თბილისის მეტროში არსებული სიტუაცია საგანგაშოა(?!) - გზაპრესი

თბილისის მეტროში არსებული სიტუაცია საგანგაშოა(?!)

"ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი" - ასე ახასიათებენ მეტროს მთელ მსოფლიოში, თუმცა თბილისის მეტროპოლიტენზე საუბრისას სპეციალისტები სულ სხვა ეპითეტებს იყენებენ. მეტროში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ამას რამდენჯერმე გაჩენილი ხანძარი და ავარიული სიტუაციები ადასტურებს. ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლების მოძრაობის შეფერხება და მგზავრების ევაკუაცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა...

გაცილებით იმედიანად არიან განწყობილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები. მათი თქმით, მეტროს ყველა სადგური და მატარებელი გამართულია, შეფერხებისას კი, მემანქანე საგანგებო ინსტრუქციით მოქმედებს და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს. თანაც, მოძრავი შემადგენლობები 20 საათში ერთხელ მოწმდება. სულ სხვა აზრისაა ამ საკითხზე "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, რომელიც თბილისის მეტროში არსებულ სიტუაციას "საგანგაშოს" უწოდებს:

- სამწუხაროდ, თბილისის მეტროში არნახული კრიზისია. ჩვენი მეტროპოლიტენი რომ მოძველდა და განახლებას საჭიროებს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა ეს სიურპრიზი ქალაქის მერისთვის? "მოძველდა და რა ვქნათ?" - ეს არასწორი მიდგომაა. როგორ, შარშან და შარშანწინ არ იცოდნენ, რომ მოძველდა? გადაუდებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში რატომ არ გაითვალისწინეს? მეტრო ყველა დროში ძველდებოდა, მაგრამ აახლებდნენ, ახლა კი, თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურა ძირეულად შესაცვლელია.

- ბატონო დავით, პერიოდულად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხომ ატარებენ?

- ზოგჯერ რაღაცები კეთდება, 2015 წლამდე მეტროს სადგურების რეაბილიტაციაც ჩატარდა, ვაგონებიც შეცვალეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტროში კრიზისია ყველა მიმართულებით: შესაცვლელია ესკალატორები, ვაგონები, გვირაბები, ხიდები... ასეთ სიტუაციაში მყოფი მემანქანეები ნამდვილი გმირები არიან, რადგან მათი სამუშაო პირობები ყოველდღიურად უარესდება. სტატისტიკის მიხედვით, ავარიული შეჩერება მეტროში თითქმის ყოველდღე ხდება. გვირაბებში წყალი ჩადის, ვაგონებს გადაადგილების პრობლემა აქვს, "შპალები" და რელსები გაცვეთილი და გაუბედურებულია, ესკალატორები კი ვადაგასული. ასე რომ, ყველა მიმართულებით საჭიროა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. როდესაც ასეთი სურათი გვაქვს, მეტროს უსაფრთხოებაზე ლაპარაკი უკვე არადამაჯერებელია. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" უკვე დახელოვნდა ევაკუაციის საქმეში, ეს კომპანია ხალხის მეტროში ჩაყვანაზე კი არ მუშაობს, არამედ - ამოყვანაზე. ან, როგორ შეიძლება ტრანსპორტი უსაფრთხო იყოს, როცა იქ სისტემატურად ხანძარი ჩნდება?!

- თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს შექმნილ სიტუაციაში?

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რისკები დროულად არ შეაფასეს და არ შეისწავლეს. ორი ვარიანტი იკვეთება: ერთი ის, რომ თბილისის მერმა ყველაფერი იცოდა და სიტუაცია დროულად ვერ შეაფასა, მეორე - ალბათ, არ ეუბნებიან, რა ხდება მეტროში. ფაქტია, რომ მეტრო ასე ხშირად ადრე არასდროს გაჩერებულა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ იქ ტრაგედია მოხდეს, მაგრამ თბილისის მეტროთი მგზავრობა უკვე უსაფრთხო აღარ არის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი გვამშვიდებს და ამტკიცებს, რომ მეტროში ჩასვლა უსაფრთხოა, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებენ ამას, არ ვიცით. სამწუხაროდ, ამ სფეროში ისეთი ხალხი მუშაობს, რომელსაც ტრანსპორტთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. დირექტორებისა და ტოპმენეჯერების დონეზე საქმე გვაქვს გაუგონარ არაკომპეტენტურობასთან. არ არის აუცილებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი გქონდეს დამთავრებული და დიპლომი გქონდეს, მაგრამ როცა ასეთ ადგილას გნიშნავენ, რაღაც შეხება ტრანსპორტთან ხომ უნდა გქონდეს? დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხალხი საერთოდ არ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ იცის, იქ რა ხდება. ფაქტია, რომ თბილისის მეტროპოლიტენი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს სრულიად არაკომპეტენტური ხალხის ხელშია. ამიტომაც იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს, მათ არაფერი გაეგებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა. ქალაქის მერმა სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს უფრო მეტი ყურადღებით უნდა გადახედოს და მათ ნაცვლად ისეთი ხალხი დანიშნოს, რომელმაც ეს საქმე იცის. სხვათა შორის, მერიის პრიორიტეტებიც არასწორად არის გადანაწილებული, ამის დასტურია მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა სამგორი-ლილოს მიმართულებით.

GzaPress- რატომ, ბატონო დავით?

- დღევანდელ სიტუაციაში ამ პროექტის განხორციელება არასერიოზულად ჟღერს. ახალ მიმართულებაზე ფიქრობენ და ამბობენ, რომ ამ საქმისთვის 90 მილიონი უნდა დაიხარჯოს, ამ დროს კი, უკვე აშენებული სადგურები ლამის თავზე გვენგრევა. სასურველია, ეს ფული თბილისის მეტროპოლიტენზე დაიხარჯოს, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილი საგანძურია. ისე, რატომ მეტრო და არა - ტრამვაი, რომლის შენახვა გაცილებით იაფი ჯდება. ასევე არავინ იცის და ვერავინ ამტკიცებს - რატომ სამგორი და არა დიდი დიღომი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ძალიან გაიზარდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰაერივით სჭირდებათ? სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქალაქის მერს პრიორიტეტებები არეული აქვს, მისი პრიორიტეტი დღეს ტაქსის ფერი უფროა, ვიდრე სხვა, გაცილებით სერიოზული პრობლემები. ნარმანიას დროსაც კი, უფრო სწორად აფასებდნენ რისკებს და უფრო მეტი კეთდებოდა მეტროსთვის, ვიდრე - დღეს. შედეგიც შესაბამისი გვაქვს: მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი - მეტრო - ჩვენთან ყველაზე სახიფათოა!

- მიუხედავად იმისა, რომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" წარმომადგენლები ვაგონებს ხშირად ამოწმებენ?

- ალბათ ამოწმებენ, მაგრამ ამით სურათი არ იცვლება - შეამოწმეს და ხანძარი გაჩნდა, შეამოწმეს და ვაგონები თავისი შემადგენლობით გვირაბში გაიჭედა, შეამოწმეს და ესკალატორი მაინც გაჩერდა. ყოველდღე თითო ავარიული შეჩერებაა და რას ამოწმებენ, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენს საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია, თუ რა სიტუაციაა მეტროში, ამიტომაც ახერხებენ წარმოაჩინონ, რომ რაღაცას აკეთებენ. რამდენიმე მეტრი კაბელის შეცვლა, ან რამდენიმე ვაგონის შეკეთება საერთო სურათს ვერ ცვლის. სინამდვილეში მასშტაბური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, პირველ რიგში კი, ესკალატორები უნდა შეიცვალოს, რადგან მათ უმეტესობას ვადა გაუვიდა. არც კი მინდა წარმოვიდგინო რომელიმე ესკალატორის ჩაწყვეტის შემთხვევაში რა ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს! ამიტომ, საზოგადოებაში იმ განცდის შექმნა, რომ მეტროში რაღაც კეთდება, დიდი შეცდომაა. რამდენი რამ არის გასაკეთებელი, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მეტრო გადასარჩენია და ამ სიტუაციაში მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე მსჯელობა არის ბლეფი, ან - სერიოზული შეცდომა. მე ვფიქრობ, რომ კახა კალაძემ ეს თანხა მთლიანად მეტროს რეაბილიტაციას უნდა მოახმაროს, მაშინ ის ქალაქს დაამახსოვრდება როგორც ღირსეული მერი, რომელმაც თბილისის მეტროპოლიტენი გადაარჩინა. ახლა კი, თბილისის მეტრო სულს ღაფავს, არასდროს ყოფილა ის ასეთ ცუდ დღეში, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ის 90 მილიონი, რაც მიწისზედა მეტროსთვის უნდა დახარჯონ, თბილისის მეტროს გადარჩენაში დაიხარჯოს.

- თქვენი აზრით, რატომ გახდა სამგორი-ლილოს მიმართულება ასეთი მნიშვნელოვანი?

- მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი უფრო ბიზნესმენების ინტერესშია, ვიდრე მოსახლეობის, და საერთოდ, მერიის ბევრი გადაწყვეტილება ბიზნესთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, ახლა დიდ დიღომს უფრო უჭირს, რადგან იქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თუ სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისქვეშა მეტროს გაიყვანენ, იქ ძალიან ბევრი სავაჭრო ცენტრი აშენდება. სულაც არ არის ეს ცუდი, მაგრამ ეს არ არის მოსახლეობის დაკვეთა, მისი პრიორიტეტი. სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს მშენებლობა კი, ბიზნესპროექტია, რომელიც მავანთა ინტერესებზეა მორგებული: უნდათ, რომ თავიანთ სავაჭრო ცენტრებში ხალხის ნაკადი იოლად მივიდეს. ამ მიზნისთვის შეიძლება მიწისზედა მეტრო კი არა, ავტობუსიც საკმარისი იყოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ბიზნესპროექტია. ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა რომელ უბანსაც აქვს - ეს დიღომია, რომელსაც ქალაქის სხვა წერტილებთან დაკავშირება სჭირდება. თუ ასე არ არის, მაშინ გვაჩვენონ კვლევა, რომელიც ნათელს გახდის, რატომ გახდა სამგორი-ლილოს მიმართულება ასე პრიორიტეტული? შეიძლება იქ ზოგიერთმა მატარებელმა საერთოდ ცარიელმა იაროს მაშინ, როცა დიღმისკენ მიმავალი ტრანსპორტი ძალიან გადატვირთულია.

- წეღან ტრამვაი ახსენეთ, თქვენი აზრით, ტრამვაის ხაზის გაყვანა უფრო ეკონომიურია?

- ჩვენი გათვლებით, სამგორი-ლილოს მიმართულებით ტრამვაის ხაზის გაყვანა ქალაქს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე - მეტროსი. მეტრო ისედაც მიწისქვეშა ტრანსპორტად არის მიჩნეული და მისი მიწის ზევით ამოყვანა მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაშია სასურველი. მიწის ზემოთ მეტროს იშვიათად აშენებენ და ჩვენთან რატომ აპირებენ ამას, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი და გაუგებარია.

- გამოდის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოუვალ მდგომარეობაშია: ყველამ ვიცით, რა ხდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, ერთადერთი სწრაფი ტრანსპორტი მეტრო იყო და ისიც არასაიმედოა?

- სიტუაცია მართლაც რთულია, რადგან ამ დარგს სულ სხვა ხალხი სჭირდება და არა ისეთი, რომელიც გასული საუკუნის 50-60-იანი წლების დონესაც კი არ შეესაბამება ინტელექტუალური რესურსით და კომპეტენციით. ამ ფონზე ერთადერთი დადებითი მოვლენა ის არის, რომ მერია ავტობუსების შეძენას ახერხებს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, ან ხედვა - ეს არის იმის შეძენა, რაც არ გვაქვს. მთლიანობაში სურათი ასეთია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში არც გამართულია და არც - უსაფრთხო. ჩაატარეს ტაქსების ე.წ. რეფორმა და რა მივიღეთ? - ტაქსით მგზავრობა გაძვირდა, რამაც მეტროს და ავტობუსების გადატვირთვა გამოიწვია - ასეთი შედეგი არასწორი პოლიტიკის და არასწორი ხედვის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში დღეს სამარცხვინოდ გამოიყურება.

- ამ სიტუაციაში, ალბათ, ვერ განხორციელდება მერიის ჩანაფიქრი, რომ მოსახლეობა კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაჯდეს და ქალაქი ამ გზით განიტვირთება...

- მე მაქვს ალტერნატიული წინადადება - თვითონ გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმ მანქანებიდან, რომლებიც მათ ემსახურება. თვითონ ამბობენ, ცხენებით ხომ ვერ ვივლითო და ხალხს ავტობუსებში გადაჯდომისკენ რატომ მოუწოდებენ?! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყოველწლიურად 200 მილიონი ლარი იხარჯება მათი კომფორტისთვის, ჯიპებისთვის, საწვავისთვის... თვითონ სამსახურში რომ მიდიან, მერე ეს სახელმწიფო მანქანები მათი ოჯახის წევრებს ემსახურება. გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მდგომარეობის გამოსწორება სურთ. რითი არიან ჰოლანდიის, ავსტრიის, ბელგიის, შვედეთის ან დანიის თანამდებობის პირებზე უკეთესები, რომლებიც ველოსიპედებით და ავტობუსებით დადიან? ეს 200 მილიონი კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ჩადონ და 3-4 წელიწადში საქართველო სანიმუშო ქვეყანა იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მხრივ. სიმართლე ერთია: ჯიპი და მეტრო ერთდროულად ვერ განვითარდება, ან ერთი უნდა ავარჩიოთ, ან - მეორე. საქართველოს მთავრობამ ჯიპი აირჩია და ამდენ ფულს ჯიპებში რომ ხარჯავენ, საზოგადოებრივი ტანსპორტისთვის აღარაფერი რჩებათ. ეს ძველი მენტალობა უკვე აუტანელია: ადრე შავ "ვოლგებზე" იხარჯებოდა ხალხის ფული, ახლა - შავ "ჯიპებზე" იხარჯება. ჩვენმა ჩინოვნიკებმა ვერა და ვერ შეიგნეს, რომ მხოლოდ ის ქვეყნები ვითარდებიან, სადაც თანამდებობის პირებმა პირადი კეთილდღეობა დათმეს და სახელმწიფოებრივი აზროვნება დაიწყეს. სწორედ აქ იმალება პასუხი მტკივნეულ შეკითხვაზე - რატომ ვერ ვითარდება საქართველო?!

ხათუნა ჩიგოგიძე