რატომ მოხვდა ანსამბლ "ივერიის" დირექტორი მოხუცებულთა თავშესაფარში? - გზაპრესი

რატომ მოხვდა ანსამბლ "ივერიის" დირექტორი მოხუცებულთა თავშესაფარში?

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის კარი კიდევ ერთხელ შევაღე. აქ მოსმენილი ამბები ადამიანს ცხოვრებაზე აუცილებლად დაგაფიქრებს. ბენეფიციართა უმრავლესობას უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა, ძალიან საინტერესო გზა აქვთ გავლილი, მაგრამ მოულოდნელად, ერთ დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, სხვადასხვა მიზეზით ისინი უბინაოდ დარჩნენ და თავშესაფარში დაიდეს ბინა. რამდენიმე წელია უკვე, ხანდაზმულთა პანსიონატში ახალ ბენეფიციარებს აღარ იღებენ, აქ მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ მოხვდნენ. ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ - თითოეულს იზოლირებული ოთახი პატარა აივნით, კედლებზე საყვარელი ადამიანების ფოტოები... ზოგიერთს კომპიუტერიც კი შეუძენია და თანამედროვე ცხოვრების რიტმშიცაა ჩართული, სოციალური ქსელითაც სარგებლობენ და საყვარელ ადამიანებსაც ეკონტაქტებიან.

GzaPress

ყველა მათგანზე ადმინისტრაცია ზრუნავს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასაკში შესულებს ტკბილი სიბერე ჰქონდეთ. ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებს კი თანამშრომლები უვლიან.

იმ დღეს დერეფანში რამდენიმე მოხუცი დივანზე იჯდა და ერთმანეთში საუბრობდნენ. დანარჩენები თავიანთ ოთახებში იმყოფებოდნენ. მე ბატონ ომარ ფერაძესთან შესახვედრად გავეშურე. სიმპათიური, დარბაისელი თბილისელი, პატარა, მყუდრო ოთახში დივანზე იყო მოკალათებული. მან გულახდილად ისაუბრა თავის განვლილ ცხოვრებაზე:

- არ მიყვარს ამის ხაზგასმა, მაგრამ გეტყვით, რომ ძირძველი თბილისელი ვარ. მოსაყოლი და გასახსენებელიც ბევრი მაქვს. სკოლის პარალელურად, 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი, რადგან ჩემი ოცნება ფეხბურთელობა იყო. თავს არ ვზოგავდი, ბევრს ვშრომობდი, ვვარჯიშობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი საყვარელი საქმისთვის თავის დანებება მომიხდა. ტრავმა მივიღე, ვეღარ გავაგრძელებდი ფეხბურთს. საფეხბურთო სკოლა მაინც დავამთავრე, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავიხდინე. ამიტომ ცხოვრება სხვა გზით წავიდა. ფეხბურთის პარალელურად სულ ვცეკვავდი და ცეკვაზე გადავერთე. ასე გავხდი პროფესიონალი მოცეკვავე, 21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით.

- რომელ ანსამბლში ცეკვავდით?

- თავიდან 2 წელი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ვიყავი, ჯანო ბაგრატიონი იყო მთავარი ქორეოგრაფი, მერე მიმიწვიეს სახელმწიფო ფილარმონიაში, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. გადავერთე ესტრადაზე. ცნობილ ანსამბლებში ვცეკვავდი და იმ ცნობილი მომღერლების გვერდით, რომლებიც საქვეყნოდ არიან აღიარებულნი - "ორერა", "დიელო", "ივერია"... ფილარმონიაში დამთავრდა ჩემი ცეკვის კარიერა, 42 წლის გავედი პენსიაზე. კომუნისტების დროს ასეთი წესი იყო, 20 წელი უნდა გეცეკვა, ასაკს არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ 20 წელი იცეკვებდი, პენსიაში გადიოდი.

GzaPress

- ამის შემდეგ წამოხვედით ფილარმონიიდან? - პენსიაში გავედი, მაგრამ არ გამომიშვეს ფილარმონიიდან და 13 წელი ანსამბლ "ივერიის" დირექტორი ვიყავი. 13 წელი მათთან ერთად ვიმუშავე, მანამ, სანამ ქვეყანა აირეოდა. მერე ანსამბლიც დაიშალა, მეუღლეც გამიხდა ცუდად და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

- მეუღლეს რა სჭირდა?

- უკურნებელი სენი დაემართა. მეუღლე ჟურნალისტი მყავდა, ცოტა ხანი ტელევიზიაში, პირველ არხზე იმუშავა. 6 წელი ლოგინად ჩავარდნილი ებრძოდა ვერაგ დაავადებას და მე ვუვლიდი. ძალიან მძიმე წლებია ეს ჩემთვის. ყველაფერი გავყიდე ავადმყოფობის გამო, რაც გამაჩნდა მაშინ. ვაკეში, ყიფშიძეზე 3-ოთახიანი ბინა, სავსე ოჯახი მქონდა, ჯერ ნივთები გამქონდა გასაყიდად, მერე ბინა გავყიდე და საცხოვრებლად ნუცუბიძეზე გადავედით, მოგვიანებით მისი გაყიდვაც გახდა საჭირო. სამწუხაროდ, ვერც მეუღლე გადავარჩინე და მე და ჩემი შვილებიც ქუჩაში აღმოვჩნდით. 60 წლის იყო ჩემი მეუღლე, როცა გარდაიცვალა. მთელი უბედურება ის არის, როცა ბინა გავყიდეთ, იქიდან 20.000 დოლარი დაგვრჩა მხოლოდ. ვფიქრობდით, იმ ფულით ბინა გვეყიდა. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის უკან შენდებოდა კორპუსი. იქ შევიტანეთ თანხა, დღემდე ეს სახლი დაუმთავრებელია, მოგვატყუეს, არც ბინა მოგვცეს და არც ფული დაგვიბრუნეს.

- არ უჩივლეთ მშენებელს?

- სად არის ამ ქვეყანაში სამართალი? 11 წელია, ჩვენი 20.000 დოლარი იმ კაცმა მიითვისა. როცა ვიჩივლეთ, პროკურორმა ჩემს ქალიშვილს უთხრა, მე კი დავიჭერ ამ კაცს და ჩავსვამ ციხეში, მაგრამ თქვენ ფულს ვინ მოგცემთ, მაინც არაფერი გეშველებათო. ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არის, რა აზრი აქვს ბრძოლას? ასე დავრჩით საბოლოოდ ქუჩაში.

- მერე სად ცხოვრობდით?

- სახლის გაყიდვის შემდეგ ვცხოვრობდი ჩემს ძმისშვილთან. თვითონ ინვალიდია, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა, დილით 7 საათზე გამოვიდოდი სახლიდან და გვიან მივდიოდი იმისთვის, რომ ღამე გამეთია. მთელი დღე ქუჩაში მშიერ-მწყურვალი ვიყავი. ასე გაგრძელდა 6 თვე, ეს იყო ყველაზე მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში. არც ამ თავშესაფარში მოსვლა იყო იოლი, ასეთ მძიმე ყოფაში რომ ვიყავი, ჩავრიე ახლობლები. ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იყო, მის მეუღლეს, ნინოს ვთხოვე დახმარება, ჩემი ნათესავია, მან გამიწია რეკომენდაცია გიგი წერეთელთან, რომელიც მაშინ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მან დაადო რეზოლუცია განცხადებას. თუმცა მიუხედავად ამისა, კიდევ ორი თვე ვიწვალე, ერთი უწყებიდან მეორეში მგზავნიდნენ და ასე წვალებით მოვხვდი აქ.

- ახალ გარემოსთან შეგუება გაგიჭირდათ?

- გამიჭირდა, მაგრამ იმ ყოფასთან შედარებით, რაშიც მე ვიყავი, ეს არის სამოთხე. თავიდან 4 ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა წლებია, მარტო ვარ, იზოლირებულად. მაქვს ჩემი ოთახი და ადამიანურ პირობებში ვარ.

- თქვენი შვილები სად ცხოვრობდნენ?

- ქალიშვილი გათხოვილია, მისგან შვილიშვილებიც მყავს და ისინი ნაქირავებში ცხოვრობენ. ბიჭი უცოლოა, აბა, ცოლი სად უნდა მოიყვანოს? მორწმუნეა და ძირითადად მონასტერშია. როცა ჩემს სანახავად მოდის, ადმინისტრაცია მაძლევს უფლებას, რომ აქ, ჩემთან მყავდეს. ასე გადის წლები. 2009 წლიდან აქ ვცხოვრობ. ეს არის ჩემი ცხოვრება, ვზივარ აქ და ველოდები, როდის მოვკვდები.

GzaPress

- მეგობრები გაკითხავენ? - შვილიშვილები მოდიან და მაკითხავენ, შვილი მაკითხავს, მეგობრებიც - ვინც შემომრჩა. ძალიან ცოტა ადამიანი შემომრჩა ძველი მეგობრებიდან. უფრო მეტად ანსამბლ "ივერიის" წევრები მნახულობენ, მირეკავენ. ნუგზარ კვაშალი, ვახო ტატიშვილი და სხვები მოდიან. 11 მარტს ალექსანდრე ბასილაიას დაბადების დღეა და ყოველ წელს დავდივარ პანთეონში, იქ ვიკრიბებით. წელსაც ვიყავი, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, გავიხსენეთ ბუმბერაზი ადამიანი, ჩვენი ბუთხუზი.

- როგორ გაიხსენებთ მასთან გატარებულ წლებს?

- ჩემი მეგობარი იყო ალექსანდრე ბასილაია. ნათქვამია, ყველაზე დიდი პროფესია ადამიანში კაცობააო, ასეთი კაცური კაცი იყო. საოცარი ნიჭის ადამიანი, ყველას მხარში მდგომი, საოცრად თბილი და მეგობრული. ის ადამიანს ფულს რომ მისცემდა, უკან არ ართმევდა. დასანანია, რომ ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან და ყველას გული გვატკინა, მაგრამ დიდი კვალი დატოვა. დამისახელეთ კომპოზიტორი, რომელსაც 5 მიუზიკლი აქვს დაწერილი. არასოდეს მომბეზრდება მასზე საუბარი. ყველა მისი კონცერტი ანშლაგით მთავრდებოდა. მახსენდება მოსკოვში, საკონცერტო დარბაზი "რასია", ეს იყო სასტუმრო "რასიის" შენობაში, მთელი ქალაქისხელა იყო სასტუმრო და საკონცერტო დარბაზში 4.000 ადგილი ჰქონდათ. "ჩხიკვთა ქორწილით" ვიმუშავეთ, 10 კონცერტი გავმართეთ, ბილეთს ვერ იშოვიდი. "ფიროსმანის" კონცერტებმაც ანშლაგით ჩაიარა. ის უფრო მძიმე მიუზიკლი იყო. ყველა წვრილმანი და დეტალი მახსოვს, როგორ იდგმებოდა "ჩხიკვთა ქორწილი". მრავალი ვარიანტი გათამაშდა, ხან ამატებდნენ რაღაცას, ხან აკლებდნენ. ბატონი ჯემალ ბაღაშვილი მონაწილეობდა დადგმაში, მაგრამ რეჟისორი ავთანდილ გელოვანი გახლდათ. მახსოვს, მოსასინჯად ჯერ ბაქოში წავიღეთ. ბუთხუზმა მაშინ მოსკოვიდან ჩამოიყვანა ებრაელი, გვარად ტანიჩი და მას ათარგმნინა "ჩხიკვთა ქორწილი" რუსულად და ბაქოში რუსულად ვითამაშეთ. საოცარი ოვაციებით შეხვდა ქართველი მაყურებელი. 280 კონცერტი ჩატარდა დიდ საკონცერტო დარბაზში. დღეში 3 კონცერტი იმართებოდა, ვახო ტატიშვილმა სახლიდან მოიტანა "ლეჟანკა", საგრიმიოროში გაშალა და კონცერტებს შორის შუალედში იქ ეძინა. არა მგონია, ასეთი ანსამბლი განმეორდეს საქართველოში. ეს ყველაფერი ბუთხუზის დამსახურება იყო. უზარმაზარი ნიჭის პატრონი გახლდათ. ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მერაბ სეფაშვილი, სოსო პავლიაშვილი ჩვენს ანსამბლში გაიზარდნენ. ბუთხუზი ძალიან მეგობრული იყო. გოჩა ლორია გვყავდა, მომღერალი ჩინებული, მაგრამ ძალიან უდისციპლინო, დაგვიანება უყვარდა, ხან არ მოვიდოდა დალევის გამო, მერე ბუთხუზმა ლორია თემურ თათარაშვილით ჩაანაცვლა, მერე მერაბ სეფაშვილი მოვიდა, მერე სოსო პავლიაშვილი, ესენი ყველანი "ყვავს მღეროდნენ". სოსომ იურმალაში რომ აიღო პირველი ადგილი, ძალიან გვიხაროდა. სოსო საბოლოოდ წავიდა მოსკოვში, ჩამოსული იყო საქართველოში, კონცერტები ჰქონდა და მაშინ მთხოვა, ჩემს დირექტორად წამოდი მოსკოვშიო, მაგრამ უარი ვუთხარი. მეუღლე ავად მყავდა, მას ვერ მივატოვებდი, თან არ შემეძლო უცხო ქვეყანაში ცხოვრება.

29 ქვეყანა მაქვს მოვლილი, საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არ ვთვლი, 10-ჯერ მაქვს მინიმუმ შემოვლილი, ბევრჯერ მქონდა სხვა ქვეყანაში დარჩენის შანსი, მაგრამ არასოდეს დავრჩენილვარ, რადგან ვიცოდი, სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი. 21 წლის ვიყავი, როცა კანადაში დარჩენას მეხვეწებოდნენ. 3-სართულიან სახლში ვცხოვრობდით, ბიზნესმენის სახლი იყო, ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა და მამამისი მეხვეწებოდა დარჩიო, მაგრამ არ დავრჩი, 5 წუთი ჩემს თბილისში, ჩემს პლეხანოვზე დგომა მერჩივნა, უცხო ქვეყანაში ცხოვრებას. საოცარ კორიფეებთან ვმუშაობდი მთელი ცხოვრება, უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა პრესა და ტელევიზია ფოლკლორს. ყველგან დავდიოდით. მოსკოვში, "ცისფერ ეკრანზე" აუცილებლად გვეძახდნენ მოცეკვავეებს, ბევრია გასახსენებელი. პროფესია იყო ჩემთვის ცეკვა. დათა ჯავრიშვილი - ოპერის მთავარი ქორეოგრაფი, დედაჩემის მამიდაშვილია. ისეთი ნიჭიერი კაცი იყო, როგორც მუსიკაში წერენ ნოტებს, ასევე ცეკვის ნახაზებს აკეთებდა და ამ ნიშნებით აყალიბებდა ყველაფერს. ჯანო ბაგრატიონი, ილიკო სუხიშვილი, ბუხუტი დარახველიძე, ყველა დათა ჯავრიშვილის გაზრდილია. ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა და ის არის ჩემი ცხოვრება. შრომის წიგნაკში მიწერია მსახიობ-მოცეკვავე.

GzaPress

- რა გენატრებათ ყველაზე მეტად? - ურთიერთობები. პლეხანოვზე რომ დავდიოდით, იმდენი ადამიანი გვხვდებოდა, ჯერ სალმით ვიღლებოდით, მოღუშული სახის ადამიანს ვერ ნახავდი ქუჩაში, ყველა იღიმოდა, რადგან ყველა კარგად ცხოვრობდა. ახლა მეგობარი გარდამეცვალა პლეხანოვზე. კინოსტუდიიდან მთელი პლეხანოვი ფეხით გავიარე. ჯერ ხომ ერთი ნაცნობიც არ შემხვედრია, ისმის ირანული და თურქული ლაპარაკი. პლეხანოვიც ის არ არის, რაც იყო, ჩემს დროს "ბირჟები" იყო, მაგრამ იმ "ბირჟაზე" პლანს კი არ ეწეოდნენ და წამალს კი არ იჩხერდნენ, საუბარი მიდიოდა ადამიანობაზე, სიყვარულზე. მენატრება ღიმილიანი სახეები, ურთიერთგაგება და სიყვარული ადამიანებს შორის, რომელიც დღეს აღარ არის, ესაა დიდი უბედურება. მით უმეტეს, სამამულო ომმა ჩვენს კისერზე გადაიარა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი გაჭირვებას? რამაზ ჩხიკვაძემ თქვა, კარგია, დიდხანს რომ ცხოვრობ, მაგრამ რომ მიიხედ-მოიხედავ და შენ გვერდით აღარავინ არის, ეს არის ცუდიო. ახალგაზრდებს თავისი ცხოვრება აქვთ, შეიცვალა ახალგაზრდობაც.

- კიდევ ვინ გეკონტაქტებათ?

- რამდენიმე ადამიანი მირეკავს, მკითხულობს, მეც ვურეკავ. ბუბა კიკაბიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. კვირაში 3-ჯერ დიალიზზე დადის საავადმყოფოში, მაგრამ ხან მე ვურეკავ, ხან ის მირეკავს და მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. მატერიალურადაც დამეხმარა, მადლობელი ვარ... ახლა იშვიათად დავდივარ ფილარმონიაში, მაგრამ ჩვენი ბიჭები მეპატიჟებიან კონცერტებზე, მოვლენ და წამიყვანენ ხოლმე. ჯემალ ბაღაშვილმა რამდენჯერმე დამირეკა, "იუმორინას" 20 ბილეთი ერთხელ გამომიგზავნა, 30 მეორედ და პანსიონატის მოხუცები დავპატიჟე. რომან რცხილაძემ სოლო კონცერტი რომ გამართა, 30 ბილეთი გამომიგზავნა და იქაც დავპატიჟე ბენეფიციარები, 30 ლარი ღირდა თითო ბილეთი, ამ სიკეთეს ხომ დანახვა უნდა, ეს ხომ დიდი სიყვარულია. ადრე ფილარმონიის შენობა პლეხანოვზე იყო, გვყავდა დიდებული დირექტორი, გუგული ყიფიანი, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი ფეხქვეშ ეგებოდა, ფილარმონიის ფრთებქვეშ იყო 28 საესტრადო ანსამბლი და ვერც ერთი ვერ გავიდოდა საბჭოთა კავშირში გასტროლებზე, თუ კომისიას არ გაივლიდა და მისგან ნებართვა არ ექნებოდა. გოგი ცაბაძე, ჯანო ბაგრატიონი, ბიძინა კვერნაძე, გუგული ყიფიანი იყვნენ მხატვრულ საბჭოში და ყოველთვის პარტორგანიზაციის მდივანიც ჩართული იყო ამ პროცესში. საზღვარგარეთ ჩემთან ერთად 5 მოცეკვავე დადიოდა. როცა ჯგუფები მიდიოდა საზღვარგარეთ, ყოველთვის ჩვენთან ერთად მოდიოდა 2 "კაგებეშნიკი". უკვე ამოცნობილი გვყავდა ისინი. ერთხელ ანზორ კავსაძემ, სიმღერის და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელმა კანადაში წაიყვანა ჯგუფი. რომ ჩავიდნენ, ჩამოუთვალა ჯგუფის წევრები და ბოლოს თქვა, ეს ორი კაცი ვინ არის, არც მე ვიციო. მერე ეხუმრებოდნენ, რატომ გაგვყიდეო?! ჯანო ბაგრატიონს არ უშვებდნენ საზღვარგარეთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ უპარტიო იყო და მეორე - გვარის გამო. ჯანო ბუბა კიკაბიძის დედის ძმა იყო. მანანა ბაგრატიონი, ბუბას დედა 40 წელი მღეროდა სამების ეკლესიაში, საოცრად კარგი ქალბატონი. მახსოვს, 1937 წელს ფესტივალი ჩატარდა ლონდონში, ჯანო ბაგრატიონის გაშვება გადაწყდა და თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოხსნა "კაგებემ" და გაუშვეს ილიკო სუხიშვილი.

- დღეს თუ ნანობთ რამეს?

- ადამიანს ყოველთვის აქვს სინანული, მაგრამ ვერაფერს ცვლი, ეს არის ჩვენი ცხოვრება. რომ არა მეუღლის ავადმყოფობა, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი, მაგრამ მთავარია, მაქვს ჭერი, თბილი გარემო და ეს ძალიან მომწონს.

თეა ხურცილავა