რას ნანობს დავით ბაქრაძე და რას გვატყუებს ხელისუფლება - გზაპრესი

რას ნანობს დავით ბაქრაძე და რას გვატყუებს ხელისუფლება

წარსულთან ბრძოლა და პრობლემებზე ქაოსური რეაგირება - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერის, დავით ბაქრაძის აზრით, დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემაა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს უნარი დაგეგმოს მომავალი, შექმნას გეგმა სიღარიბის დასაძლევად, უმუშევრობის აღმოსაფხვრელად და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. "ქვეყანა არ ვითარდება, ხელისუფლება ვერ მუშაობს, საზოგადოება სასოწარკვეთილებაშია", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი. ქვეყანაში არსებული ვითარების, პრობლემების დაძლევის გზებსა და წარსულში დაშვებული შეცდომების შესახებ დავით ბაქრაძე გვესაუბრება.

- ბატონო დავით, ჩვენ უკვე ვიცით, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ცრუობდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯიბიდან ამოუღებდნენ ხალხისთვის მოპარულ ფულს და ამით გააიაფებდნენ საწვავის ფასს, შეამცირებდნენ კომუნალურ გადასახადებს. თუმცა, ახლა თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ, როდესაც ამბობთ, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის სათავე ივანიშვილია და ხელისუფლებიდან მისი წასვლის შემთხვევაში ქვეყანაში პრობლემების მოგვარება დაიწყება?

- ჩვენ გულწრფელები ვართ, არასდროს გვითქვამს, რომ მაგალითად, გაზის ფასის გამესამება შესაძლებელია, თუმცა ვამბობთ, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნება სრულიად შესაძლებელია. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს აზერბაიჯანთან გაფორმდა გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბუნებრივი აირი არ უნდა გაძვირებულიყო. "ქართულმა ოცნებამ" "გაზპრომთან" სრულიად გაუგებარი, დახურული, გასაიდუმლოებული თამაშების შედეგად გაზი გაგვიძვირა. მე გეუბნებით, გაზს გავაიაფებ, იმიტომ რომ ივანიშვილს ამოვუღებ ჯიბიდან ფულს; მე გეუბნებით, რომ უთავოდ არ მოვიქცევით და "გაზპრომთან" წამგებიან ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ. მე არ გპირდებით, რომ თქვენს საბანკო კრედიტებს ჩემი ჯიბიდან დავფარავ, მაგრამ გეუბნებით, გავაუქმებთ იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებს, რომლის "წყალობითაც" ადამიანები მაცივარს და ტელევიზორს ვეღარ ყიდულობენ.

- ამ რეგულაციებმა პრობლემა ნამდვილად შექმნა, მაგრამ პრობლემების შექმნა დაიწყო "ნაციონალების" მმართველობის დროს, როდესაც ბანკებმა კაბალური პირობები დაგვიწესეს და ადამიანებს თავიანთი შემოსავლების უმეტესი ნაწილის ბანკებში დატოვებამ მოუწიათ.

- საბანკო პრობლემა საქართველოში უკვე დიდი ხანია გვაქვს. თქვენი პრეტენზიაც ლეგიტიმურია. რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებს საბანკო პროცენტის ტვირთი მოაკლდეთ. თუმცა რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, გამოსავალი ნამდვილად არ არის. ეს იგივეა, ადამიანს თავი რომ ასტკივდეს და ტკივილის გაყუჩების მიზნით თავში აგური ჩაარტყათ. ძალიან ბევრი ალტერნატიული გზა არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

GzaPress

- მაგალითად? - მაგალითად, პრობლემის მოგვარება უნდა დავიწყოთ პენსიონერებიდან და გამოვაცხადოთ ღია ტენდერი ბანკებს შორის, საპენსიო კრედიტების მომსახურებაზე. გამოსავალი მაცივრის და ტელევიზორის ყიდვის აკრძალვა კი არა, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა.

- თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანა გაჩერებულია და არ ვითარდება. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სოლიდურ თანხებს ხარჯავს და ახალგაზრდებს სოფელში დაბრუნების სტიმულს აძლევს. ფიქრობთ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის განვითარებას ხელს არ შეუწყობს?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ სოფელში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ეს ტყუილია. ძალიან ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ. შევარდნაძის დროა დაბრუნებული, მთელი სოფელი რომ შემოიარო, ათ ლარს ვერ იშოვი. გლეხები საუბრობენ ხელისუფალთა გულგრილობაზე, დაუმთავრებელ ინფრასტრუქტურაზე, ხილსა და ბოსტნეულზე, რომელსაც ჩალის ფასი აქვს.

- მაგრამ ამასობაში დახლებზე გაჩნდა ქართული პროდუქტი. თუ მეურნეობა არ ვითარდება, ეს პროდუქცია საიდან მოდის?

- ცხოვრება წინ მიდის, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დახლებზე ქართული პროდუქცია არ იყო. არის, მაგრამ ეს არ ხდება ხელისუფლების მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი ვარ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ხელისუფლებამ სოფლის განვითარებაში მილიარდ-ნახევარი ლარის ჩადება დააანონსა. ხმამაღლაც ვთქვი, ეს ძალიან კარგია, ნეტავ ჩვენც გაგვეკეთებინა 2009-2010 წლებში-მეთქი. სამწუხაროდ, ეს მილიარდიანი ფონდიც ტყუილი აღმოჩნდა, უფრო სწორად სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ფული თავიანთ ახლობლებს დაურიგეს. მე ნუ მენდობით და თავად გადაამოწმეთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქართული პროდუქტის წარმოება ბოლო წლებში შემცირებულია. კონკრეტულად კი გეტყვით, კლებაა კვერცხის, ხორცის, რძისა და პურ-პროდუქტების წარმოებაში. ე.ი. დახარჯულ მილიონებს არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოუტანია. ეს თანხა იხარჯება ახლობლებსა და შინაურებზე ნეპოტისტური პრინციპით.

- თქვენ აღნიშნეთ, ნეტავ ჩვენც ჩაგვედო თანხები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისო, ხელი რამ შეგიშალათ?

- მაშინ სხვა დარგები მივიჩნიეთ უფრო პრიორიტეტულად, თავდაცვისა და პოლიციის მშენებლობისთვის უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, იუსტიციაში განხორციელდა რეფორმა... ახლა ვფიქრობ, რომ სხვა დარგებთან ერთად სოფლის მეურნეობისთვისაც უნდა მიგვენიჭებინა პრიორიტეტი. სხვათა შორის, ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში დაშვებულ შეცდომებს ვაღიარებთ.

- თქვენ კი აღიარებთ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს. ამ ფაქტს რით ახსნით?

- ეს იყო ორპოლუსიანობის შედეგი, რაც ჩვენი ტრადიციული პოლიტიკური დაავადებაა. "ქართულ ოცნებისა" და "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატებს ერთიმეორეს ჯიბრით მისცეს ხმა. საქართველოში ყოველთვის იყო ასეთი მიდგომა, ვერავინ გაიხსენებს, 2012 და 2016 წლის არჩევნებზე ვინ გავიდა მესამე ადგილზე. ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის აკეთებს. ისე, ბოლო არჩევნების შედეგები ქართულ მენტალობასთან ერთად პოლარიზებული მედიის დამსახურებაც იყო, "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" "შედეგიანად" იმუშავეს. თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 2018 წლის არჩევნებზე მესამე ძალამ პირველად აიღო 11%. ასეთი რამ ადრე არ მომხდარა. ახლა ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას უფრო ფართო არჩევანის საშუალება მივცეთ. 11% კარგი საფუძველია მომავლისთვის. ჩვენი და თქვენი უკეთესი მომავლისთვის "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსი უკვე შედგა. სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები.

GzaPress

- "თავისუფალ დემოკრატებს", განსაკუთრებით შალვა შავგულიძეს ძვირად დაუჯდა "ევროპულ საქართველოსთან" ალიანსი. ეს ფაქტი ხომ არაფერზე მიგანიშნებთ? - ვიცოდი, რომ ხელისუფლებისთვის მწარე იქნებოდა ეს გაერთიანება, მაგრამ ასეთ ზღვარზე თუ მივიდოდნენ, ნამდვილად არ მეგონა. რას წარმოვიდგენდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გირგვლიანის თემით რეალობის შეცვლას მოინდომებდა, მურუსიძეს ტანჯულ გმირად, შავგულიძეს კი დამნაშავედ გამოაცხადებდა. ეს საქმე ხომ ყველამ კარგად ვიცით, შავგულიძემ გირგვლიანის საქმის სტრასბურგში მოგებით მძიმე დარტყმა მიაყენა მაშინდელ ხელისუფლებას. "ქართულ ოცნებას" არა აქვს ღირებულებები და მორალური იდენტობა. აქ ადამიანებს მხოლოდ ივანიშვილის ფული და სააკაშვილის ზიზღი აერთიანებთ. ერთადერთი მორალური ღირებულება, რაც მათ ჰქონდათ, ეს გირგვლიანის საქმე იყო და ახლა ამ ღირებულების წინააღმდეგაც დაიწყეს ბრძოლა.

- არსებობს მოსაზრება, რომ მურუსიძესა და სხვა მოსამართლეებს, რომლებთანაც ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაქვთ გამოცხადებული, 2012 წლის დასაწყისში სწორედ "ნაციონალების" და არასამთავრობო ორგანიზაციების შიშით "ვერ მოჰკიდა ხელი" "ქართულმა ოცნებამ" და საბოლოოდ იძულებული გახდა, მათ გარიგებოდა.

- არა, სინამდვილეში "ქართულმა ოცნებამ", როგორც თავის დროზე "ნაციონალებმა", ვერ გაუძლეს ცდუნებას, რომ ჰყოლოდათ მორჩილი სასამართლო. ჩვენი მმართველობის პერიოდში ბევრი კარგი რეფორმა გაკეთდა, მოისპო კორუფცია და აშენდა ინფრასტრუქტურა, მაგრამ პრობლემად დარჩა ის, რომ სასამართლო ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთას. 2012 წელს იყო რეალური შანსი იმისა, რომ ეს რეალობაც შეცვლილიყო. არაფერ შუაშია "ნაციონალების" მხრიდან ხმაურის ატეხის შიში, იმ პერიოდში ბევრი პოლიტიკური საქმე განიხილებოდა სასამართლოში და "ქართულ ოცნებას" მორჩილი მოსამართლეები სჭირდებოდა.

- "დაიცავი საქართველოს" გააქტიურებაზე რას იტყვით, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მესამე ძალას სწორედ ამ გაერთიანებიდან ჩაეყაროს საფუძველი?

- არა, მათში მესამე ძალას ვხედავ, მათ მიმართ არ მაქვს პოლიტიკური ეჭვიანობა, როგორც ჩანს, ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში გვექნება მხარდაჭერა. ისე კი მივესალმები, თუ მათი სახით კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება და საზოგადოებას მეტი არჩევანის საშუალება ექნება.

ხათუნა ბახტურიძე