"გრანელი" ლათინური სიტყვაა და "მარცვალს" ნიშნავს - გზაპრესი

"გრანელი" ლათინური სიტყვაა და "მარცვალს" ნიშნავს

ბოლო დროის ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი ამბის გმირი, ირაკლი პატარიძე ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, გალაკტიონ ტაბიძის გამოც იჩხუბებს. ეს ისე, ხუმრობით... ნახევრად ხუმრობით კი ირწმუნება, რომ მისმა პატარა, ტექნიკურმა შეცდომამ მთელი საქართველო ტერენტი გრანელის ბიოგრაფიაში ჩაახედა.

ირაკლი პატარიძე "ქართული ოცნების" ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის მას შემდეგ გაიცნო, რაც ტერენტი გრანელის გამო თავის "ნაციონალ" კოლეგებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამბავი კი ასე დაიწყო:

პატარიძემ, როდესაც ის საკრებულოს წევრებს ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა, პოეტი პროზაიკოსად მოიხსენია. შეცდომაზე საჯაროდ მიუთითა საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ და ვარაუდიც გამოთქვა, რომ პატარიძეს გრანელის არც ერთი ლექსი არ ეცოდინებოდა. ქამადაძე პატარიძემ კამერებთან კეკლუცში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს. დაპირისპირებისას დეპუტატ რომან ზოიძეს თავი გაუტეხეს.

პოლიტიკით დაინტერესებულ მრავლისმნახველ და მრავლის გამგონე საზოგადოებას რა არ უნახავს და გაუგონია, თუმცა ირაკლი პატარიძემ ყველა რეკორდი მოხსნა და გარკვეულწილად გაგვახალისა კიდეც. გადავწყვიტეთ, რეკორდსმენი პოლიტიკოსის პოლიტიკური შეხედულებები და პოზიციები მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო.

- ბატონო ირაკლი, როგორი ვითარებაა დღეს ბათუმში? ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები როგორ აისახება ქალაქის მოსახლეობაზე?

- ბათუმში სიმშვიდე და სტაბილურობაა. არავინ ძალადობს, ციხეში უსამართლოდ არავის უშვებენ, ბიზნესმენებს არავინ ატერორებს, სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს. დღეს აქ ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს.

- რიგითი ბათუმელების სოციალურ მდგომარეობაზე რას იტყვით?

GzaPress- ბათუმელების ერთი ნაწილის სოციალური მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ადრე ძალიან უჭირდა და დღეს სული მოითქვა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ საერთო ჯამში სოციალური ფონი სახარბიელო არ არის.

- რა გააკეთეთ თქვენ ქალაქში უკეთესი ვითარების შესაქმნელად?

- მე ხიმშიაშვილის დასახლების უბნის დეპუტატი ვარ. ჩემი საარჩევნო დაპირება "ჟილინის" არხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იყო. არხი ზღვასთან ახლოსაა, ტურისტულ ზონაშია მოქცეული. სამი წლის წინ გადაიხურა, მაგრამ კეთილმოწყობითი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. ახლა ამ სამუშაოების ჩასატარებლად თანხაც მოვიძიეთ და ტენდერიც გამოვაცხადეთ.

- როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი გენდობათ?

- ზოგიერთ ამომრჩეველს ოქროს კოშკი რომ აუგო, მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი და ვერაფერს დაანახვებ, თუმცა არის ისეთი ამომრჩეველიც, რომელიც სიტუაციას რეალურად აფასებს.

- მადლიერი ამომრჩეველი უფრო მეტი გყავთ თუ უმადური?

- მადლიერი, რადგან ჩემთან მოსულ ადამიანს ყოველთვის ვეხმარები. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში.

- როგორ გგონიათ, დაიჯერა ამომრჩეველმა, რომ ტერენტი გრანელთან დაკავშირებით შეცდომა უნებლიეთ დაუშვით?

- ამ ამბის გამო ბოდიში მთელ საქართველოს მოვუხადე, მაგრამ არსებობს მორალი და ზნეობა, რომლის იქით წითელი ხაზია და იმის გადაკვეთა არ შეიძლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წითელი ხაზები გადაიკვეთა. ჩემს მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?!

- მოთმინება რამ დაგაკარგვინათ?

- უტიფრობამ და პროვოკაციულმა კითხვამ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან გამომიყვანეს მდგომარეობიდან, ჩხუბი მე არ დამიწყია. ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა. მე მხოლოდ თავდაცვის მიზნით გავუსწორდი მას. სხვათა შორის, ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა იოლი არ არის, თუმცა "ნაციონალებმა" შეუძლებელი შეძლეს. რაც შეეხება ჩემს შეცდომას, არ დავიწყებ იმის მტკიცებას, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი, ეს ყველამ კარგად ვიცით. უბრალოდ, ტექნიკური შეცდომა დავუშვი. ამ ამბის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლებოდა. ამ ამბავში მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ის იყო, რომ კვირკველიების საგვარეულო ტერენტი გრანელს ბიუსტის დადგმას წლების განმავლობაში ითხოვდა. მე პირველივე კორესპონდენციის შემოსვლისას მივაქციე ამ საკითხს ყურადღება და ძალიან მალევე გავიტანე საკრებულოს სხდომაზე. კვირკველიებთან ერთად ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავე, გვქონდა შეხვედრები, მიწერ-მოწერა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების შესაბამის განყოფილებასთან, ასევე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან, ბათუმის მერიასთან. იყო შენიშვნები როგორც ძეგლის ვიზუალთან, ისე სხვა დეტალებთან დაკავშირებით. აი, ეს არის მთავარი და არა ის, რომ განმარტებით ბარათში პოეტის ნაცვლად პროზაიკოსი ეწერა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაიდგას გრანელის ბიუსტი მაინცდამაინც ბათუმში?

- ეგ კვირკველიებს ჰკითხეთ, ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ ტერენტის ბიუსტი ბათუმში დაიდგმება, ორმაგად მიხარია, რომ ამ ამბავში მე მიმიძღვის წვლილი. სხვათა შორის, ჩემი ოპონენტები, რომლებთან ჩხუბმაც მომიწია, არასდროს დასწრებიან კომისიის სხდომებს, სადაც გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხი განიხილებოდა. თვალიც კი არ მომიკრავს მათთვის. სხვათა შორის, ისინი მხოლოდ მაშინ აქტიურობენ, როდესაც ახლომახლო კამერები ეგულებათ. ისე, ძირითადად ხმას არ იღებენ.

- კვირკველიებისთვის არ დაგისვამთ კითხვა, რატომ სურთ ბათუმში გრანელის ბიუსტის დადგმა?

- სხვათა შორის, არა, აზრადაც არ მომსვლია ამ კითხვის დასმა, უბრალოდ, ძალიან გამიხარდა. რატომაც არა?! იყოს ბათუმში გრანელის ბიუსტი. ჩვენ ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილი გამოვნახეთ, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დავდგამთ.

- ე.ი. გრანელის შემოქმედების თაყვანისმცემელი ხართ?

- მე ყველა ქართველი პოეტისა და გამოჩენილი მოღვაწის თაყვანისმცემელი ვარ. ამავდროულად, მიყვარს პროზა, მუსიკა, სპორტი და კინო. ყველაფერი ვიცი-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ რისი ცოდნაც აუცილებელია ჩემს პოზიციაზე მყოფი კაცისთვის, ის ნამდვილად ვიცი.

- ახლა შეგიძლიათ გრანელის რომელიმე ლექსი წამიკითხოთ?

- (იცინის) სხვათა შორის, კვირკველიებს შევთავაზე, რომ ბიუსტის გახსნაზე ერთ ლექსს მე წავიკითხავდი. ერთი ლექსი უკვე ვთქვი, უფრო სწორად, ჩემებური ინტერპრეტირება გავაკეთე და გამიშარჟეს.

GzaPress

- ფსევდონიმი "გრანელი" რას ნიშნავს? - ლათინური სიტყვაა და "მარცვალს" ნიშნავს. თავად დაირქვა, ამბობდა, მე სამყაროს პატარა შემადგენელი ნაწილი, მარცვალი ვარო. როგორც ვიცი, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოუწია ყოფნამ.

- გრანელის ბიოგრაფიას ადრეც იცნობდით თუ ამ სკანდალის შემდეგ გადაიკითხეთ?

- არა, რას ამბობთ, მე ხომ ნამუშევარი ვარ ამ თემაზე, მისი საგვარეულოს წარმომადგენლებთან მიწევდა შეხვედრები, საუბრები, რამდენჯერმე ერთადაც ვივახშმეთ. სულ რომ არაფერი მცოდნოდა მის შესახებ, ამ პერიოდში ხომ მაინც გავიგებდი?! ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ ამბობენ, სწორედ ამ ამბავს შეესაბამება.

- რას გულისხმობთ?

- ერთი პატარა, ტექნიკური შეცდომა დავუშვი, რის შედეგადაც მთელ საქართველოს ტერენტი გრანელის ბიოგრაფია წავაკითხე. იმ დღეებში ყველა გრანელის სახელსა და გვარს "გუგლავდა" და "ვიკიპედიას" კითხულობდა.

- თქვენ კი ამ შეცდომამ პოპულარობა მოგიტანათ. ასეთ თემაზე პირველად იჩხუბეთ?

- დიახ, რამდენიმე დღეა, ნაცნობ-მეგობრები მირეკავენ. უცნობებიც ძალიან ხშირად მეხმიანებიან და წარმატებებს მისურვებენ. ისე მიდის საქმე, თუ საჭირო გახდება, გალაკტიონ ტაბიძისთვისაც ვიჩხუბებ.

- როგორც ვიცი, სპორტსმენი ხართ.

- დიახ, მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული, ჩემი მეგობრები ამბობენ, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც არ ამართლებს გამოთქმას - კუნთმაგარი და გონებაჩლუნგიო.

- სპორტის რომელ სახეობაში ვარჯიშობდით?

- 13 წლის განმავლობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვიყავი. შემდეგ მორაგბე გავხდი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მაქვს მოპოვებული.

- საკრებულოში როგორ აღმოჩნდით?

- მხოლოდ სპორტით კი არ ვიყავი დაკავებული. საკრებულომდე, მერიაში ვმუშაობდი. მერის წარმომადგენელი გახლდით ზუსტად იმ უბანში, საიდანაც მერე საკრებულოში ვიყარე კენჭი და საკმაოდ მაღალი პროცენტითაც მოვიგე არჩევნები. საჯარო სამსახურამდე, კერძო სექტორებში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე ვმუშაობდი, ბიზნესითაც ვიყავი დაკავებული. ასე რომ, საკრებულოში მოსვლამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე.

ხათუნა ბახტურიძე