ერთი კაცის ორი სიცოცხლე
font-large font-small
ერთი კაცის ორი სიცოცხლე
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"

ჯერ კიდევ ერთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები კამჩატკაზე გადაასახლეს. კარგად ახსოვს მოსაწყენი დღეები, ერთფეროვანი გარემო და სიცივე, რომელიც ძვლებში ატანდა... შემდეგ იყო "ფერადი საქართველო", უზრუნველი ბავშვობა, მხიარული სტუდენტობა, ექიმის საპატიო ტიტული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება... ბოლოს ნარკოტიკი, სასმელი, დაპაუზებული ცხოვრება, სიკვდილის მოლოდინში დათვლილი დღეები და საათები... მოკვდა და თავიდან დაიბადა...


ხელახლა დაბადებულმა, პირველი ნაბიჯები ეკლესიაში გადადგა, შვიდი წელი ღმერთთან ახლოს, ადამიანებისგან მოშორებით გაატარა... საერო ცხოვრებაში დაბრუნებულს ადამიანებთან შეგუება, მათთან ცხოვრება გაუჭირდა და მარტო ცხოვრება არჩია... ცხოვრებისეულმა რთულმა გამოცდამ, "ფსკერამდე დაცემამ", სულიერმა ტრავმამ ხელში კალამი ააღებინა... ის რამდენიმე რომანისა და მოთხრობის ავტორია. როგორც თავად ზურაბ ოდილავაძე ამბობს, მისი ცხოვრება ისეთია, რამდენიმე ათეულ ადამიანს რომ გამოადგება სამაგალითოდ და დასაფიქრებლად... ვნახოთ, როგორ გახდა ერთ-ერთი ცნობილი და სახელიანი ოჯახის შვილი წამალდამოკიდებული, რა სირთულებიის წინაშე აღმოჩნდა და როგორ გადარჩა.
- ბატონო ზურაბ, როგორ, რა მოტივით გადაასახლეს თქვენი მშობლები კამჩატკაზე?
- ალბათ იცით, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხრუშჩოვმა ქართული დივიზია დაშალა. მამაჩემიც ამ დივიზიაში მსახურობდა, სამხედრო ექიმი იყო. მამას კამჩატკაზე მოუწია გადასახლებამ. მაშინ 11 თვის ვიყავი. 15 დღე მატარებლით ვიარეთ, 3 დღე კი გემით. როგორც მშობლები მეუბნებიან, ფეხი მატარებელში ავიდგი.
- თქვენ რა გახსოვთ, იქ გატარებული წლებიდან?
- ფრაგმენტულად მახსოვს რაღაცები. მაგალითად, საშინლად ცივი და უღიმღამო ზამთარი. თოვლში გვირაბის გათხრის გარეშე სახლიდან ვერ გამოვდიოდით. დედას ციგით მივყავდი ბაღში.
- დედა რას საქმიანობდა?
- დედაც ექიმი იყო.
GzaPress- საქართველოში დაბრუნების ნება როგორ მოგცეს?
- მამა ავად გახდა და დავბრუნდით. 7 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედით. გადამრია ფერებმა, ბუნების სილამაზემ, სითბომ... დედა და მამა სამტრედიაში დარჩნენ. მაშინ რაიონში მუშაობა უფრო პერსპექტიული იყო. მამა მთავარი ექიმი იყო, დედა მთავარი გინეკოლოგი. მე მამიდასთან გამიშვეს, თბილისში. კომაროვის სკოლა დავამთავრე და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგიის ფაკულტეტზე. წამყვანი ანესთეზიოლოგი გავხდი. დისერტაცია მოსკოვში, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში დავიცავი... მერე ყველაფერი შეიცვალა... წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო.
- თქვენ ექიმი იყავით და ხომ იცოდით, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყავით. როგორ გახდით წამალდამოკიდებული?
- მთავარია, არ გასინჯო, ცოდნა არაფერს შველის. ვერც სხვის გამოცდილებაზე სწავლობ რამეს.
- როგორ ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ კომუნისტური რეჟიმის პირობებში წარმატებული და პოპულარული ახალგაზრდები ხშირად ხდებოდნენ წამალდამოკიდებულები?
- ასეთი პრობლემა ტოტალიტარულ სისტემებს ყოველთვის ახლავს. ჩვენ წინაშე ორი ტიპის არჩევანი იყო, ან ჰალსტუხი უნდა გაგეკეთებინა და კომკავშირელი გამხდარიყავი, ან ნიჰილისტურად მოჰკიდებოდი ყველაფერს და ქუჩაში გასულიყავი. ქუჩაში კი საფრთხე და ცდუნება ბევრია. ნარკომანიის ბოლო სტადიაში ალკოჰოლიკი გავხდი, ბოლომდე დავენარცხე, "ბომჟი" გავხდი. ეს ყველაფერი 30 წელი გრძელდებოდა.
- გასაგებია, რომ კომკავშირელი არ გახდით, მაგრამ იყავით ექიმი, თანაც საკმაოდ კარგი სახელი გქონდათ. ქუჩაში როგორ აღმოჩნდით?
- ქუჩაში აღმოვჩნდი, როდესაც გამიგეს, რომ ნარკომანი ვიყავი და ექიმობა ამიკრძალეს.
- პირველად რა ასაკში გასინჯეთ წამალი?
- 17 წლის ასაკში. მაშინვე მივხვდი, რომ გამოუვალ ჩიხში აღმოვჩნდი. ახალგაზრდა ორგანიზმისთვის უდიდესი სიამოვნება იყო, გონებრივი შესაძლებლობი გამიასმაგდა. თუმცა მერე ამ ყველაფერს დაცემა მოჰყვა... ხშირად დავფიქრებულვარ, რატომ დამემართა ასე. ალბათ ეს აღზრდის ბრალიც იყო.
- რას გულისხმობთ?
- იცით, ჩაგვრა მხოლოდ ცემა არ არის... შეზღუდვებით, აკრძალვებით, ბრძანებებით აღზრდას ვგულისხმობ... სიმკაცრესა და შეზღუდვებში სრულფასოვანი ადამიანი ვერ ჩამოყალიბდება.
- თქვენ ასე იზრდებოდით?
- ჩემი მშობლები მთავარი ექიმები იყვნენ, თავისთავად - მკაცრები. ზოგადად, გარემო იყო მკაცრი, ყველა მომთხოვნი იყო ჩემ მიმართ. "ხუთებზე" უნდა მესწავლა, კარგი შვილი უნდა ვყოფილიყავი. ჩემ გარშემო ყველაფერს ტაბუ ჰქონდა დადებული, ეს არ შეიძლებოდა, ის არ შეიძლებოდა... როგორი ბავშვობა მქონდა, იცით? საბჭოური, მაძღარი, მაგრამ მძიმე, როგორც თავად სიტყვა "ტოტალიტარული"... თითქოს რაღაც უხილავ ძალას ჩემს პატარა მხრებზე მარმარილოს მონოლითი შემოედო. სკოლა დიქტატისა და აკრძალვების გაკვეთილები იყო. დაბღვერილი მასწავლებლები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი, პედსაბჭო, მშობელთა კრება, მხილების მუდმივი შიში. დედაჩემი, როგორც ქართველი დედების უმრავლესობა, თავგადაკლული მშობელი იყო, ყველაფერი შეეძლო შეეწირა ჩემთვის, მაგრამ ეს მსხვერპლშეწირვა მძიმე ვალდებულებებსაც მოითხოვდა. ეს არ იყო სწორი დამოკიდებულება. ადამიანს თავისუფლება სჭირდება. შვილს შეცდომების დაშვების უფლებაც უნდა მისცე და ცხვირის წამტვრევისაც. ეს მას დამოუკიდებელს გახდის და გააძლიერებს, უფრო პასუხისმგებლიანსაც გახდის. მე რა დამემართა, იცით? დამთრგუნა შეცდომების დაშვების შიშმა და შვება წამალში ვიპოვე. წამალმა კი ბოლომდე გამანადგურა, "ბომჟად" მაქცია.
- რამ გადაგარჩინათ?
- ღმერთმა და სიკვდილის შიშმა. ე.ი. ნარკოტიკებს ალკოჰოლიც რომ დავამატე, ათ წელიწადში მომაკვდავი ავადმყოფი გავხდი, ხუთი წელი რეანიმაციიდან რეანიმაციაში გადავდიოდი. აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი ბიძაჩემი იყო. ბოლოს მის კლინიკაში ვიწექი. მან დედა დაიბარა და უთხრა, უკვე კვდება, სახლში წავიყვანოთო. დამდეს საკაცეზე, წამიყვანეს სამტრედიაში და დამასვენეს "ზალაში". მეზობლები და ნათესავები გამოსამშვიდობებლად მოდიოდნენ. სამი წელი ვიწექი გაუნძრევლად. დღეში ერთხელ დედაჩემი მოვიდოდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჩამიდებდა ხოლმე პირში. სულ ეს იყო. ერთ კვირაში უნდა მოვმკვდარიყავი, სამი წელი არ მოვკვდი... მერე ავდექი და ეკლესიაში წავედი. თავიდან დავიწყე ცხოვრება, ახალდაბადებული ბავშვივით ავიდგი ფეხი ეკლესიაში. მედავითნეც გავხდი.
- როგორც ვიცი, ოჯახი გყავდათ.
- კი ბატონო, ორი ვაჟიშვილი მყავს.
- როდესაც დაქორწინდით, უკვე წამალდამოკიდებული იყავით?
- კი, ვიყავი და ამის შესახებ ჩემმა მომავალმა მეუღლემაც იცოდა. თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ გამოვსწორდებოდი. ამის მეც მჯეროდა. გარკვეული პერიოდი, სადღაც ერთი წელი დავანებე კიდეც თავი, მაგრამ როგორც კი პატარა დაბრკოლება შემხვდა, მაშინვე თავი დავკარგე.
- რამდენ ხანს შეძელით ოჯახის შენარჩუნება?
- დაახლოებით 5 წელი. მერე ცოლს შეეშინდა, რომ ბავშვებისთვის რაიმე არ მევნო და დამტოვა. ლოგიკური იყო მისი საქციელი. ვერაფერში ვადანაშაულებ.
- თუ გქონდათ გაცნობიერებული, რა ტკივილს აყენებდით მეუღლეს?
- კი, მაგრამ არჩევანი არ მქონდა, ნარკომანი წამლის გარეშე ისე გრძნობს თავს, როგორც კაცი, რომელსაც კისერზე ფეხი აქვს დაჭერილი.
- ახლა საერთოდ აღარ სვამთ?
- ოცი წელია, ლუდიც კი არ დამილევია, "პლანზე" და მსგავს რაღაცებზე აღარაფერს ვამბობ.
- წერა როგორ დაიწყეთ?
- თავისთავად. ერთხელაც ჩამოვედი მონასტრიდან თბილისში და დავიწყე წერა. პირველი რომანი ნარკომანებზე დავწერე, მეორე - ეკლესიაზე. ჩემმა განვლილმა გზამ ბევრი სათქმელი დამიგროვა.
GzaPress
- მეუღლესთან შერიგება არ გიცდიათ?
- კი მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე. გადაჩვეული ვარ ადამიანებთან ურთიერთობას. მეზობელი კარზე რომ მიკაკუნებს, გაღება მეზარება, შინ თუ ვინმე მესტუმრა, ერთი სული მაქვს, როდის წავა. მარტო ყოფნა მინდა, ფიქრებთან ერთად. შვილებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხშირად ვესაუბრები ტელეფონით.
- წიგნებიდან შემოსული ჰონორარით ცხოვრობთ?
- რას ამბობთ, ეს წარმოუდგენელია. 2-3 წელი უნდა ელოდო 500 ლარს. ზოგჯერ ესეც არ არის. რითი ვცხოვრობ? მეც არ ვიცი. ცოტა ხანს თავდაცვის სამინისტროში ვიმუშავე. 2009 წელს მინისტრის თანაშემწე ვიყავი და ღირსეული ხელფასი მქონდა. 2010 წლის შემდეგ ჰაერში ვარ, თუმცა ბედს არ ვუჩივი. შვილები მეხმარებიან, ზოგჯერ მკითხველსაც უჩნდება სურვილი, რომ საჩუქარი გამიკეთოს.
- თავდაცვის სამინისტროდან რატომ გამოგიშვეს?
- მე სიხარულიძის თანაშემწე ვიყავი. ის რომ წავიდა პოსტიდან, გუნდიც მივყევით. არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედიაა, ახლა თავისუფალი ვარ, მეტი დრო მაქვს სიმარტოვისთვის, წერისთვის, ფიქრისთვის. მიყვარს მარტოობა.
- შესაძლებლობა რომ გქონდეთ, თქვენს წარსულ ცხოვრებას შეცვლიდით?
- თეორიულად კი, თუმცა არ ვიცი... ასი ცხოვრება რომ იცხოვრო, ისეთ გამოცდილებას ვერ მიიღებ, რაც მე მომცა ცხოვრებამ.
- რაში გჭირდებათ ასეთი გამოცდილება?
- ეს გამოცდილება რომ მაქვს, იმიტომ ვწერ და იმიტომაც მყავს მკითხველი. მე ისიც კი ვიცი, თუ როგორია ფსკერამდე დაცემული ადამიანის შინაგანი სამყარო. ექიმი ხომ ისედაც ვიყავი, ბოლოს ფსიქოლოგიც გავხდი.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1379 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი