ყოფილი სამხედროს თვითგადარჩენის გზა - მხატვრობა - გზაპრესი

ყოფილი სამხედროს თვითგადარჩენის გზა - მხატვრობა

წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. პრაქტიკულად, მის თვალწინ შეიქმნა ქართული ჯარი, აფხაზეთის ომშიც მოუწია ყოფნამ, სადაც თანამებრძოლები თვალწინ მოუკლეს, თავად კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა... ავთანდილ რეხვიაშვილმა ფოთის საზღვაო ძალებში წლების განმავლობაში იმსახურა და მაშინდელი ხელისუფლებისგან მაღალი წოდებებიც მიიღო, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ყოფილა მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი.

ერთ დღეს კი ყველაფერს შეეშვა და ბავშვობის დროინდელ გატაცებას მოჰკიდა ხელი - ხატვა დაიწყო. დროთა განმავლობაში ჰობი ძირითად საქმედ გაიხადა და პერსონალური გამოფენაც მოაწყო.

GzaPressავთანდილ რეხვიაშვილი:

- როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჩვენი ძალებით, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე დავიწყეთ შეიარაღებული ძალების შენება. მე საზღვაო ძალების მიმართულებით ვმუშაობდი, კადრების მოძიებას ვცდილობდი. შერეული სამხედრო საზღვაო ძალების ბრიგადაში კადრების განყოფილებაში ვმუშაობდი და ისეთ ადამიანებს ვეძებდი, ვისაც გამოცდილება ჰქონდა და თან ეროვნული სულისკვეთებით იყო აღსავსე... თხოვნის წერილებს ვგზავნიდით უცხოეთში, იქიდან რომ პროფესიონალი კადრები ჩამოგვეყვანა, ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით. არ იყო იოლი, რადგან ბევრი იმ წლებში ქვეყნიდან წავიდა, ზოგმა კი სამხედრო სამსახურზე საერთოდ ჩაიქნია ხელი. საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც უკან არაფერზე იხევდა, ოღონდ კი ქვეყანას დამოუკიდებლად ეარსება. სამწუხაროდ, შემდეგ, დროთა განმავლობაში ეს განწყობა თანდათან გაუქრათ, რაც მხოლოდ მათი ბრალი არ იყო.

- აფხაზეთის ომში მოგიწიათ ყოფნამ?

- დიახ, მანამდე ჩარხმშენებელ ქარხანაში ინჟინრად ვმუშაობდი და იქიდან პირდაპირ ომში გამიშვეს... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე თუ არა, ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო. ომი თავისთავად ტრაგედიაა, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც პრაქტიკულად შიშველი ხელებით იბრძვი. 1993 წლის 9 თებერვალს სოფელ გუდავაში შევედით, იქიდან კი - ილორსა და ტამიშში მოგვიწია გადასვლამ. ყველა გადაადგილება მუდმივ სტრესსა და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვას ნიშნავდა. თითქმის მშივრები და მიტოვებული ვიყავით, არავინ გვკითხულობდა, რას ვაკეთებდით, ვინ საით ისროდა...

- მეთაური არ გყავდათ?

- თითქმის არა, ჩვენი მომკითხავი არავინ იყო... ერთი სიტყვით, იქიდან კინდღში წავედით. იქ გატარებული უმძიმესი დღეები არასდროს დამავიწყდება, - სამი ტანკი გვქონდა მხოლოდ, საბრძოლო იარაღები კი - არა. ამას ემატებოდა საჭმლის უქონლობა. ღვთის ანაბარად ვიყავით მიტოვებული. ციოდა... ერთხელ მოწინააღმდეგემ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ესროლა ჩვენს ტანკს. სასწაულებრივად გადავრჩით... ახლაც არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ ცეცხლმოკიდებული და დაზიანებული ტანკიდან ამოსვლა. ერთხელ სოფელ კინდღში ჩასაფრებაში ვიყავით, მოწინააღმდეგე უნდა შეგვეფერხებინა, უმძიმეს, ორმხრივ ცეცხლში აღმოვჩნდით. ტყვია-წამალი ძალიან ცოტა გვქონდა... იმ დღეს ბიჭები დაჭრეს. ისინი ერთ-ერთმა ჩვენმა თანამებრძოლმა, დათო ჩუბინიძემ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გადაარჩინა. რამდენიმე დაჭრილი გამოიყვანა, თუმცა, ორი სოხუმელი ბიჭი დაგვეღუპა. ისინი ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.

- საბრძოლო რესურსის დეფიციტის გარდა, არაორგანიზებულობაც შეინიშნებოდა.

- დიახ, სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს, - იყვნენ ისეთებიც, ვინც იქ საომრად სამშობლოსთვის გულანთებული არ ყოფილა, თუმცა ყველას თავისი სამართალი განსჯის; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთსაც გაუხსნეს ცეცხლი. არ იცოდნენ, თავიანთი ჯგუფი სად, კონკრეტულად რა მიმართულებით იყო, რადგან ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. ეს უამრავ პრობლემას ქმნიდა. ძალიან მიმძიმს იმ დროის გახსენება. არ ვიყავით მზად იმ ომისთვის. არც აფხაზებს ულხინდათ. იყო შემთხვევები, როდესაც ცეცხლის შეწყვეტისას, მებრძოლები ერთმანეთთან სიგარეტის სათხოვნელად გადადიოდნენ. ჩვენ მაინც წავაგეთ...

GzaPress

- როდემდე მოგიწიათ იქ ყოფნამ? - 10 მაისს წამოვედით აფხაზეთიდან, სამხედრო მანქანებს ფოთამდე გამოვყევით, იქიდან კი, თბილისში დავბრუნდით... ომი უკვე წაგებული იყო და იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა... შემდეგ, გავაგრძელე შეიარაღებულ ძალებში ყოფნა. კადრებში ვიყავით. კომპიუტერებიც კი არ გვქონდა, რომ გვემუშავა. შემდეგ, თანდათან დავიწყეთ ინფრასტრუქტურის შეძენა და შემოტანა. შტატების დაკომპლექტებაც დაიწყო. იმ წლებში ქალბატონები თითქმის არ იყვნენ ჯარში, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს შტაბში პირველი სამი ქალი მოვიყვანეთ და კადრებში დავასაქმეთ. თან ჯერ ვასწავლეთ, რადგან როგორც გითხარით, მაშინ იქმნებოდა შეიარაღებული ძალები. მოგვიანებით, ფოთში გადავედი, იქაურობა რომ გამეკონტროლებინა.

- რა გევალებოდათ?

- გემების გამართულად მუშაობის კონტროლი, საწვავისა და გემის კონტროლი. იმ წლებში, საწვავის გაყიდვა, საერთოდ, კორუფცია, ჩვეულებრივი ამბავი იყო. მალე სასადილოც გაიხსნა. იქიდანაც დაიწყეს ჯარისკაცის ულუფის მოპარვა, მქონდა შემთხვევები, როდესაც ეჭვის საფუძველზე ჩანთა გავუხსენი მომსახურე პერსონალს.

- პროდუქტს იპარავდნენ?

- დიახ. გასაგებია, რომ დაბალი ანაზღაურება იყო, მაგრამ ეს ჯარისკაცისთვის საჭმლის მოპარვას არ ამართლებს. შაქარი, კარაქი, ფქვილი და ასეთი სახის პროდუქტი ქრებოდა... ამიტომ სასადილოს პერსონალი გავაფრთხილე, ჩანთა არ უნდა გქონდეთ-მეთქი. სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. იმ წლებში ფოთში არსებული საზღვაო ძალები მგონი ყველაზე გამართულად მუშაობდა. პირადად მე, ვცდილობდი, უწყებას შეძლებისდაგვარად კარგად ემუშავა. კაპიტნისა და მაიორის წოდება მომანიჭეს.

GzaPress- შემდეგ წლებში ხუმრობდნენ, რომ მაშინ ძალიან ბევრი გენერალი და კაპიტანი იყო შეიარაღებულ ძალებში.

- დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ მე სინდისისთვის არასდროს მიღალატია, წოდება არასდროს მაინტერესებდა. ვფიქრობ, ვიმსახურებდი იმ წოდებას, ისე კი, შევარდნაძე მართლა ძალიან ხშირად არიგებდა გენერლის სტატუსებს და მათ "კოოპერატივის გენერლებსაც" უწოდებდნენ... შემდეგ უკვე, ასაკის გამო წამოვედი ჯარიდან და წლების განმავლობაში სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. რაღაც დროის განმავლობაში ბანკშიც კი ვიმუშავე.

- ვიცი, რომ ახლა ხატავთ.

- დიახ, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ იმ წლებში ხატვისთვის სადღა მეცალა. ბოლო ხანებში დავიწყე და შეიძლება ითქვას, მძიმე წლების შემდეგ, ამ საქმემ შვება მომგვარა... ვნანობ, რომ აქამდე არ მიცდია, ხატვაში ბედი მეცადა. მარტივი გზა არ გამივლია, საკმაოდ რთული ცხოვრება გავიარე. რამდენიმე წლის წინ მეუღლეც გარდამეცვალა. იმ წლებში მთელ საქართველოში ერთადერთი სამხედრო ფსიქოლოგი და ამავდროულად, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. დავრჩი მარტო. ახალგაზრდობაში ხაზვა კარგად გამომდიოდა, თუმცა ხატვაზე რატომღაც არ მიფიქრია. რაჭველი კაცი ვარ და ერთ დღეს, იქაური ულამაზესი ბუნება ტილოზე გადავიტანე. საკმაოდ კარგად გამომივიდა...

- მხოლოდ პეიზაჟებს ხატავთ?

- არა, პორტრეტებსაც. ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს, ბოლომდე ვიხარჯები და ახალ ტილოს ახალი ცხოვრების ეტაპად მივიჩნევ... ამ რამდენიმე ხნის წინ პერსონალური გამოფენაც მქონდა და ძალიან კარგი შეფასებები დავიმსახურე. მე ხომ ეს საქმე არასდროს მისწავლია, ამიტომ უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან სულ სიახლის ძებნაში ვარ.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, 66 წლის კაცისთვის რა დროს სიახლეების ძებნა არისო, მაგრამ როცა ფუნჯით ზეთებს ვაზავებ და ჩემთვის სასურველ ფერებს ვიღებ, ჩემს გონებაში არსებულ ესკიზს ვაცოცხლებ, ყველა სატკივარი მავიწყდება. მართალია, დროებით, მაგრამ ისიც ბევრს ნიშნავს, ცხოვრება რომ გავაგრძელო. თუ იქამდე ვიცოცხლე, ნოემბერში ერთ გამოფენას კიდევ ვაპირებ.

- როგორც თქვით, ცხოვრების გასაგრძელებლად საუკეთესო სტიმული გიპოვიათ.

- დიახ, მაგრამ მთლად ჩემზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და უფალმაც უნდა ინებოს, რომ ჩემი ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანო. ახალგაზრდობაში სპორტშიც მოვსინჯე ძალები, მოჭიდავე ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხატვისკენ გამიწია გულმა... კიდევ ცოტა ხანს მინდა ბუნებასთან საუბარი, ეს ჩემთვის ბიზნესი არ არის, ეს საქმეა, რომელიც მაცოცხლებს. ავადმყოფობასაც კი მავიწყებს და ძალას მაძლევს, რომ ვიბრძოლო. პროფესიონალმა მხატვრებმა მითხრეს, რომ ფერები, რომლებიც მე გამომყავს, ძალიან ახლოსაა ნამდვილთან და ბუნებრივთან. ამიტომ კიდევ ცოტა ხანს მინდა ჩემი საყვარელი საქმით დავტკბე.

ლალი პაპასკირი