ამბავი, რომელზეც ნაზი ჯანეზაშვილს ჯერ არასდროს უსაუბრია
font-large font-small
ამბავი, რომელზეც ნაზი ჯანეზაშვილს ჯერ არასდროს უსაუბრია
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია პროფესიულ საქმიანობაში. ბავშვობიდან იბრძვის თავის დამკვიდრებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის. როგორც თავად ამბობს, გაიზარდა ოჯახში, სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის დეფიციტი. იცხოვრა კასპში, თბილისში, ვარშავაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ყველაზე ტკბილად სოფელში, ბებიასთან გატარებული პერიოდი ახსენდება. როგორც თავად ამბობს, პოლონეთსა და ამერიკაში მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში უწევდა ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილისში დამკვიდრება არჩია. ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი დათო გამისონია და ორი შვილი: ხუთი წლის ზურა და ხუთი თვის ქრისტინა. არ უყვარს სიურპრიზები, რასთან შეგუებაც მის მეუღლეს ძალიან უჭირს. ყველაზე დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი მისთვის ის წუთებია, როდესაც შვილები პირველად დაინახა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პირად საკითხებთან დაკავშირებით პირველად ჟურნალ "გზასთან" საუბრობს.


- ქალბატონო ნაზი, როგორც მითხარით, თქვენს ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. როგორ მოახერხეთ გესწავლათ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში და ასეთი წარმატებული გამხდარიყავით?
- თბილისში დავიბადე და გარკვეული პერიოდი აქ ვიცხოვრე, მაგრამ შემდეგ ბებიას ავადმყოფობის გამო მთელი ოჯახი სოფელ დოესში (კასპის რაიონში) გადავედით. სკოლაშიც იქ შევედი. ეს ულამაზესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცრად თბილ და კეთილგანწყობილ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა. თბილისში 90-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდით და აქ გავაგრძელე სკოლაში სწავლა. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე კიდევ უფრო მეტად უჭირდა. დედა საკონდიტროში მუშაობდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია, ავტომანქანების ხელოსანია. დღეს ის ოთხი შვილის მამაა. იძულებული ვიყავი, არცთუ ე.წ. პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიმეღო იურიდიული განათლება. თუმცა ამას ნამდვილად არ დავჯერდი, უდიდესი ძალისხმევა მოვიკრიბე და ძალები არ დავზოგე, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი. ჩემი ოჯახის ყოფითმა პრობლემებმა მეტი მოტივაცია მომცა, რომ მებრძოლა. თავდაპირველად დავიწყე სტაჟირება იურიდიულ ფირმაში, ხოლო შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლში". სხვათა შორის, პირველ ცდაზე ვერ მოვხვდი, მეორე წელს წარმატებით გავიარე კონკურსი და მიმიღეს. მართალია, ხელფასი არ მქონდა, მაგრამ იდეალური სამსახური იყო დამწყები იურისტისთვის. შემდეგ ადმინისტრატორის ვაკანსია გამოჩნდა, ისევ გავიარე კონკურსი და ისევ ხელფასის გარეშე გავაგრძელე მუშაობა. არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. ნახევარ განაკვეთზე ადმინისტრატორად, პარალელურად სისხლის სამართლის საქმეებზე ვმუშაობდი. წლების შემდეგ ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად ამირჩიეს, შემდეგ გავხდი ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ვმუშაობდი ციხის საერთაშორისო რეფორმაზე. ეს უკანასკნელი კი იყო შესაძლებლობა, რომ პატიმართა უფლებების მიმართულებით გამოცდილება მიმეღო და თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაგვეტარებინა. მუშაობის პარალელურად არ მეზარებოდა, დაუსრულებლად ვავსებდი უცხოური სასწავლებლების აპლიკაციებს. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მეორე წელს დაფინანსება მოვიპოვე და ვარშავის უნივერსიტეტში მოვხვდი. ზუსტად აგვისტოს ომის შემდეგ მომიწია ვარშავაში წასვლამ. მაშინ რუსული ოკუპაციის თემა ძალზე აქტუალური იყო. საშუალება მომეცა, რამდენიმე პრეზენტაცია მომეწყო რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე. ვარშავის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებისთანავე გავიგე, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი და გადავწყვიტე, არც ამჯერად გამეშვა შანსი ხელიდან... ამ პერიოდში ანუ ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. სწორედ მისი გასვენების დღეს გავიგე, რომ კონკურსში გავიმარჯვე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 აპლიკანტი აირჩიეს და მათ შორის მეც. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ამერიკა კიდევ სხვა, რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა.
- ამის შემდეგ ისევ დაბრუნდით საქართველოში და შექმენით ოჯახი. რას გვეტყვით თქვენი მეუღლის შესახებ?
- დათო არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვუგებ. საერთო ინტერესები და ღირებულებები გვაქვს.
GzaPress
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ჩვენი შეხვედრისა და გაცნობის ამბავი ჩვენი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. ეს ჩვენი, ორის საიდუმლოა. შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიული საქმიანობისას არ შევხვედრივართ ერთმანეთს. როდესაც დათო გავიცანი, საჯარო პირი არ ვიყავი, ის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდა. ახლა ცნობილი გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია. ეს არის ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც ბევრ რამეს მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია, დაქორწინებულები ვართ, თითქმის ყოველ საღამოს (თუ უცხოეთში არ ვარ) ერთად ვატარებთ, ოჯახში, ბავშვებთან იქნება ეს თუ სხვაგან.
- ასეთი ჯიუტი და პრინციპული ქალბატონის გულის მოგება არ გაუჭირდა?
- გაცნობის დღიდან მივხვდით, რომ დანარჩენი ცხოვრება ერთად უნდა გაგვეტარებინა. ჩვენ მხოლოდ ღირებულებები და შეხედულებები კი არ გვაქვს ერთნაირი, ერთმანეთის წარსულს, ოჯახს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, თანავუგრძნობთ. დათოს ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს, ის აფხაზეთიდან დევნილია. მისმა ბაბუა-ბებიებმა ოჯახები არ დატოვეს და გალში დარჩნენ. ერთ-ერთი ბაბუა ზუსტად ერთი წლის წინ, მარტში გარდაიცვალა. ჩემი მეუღლე და მაზლი ძალიან დიდი რისკის ფასად გადავიდნენ გალში და მხოლოდ ერთი დღე მოახერხეს იქ დარჩენა. დათოს ბაბუა ხუთი წლის უნახავი ჰყავდა და ძალიან განიცადა ეს ამბავი. სხვათა შორის, მე მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მეტი ვერ მოვასწარით, მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოვიფარგლებოდით. დღეს ერთი ბებია დაგვრჩა გალში. ჩემი დედამთილი ხანდახან ახერხებს მასთან წასვლას, მაგრამ სულ სტრესულ მდგომარეობაშია, არ იცის, მოახერხებს თუ არა იქიდან უვნებლად დაბრუნებას. წელიწადში ერთხელ ბებია აქეთ გადმოგვყავს. სამეგრელოში, აბაშის რაიონში, სოფელ მარანში ერთი მიტოვებული სახლი შევიძინეთ, გავარემონტეთ და ზაფხულს იქ ერთად ვატარებთ. როდესაც ბებიას დასახვედრად ენგურის ხიდთან მივდივართ, ჩემი ხუთი წლის შვილი ყოველთვის მიგვყავს. მან უკვე იცის, რა ხდება იქ, რატომ ვერ მივდივართ ჩვენს მამაპაპისეულ სახლში.
- შვილების მოვლაში ძიძა გეხმარებათ?
- არა, საბედნიეროდ შვილების აღზრდაში მეუღლესთან ერთად დედა და დედამთილი მეხმარებიან. ზურა ორი წლის იყო, მისი დიდი ხნით დატოვება რომ მომიხდა. ყველაზე საშინელი ის პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს მონტანას უნივერსიტეტში გამოცხადებულ კონკურსში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, საქართველოდან მხოლოდ მე მომეცა მონტანას უნივერსიტეტში სწავლის საშუალება. პროგრამის მიხედვით, მხოლოდ 5 თვის შემდეგ მქონდა ქმარ-შვილის ჩაყვანის უფლება. ჯამში დაახლოებით 35-საათიანი მგზავრობა დღემდე კოშმარად მახსოვს, ცრემლი არ შემშრობია თვალზე. მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ ჩემი შვილი საიმედო ხელში იყო. ჩემი ქმარ-შვილი რომ ჩამოვიდა ამერიკაში, მე უკვე ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ჩვენი ოჯახისთვის ძალზე საინტერესო ეტაპი დაიწყო. დილით მე მივდიოდი უნივერსიტეტში და დათო ბავშვს უვლიდა, მე რომ ვბრუნდებოდი სახლში, დათო მიდიოდა სპეციალურ კურსებზე. მერე ნელ-ნელა ავეწყვეთ, დავლაგდით, მე უკვე ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, რომელიც სასამართლო რეფორმებზე მუშაობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც იუსტიციის საბჭოები იქმნებოდა. მე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასთან, მაროკოსთან, ბანგლადეშსა და ბარბადოსთან ვთანამშრომლობდი. ერთ გუნდში ვიყავი ამერიკელ მოსამართლეებთან, სასამართლოს მენეჯერებთან და ექსპერტებთან. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე.
- იქ დარჩენის ცდუნება არ გქონდათ?
- კი, ცდუნება იყო. მით უფრო, რომ მე და დათოს უკვე ბევრი ქართველი და უცხოელი მეგობარი გვყავდა. ერთ დღეს დავსხედით და ვთქვით, რომ თუ ახლა არ წავიდოდით აქედან, მერე ძალიან გაგვიჭირდებოდა. საბოლოოდ ორივემ გადავწყვიტეთ, საქართველოში დავბრუნებულიყავით.
- არ ნანობთ, რომ დაბრუნდით?
- არც ერთი წუთით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომეწონა პოლონეთში ცხოვრება, ამერიკაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ, მაინც არ მტოვებდა იმის განცდა, რომ ჩემი სახლი საქართველოში იყო. მართალია, აქ დაუცველობის განცდა, მომავლის შიში, დაძაბული დღის წესრიგი მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ.
GzaPress
- შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მოსამართლეებს იცნობთ, იცით, როგორია მათი პოზიცია და კანონთან დამოკიდებულება. როგორ ფიქრობთ, ქართველი მოსამართლეების პრობლემა რაში მდგომარეობს?
- ჩემთვის ზოგი ქართველი მოსამართლის კანონისადმი დამოკიდებულება გამაოგნებელია. სხვა ქვეყნებში ყველა განათლებული ადამიანი იბრძვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ქვეყნის განვითარებისთვის, მერე მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს გარემოში რომ იცხოვრონ. ასე არ ხდება აქ. ქვეყნებში, სადაც განვითარება უნდათ, პრობლემაზე ღიად საუბრობენ და ვითარების შესაცვლელად რეალურად იბრძვიან ან საერთოდ არაფერს აკეთებენ და პრობლემებზე არ ლაპარაკობენ. ისეთი თვალთმაქცობა, რაც ქართულ სასამართლოში ხდება, არც კი მსმენია. ჩვენ 2003 წლის შემდეგ თითქოს წარსულს ჩავაბარეთ შევარდნაძის კორუმპირებული მოსამართლეები და სისტემა თავიდან შევქმენით, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ ისევ არსებობს კლანური ინტერესები, ისევ გვყავს ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები. 2012 წლის შემდეგ თითქოს ისევ დაიწყო ახალი ეტაპი, დაგვაჯერეს, რომ ახლა ნამდვილად ვცვლით მანკიერ სისტემას და ყველაფერს თავიდან ვიწყებთო. ისევ ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა და მივიღეთ კლანური მეთოდებით მართული სასამართლო სისტემა. ასე დავდივართ წრეზე და რეალურ ცვლილებებს არ ვახორციელებთ, მხოლოდ ვლაპარაკობთ.
- ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლებისთვის სასამართლო ტკბილი ლუკმაა და ხშირად უჭირთ ამ სისტემის გათავისუფლება თავიანთი გავლენისგან. თუმცა, უცნაურია, რატომ ვერ ელევა მმართველი გუნდი რამდენიმე სკანდალური სახელის მქონე მოსამართლეს, როდესაც ჯერ კიდევ სახელგაუტეხელ მოსამართლეებშიც ადვილი შესაძლებელია მორჩილი ხალხის მოძიება?
- სხვათა შორის, ასეთი შენიღბული გადაწყვეტილების რისკი ახლა ნამდვილად დგას. ძველ სიაში, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში წარადგინა, ნამდვილად არიან მოსამართლეები, რომლებსაც სახელი არა აქვთ გატეხილი, მაგრამ თუ "საქმეს დასჭირდება", სავარაუდოდ, მართულები იქნებიან, რადგან ამ პროცესების მთავარი გმირები შემთხვევითი პირები არ არიან. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
GzaPress
- მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
- კი, გარკვეული ხნის წინ მომისმენია ზოგიერთებისგან შეფარული მუქარა და დაპირებაც, მაგრამ ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილი ადამიანია, მაგრამ არ მინდა ახლა მასზე საჯაროდ საუბარი. მე ძალიან ბევრი ვიწვალე, ვიშრომე, ვიბრძოლე იმისთვის, რომ ცოდნა, გამოცდილება შემეძინა და შემდეგ ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნისთვის მომეხმარებინა. ახლა ამის შანსი მაქვს და ხელიდან არაფრით გავუშვებ. სხვაგვარად რომ მოვიქცე, ჩემი შვილების წინაშე და ზოგადად, ყველას წინაშე, ვინც ჩემი გულშემატკივარია, თავს დამნაშავედ ვიგრძნობ. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, სადაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და არა - გავლენიან მოსამართლეთა კლანის ხელში. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის.
- შორიდანაც კარგად ჩანს, რომ იუსტიციის საბჭოში თქვენთვის მტრული გარემოა შექმნილი, ეს მუშაობაში ხელს არ გიშლით?
- ეს ყველაფერი რთულია, თუმცა მე მთელი ცხოვრება ვიბრძვი და წინააღმდეგობებს შეჩვეული ვარ. რთული პერიოდი იყო, როდესაც 8 თვის ორსული იუსტიციის საბჭოში მიმდინარე სხდომებზე მთელი დღის განმავლობაში გაუნძრევლად ვიჯექი. შესვენებაზეც კი არ გავდიოდი სადილზე იმის გამო, რომ საბჭოს მტრულად განწყობილ მოსამართლე წევრებს არ შევხვედროდი. მათთან კომუნიკაცია ისევ მე მაზარალებდა. ვიცი, როგორი ადამიანებიც არიან, ყველაფერზე წამსვლელები. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ მიფიქრია უკან დახევაზე. ხშირად მეკითხებიან, ამ ყველაფერს როგორ უძლებთო? ვუძლებ, უკეთესი მომავლის იმედად.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
"ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში"
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი