით, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი დეპუტატი როგორ მუშაობს. მე ჩემი ამომრჩევლის ინტერესებს ყოველთვის ვიცავ და მათ გამო სხდომებსაც ხშირად ვაცდენ, - გვითხრა გიორგი ღვინიაშვილმა.

აზერ სულეიმანოვის თქმით კი, საპარლამენტო სხდომებს სერიოზული ოჯახური პრობლემების გამო აცდენდა და ახლა ჩვეულებრივად დადის სესიებზე. რაც შეეხება კობა ნაყოფიასა და ნიკა მელიას, მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ალბათ მკითხველს დააინტერესებს, რას ფიქრობენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები სხდომების გამცდენ დეპუტატებზე.

GzaPressალეკო ელისაშვილი, "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი: - ჩემი ნება რომ იყოს, გამცდენ დეპუტატებს ისე მოვექცეოდი, როგორც ძველ საქართველოში დამნაშავეებს ექცეოდნენ: ასეთი დეპუტატი უნდა დაიჭირო, ულვაში გაპარსო, სახედარზე უკუღმა შესვა და მთელი ქალაქი შემოატარო. 47 სხდომიდან ყველას რომ გააცდენს, არ ვიცი, იმ დეპუტატს რა ჰქვია. ქართულმა სახელმწიფომ ეს ხალხი ჯერ ხელფასით უნდა უზრუნველყოს, მერე - მთელი ცხოვრება, ლაზათიანი პენსია უხადოს. ამიტომ, მათი სია ყველგან უნდა გამოაკრან. არის მეორე, არანაკლებ მძიმე კატეგორია, რომელიც სხდომებზე დადის, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს და მიკროფონი ხელში შემთხვევითაც კი არ დაუჭერია. პარლამენტარმა მარტო სკამი კი არ უნდა გაცვითოს, ისეთი კანონები უნდა მიიღოს, ქვეყანა წინ რომ წავიდეს. სწორედ პარლამენტმა უნდა აკონტროლოს ხელისუფლება, რაიმე შეცდომა რომ არ დაუშვას. ჩემი აზრით, გამცდენი და უმოქმედო ხალხი პარლამენტში არ უნდა იყოს. თუ ოჯახური მდგომარეობა ხელს არ გიწყობს, უამრავი სხვა საქმე გაქვს და ვერც ერთ სხდომაზე ვერ დადიხარ, განცხადება უნდა დაწერო და მანდატი შეიჩერო. თვის ბოლოს ბანკომატთან მისვლა და ხელფასის აღება ხომ არ ეზარებათ? სინდის-ნამუსი ხომ არსებობს? - ესეც გინდა, ისიც გინდა - ასე სად არის? ჩემთვის და სხვა ადამიანებისთვის სულერთია, ვინ არიან ისინი - ოპოზიციისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენ ისედაც ქამარშემოჭერილები დავდივართ. უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი კი ნებისმიერ პარტიაში შეინარჩუნებს ამ თვისებებს. ქუთაისში ვერ დავდივართო, ამბობდნენ... თავის დროზე მეც წინააღმდეგი ვიყავი ქუთაისში პარლამენტის გადატანისა, მაგრამ რადგან გადავიტანეთ და 300 მილიონი ჰაერში გავისროლეთ, ახლა არ შეიძლება ის შენობა უქმად იდგეს. თბილისში გადმოტანის შემდეგ იქნებ ახლა მაინც მოახერხონ სიარული. როცა კენჭს იყრიდნენ, ხომ იცოდნენ, რომ სხდომებზე უნდა ევლოთ?

GzaPressმამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი: - მეც ვყოფილვარ პარლამენტის წევრი და გამიცდენია, მაგრამ საპატიო მიზეზით. თუ გაცდენის მიზეზი სერიოზული არ არის, მაშინ ასეთ დეპუტატს მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი. გაცდენების რაოდენობასაც ხომ გააჩნია? თუ 47 სხდომიდან ყველა გაცდენილი აქვს, დეპუტატი უკვე აღარც ჰქვია, ასეთი ვითომ-დეპუტატი უნდა გამოიწვიონ და უფლებამოსილება შეუჩერონ. შეიძლება ვიღაცამ ბოიკოტი გამოაცხადოს და ხელისუფლება აიძულოს, მის პოლიტიკურ მოთხოვნებს ყურადღება მიაქციოს - ესეც არასასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ მესმის - ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, თუმცა პარლამენტის წევრი საპარლამენტო მუშაობის ქსოვილიდან არ უნდა ამოვარდეს. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ხალხს მარტო ხელფასის და პენსიის გამო უნდოდა პარლამენტში შესვლა და ეს მოსაზრება აბსოლუტურად რეალისტურია. ძალიან ბევრი დეპუტატი ბიზნესით არის დაკავებული, უამრავი საქმე აქვს და პარლამენტი სულ არ აინტერესებს, რაც ძალიან ცუდია.

GzaPressხატია შამუგია, ჟურნალისტი: - ჩემი აზრით, საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ადამიანი სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყოს და თუ პარლამენტი უდისციპლინო ხალხით არის სავსე, ეს ცუდის ნიშანია. თუ ვინმე პროტესტის ნიშნად აცდენს, კიდევ დასაშვებია, მაგრამ თუ დეპუტატი სხდომებს უბრალო მიზეზის გამო აცდენს და ეს საპატიოდ ეთვლება, მაშინ არც ასეთი პარლამენტი ვარგა და არც ეს დეპუტატი. ვინც ხშირად და უმიზეზოდ აცდენს, პარლამენტიდან უნდა გააძევონ. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ვიყო, აუცილებლად მივიღებდი სათანადო ზომებს, რადგან ცარიელ დარბაზში სხდომების ჩატარება ცოტა არ იყოს, უხერხულია, მით უმეტეს, როდესაც მნიშვნელოვან კანონს იღებენ. პასუხისმგებლობის გრძნობა ყველაზე დიდი თვისებაა, რომლითაც ადამიანი უნდა იყოს დაჯილდოებული, მით უმეტეს, თანამდებობის პირი და თუ რომელიმე დეპუტატს სხვა საქმე აქვს, ან ბიზნესშია ჩართული, საკანონმდებლო ორგანოს უნდა შეეშვას.

GzaPress

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: - დეპუტატისთვის მთავარი საქმე საპარლამენტო საქმიანობაა. რისთვის იბრძვიან დეპუტატობისთვის, თუ პარლამენტში მისვლა და სხდომებზე დასწრება არ სურთ? სწორედ ამ ფაქტების დამსახურებაა, რომ ხალხს უიმედობისა და დაუცველობის განცდა სულ უფრო მეტად ეუფლება. სამწუხაროა, მაგრამ მეც გამიჩნდა ეს განცდა და ვფიქრობ, სიამოვნებით დავტოვებდი ამ ქვეყანას, რადგან აქ ადამიანი და მისი ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ, მთავარია, თვითონ და მათი ოჯახის წევრები იყვნენ კარგად. ძალიან მტკივა გული ამ ყველაფერზე და მართლა მიკვირს: სკოლაში ტუქსავენ ბავშვებს გაცდენისთვის და პარლამენტარს კუთხეში ხომ ვერ დააყენებ?

ხათუნა ჩიგოგიძე