"ჩემს ძმას ვეძებ, რომელიც სამშობიაროდანვე გააშვილეს! - გზაპრესი

"ჩემს ძმას ვეძებ, რომელიც სამშობიაროდანვე გააშვილეს!

სოციალური ქსელით საზღვარგარეთიდან დაგვიკავშირდა ნატალი და მოგვწერა, რომ ეძებს ძმას, რომლის შესახებ თითქმის არაფერი იცის. მიუხედავად ამისა, იმედია აქვს, რომ მას აუცილებლად იპოვის:

- ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რაზეც უნდა გესაუბროთ. ვიცი, რომ კიდევ ერთი ძმა მყავს. ის დაიბადა 1984 წლის 25 ან 27 ივლისს, თბილისის მე-4 სამშობიაროში, ორთაჭალაში. ძალიან მინდა ვიცოდე, რომ კარგად არის, სხვა არაფერი მინდა მისგან... ისიც არ ვიცი, რატომ დატოვეს, რატომ დაუთმეს სხვას მისი თავი...

- თქვენი როდის გაიგეთ, რომ ძმა გყავდათ?

- ეს ამბავი 2007 წელს გავიგე, მერე 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდა და ამისთვის არავის ეცალა... სამშობიაროში რომ მივედი, მითხრეს, კონფიდენციალური ინფორმაციაა და არაფერი მითხრეს, თან არქივიც განადგურებული არისო... არადა, იქნებ ისიც გვეძებს, იქნებ თავადაც იცის, რომ აყვანილია... ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა...

- როგორ გაიგეთ, რომ ძმა გყავდათ? ან რას ნიშნავს, "მასზე დარდმა მამა გადაიყოლა" - მან არ იცოდა, რომ ბავშვს აშვილებდნენ?

- არაფერი ვიცი, მერწმუნეთ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მამა ცოცხალი აღარ არის. მას ჩემი ძმისთვის უთქვამს, იცოდე, ძმა გყავსო, მან კი მე გამანდო ეს საიდუმლო. სამწუხაროდ, მამას ვერ ველაპარაკე ამ თემაზე, ვერ მოვასწარი... ორი ძმა მყავს კიდევ, ანუ ის ნაბოლარაა... დედა ამ თემაზე არ მელაპარაკება. ამჟამად არც ერთი დედმამიშვილი არ ვართ საქართველოში და ამ თემაზე როცა ვიწყებ საუბარს, საერთოდ მითიშავს ტელეფონს...

ძალიან გთხოვთ, გამომიქვეყნეთ ეს წერილი, იქნებ მიუხედავად მწირი ინფორმაციისა, ერთმანეთის პოვნა როგორმე შევძლოთ. წინასწარ გიხდით მადლობას!

P.S. თუ იცით, რომ ნაშვილები ხართ და ბიოლოგიური მშობლები ვერ იპოვეთ, თუ დაბადების თარიღი და ადგილი ემთხვევა თქვენსას, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81.