"თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ - არ გამოვრიცხავ მათგან თავდასხმებს"
font-large font-small
"თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ - არ გამოვრიცხავ მათგან თავდასხმებს"
"ანა უნდა გადადგეს, ორი წიგნი არა აქვს წაკითხული"

ანა დოლიძე ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც უკან დახევა არ იცის - ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ანა გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა. როდესაც ვკითხე, რა იყო მისი სისუსტე, პასუხზე დიდხანს ფიქრობდა. - ვერაფერი გავიხსენე, რაც შეიძლება სისუსტედ მივიჩნიო, გულჩვილი არ ვარ, მაგრამ უსამართლობა ჩემზე ძალიან მოქმედებსო, აღნიშნა ბოლოს. მუდმივად დროის ნაკლებობას უჩივის, წუხს, რომ ბევრად მეტის გაკეთება უნდა, მაგრამ ვერ ასწრებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს არასდროს ნანობს. ღრმად ინტუიციურ ადამიანად თვლის თავს და ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ ჰქონია დიდი იმედგაცრუება.


- თავდაპირველად მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ უნდა გკითხოთ. ამბობენ, რომ ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ეს ჩაკირული სისტემა სერიოზულად შეაჯანჯღარეთ. ზოგს უკვირს, თქვენი ასეთი პრინციპულობა. მაინც რატომ არ ყრით ფარ-ხმალს?
- სხვათა შორის, ამ საკითხზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის სახით აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც ჩემნაირად მიმწოლია. არ მეგონა, ასეთი მებრძოლი და პრინციპული კიდევ ვინმე თუ იქნებოდა. საბჭომდე ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. მე თვითონ ბულდოგის ხასიათი მაქვს. რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო, გამორიცხულია, შუა გზაზე მივატოვო დაწყებული საქმე. ხედავთ, კაბინეტში ირინა ენუქიძესთან გადაღებული ფოტო ჰკიდია. მაშინ ათასჯერ უფრო რთული სიტუაცია იყო პოლიტიკურად - დევნა, მოსმენა, შიში, მაგრამ არასდროს მიფიქრია ბრძოლის შეწყვეტა. ეს ისტორია, რომელიც წესით, 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, დღესაც გრძელდება და ის ამბავი, რომ ახლაც იგივე მოსამართლეები შეიძლება ვიხილოთ "ოცნების" წყალობით, ძალიან მაღელვებს. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ენუქიძეებთან, ვაზაგაშვილებთან, მათი მეგობარი ვიყავი და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, ეს საქმე ბოლომდე რომ მივიდეს.
- თქვენმა ოპონენტებმა არაერთხელ შეგამკეს "კომპლიმენტებით". დიმიტრი გვრიტიშვილმა აგენტობაში დაგადანაშაულათ, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, მოსამართლეების სიმდიდრის კვლევას სჯობს, დოლიძისა და ჯანეზაშვილის ცხოვრება-ქონება გამოიკვლიოთო... ბრაზდებით თუ უბრალოდ, გწყინთ ასეთი ბრალდებები?
- ყველაზე მეტად მაშინ ვინერვიულე, ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაუბანელი დედაკაცი რომ მიწოდა. ეს იყო 2006 წელს. მაშინ საიას თავმჯდომარე ვიყავი, ჩვენ გვენეტაძეს ვიცავდით, ირაკლი კი თავდაცვის მინისტრი იყო. პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანა უნდა გადადგეს, ორი წიგნი არა აქვს წაკითხული მაგ პირდაუბანელ დედაკაცსო. მაშინ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მისგან ბევრი რამ არ უნდა გაგიკვირდეს... რუსეთის აგენტად რომ შემრაცხეს, მაგაზე აღარაფერს ვიტყვი. მგონი, ბოლომდე ჯერაც ვერ ჩამოყალიბდნენ, ამერიკის აგენტი ვარ თუ რუსეთის (იცინის).
GzaPress
- ზარდიაშვილის ნათქვამზე რაღას იტყვით? ისე, მე გადავხედე თქვენს ქონებრივ დეკლარაციას და საგანგაშო ვერაფერი აღმოვაჩინე, თუ რამეს გვიმალავთ?
- ნეტავ, ასე იყოს. როგორ მინდა, მეც მყავდეს მდიდარი მამა, აი, ისეთი, ჩვენს პარლამენტარებს რომ ჰყავთ და გაიძახიან, ეს მამამ მაჩუქა, ის მამამ მიყიდაო. მამა გარდაცვლილი მყავს, დედას კი არაფრის საშუალება არა აქვს. ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი, შეძლებული მშობლები რომ მყავდეს და უზომოდ მდიდარი ვიყო, მაგრამ ასე არ არის. ძალიან დიდი შემოსავალი მქონდა კანადაში, ასე რომ, ორივე ბინა საკუთარი შრომით ვიყიდე. ერთი ადრე შევიძინე და მეორე, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მაშინ. ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა - ისეთ ადამიანებთან მაქვს შეხება, მანამდე რომ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი კატეგორიის ხალხი თუ არსებობდა. ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ არ გვეშინია, მეც და ნაზიც ყველაზე მზაკვრული თავდასხმებისთვისაც კი ვართ მზად. ჩვენ ჩავერთეთ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში - ისინი ემზადებოდნენ უზენაეს სასამართლოში გადასაბარგებლად, ჩვენ კი ეს გეგმები ჩავუშალეთ. წარმოიდგინეთ, როგორი გაბრაზებულები არიან. კიდევ ვიმეორებ, ველოდები ხაფანგებს, მაგრამ არ მეშინია! ზემოქმედების ხერხები კარგად იციან, ამიტომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, არ გამოვრიცხავ მათგან სხვადასხვა ტიპის თავდასხმებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლა ამ ოთახშიც არ მისმენენ, თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ. ჩვენი დისკრედიტაციისთვის არაერთი ბრალდება გამოუყენებიათ. ასეთ ბრძოლაში ასეთ გავლენიან ჯგუფთან ბოლო დროს არავინ ჩაბმულა. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს ის მორალური ძალაუფლება, რომ ხალხი გვისმენს.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი პერსონად, პიროვნებად რომ ჩამოყალიბდე?
- პირველ რიგში, კომპეტენცია, რომელიც სწორედ შრომისმოყვარეობით მოდის. უნდა იცოდე, რასაც აკეთებ - ეს ეხება მკერავსაც, მეწაღესაც, პურის მცხობელსაც და იურისტსაც. როდესაც გაქვს კომპეტენცია, რაც უნდა გეძახონ, რაც უნდა დაგაბრალონ, რისი არცოდნაც უნდა დაგწამონ, ნულოვანი ზემოქმედება გაქვს ამაზე - ერთი წითელი პასტით შემიძლია ავუჭრელო ვიღაცას სამართლებრივი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ეს კომპეტენცია თავისით არ მოდის, მოვიპოვე - ბევრი ვიშრომე, ვისწავლე... ეს გხდის თავდაჯერებულს. კიდევ არის ფასეულობები, რომელსაც არ ღალატობ და რის გამოც ამბობენ, ხისტია და თავისებურიაო. ეს ყველაფერი კი პიროვნებად გქმნის.
- თქვენი მთავარი პრინციპები და ფასეულობები როგორია?
- მეგობრობა, ოჯახის პატივისცემა, სარწმუნოება. უმთავრესი კი მაინც ქართველობაა. ჩემი ცხოვრების ერთი მესამედი უცხოეთში გავატარე, ემიგრანტი ვიყავი 8 წლის მანძილზე - 2007-ში წავედი და 2015-ში ჩამოვედი. იცით, ამას რატომ ვუსვამ ხაზს? იქ უფრო მეტად ხვდები, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ბევრი უპირატესობა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დამწერლობა რომ გვაქვს, ეს როგორი საამაყოა? ჩვენს საკუთრებას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. როცა სიტყვაზე, ჩინელი ხარ, ასე თავგამეტებით შეიძლება არც უფრთხილდებოდე შენსას არაფერს, მაგრამ როცა ქართველი ხარ, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, უნდა იცოდე, რომ დიდი საფრთხე ემუქრება შენს პატარა ქვეყანას, სხვანაირად ვერ გადავრჩებით! მეორე, რაც ასევე მთავარია, სამართლიანობაა. მიეცით კეისარს კეისრისა, ყველამ უნდა მიიღოს თავისი - აი, ეს 2 პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- ქართველობა მთავარ ფასეულობად დაასახელეთ, არადა, დღეს ბევრისთვის ეს სახუმარო და პირდაღებულ თემად გადაიქცა. საინტერესოა, თქვენთვის რა არის ქართველობა?
- "ქართველობას გვართმევენ" - ვიღაცებმა ეს გააშარჟეს, თითქოს მარტო ღიპიან კაცებს აქვთ უფლება ქართველობაზე ილაპარაკონ (იცინის), ვითომ ასეა, ვითომ დაკნინებულია ქართველობის ცნება. სინამდვილეში ქართველობა ჩემთვის ვაჟა-ფშაველას პრინციპებია - "სტუმარ-მასპინძლობაში" რა არის მთავარი? - შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ იმ მტერ-მოყვარე სტუმრისაც კი არ გეშინია, იცი, რომ ის ვერ დაგამარცხებს, რადგან შენ ძალიან ძლიერი ხარ და მტკიცე და ურყევი ფასეულობები გაქვს. აი, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ არის ქართველობა, თუმცა დღესდღეობით ხინკალ-ხაჭაპურამდე დაიყვანეს. სინამდვილეში, ქართველობა ვაჟა-ფშაველობაა. მე ამაზე ბევრი მიფიქრია...
- ნიუ-იორკის ერთ-ერთი შტატის - ელმირას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ლექციებსაც კითხულობდით ერთხანს. ამაზე რას გვეტყვით?
- ეს მართლაც ძალზე საინტერესო იყო. სადოქტოროს რომ ვიცავდი, იმ პერიოდში ლექციებს ვკითხულობდი იმ ციხეში, სადაც მძიმე დამნაშავეები არიან. იქ მსჯავრდადებულებს სამუდამო ჰქონდათ მისჯილი, თუმცა იმის საშუალებასა და უფლებას აძლევდნენ, რომ კოლეჯის კურსები გაევლოთ. ეს ჩემთვის მართლაც კარგი გამოცდილება იყო. წარმოიდგინეთ, დიდი, გამჭვირვალე სქელი შუშა, რომლის მიღმაც იჯდა 15 სტუდენტი-პატიმარი, ბადრაგი იქვე ახლოს იყო, ჩვენი უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად იცავდნენ. პატიმრების უმეტესობა შავკანიანი იყო, მათ შორის იყო ერთადერთი თეთრკანიანი, ასაკოვანი კაცი, ერთი კი - აღმოსავლეთევროპელი. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია მათზე, მათი სტუდენტის ნომრები იწყებოდა იმ წლის აღმნიშვნელი ციფრებით, რომელშიც სისტემაში შემოვიდნენ. ამით მივხვდი, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ ჩასვეს ციხეში, ინტერნეტიც რომ არ იყო, 80-იან წლებში. პატიმრები სხვა საგნებსაც სწავლობდნენ, ლიტერატურას, თეატრმცოდნეობას. ფოტოების გადაღება აკრძალული გვქონდა, ერთი სიტყვით, საინტერესო იყო, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ გვაქვს ნანახი.
- საუბრის დასასრულ ისიც გვითხარით, როგორი დედა ხართ და როგორი ბიჭია ანდრეა?
- უპირველესი მიზეზი, რის გამოც საქართველოში დავბრუნდით, სოციალური კავშირებია, რაც ანდრეას უცხოეთში ვერ ექნებოდა - ვგულისხმობ ბიძაშვილებთან, მამიდაშვილებთან, მეგობრებთან ურთიერთობას. ვცდილობ, ვიყო დაკვირვებული და შვილის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული დედა. შეძლებისდაგვარად დიდ დროს ვატარებ მასთან. ანდრეა ძალიან დაფიქრებული და ვაჟკაცურია, ამას წინათ ცუდად იყო, მაგრამ ისე ეჭირა თავი, ვითომ არაფერი აწუხებდა. მოსწონს ფეხბურთი და მეც ხშირად მელაპარაკება სპორტის ამ სახეობაზე, არა მგონია, იურისტობაზე ოცნებობდეს. ყველაზე მთავარი, რასაც ვასწავლი, ის არის, რომ დააფასოს, რაც აქვს. მნიშვნელოვანია, ამ თაობის ბავშვებმა მადლიერება არ დაივიწყონ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვა