"ძალიან მჯერა ასტროლოგიის..." - გზაპრესი

"ძალიან მჯერა ასტროლოგიის..."

"ჩანთა ის აქსესუარია, რომელსაც დანახვისთანავე შენიშნავ! ადამიანს რომ ვუყურებ, ვხედავ ჩანთას, მერე ყველაფერ დანარჩენს. ასევეა საყურეც... საყურეების კოლექცია მაქვს და ძალიან მიყვარს! სხვათა შორის, მე და ნათია ხუციშვილი ვქმნით საყურეებს, რომლებიც ბევრ ცნობილ ადამიანს უკეთია: ჯიჯი ჰადიდის, ქეით პერის, კენდელ ჯენერს და ასე შემდეგ..." - რუბრიკაში "გემოვნება" ამჯერად დიზაინერი ლაკო ბუკია ჩავწერეთ...

- თქვენი დაკვირვებით, რა ახდენს ზეგავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში?

- შინაგანი სამყარო... ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ინტერესი, მისი ყოველდღიური ყოფა - რა მოსწონს, რას უყურებს, რას კითხულობს... ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მისი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ასევე მჯერა ასტროლოგიის... როდის დაიბადე, რა რიცხვში, თვეში - ესეც განაპირობებს იმას, თუ რა და რატომ მოგვწონს...

- ბავშვობაში რომელი მწერლები, ნაწარმოებები გიყვარდათ?

- ბავშვობაში კითხვა არა, მაგრამ წიგნები მიყვარდა. მახსოვს ლიკანში ვისვენებდით ხშირად, სადაც საჯარო ბიბლიოთეკიდან შეგვეძლო წიგნის გამოტანა. ეს ჩემთვის საკმაოდ საყვარელი პროცესი იყო, კითხვა კი - არა. თუმცა, ახლა წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ბიოგრაფიული ნაწარმოებების...

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნები გირჩევნიათ, მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- მოგზაურობა ჩემი სუსტი წერტილია... მეგაპოლისები მირჩევნია. პატარა ქალაქებში ყოფნა მალე მბეზრდება, დიდი ქალაქები უფრო მიზიდავს. ჩემი საყვარელი ქალაქი ნიუ-იორკია. იქ სამი წელი ვცხოვრობდი და მას მერე ცოტა რამ მაკვირვებს.

GzaPress

- რომელი ქვეყნის მოსახლეობამ დატოვა თქვენზე გემოვნებიანი ხალხის შთაბეჭდილება? - ალბათ, ნიუ-იორკმა... ჩემთვის ყველაზე გამორჩეულად ამ ქალაქში იცვამენ.

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან რომლებს მიიჩნევთ გემოვნებით შემოსილს?

- ბევრი ქართველი ქალი მომწონს, მაგრამ ჩაცმულობით ვერავის გამოვარჩევ. საერთოდ, ქართველებს კარგი გემოვნება გვაქვს.

- როგორი ჩაცმულობა გიყვართ თავად: კლასიკური თუ სპორტული?

- ყოველდღიურად თავისუფალი, კომფორტული სამოსი მომწონს. სპორტულ ტანსაცმელს დიდ პატივს ვცემ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს კლასიკური სამოსი... მიყვარს, როცა ქალი განსხვავებული და ელეგანტურია. არ არის აუცილებელი შლეიფიანი კაბა გეცვას, სისადავის დაცვა აუცილებელია. მომწონს განსხვავებული, არასტანდარტული სამოსი და არ მომწონს ამოჩემებული ბრენდები. რაც უფრო ინდივიდუალურია ადამიანი, მით უფრო საინტერესო...

- აქსესუარები, ფერები...

- ჩანთა და საყურე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია... რაც შეეხება სამკაულებს: აქამდე უფრო ბიჟუტერიას ვიყენებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს, ანუ მას მერე, რაც შვილი გავაჩინე, ძალიან მომწონს ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამკაული.

- რას ურჩევდით ქალბატონებს იმისთვის, რომ მუდამ გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?

- ვურჩევდი იყვნენ განსხვავებულები, იპოვონ თავიანთი შინაგანი სამყარო, არ მიჰბაძონ სხვებს, გამოირჩეოდნენ სტილით და თავიანთი ხასიათი გადმოსცენ უფრო დაკვირვებით - ამით ბევრად მომხიბვლელები იქნებიან!

მანანა გაბრიჭიძე