როგორ რეგულირდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - გზაპრესი

როგორ რეგულირდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება

საქართველოში ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს. მით უმეტეს უჭირთ მარტოხელა მოხუცებს, რომლებიც მზრუნველის გარეშე არიან დარჩენილები და პენსიით გააქვთ თავი. ასეთ დროს ისინი ცდილობენ, ისეთი ადამიანი იპოვონ, რომელიც ნორმალურ პირობებს შეუქმნის, მოუვლის და მის კვებასა და ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ზრუნვის სანაცვლოდ კი მზად არიან, თავიანთი შრომით შექმნილი ქონება მზრუნველ ადამიანს დაუტოვონ. ეძებენ სანდო ადამიანებს, თუმცა, სამწუხაროდ, მიუხედავად მოლაპარაკების, არის ისეთი შემთხვევები, როცა მოხუცები მოტყუებულები რჩებიან. მართალია, უზრუნველ სიბერეს ჰპირდებიან, მაგრამ როგორც კი ბინას ხელში ჩაიგდებენ, მოხუცს ხშირად დახმარების გარეშე ტოვებენ.

ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მარჩენალი ზარალდება, რადგან სარჩენი უკმაყოფილოა მისი გაწეული ხარჯებით, უფრო მეტს ითხოვს და ქონების მიცემაზე უარს ამბობს. ასეთ დროს კი მარჩენალს სიმართლის დადგენა უჭირს. მარჩენალმა თავი რომ დაცულად იგრძნოს, ცდილობს, მოხუცთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმოს. ამით ის თავს იცავს მოხუცის მემკვიდრეებისგანაც. არც ის არის სიახლე, რომ ისეთი მოხუცებიც ეძებენ მომვლელს, რომლებსაც მემკვიდრეები ჰყავთ, მაგრამ შვილებზე ან ნათესავებზე გაბრაზებულები სხვა მარჩენალს გაურიგდებიან ხოლმე. კანონით, მოხუცის მემკვიდრეებს თავიანთი წილი ეკუთვნით, მაგრამ თუ მარჩენალმა მოასწრო და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, მემკვიდრე წილს ვერ მიიღებს.

სასამართლოში ხშირად იხილება საქმეები, სადაც ადამიანები უკანონო გარიგებებზე დაობენ და კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ერთ ფაქტზე გიამბობთ:

მომჩივანი ასაკოვანი ქალბატონი იყო, იგი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა. საქმის მასალებით ჩანდა, რომ მხარეებს შორის ნოტარიულად იყო დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო გადახდილი თანხის ოდენობაც. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოხუცის ერთოთახიანი ბინა 17.000 დოლარად ჰქონდა მოპასუხეს ნაყიდი. მოსარჩელე კი ირწმუნებოდა, რომ ის მოატყუეს. მისი განმარტებით, მიზანი იყო მოეძებნა ადამიანი, ვინც მოუვლიდა, მასზე იზრუნებდა, უზრუნველყოფდა საკვებითა და მედიკამენტებით, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მას დედ-მამის მშობლიურ სოფელში დაასაფლავებდა. მარტოხელა მოხუცმა თავისი მოგვარე და თანასოფლელი ქალი გაიცნო, დაუახლოვდა მას და შესთავაზა, თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებდა, საკუთრებაში არსებულ ბინას მას გადასცემდა. მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, მერე მივიდნენ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გასაფორმებლად. მოხუცი ამბობდა, ნოტარიუსთან ანდერძის დასაწერად ვიყავი მისული, იქ კი მოტყუებით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე მომაწერინეს ხელიო. იმასაც აცხადებდა, ფული მას ჩემთვის არ გადაუხდიაო. დოკუმენტებით სხვა რამ ჩანდა. სასამართლოზე ნოტარიუსიც დაიკითხა, ისიც ირწმუნებოდა, რომ მოხუცს ხელშეკრულების შინაარსი წაუკითხეს და ამის შემდეგ მოაწერინეს ხელი. მოხუცი კი ამბობდა, რომ სხვა ტექსტი წაუკითხეს და სხვა რამეზე მოაწერინეს რეალურად ხელი. სასამართლოს ის ქონების უკან დაბრუნებას სთხოვდა, რადგან სხვა საცხოვრებელი ფართობი არ გააჩნდა და ქუჩაში რჩებოდა. თავის მხრივ, მოპასუხე შესაგებელში ფაქტობრივად ადასტურებდა, რომ ეს არ იყო უბრალო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. იმასაც ამბობდა, რომ მან შესთავაზა მოგვარესა და თანასოფლელს მოვლა. აცხოვრებდა ბინაში სიცოცხლის ბოლომდე, ვინაიდან, მას ეს ბინა ჯერჯერობით არ სჭირდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებოდა ბინა, მოხუცს წაიყვანდა სახლში და მოუვლიდა. ამით მან აღიარა მათ შორის არსებული გარიგება. აშკარად ჩანდა, მიზანი იყო ბინის გადაფორმება და მოატყუეს მოხუცი, მოხუცმა კი თავისი სიმართლე სასამართლოში მაინც ვერ დაამტკიცა. ბევრი მტკიცების მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია.

სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ასეთი ურთიერთობები კანონით რეგულირდება და ამ გარიგებას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ჰქვია.

ერთ განსხვავებულ შემთხვევაზე მოგიყვებით, სადაც თავად მოხუცმა დატოვა მოტყუებული მარჩენალი. ამ შემთხვევაშიც მიზეზი კანონის უცოდინარობა იყო.

ნათია:

- ჩემს მეზობლად ცხოვრობდა სომეხი ეროვნების ქალი, რომელსაც არც ქმარი ჰყავდა და არც შვილი. ხშირად მოდიოდა ჩემთან, მეც მეცოდებოდა და ცხელ საჭმელს ყოველთვის ვუნაწილებდი. ერთ დღეს მითხრა, ჩემს 2-ოთახიან ბინას დაგიტოვებ, ოღონდ კარგად მომიარეო.

დავთანხმდი, ზაფხულობით აგარაკზეც დამყავდა, მართლა არაფერი მომიკლია მისთვის. ბინაში გათბობა, კოსმეტიკური რემონტიც გავაკეთეთ, ადამიანური პირობები რომ ჰქონოდა. მეზობლებსაც რომ ჰკითხოთ, გეტყვიან როგორ ვუვლიდი მას. 8 წელი ვუვლიდი ამ ქალს, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრი გახდა. ანდერძი დაწერა, სადაც ეწერა, რომ ქონებას მე მიტოვებდა. ეს ანდერძი ნოტარიულადაც იყო დამოწმებული და მეგონა, ჩვენ შორის ურთიერთობა ამით გარკვეული იყო. ბოლოს მასთან ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავდი. ვკითხე, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი? მითხრა, ნათესავია და მიპოვაო. ეჭვი არაფერში შემიტანია. ერთ დღეს სოფელში წავიდა, ნათესავებს ვნახავო. წაიყვანა იმ ბიჭმა, ორი თვის მერე დაბრუნდა სახლში. ვატყობდი, რომ სხვანაირი გახდა. ჩხუბობდა. მერე მითხრა, რომ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა, ნათესავი გამოუჩნდა და ის მოუვლიდა. თურმე გააუქმა ჩემს სახელზე დაწერილი ანდერძი და იმ ბიჭს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ბინა გადაუფორმა. ადვოკატებთან გავიარე კონსულტაცია, მაგრამ მითხრეს, რომ გამიჭირდებოდა ჩემი სიმართლის დამტკიცება. მაშინ გავიგე იურისტებისგან, რომ არსებობს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ის ქალი 5 თვეში გარდაიცვალა, ბიჭმა კი სასწრაფოდ გაყიდა ბინა.

თურმე ნათიას მსგავსად, ასეთი გარიგების დროს ანდერძს ხშირად წერენ. სარჩენი ანდერძში უთითებს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მისი ქონება უნდა დარჩეს მარჩენალს, მაგრამ ეს პირობა არ სრულდება.

GzaPress

ციცინო ცხვედიანი, ადვოკატი: - სამისდღეშიო რჩენა გულისხმობს, როდესაც ერთი ადამიანი (მარჩენალი) მეორე ადამიანის (სარჩენის) სიცოცხლის ბოლომდე რჩენის ვალდებულებას იღებს. მარჩენალი ვალდებულია, სარჩენს სიცოცხლის მანძილზე გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო ფულადი ან ნატურალური სახით (კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ხოლო სარჩენი, მხარეთა შეთანხმებით, მარჩენალს სანაცვლოდ უძრავ ქონებას გადასცემს.

მარჩენალს უფლება არა აქვს, მისთვის გადაცემული ქონება სარჩენის სიცოცხლეში გაასხვისოს, დააგირავოს ან იპოთეკით დატვირთოს სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ვერც სარჩენი გაასხვისებს მარჩენლისთვის გადაცემულ ქონებას, მას მხოლოდ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარჩენლისთვის გადაცემული ქონების შემთხვევითი დაზიანება არ ათავისუფლებს მარჩენალს სარჩოს გადახდისაგან. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ქონების განადგურებაში, დაზიანებაში მარჩენალს არ მიუძღვის ბრალი (მაგალითად, ქონება განადგურდა მიწისძვრით, წყალდიდობით და სხვ.).

ხელშეკრულებაში კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი მხარეთა ვალდებულებები და მოვალეობები. ტრაფარეტულ ფორმაში, რომელიც ყველა ნოტარიუსს აქვს, წერია, რომ მარჩენალი ვალდებულია, მოაგვაროს და გაუწიოს სარჩენს კვებისთვის, მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და ა.შ, ეს არ არის საკმარისი, რადგან შესაძლოა, სარჩენმა მოგვიანებით ამ ხელშეკრულების გაწყვეტა მოინდომოს და თქვას, რომ მას არ აკმაყოფილებს გაწეული დახმარება. ასეთ დროს მარჩენალს სერიოზული პრობლემა ექმნება იმის დასამტკიცებლად, რომ მის მიერ გაწეული დახმარება საკმარისი იყო სარჩენის უზრუნველსაყოფად. უმეტესად, ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი სარჩენს აქვს. ბევრი შემთხვევა მქონია, როცა არსებობდა სანოტარო ხელშეკრულება, მაგრამ არ იყო კონკრეტულად მითითებული, თუ რა იგულისხმებოდა სამედიცინო დახმარებასა და საკვებით უზრუნველყოფაში. მარჩენალი აცხადებდა, რომ სარჩენი ისეთ რამეებს ითხოვდა, რომ უკვე აღარ ღირდა ამ ბინის საფასურად მასზე ეზრუნა. ასევე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა სარჩენს თითქმის არ ჰქონდა პრეტენზია მარჩენლის მიმართ, მაგრამ მას გამოუჩნდა სხვა პიროვნება, რომელიც უკეთეს პირობებს დაჰპირდა და ამიტომ ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ასეთ დროს სასამართლო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ როგორ დაამტკიცებენ მხარეები თავიანთ პოზიციებს. თუ სარჩენი დაამტკიცებს, რომ მარჩენალი ვერ უზრუნველყოფს მის პირობებს, მაშინ ხელშეკრულება უქმდება და ბინა უბრუნდება მეპატრონეს, ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად, სარჩენი არაფერს აგებს. კანონში პირდაპირ წერია, მარჩენალს არ უნაზღაურდება ხარჯები, თუ ეს ხელშეკრულებაში მითითებული არ არის ანუ ხელშეკრულება ავტომატურად არ მოიცავს იმ არსს, რომ მისი შეწყვეტის შემთხვევაში ხარჯი უნდა დაუბრუნდეს მარჩენალს. ამიტომ ვურჩევ მარჩენალს, გაითვალისწინოს და ხელშეკრულებაში დეტალურად ჩადოს თავისი პირობები, რომ გაუქმების შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების უფლება მაინც ჰქონდეს. ორივე მხარის უფლება დაცული რომ იყოს, ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, რომ დარღვევის შემთხვევაში მარჩენალს აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები. ასეთ დროსაც უნდა დაამტკიცოს მარჩენალმა, რა ხარჯები გასწია. თითქმის იშვიათად შემხვედრია ხელშეკრულება, რომელშიც ყველა ნორმა დაცულია, ამიტომ ვურჩევ ყველას, თავიდანვე იზრუნოს თავიანთი უფლებების დაცვაზე. ხშირად მხარეები ამას არ უკვირდებიან ხელშეკრულების დროს და როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, ხვდებიან, რომ ისე არ არის საქმე, როგორც ეგონათ.

- თუ ვთქვათ, ყველაფერი ხელშეკრულებით გაწერილია და მაინც სარჩენი ამბობს, რომ მარჩენალი მასზე სათანადოდ არ ზრუნავს, ასეთ დროს მარჩენალმა თავისი სიმართლე როგორ უნდა დაამტკიცოს?

- კანონი არ ითხოვს, რომ მხარემ აგროვოს მტკიცებულებები, ეს მისი უფლებაა, თუკი ის ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა პრობლემები გამოჩნდეს, შეიძლება შეაგროვოს ქვითრები, დოკუმენტები. მინახავს ადამიანი, რომელსაც ჩამოწერილი ჰქონდა ყველაფერი, რა ხარჯები გასწია და ამ გზით თავისი სიმართლე დაამტკიცა. არადა, სარჩენი ამბობდა, რომ მას არ უვლიდნენ. ეს იშვიათი გამონაკლისია. ყოველთვის ჯობია, თადარიგი დაიჭირონ და მოაგროვონ მტკიცებულებები, თუმცა ამას კანონი არ ითხოვს.

- რაზეა დამოკიდებული სარჩოს ოდენობა?

- სარჩოს სახე და ოდენობა სრულადაა დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე. საქართველოს კანონმდებლობით, სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით, მათ შორის: ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით. მაგალითად, მხარეებმა შესაძლოა, დაადგინონ, რომ სარჩენის მხრიდან უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ, მარჩენალი ვალდებულია, სარჩენი ყოველდღიურად უზრუნველყოს სამჯერადი კვებით, საჭირო მედიკამენტებით ან/და თანხის გარკვეული ოდენობით და სხვ. სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე.

- მარჩენალს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე?

- როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ, უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მიზეზი, რომელიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას, შესაძლოა იყოს მარჩენალის ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. ასეთ შემთხვევაში, გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მარჩენალის გარდაცვალებისას, რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს სარჩენის მიერ გადაცემული ქონება. მემკვიდრის მიერ რჩენის ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება წყდება. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი მოვალეა, გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო სარჩენს, მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები მხარეთა შეთანხმებით დგინდება.

თეა ხურცილავა