დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა? - გზაპრესი

დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა?

მსახიობს დიდი პოპულარობა სერიალმა "გაქცევამ" მოუტანა. ამ სერიალს საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამიტომ მისი საქართველოში სტუმრობა საზოგადოებას არ გამოჰპარვია. ლიკამ მეგობარს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერებინა და ჩვენი კულტურა გააცნო. დომენიკ პარსელი საქართველოდან პოზიტური ემოციით დატვირთული წავიდა. როგორც შევიტყვეთ, აპრილში ისევ ჩამოსვლას გეგმავს. ისიც ითქვა, მსახიობი ქართველ მოდელზეა შეყვარებულიო. რა ურთიერთობაა მოდელსა და მსახიობს შორის, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ექსკლუზიურად ლიკა ხაჭაპურიძე პასუხობს.

- ლიკა, მსახიობი დომენიკ პარსელი როგორ გაიცანით?

- დომენიკი 5 წლის წინ, ინსტაგრამით გავიცანი. 5 წელია, ურთიერთობა გვაქვს, ვურეკავთ ერთმანეთს, მოვიკითხავთ, ვსაუბრობთ და ვმეგობრობთ.

- ამბობენ, მას თქვენი ხელის თხოვნა სურს...

- ის დაინტერესებული იყო ჩემით. ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით. საქართველოში ჩამოსვლაც გადაწყვიტა, უნდოდა მეც ვენახე და აქაურობაც დაეთვალიერებინა. ჩემი მეგობრების გაცნობაც სურდა. ერთი კვირა იყო საქართველოში. გავაცანი საქართველოს კულტურა, ჩემი მეგობრები. აინტერესებდა, როგორ ვმუშაობდი კამერასთან როგორც მოდელი, გადაღებებზეც გამომყვა. უკვე წავიდა და შეიძლება კიდევ გვესტუმროს. ჩვენ ვმეგობრობთ.

- როგორც შევიტყვე, სახლშიც იყო მისული თქვენს მშობლებთან ხელის სათხოვნელად, ასეა?

- არა, ეს სიმართლე არ არის, ჭორია. უნდოდა დედაჩემის გაცნობა, მაგრამ სახლში არ მიმიყვანია. ჩემი მეგობრები გაიცნო. ძალიან პოპულარულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის თბილი, მოსიყვარულე, განათლებული და ძალიან უბრალო ადამიანია. როცა მეგობრებმა გაიცნეს, ყველა აღნიშნავდა, როგორი უბრალო ადამიანიაო. მართლა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელურია. თბილისი დავათვალიერებინე, ქართლის დედა მოეწონა ძალიან, აბანოთუბანიც. ქართული საჭმელებიც მოეწონა, ერთადერთი რაც ვერ გაიგო, ის იყო, 23 წლის ხარ და მშობლებთან რატომ ცხოვრობო.

- როგორც ვიცი, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც გაიცნო მსახიობი, რომელსაც თბილისში გიდობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი უწევდა. ამაზე განცხადება გაავრცელა უწყებამ, დაათვალიერებინეს თურმე ლეღვთახევის უბანი, ესაუბრნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე და ამ სფეროში დიდ პოტენციალზე. ტურიზმის ადმინისტრაციაში ისიც თქვეს, რომ ეს მარკეტინგული სვლა იყო, დომენიკის ინსტაგრამს 1,3 მილიონი ხელმომწერი ჰყავს და ძალიან პოპულარულია.

- დიახ, მე დამიკავშირდნენ ტურიზმის სამსახურიდან და მათაც დაათვალიერებინეს გარკვეული ადგილები. მეც ვახლდი თან. დომენიკი ძალიან პოპულარულია, საქართველოში ხალხი ცნობდა, ყველა აჩერებდა და სთხოვდა, მასთან სურათი გადაეღო. ეგონათ, გადაღებებზე იყო ჩამოსული. მეც გამომყვა ჩემს გადაღებებზე, აინტერესებდა ეს პროცესი, მითხრა, ძალიან მინდა ცნობილი გახდე და ამაში დაგეხმარებიო. როცა ჩემი პოზიორობა ნახა კამერებთან, მსახიობობა სცადეო, ძალიან მოეწონა. შენ "სთარი" უნდა გახდე, რადიკალურად განსხვავებული ხარ კამერის წინ და კამერის უკან, ჩათვალე, რომ მსახიობი ხარო. ჩვენი ხალხიც მოეწონა, - ძალიან სტუმართმოყვარე ხართო.

- ქართული კერძებიდან განსაკუთრებით რომელი მოეწონა?

- ნიგვზიანი ბადრიჯანი მოეწონა ყველაზე მეტად. აპრილში ჩამოვა ალბათ ისევ.

GzaPress- აპრილში უკვე სხვა სტატუსით ხომ არ ჩამოვა?

- არ ვიცი, ამაზე ჯერ არც მეგობრებთან ვსაუბრობ. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი ზღვარია და ერთადერთი ეს მაბრკოლებს, თორემ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მე 23 წლის ვარ, ის 49 წლის გახდა ახლახან. დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა, ჩვენთან ერთად.

- როგორც ვიცი, თქვენს მშობლებს შორისაც არის ასაკობრივი სხვაობა.

- მათ შორის 15 წელია სხვაობა, მაგრამ ჩემს მშობლებს რომ ვუყურებ, გაგიჟებული ვარ, ისე უყვართ ერთმანეთი, ძალიან მაგარი მეგობრები არიან და უგებენ ერთმანეთს.

- მამამ იცის, რომ მოსწონხართ მსახიობს?

- რაღაცებს ვუყვები, მაგრამ ბოლომდე ყველაფერს არა. ჯერჯერობით მე და დომენიკი მეგობრები ვართ.

- ლიკა, თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- ფოტომოდელობით დაიწყო ყველაფერი, ისიც მეგობრის თხოვნით, რადგან მას სჯეროდა, რომ შეიძლებოდა მე ფოტომოდელი ვყოფილიყავი. სიმაღლე ხელს არ მიწყობს-მეთქი, სულ ვამბობდი. ნინო ცქიტიშვილთან ვარ, სამი წელია, "ფეშენ ვიკშიც" ვმონაწილეობ, როგორც მოდელი. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ამ სფეროში იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, დიზაინერობის სწავლას ვაპირებ.

- ცნობილი იურისტის, შალვა ხაჭაპურიძის ქალიშვილი ხართ. იურისტობა რომ აირჩიეთ, ეს მამის გავლენით ხომ არ მოხდა?

- მამის რჩევაც იყო, რომ გავყოლოდი ამ გზას. მითხრა, რომ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში თვითონაც დამეხმარებოდა. მეც მომწონდა ეს პროფესია და ამიტომ დავამთავრე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი როგორც იურისტი, კომპანიაში ვმუშაობდი, კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაშიც, განსაკუთრებით ამ განხრამ მიმიზიდა, თუმცა სამოქალაქო კუთხითაც მოვსინჯე ძალები, მაგრამ მერე აქეთ გადმოვერთე. ახლა ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, არც კი ვაქცევ ყურადღებას ჩემს მთავარ პროფესიას, თუმცა შეიძლება გავიდეს დრო და იურისტობას ისევ მივუბრუნდე. ეს პროფესია დროებით მაქვს გადადებული გვერდზე.

- როგორც ვიცი, კერძო კომპანიების სარეკლამო სახეც ხართ.

- დიახ, ბევრ კომპანიას შეუთავაზებია გადაღება. ჯერ მაღაზიამ გადამიღო, მერე სხვა კომპანიამ, სხვადასხვა სარეკლამო კუთხით მაქვს გადაღებები. როგორც ქართულ, ისე რუსულ კომპანიებისგან მაქვს წინადადებები. სააგენტოში 2 წელია ფოტომოდელი ვარ და მადლობელი ვარ ნინო ცქიტიშვილის, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალია. კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, მიყვარს და მეხმარება განვითარებაში. თუ რამე წარმატებას მივაღწიე, ეს ნინოს დამსახურებაა. სიმართლე გითხრათ, მოდელის პარამეტრები არ მაქვს, 170 სმ ვარ სიმაღლეში და უფრო მაღალი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემში მოსწონთ ის, რომ ძალიან კარგად ვმუშაობ კამერებთან, რაც არასოდეს მისწავლია. მოსწონთ ყველაზე მეტად ჩემი შინაგანი ხასიათი. რეალურად ვვითარდები ამ კუთხით, ბევრს ვსწავლობ და მიხარია.

- ძალიან განსხვავებული ჩაცმის სტილი გაქვთ...

- ჩაცმას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და ვანიჭებ, ვიცვამ არაორდინარულად და განსხვავებულად. მიყვარს კლასიკური და სპორტულის შEეხამება, ბევრი ფერი ერთად, შეიძლება შავებითაც გამოვიდე, გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ ძალიან ფერადებს ვიცვამ, რომ კარგ ხასიათზე მოვიდე თუ კარგ ხასიათზე ვარ, მაშინ ფერებს ვარეგულირებ. არ ვანიჭებ მნიშვნელობას ბრენდებს, არ ვფიქრობ ასე, თუ ბრენდი გაცვია, ესე იგი კარგად გაცვია, ჩემი სტილი მაქვს. ტანსაცმელს აქაც ვყიდულობ, მაგრამ უფრო ხშირად ვიწერ, ერთი სიტყვით ყველაფერს ვიცვამ, რაც მომწონს. მეორადებშიც მიყიდია ტანსაცმელი, ბრენდებიც მაცვია, მთავარია, მომეწონოს და მოვიხდინო.

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, წარმატების მისაღწევად?

- მთავარია, შრომისმოყვარე იყო. ბუნებრივად მოხდა ყველაფერი, ჩემი მიზანი არ იყო სამოდელო ინდუსტრიაში პოპულარული გავხდარიყავი, მაგრამ თავისთავად მოხდა. ხელსაქმეც მეხერხება. მეგობრებმა იციან, რომ ბევრი რამე ჩემით მაქვს შექმნილი, ჩემს ტანსაცმელზე მიხატული და ა.შ. ავთანდილსაც ჩემი სტილი მოეწონა და მითხრა, თუ დიზაინერობას გადაწყვეტ, ბევრს მიაღწევ ამ სფეროშიო, რჩევებიც მომცა. ვაპირებ საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად და დიზაინერობა ვისწავლო, მერე ჩემი ბრენდი ჩამოვაყალიბო.

- ვარცხნილობას ხშირად იცვლით, სტილსაც თქვენ ირჩევთ?

- რაც შეეხება თმას, ჩემი მეგობარია სტილისტი არტურ ავაკოვი და მთლიანად ვენდობი მას, რაც მაქვს სტილი, ფერებიც, ვარცხნილობაც, ყველაფერს ის მირჩვევს.

- კიდევ რა გატაცება გაქვთ?

- ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვარ. ყველაფერში მოვსინჯე ძალები. თითქმის ყველანაირი სპორტით ვიყავი დაკავებული. სამგზის ჩემპიონი ვარ კუნგ-ფუ უშუში, მაქვს უამრავი სიგელი და მედალი. სხვადასხვა დროს დავდიოდი კინგბოქსინგზე, ტანვარჯიშზე, ჭადრაკზე. ვვარჯიშობდი სროლაში. ძალიან კარგად ვხატავდი, მინდა პროფესიული კუთხით განვავითარო ხატვა.

თეა ხურცილავა