რისი შიშით ვერ აღებენ პირს პარლამენტარები
font-large font-small
რისი შიშით ვერ აღებენ პირს პარლამენტარები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"

ამ ბოლო დროს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ემზარ კვიციანი ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში: ჯერ იყო და ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის შექმნა დააანონსა. მის მოსაზრებას, რომ აგენტები შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანდნენ და ცენტრი მათ ოჯახის შექმნაში ემიგრანტებისგან შემოწირული თანხებით დაეხმარებოდა, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა დეპუტატმა მაინც დაარეგისტრირა ეს ცენტრი და ჯიუტად ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში. მერე იყო და საძინებლიდან შემთხვევით "ლაივში" ჩაერთო და მისი ნათქვამი ფრაზა - "რას დავაჭირე ამისთანას" - ყველამ აიტაცა. თურმე გაბრიელას, მის ქალიშვილს თანასკოლელებმა იმ "ისტორიული" პირსახოცის მიტანაც კი სთხოვეს და ახლა რელიკვიად უკიდიათ სკოლაში. შემდეგ ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვიციანის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას, მას მიკროფონი გაუთიშა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. დეპუტატი მოითხოვდა, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოეღოთ სიტყვები: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა". სწორედ ამ და სხვა საკითხების შესახებ ვესაუბრეთ ემზარ კვიციანს.



- ამ დღეებში თამარ ჩუგოშვილი ამ ინციდენტის გამო საზოგადოების აგრესიის სამიზნედ იქცა და ჩემდა გასაკვირად, რატომღაც ყველა გაყუჩდა. მის დასაცავად მისივე გუნდის წევრებმაც კი არ ამოიღეს ხმა. გამოვიდა, რომ გაწირეს, რასაც ძალიან განვიცდი. ისეთი ამბავი ატყდა, რომ მეორე დღეს, როდესაც ირმა ინაშვილმა წაიკითხა პატრიარქის ის სიტყვები, რომლის წაკითხვის საშუალებაც მე არ მომცეს, ვეღარავინ გაბედა უკვე მისი შეჩერება. გასაგებია, ასეთი დავალება ჰქონდა პარტიისგან, მაგრამ საბოლოოდ ჯოხი მხოლოდ მასზე გადატყდა. სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, ვღელავ ამის გამო. ქართველებმა, ცოტა არ იყოს, ყველაფერში გადამეტება ვიცით. ამდენი ლანძღვა-გინება რა წესია? ეს ძალიან ცუდი საქციელია და ჩვენ, ქრისტიანებს არ შეგვშვენის. ქალიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა ალბათ განიცადეს და დიდი სტრესი მიიღეს. მე გამოცდილი მაქვს ეს ამბავი, ამიტომაც ასეთი თავდასხმების მომხრე არ ვარ, საკმარისია უკვე! რა თქმა უნდა, არასწორად მოიქცა, ფაქტობრივად, ჰარაკირი გაიკეთა ქართველი ხალხის წინაშე და დღესაც ვერაფრით ამიხსნია, რატომ დაუშვა ამხელა შეცდომა, მაგრამ პოლიტიკაში ასეც ხდება, იოლი არ არის ყოველთვის სწორად მოიქცე.
- თქვენს შემთხვევაში ყველაზე რთული რა აღმოჩნდა პოლიტიკაში?
- რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები. "პატრიოტებს" ძალიან გვებრძვიან, ბოლო 2 წელი - განსაკუთრებით, რადგან პატრიოტული ძალების გაძლიერება მმართველ სისტემას არ აწყობს. კონტუზიის შემდეგ კარგად აღარ მესმის და ერთხელ, რეზერვების მაგივრად რეზერვუარი რომ მომესმა და გავიმეორე, ალბათ გახსოვთ, რა ამბავიც ამიგორეს. ეს მტკივნეული, ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ჩემთვის, თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ამგვარი პიარისთვის დაქირავებული ჰყავთ ხალხი და იცით, რატომ? შიშით ხმა რომ ვერ ამოვიღოთ, ვაითუ, ისეთი რამ ვთქვათ, საზოგადოებამ მერე რომ დაგვცინოს, მაგრამ უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა, ასეთ რამეებს ყურადღებას აღარ ვაქცევ, არადა, ბევრი ჩემი კოლეგა, ზუსტად ვიცი, ამ შიშის გამო პირს ვერ აღებს.
- რაკი ხელისუფლება გებრძვით, ე.ი. ანგარიშგასაწევ ძალად გთვლიან "პატრიოტებს"...
- "პატრიოტთა ალიანსი" ანგარიშგასაწევი ძალა რომ არის, ეს ყველამ იცის. აპრილის შუა რიცხვებში ქუთაისსა და ბათუმში გვექნება მასშტაბური აქციები სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, მერე კი - თბილისში.
GzaPress- თქვენი ვარაუდითა და შეფასებით, 2020 წელს თუ პარტიები ერთმანეთს არ გაურიგდებიან და არჩევნები არ გაყალბდება, მესამე და მეორე კი არა, მაშინ პირველი ძალა იქნებით?
- ასეც იქნება, თუ არჩევნები ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდება, რისი იმედიც არ მაქვს. თუ ხელისუფლებას იძულებულს გავხდით, მანამდე გამოასწოროს საარჩევნო კანონი და გარემო, კიდევ შეიძლება ამის იმედი გვქონდეს.
- ძალიან აქტიური ხართ პარლამენტშიც და სოციალურ ქსელშიც, სადაც ბევრი საკითხის შესახებ გამოთქვამთ საკუთარ შეხედულებებს და არც ემოციებს მალავთ. დღევანდელ სიტუაციაში რა გაღელვებთ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად რაც მაბრაზებს და მაწუხებს, ეს ქართველთა გენოციდია, მრავალი წლის წინ დაწყებული! ყველა მიმართულებით მიდის ქართველების შევიწროება და განადგურება. აიღეთ თუნდაც 223-ე პრიმა მუხლი, ქართველების გენოციდისთვის გამოგონებული - "ქურდული სამყაროს" წევრობა ისჯება 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო "კანონიერი ქურდობა" 9-დან 15 წლამდე ვადითო. სწორედ ამიტომ გავაკრიტიკე სახელმწიფოს მიდგომა ქურდული სამყაროს წევრობის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით. რა გამოდის? - ქურდული ტრადიციები კავკასიური, ქართული ტრადიციებიდან არის გადმოსული და ტრადიციებისთვის უნდა გავუშვათ ახალგაზრდები ციხეში? სამართლიანობა ყველას უნდა. რატომ იყო, კომუნისტების დროს სიმართლის საძიებლად ბევრი ქურდებთან რომ გარბოდა? იმიტომ, რომ სასამართლოში ვერ პოულობდა სამართალს. იგივე ხდება დღესაც. ჰგონიათ, ქურდებს წელში გატეხენ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ჩასვამენ ციხეში "კანონიერ ქურდს", მით უფრო მეტი ავტორიტეტი ექნება. გენოფონდი ისედაც განადგურებულია, შეიძლება 5 ახალგაზრდა კაცს ხელი სტაცო და ციხეში ჩასვა იმისთვის, რომ რომელიღაც დამნაშავის დედას ფული შეუგროვეს? ახლა დევნილების თემა აიღეთ: 26 წელია, წვალობენ, ბევრი სარდაფში ცხოვრობს, ზოგი ამ ლოდინში გარდაიცვალა კიდეც. მოკლედ, ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ. გამოდის, ცხოვრების ჩარხი უკუღმა ტრიალებს ქართველებისთვის, განადგურებისკენ მიჰყავთ ყველაფერი. არ მესმის, რატომ ვერ ხვდება ამას ხელისუფლება და რატომ არავინ ცდილობს, სიტუაცია უკეთესობისკენ შემოატრიალოს? რატომ არ უნდათ მდგომარეობის გამოსწორება?
- "დიდება ღმერთს, არა - "ნაცებს". ეს თქვენი სიტყვებია. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ გაგიარათ წყენამ იმის გამო, რაც წლების წინ გადაგხდათ თავს. მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდით, რომელიმე მათგანი თუ შეგხვედრიათ?
- არც ოქრუაშვილი და არც სააკაშვილი არ შემხვედრია, მგონი, შარშანწინ გივი თარგამაძე შემხვდა, სალობიეში და რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი... როგორ შეიძლება დამავიწყდეს ის, რაც მე ან გნებავთ, სხვებს გაუკეთეს? სააკაშვილმა მხოლოდ ქართველებს წაართვა ქონება, სხვას არავის; გაძარცვა ყველა. მან, როგორც ახალგაზრდა რეფორმატორმა, მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ქართველების რეპრესიები დაიწყო - საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ვგულისხმობ, 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას. მიშა 9 წელი იყო პრეზიდენტი, მაშინ წართმეული ქონების დასაბრუნებლად ხმას ვინ ამოიღებდა და მერე, როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცა, ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო. ამიტომ შევიტანე კანონპროექტი ხანდაზმულობის 25 წლამდე გაზრდაზე, მაგრამ რად გინდა? თაროზე შემოდეს ჩემი საქმეც, არ ჩქარობენ. გამოდის, რომ ჯერაც არ არის სამართლის აღსრულების პოლიტიკური ნება. უმრავლესობას არ აინტერესებს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას დაგიბრუნებენ ან პასუხს აგებს თუ არა ვინმე. მარტო მე კი არ წამართვეს, ჩემ გარშემო თუ ვინმე იყო ნაცნობი - სიდედრ-სიმამრი, ნათესავი, მეზობელი, ყველას ყველაფერი ჩამოართვეს. ეს კი არა, სრულიად უცნობებსაც წაართვეს ქონება იმ მიზეზით, კვიციანის მეგობარი ხარო. აი, მაგალითად, ვინმე ომარ მახარაძეს, ბათუმელს სასტუმრო ჩამოართვეს თურმე, - კვიციანია შენთან ერთად წილშიო. ამ დროს, შვილებს გეფიცებით, თუ ვიცოდე, ვინ არის. ხელიც კი არ ჩამომირთმევია იმ კაცისთვის.
- მე ვიცი, რომ თბილისში, თქვენს კერძო სახლში სპეცრაზმელი შეასახლეს ოჯახით.
- სპეცრაზმელი კი არა, "ზონდერების" მწვრთნელი. გაყალბებულია საბუთები. ისე ჩამომართვეს ქონება, რომ ჯერ არანაირი ბრალეულობა დადასტურებული არ იყო. მიყვარს სოფელი და მეურნეობა, ასობით ჰექტარს ვამუშავებდი და მომყავდა ხორბალი, სიმინდი, ქერი, მაგრამ ასევე უცერემონიოდ წამართვეს ჩემი შრომითა და ჯაფით ნაყიდი მიწებიც.
- თქვენ მიერ დაარსებულ ცენტრზეც მითხარით, რა ხდება, თუ დააოჯახეთ და დაეხმარეთ უკვე ვინმეს?
- საქართველოს ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი "კერა" თავის საქმეს გააკეთებს. ნელ-ნელა გროვდება თანხა. ყველაზე "თბილი" ჩარიცხვებია, ერთ ლარს, 3 ლარს, 10 ლარს რომ რიცხავენ, ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ მახარებს და მსიამოვნებს. 2.000 ლარზე ცოტა მეტია მოგროვილი და გპირდებით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ დაიხარჯება თითოეული თეთრი. საახალწლოდ ალბათ რამდენიმე ოჯახზე გავყოფთ შეგროვილ თანხას.
- ერთგვარი ირონია გამოიწვია აგენტების მიერ შეყვარებული წყვილების აღრიცხვის იდეამ. საინტერესოა, თქვენ თვითონ როგორ დაოჯახდით?
- შეიძლება ითქვას, ეს იყო რომანტიკული, ახალგაზრდული ნაბიჯი და გადაწყვეტილება. სიზმარში ვნახე, ვინ იქნებოდა ჩემი მეუღლე და მერე ჩემი ახლობლის ოჯახში ფოტოზე რომ დავინახე, მაშინვე ვიცანი სიზმარში ნანახი გოგო. იმ დროს ის მერვე კლასში იყო. ვეცადე, გულიდან ამომეგდო, მაგრამ არაფერი გამოვიდა და 18 წლის რომ გახდა, მოვიტაცე. ოჯახი მეტად საპასუხისმგებლო რამაა და ცუდია, როდესაც ინგრევა. სამაგიეროდ, შვილებით ბედნიერი ვარ, ქალიშვილი ჩემი სუსტი წერტილია. ვცდილობ, მათთან ხშირად გავატარო დრო. შვილიშვილი სულ ორჯერ მყავს ნანახი, ჯერ ერთი თვისაა. ჩემი ბიჭები მოკრივეები არიან, ერთადერთი რაც მათთვის შევძელი მესწავლებინა, ჩხუბია (იცინის). მე უკრაინაში გენერალური შტაბის აკადემია დავამთავრე, 1998 წელს თავდაცვის სამინისტრომ 32 ოფიცერი გაგვგზავნა სასწავლებლად. სხვათა შორის, სამმა დავამთავრეთ წითელ დიპლომზე და ერთ-ერთი მე გახლდით. ამ ბოლო დროს კანონპროექტებში იმდენს დავძრომიალობ, მგონი მალე პროფესიასაც შევიცვლი და იურისტი გავხდები. ახალი იდეებიც მაქვს, კანონპროექტი მინდა მოვამზადო - ახალგაზრდები, ვისაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, იქნებ ციხეებიდან გაათავისუფლონ და დავასახლოთ სადმე სოფელში, მთაში, მაგალითად, ძამას ხეობაში. შრომით გამოასწორებენ თავიანთ დანაშაულს, დაოჯახდებიან კიდეც და დაუსახლებელ ადგილებსაც გამოაცოცხლებენ. სამწუხაროდ, საქართველოში ქართველების გარდა მგონი სხვას არავის უჭირს. ამიტომაც ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და მივეხმაროთ ერთმანეთს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
"ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი