ჩვენი ქვეყნის მცველი ევროპის ჩემპიონი გახდა - გზაპრესი

ჩვენი ქვეყნის მცველი ევროპის ჩემპიონი გახდა

21 მარტს მესაზღვრეები პროფესიულ დღესასწაულს, მესაზღვრის დღეს აღნიშნავენ. ისინი დღე და ღამე ჩვენი ქვეყნის სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, საქართველოს საზღვრებზე მუდმივად დგანან და იცავენ ჩვენს ტერიტორიებს. მართლაც რომ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, სულ ფხიზლად უნდა იყვნენ, ვინმემ სახელმწიფო საზღვარი რომ არ დაარღვიოს და ქვეყანაში უკანონოდ არ შემოვიდეს. 19 წელია, ამ რთულ მისიას რამაზ გაბაიძე პირნათლად ასრულებს, ის ჩვენი ქვეყნის მცველია. რიგითი მესაზღვრიდან დაიწყო კარიერული სვლა და სექტორის უფროსობამდე ყველა საფეხური გაიარა. ბათუმის პირველი სამმართველოს, მეორე (კირნათის) სასაზღვრო სექტორის უფროსი, სამსახურის პარალელურად სპორტს მისდევს. ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

- რამაზ, გილოცავთ გამარჯვებას, თქვენს სპორტულ წარმატებაზე გვიამბეთ.

- ბოლო დროს აქტიურად ვარ სპორტში ჩართული, თუმცა მანამდეც ფორმაში ვიყავი და აქტიურად ვვარჯიშობდი. შეჯიბრებაზე გასვლა არასოდეს მიფიქრია, დარბაზში ვარჯიშის დროს მეგობრებმა მთხოვეს, საერთაშორისო შეჯიბრებაში მიმეღო მონაწილეობა, - კარგი მონაცემები გაქვს და სცადეო. ამ სიტყვებმა სტიმული მომცა და გადავწყვიტე ძალები მომესინჯა. გასულ წელს, აგვისტოში, აჭარის ჩემპიონი გავხდი ძალისმიერ სამჭიდში, ნოემბერში კი თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვე. 4 თებერვალს კი თბილისში, საქართველოს ღია ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარსა და მწვრთნელს, დავით მჟავანაძეს. სწორედ მისი დამსახურებით გავხდი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი. ის ძალიან მეხმარებოდა, წარმატებისთვის რომ მიმეღწია. სამჭიდი არის სპორტის ახალი სახეობა: ძირითადი სამი მოძრაობაა. პირველი, მძიმე წონის შტანგის აწევა გიწევს, მეორე - ხარ დაწოლილი, მკერდზე გადევს დიდი სიმძიმე და ეს უნდა ასწიო, ამას წოლჟიმს ეძახიან, მესამე - ჩაჯდომა. ამ დროს მძიმე წონა უნდა დაიდო მხრებზე და ისე უნდა ჩაჯდე. ჯამში სულ 450 კილო მქონდა აწეული.

- ყოველდღე ვარჯიშობთ?

- ჩემი სამსახურებრივი გრაფიკი ასეთია: ერთი კვირა ვმუშაობ, მეორე კვირა ვისვენებ. დასვენების დღეებში სისტემატურად სპორტულ დარბაზში დავდივარ და ინტენსიურად ვვარჯიშობ. დამატებით, როცა სექტორზე ვიმყოფები და მორიგე ვარ, იქაც ვვარჯიშობ, თუმცა ისე ინტენსიურად ვეღარ, რადგან სხვა საქმეებით ვარ დატვირთული. იმდენად გამიტაცა ამ საქმემ, 18 იანვარს, აჭარაში დავაფუძნე აჭარის ძალისმიერი სპორტის ფედერაცია და დიდი გეგმები მაქვს. მინდა სპორტის ამ სახეობით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, ჩაერთოს და წარმატებებს მიაღწიოს. მინდა, ჩვენი მესაზღვრეებიც აქტიურად ჩაერთონ სპორტში და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. 31 მარტს, ბათუმში ღია ჩემპიონატს ვატარებთ ძალისმიერ სამჭიდში მე და ჩემი მეგობრები. 7 ივლისს დაგეგმილი გვაქვს შავი ზღვის თასი ჩავატაროთ აჭარაში, შემდეგ მსოფლიო თასის ჩატარებაზეც ვფიქრობთ, თუმცა ამას დიდი მომზადება სჭირდება და იმედი მაქვს, ამასაც შევძლებთ. მალე უკრაინაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობს და მეც ვიქნები მათ შორის. ვნახოთ, როგორი შედეგი მექნება.

GzaPress

- წლებია, მესაზღვრედ მუშაობთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? - სასაზღვრო პოლიციაში 19 წელია, ვმსახურობ. ჩემი ოჯახის წევრები და მშობლებიც "ფორმიანები" იყვნენ და შესაბამისად, მეც გამიტაცა ამან, სულ მინდოდა ქვეყნის სამსახურში ვმდგარიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა. როცა მშობლებს გავუმხილე, მოეწონათ და დამეხმარნენ, მესაზღვრე რომ გავმხდარიყავი. რიგითი ჯარისკაციდან პოლიციის მაიორამდე მივედი. ძალიან მომწონს ეს საქმე და სხვა სფეროში ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, გულით უნდა მოეკიდო ამ საქმეს, უზომოდ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ დღე და ღამე სადარაჯოზე იდგე. წლებია უკვე, რაც აჭარაში ვმსახურობ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მდინარე ჭოროხის პირას ვართ განლაგებული და ჩვენი მოვალეობაა, სახელმწიფო საზღვრის დაცვა, პრევენციაზე ვიმუშაოთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ მათ ჩვენი დახმარება დასჭირდათ. თანამედროვე ტექნოლოგიების, ჩვენი საქმისადმი სიყვარულისა და ადგილობრივების დახმარებით ხდება საზღვრის საიმედო დაცვა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს საქმე ავირჩიე და ბედნიერი ვარ, რომ ჩართული ვარ საზღვრის დაცვის საქმეში. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, დავიცვათ ჩვენი საზღვარი დღისით თუ ღამით, დარში თუ ავდარში. ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს პირნათლად და ერთგულად. მოსაყოლი და გასახსენებელი, ბუნებრივია, ბევრია. ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა: სოფლის მცხოვრებლებმა დახმარება გვთხოვეს, ახლობლებს ვერ პოულობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ისინი თოვლის საფარქვეშ იყვნენ მოყოლილები. დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, აღმოვაჩინეთ დაკარგულები, ზვავში იყვნენ მოყოლილები და გადავარჩინეთ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა სხვას სიცოცხლეს შეუნარჩუნებ. ადგილობრივებს აქვთ მესაზღვრის იმედი და ჩვენც დაუყოვნებლივ ვცდილობთ მათ დახმარებას.

- დღის რეჟიმი როგორია?

- საქმიანი დილა დაგეგმვით იწყება, შემდეგ გადავდივარ მონაკვეთებზე და იქ მყოფი მესაზღვრეებისგან ინფორმაციას ვიღებ. ხშირად ვხვდები ადგილობრივ მოსახლეობასაც, იქაური მოსახლეობა იგივე მესაზღვრეა, ყველაფერს ხედავს. თუ რამე შეიტყვეს, მაშინვე გვატყობინებენ. ყველანი უნდა იყვნენ ფხიზლად, ფრთხილად, პირნათლად რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.

- საზღვრების დასათვალიერებლად რითი გადაადგილდებით?

- ჩვენთან მთაგორიანი ადგილებია, ტყიანი მასივია და გადაადგილება გარკვეულ მონაკვეთზე ხდება ტრანსპორტით, ზოგან - კვადროციკლებით, თოვლმავლებით, დანარჩენ ადგილებში კი ქვეითად ვმოძრაობთ, ვათვალიერებთ მთელ პერიმეტრს. ტყიან მასივში გარკვეული კილომეტრების გავლა ფეხით გვიწევს, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვიჭირს, რადგან ფიზიკურად მომზადებულები ვართ.

- საზღვრებზე არის საფრთხეები?

GzaPress- ბუნებრივია, საფრთხეები მუდმივად არსებობს. მით უმეტეს, თურქეთ-საქართველოს მიმართულება ყოველთვის საინტერესოა. ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერ წინააღმდეგობას აღვუდგეთ წინ და არსებული პრობლემები აღმოვფხვრათ. იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, საზღვრის დამრღვევი ივლის, ამიტომ ჩვენი ქვეყნის საზღვრის დაცვა მნიშვნელოვანია: არ ვტოვებთ პატარა მონაკვეთსაც კი უკონტროლოდ, რათა არ მოხდეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა.

- როგორც მითხრეს, რამდენიმე ენას ფლობთ...

- ვიცი რუსული, ინგლისური, თურქული და გერმანული. ინგლისურის სწავლა 2005 წელს დამოუკიდებლად დავიწყე, ბევრს ვკითხულობდი, შემდგომ გამიმართლა, ეუთოს კურსებზე მომიწია წასვლამ და უფრო დავხვეწე ენა, შემდეგ, სასაზღვრო პოლიციამ ინგლისური ენის სასწავლო კურსზე წარმადგინა ცოდნის გასაღრმავებლად და წარმატებით დავამთავრე ეს კურსები, მერე გარკვეული პერიოდი ამერიკაში, კანადის საზღვარზე ვიყავი, სადაც გავიარე ორკვირიანი კურსი. ვსწავლობდი, ამერიკელი მესაზღვრეები როგორ იცავდნენ თავიანთ საზღვარს და ის პრინციპები უნდა გადმოგვეტანა საქართველოში. კარგად დავეუფლე ინგლისურს, რაც შეეხება თურქულ ენას, 2000 წელს ვისწავლე, სარფის გამშვებ საზღვარზე 7 წელი ვიმუშავე და აუცილებელი იყო თურქულის ცოდნა. ასე მიადვილდებოდა თურქებთან ურთიერთობა, თან მეზობელი ქვეყანაა, მერე მომიწია თურქეთში ნატოს სკოლაში სწავლამ და იქ დავხვეწე თურქული. რაც შეეხება გერმანულს, სამთო მომზადების სკოლაში ვიყავი შვეიცარიაში, სადაც ნაწილობრივ გერმანულად საუბრობენ, მანამდე დამოუკიდებლად ვსწავლობდი, მერე იქ ვისწავლე გერმანული. ენების ცოდნა ძალიან მეხმარება ჩემს საქმეში. ხშირად ადამიანები მოძრაობენ "გუგლის რუკით" და სარფის საბაჟოს ნაცვლად ჩვენთან მოდიან, ჰგონიათ, იქიდანაც გავლენ საზღვარზე. ვუხსნი, რომ არ შეიძლება იქიდან გასვლა და სარფის საბაჟოზე ვამისამართებ.

- დაოჯახებული ხართ?

- მყავს 6 წლის ქალიშვილი და მეუღლე, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, ოპერატორად მუშაობს. ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს პირნათლად და ერთგულად. მინდა ყველას ბედნიერება და წარმატება ვუსურვო.

ვისურვებ, გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის საზღვრები, დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და ქვეყანაში სიმშვიდე და კეთილდღეობა იყოს.

თეა ხურცილავა