"საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი, პირი დავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე"...
font-large font-small
"საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი, პირი დავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე"...
პანკისი - ხეობა, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს... პანკისელები მათ გარშემო შექმნილი სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობენ. ხელისუფლებამ პანკისელები ჯერ კიდევ 1990 წლიდან "მონიშნა" როგორც საშიში, კრიმინალური ჯგუფი. დროთა განმავლობაში მათდამი დამოკიდებულება ოდნავ შეცვალა, თუმცა როგორც თავად პანკისელები ამბობენ, დროდადრო მათი დემონიზება ისევ ხდება. "ხშირად მიფიქრია, ხომ შეიძლება საინტერესო თემები გაშუქდეს პანკისზე, თქვას ვინმემ, რამდენად ლამაზი და საინტერესოა პანკისის ხეობა ან იმაზე გაკეთდეს სიუჟეტი, რა სოციალური პრობლემები აქვს მოსახლეობას, რას ფიქრობენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე... გზები, კომუნიკაციები, წყალი წესრიგშია? თუმცა არა, ეს თითქმის არავის აინტერესებს, აქედან მხოლოდ "ტერორიზმი მიაქვთ", სხვა დანარჩენი თითქოს არც არსებობს" - ეს არის ციტატა ბლოგიდან, რომელიც სამოქალაქო აქტივისტმა, სულხან ბორძიკაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაქვეყნა.
პესიმისტური განწყობის მიუხედავად, ქისტი ახალგაზრდა იმედოვნებდა, რომ უახლოეს მომავალში პანკისელებისადმი დამოკიდებულება არსებითად შეიცვლებოდა. რა ვითარებაა დღეს პანკისში, რას ფიქრობენ ადგილობრივები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა სტკივათ და აწუხებთ ახალგაზრდებს, როგორ ესახებათ მომავალი, ამ საკითხებთან დაკავშირებით სულხან ბორძიკაშვილი გვესაუბრება.

GzaPress
- სულხან, შეუძლებელია, საუბრის დასაწყისში არ გკითხოთ მალხაზ მაჩალიკაშვილზე. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ის სუს-მა მოწმის სახით დაიბარა, ბევრი ელოდა, რომ ბრალს წაუყენებდნენ, თუმცა დღეს ის თავისუფალია. რას ამბობენ ამ თემაზე პანკისელები?
- მას შემდეგ რაც, ჩანაწერები გაავრცელეს, აუცილებელიც კი იყო მისი დაბარება და გამოკითხვა. ვფიქრობ, დამნაშავე რომ ყოფილიყო, დააკავებდნენ.
- თქვენ რას ფიქრობთ, შესაძლოა, მართლაც ჰქონოდა შურისძიების მცდელობა?
- თუ გეგულებათ სამყაროში ადამიანი, რომელსაც შვილს, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში მოუკლავენ და ის შურისძიებაზე არ იფიქრებს? თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი რასაც ფიქრობს, ყოველთვის იმას არ აკეთებს.
- როდესაც ქისტებმა შვილმკვდარი მამის მხარდამჭერი წერილი გაავრცელეს, სუს-ის ყოფილმა უფროსმა, გოგაშვილმა თქვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არ არის პანკისი. პოლიტიკურმა ექსპერტებმაც თქვეს, რომ ქისტებისთვის მაჩალიკაშვილი მხოლოდ საბაბი იყო და მათ წლების განმავლობაში დაგროვილი წყენა ალაპარაკებდათ. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
- მაჩალიკაშვილი უბრალო საბაბი ნამდვილად არ ყოფილა. მაჩალიკაშვილი სწორედაც რომ პანკისია და ახლა არა მარტო პანკისი. ისიც თქვეს, ლოპოტას სპეცოპერაციას და სხვა ასეთ ამბებს არ მოჰყოლია პანკისელების პროტესტიო. პროტესტი მაშინაც იყო, უბრალოდ, გამოხატვის ფორმა იყო სხვაგვარი. მაჩალიკაშვილის ამბავთან დაკავშირებული პროტესტი უფრო მასშტაბური იყო, რადგან ეს ამბავი სხვა დანარჩენებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სხვა არის, როდესაც შეიარაღებულ კაცს კლავ და სხვა - როდესაც საკუთარ სახლში, მძინარე ადამიანს კლავ. იქ ღირსების შემლახავ ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. ღირსების შელახვა კი ძალიან რთული საკითხია.
- თემირლანს იცნობდით?
- თემირლანს არ ვიცნობდი. მის ოჯახზე კი ვიცოდი, რომ წყნარი და მშვიდი ხალხია. არ ვამბობ, რომ ადამიანის იმიჯი მისი ქმედების განმსაზღვრელია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი ფაქტი, რაც მისი მოკვლის აუცილებლობას განაპირობებდა.
- გასაგებია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, და ამაზე ექსპერტებიც საუბრობენ, პანკისის მოსახლეობას წლების განმავლობაში დაუგროვდა წყენა, გულისტკივილი. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, საქართველოს ყველა რეგიონშია დაგროვილი პრობლემა. თქვენც იმავეს გულისხმობთ თუ თქვენი პრობლემა მაინც იდენტობასთან არის დაკავშირებული?
- ჩვენი პრობლემა პანკისელობას უკავშირდება. მაგალითისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ამბავი ავიღოთ: ადამიანისთვის დანაშაული არ დაუმტკიცებიათ და ტერორისტად მონათლეს. ასე იოლია ტერორისტობის დაბრალება? ჩვენში ეს სიტყვაც კი უსიამოვნო გრძნობას იწვევს. ამ სიტყვის წარმოთქმასაც კი ვერიდებით. ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს, გივი თარგამაძეს მანქანა აუფეთქეს, მაგრამ ამ საქმეების ჩამდენს არავინ მიაკერა ტერორისტის იარლიყი, შვილმოკლულ მამაზე კი მხოლოდ იმიტომ თქვეს ტერორისტიაო, რომ მან რაღაც გაიფიქრა. ე.ი. როგორც კი საქმე პანკისელს ეხება, უფრო იოლია ტერორიზმზე ლაპარაკი. მართალი ხართ, ქვეყანაში ზოგადად, რთული ვითარებაა, მაგრამ პანკისში კიდევ სხვა პრობლემებია. სუს-ის გაძლიერებული კონტროლი და ჩვენში მუდმივად დამნაშავეების ძებნა ძალიან გვთრგუნავს. მახსოვს, სირიაში ერთ-ერთი ავიაიერიშის დროს დაიღუპა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ერთი იყო პანკისელი ქისტი, დანარჩენი - სხვა რეგიონებიდან. რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა საინფორმაციოს მთავარი თემა იყო: "სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა". მოქალაქეებზე აჭარიდან და გურიიდან, ძირითადად, ადგილობრივმა ტელევიზიებმა გააშუქეს. როცა ასეთ ფაქტებს უყურებ, გიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება გამიზნულად ეს ყველაფერი? რაშია საქმე, რატომ მხოლოდ პანკისი და რატომ მხოლოდ ცუდ კონტექსტში? ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პანკისში.
- აბსოლუტურად მესმის თქვენი, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი დამოკიდებულებისთვის რაღაც მიზეზი თქვენი მხრიდანაც არსებობს, მაგალითად, სალაფიტური იდეოლოგია?
- სალაფიტური იდეოლოგია მხოლოდ პანკისში ხომ არ არის ფეხმოკიდებული?! გარდა ამისა, სალაფიტი თავისთავად რადიკალს არ ნიშნავს. ძალიან ბევრ მშვიდ, წყნარ სალაფიტს ვიცნობ. რადიკალური განწყობის ადამიანები ყველა რელიგიაში არიან. თუმცა, თქვენც მართალი ხართ. პრობლემა ჩვენშიც არის. ცოტა ხისტი ხასიათი და რაღაც საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ეს კი, ჩემი აზრით, ჩაკეტილობის ბრალიც არის. ადრე ქართველებს ქისტი გაიგივებული ჰყავდათ კახელთან, გურულთან, აჭარელთან... მამაჩემის თაობას უფრო მეტი მეგობრები ჰყავდა ქართულ სოფლებში. 90-იანი წლებისთვის, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში აირია სიტუაცია, პანკისის ხეობა ბევრი ქურდისა და ყაჩაღისთვის თავშესაფრად იქცა. იყო შემთხვევები, რომ ადამიანს გაიტაცებდნენ და პანკისში მალავდნენ, ეს კი, ხშირად ძალოვანი სტრუქტურების ხელშეწყობით ხდებოდა. მერე ჩეჩნეთ-რუსეთის ომი იყო და ვის აღარ მოუწია აქ გავლამ. მეც მახსოვს, ჩეჩნეთში მიმავალი თურქი, არაბი თუ სხვა ეროვნების ადამიანი აქ ჩერდებოდა... ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ რაზმი ჩამოაყალიბა, რომელიც მეზობელი, ქართული სოფლიდან გატაცებულ საქონელს უკან უბრუნებდა მეპატრონეს. მილიციამ ,,მე-13 რაიონივით" საზღვარი შემოგვავლო და პასუხისმგებლობა მოიხსნა. პირად მახსოვს, ბლოკპოსტი, რომელიც თელავში წასასვლელად უნდა გამევლო. ადგილობრივებმა სცადეს აქ კონტროლის შენარჩუნება. ვიღაცები კრიმინალურ საქმიანობაშიც იყვნენ გარეულნი, მაგრამ ასეთები მარტო პანკისში ხომ არ იყვნენ? მაშინ კრიმინალური ვითარება ყველგან მძიმე იყო. შემდეგ, როდესაც სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსა და პანკისში პოლიცია შემოვიდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა. კი ბატონო, ვიღაცები მერე "აისის" წევრები გახდნენ, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზი. ახალგაზრდობა უფუნქციოდ იყო დატოვებული, დღემდე ასეა. უმუშევრობა ყველა რეგიონში პრობლემაა, მაგრამ გურიაში ან კახეთში უსაქმურად დარჩენილი ახალგაზრდები სასმელს დალევენ და ასე მოკლავენ დროს. ქისტი სასმელს არ დალევს... მუდმივი სტრესი, პოლიციის კონტროლი, ეჭვიანი მზერა და უმუშევრობა... ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს. ყველა ვერ უძლებს ამას.
GzaPress
- როდესაც პანკისში ჰესებთან დაკავშირებით პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, ადგილობრივებმა "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენეს, გაჩნდა მოსაზრება, რომ იქ გარკვეულმა ძალებმა წინასწარ აამღვრიეს წყალი. მართლაც, შეტაკება თითქოს სპონტანური იყო, საიდან გაჩნდა უცებ "მოლოტოვის კოქტეილები"?
- საუბარი იმაზე, რომ იქ რაღაც ძალები წინასწარ ამღვრევდნენ წყალს, სრული აბსურდია. ჩვენ უკვე გვაქვს ორი ჰესი. ვიცით, რა ნეგატიური შედეგების მომტანია. ახლა კიდევ მესამე ჰესი და ისიც შუა სოფელში? ეს უკვე მეტისმეტია. ახლა რაც შეეხება შეტაკებას: პირველი შეტაკება მოხდა დილით. მაშინ ადგილობრივებს არც "კოქტეილები" ჰქონდათ და არც ხელჯოხები. როგორც ჩანს, მერე მოემზადნენ, ბენზინიც იშოვეს კოქტეილებისთვის და ხელჯოხებიც მოიმარაგეს. სხვათა შორის, პირველი შეტაკების შემდეგ ვიღაცები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გახარია დიდი რაოდენობით პოლიციის შემოყვანას და მოსახლეობის სამაგალითოდ დასჯას აპირებდა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ამბავი ასე თუ ისე, მშვიდობიანად დასრულდა. ისიც მინდა გითხრათ, რომ პოლიციელებისთვის ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა პანკისელების უმრავლესობამ დაგმო. ჩვენთვისაც ძალიან მძიმე იყო პოლიციელებთან დაპირისპირება. თავს იმით ვინუგეშებ, რომ პოლიციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთი ბოლომდე არ გაიმეტეს. უფრო მეტიც, შეტაკების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ანუგეშებდნენ. არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია იმის თქმა, რომ პოლიციამ მთლიანობაში სისასტიკე გამოიჩინა, პირიქით, ისინი ჰუმანურები იყვნენ. თითო-ოროლა აგრესიული ადამიანი პოლიციელებს შორისაც იყვნენ და ჩვენ შორისაც, მაგრამ ეს ძალზე უმნიშვნელოა. ფაქტია, რომ ქართველებსა და ქისტებს ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.
- ამ შეტაკების შემდეგ ინტერნეტით გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ჰესისთვის განკუთვნილ მილებში დაბანაკებული პოლიციელებისთვის ადგილობრივებს ხინკალი და ჩაი მიაქვთ.
- კი, იყო ასეთი ფაქტი, მაგრამ ამაზე საუბარი მეუხერხულება. ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. გარეთ წვიმდა, ციოდა... აბა, რა უნდა გვექნა?
- სულხან, როგორ ფიქრობთ, პანკისში სიტუაციის არევას რუსული სპეცსამსახურები არ ცდილობენ?
- მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები? მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ძალა ცდილობს აქ სიტუაციის არევას, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ მაინც რუსეთია დაინტერესებული. რუსი პოლიტიკოსების განცხადებები იმის თაობაზე, რომ პანკისი ვითომ და ტერორისტების თავშესაფარია, სწორედ რუსულ ინტერესზე მიანიშნებს. ახლა პანკისის წართმევით უნდა მოსკოვს საქართველოს დასჯა. თუმცა გამორიცხულია, პანკისში სეპარატიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს.
- ამის იმედს რა გაძლევთ?
- ყველა სხვა ადამიანურ ღირებულებასა და სამართლიანობას თავი რომ დავანებოთ, რუსებმა ჩვენი ისტორიული სამშობლო მიწასთან გაასწორეს, 400 წელია, ჩვენს სისხლს ღვრიან, ტერორისტებად გვაცხადებენ. ეს ერთი, ახლა მეორე, როგორ შეიძლება დემოკრატიულ, განვითარების გზაზე დამდგარ საქართველოზე თქვა უარი და დაქცეული, ავტორიტარული რუსეთისკენ გაგიწიოს გულმა? როდესაც ჰესის მშენებლობა გავაპროტესტეთ, ქართველების მაგივრად რუსები რომ ყოფილიყვნენ, რას გვიზამდა რუსული პოლიცია? სულ ცოტა, 50 კაცს მაინც მოგვიკლავდა. რამდენიმე წლის წინ გროზნოში წავედი. საოცარი განწყობა მქონდა, ისტორიული სამშობლოს სანახავად მივდიოდი. რა დამხვდა იქ? დაძაბული, კარჩაკეტილი ხალხი, რომელსაც პოლიტიკაზე საუბარიც კი აკრძალული აქვს. ძალიან გამიჭირდა, ორი კვირა ძლივს გავჩერდი. საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი, პირი დავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. აქ, საქართველოში მე ბედნიერი ვარ. ვისაც ანალიზის უნარი აქვს, თეთრსა და შავს იოლად გაარჩევს. პანკისელებს გვაქვს ანალიზის უნარი და შესაბამისად, არც არასდროს დამდგარა ჩვენთან სეპარატიზმის საკითხი.
- პირად საუბარში მითხარით, რომ შარშან პანკისში ვიღაცები ავტომობილებითა და კადიროვის დროშებით შემოვიდნენ... ვინ იყო ეს ხალხი?
- ზუსტად არ ვიცი, ვინ იყვნენ. მე მათ შემოსვლაზე მეტად რა გამიკვირდა, იცით? საქართველოს სახელმწიფომ როგორ დაუშვა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა?! სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველ ჩვენს ამოსუნთქვას უკვირდებიან და ჩვენს ფიქრებს კითხულობენ, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პროპაგანდისტები როგორ შემოეპარათ?! ისევ ადგილობრივმა მოსახლეობამ წაართვა მათ დროშები და გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს, უკან გააბრუნეს. ვისაც საქართველო არ მოსწონს, თავად წავიდეს აქედან, პანკისს ვერსად წაიღებს.
GzaPress
- თქვენ ამბობთ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მაინც ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები გარკვეულწილად ილახება...
- რა თქმა უნდა, საქართველოს რუსეთთან შედარებაც კი არ შეიძლება. ამაზე არავინ ლაპარაკობს, რას ამბობთ. ჩვენ მხოლოდ იმის გამო გვწყდება გული, რომ იოლად გვაიგივებენ ტერორისტებთან, პოლიცია მკაცრად გვაკონტროლებს, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება რეალურად არ არის. კონტროლი და ყურადღება პანკისშიც საჭიროა და თელავშიც, მაგრამ... უნდობლობა გულდასაწყვეტია. რომელიმე ჩვენგანი საჯარო სამსახურში რომ დასაქმდეს, სუს-მა უნდა თქვას, რომ კარგი ბიჭია. რა საჭიროა ეს?
- ასეთ უნდობლობას რიგითი მოსახლეობისგანაც გრძნობთ?
- არა, პირადად მე ჩემი იდენტობის გამო ქართველ მეგობრებთან ურთიერთობაში პრობლემა არ შემქმნია, პირიქით...
- ჰესის თაობაზე მომხდარი შეტაკების შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პანკისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ხელისუფლების მხრიდან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. რა მოლოდინი გაქვთ და რა ნაბიჯები შეიძლება გადაგას სახელმწიფომ ამ მიმართულებით?
- მგონია, რომ პანკისის მმართველობაში მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები კი არა, სხვა შესაბამისი სამინისტროებიც ჩაერთვებიან. ძალიან მინდა, რომ პანკისი ისე იმართებოდეს, როგორც კახეთის სხვა რომელიმე ხეობა, კუთხე... ჩემი აზრით, ასე უფრო მეტად მოხდება ქისტი ხალხის ინტეგრაცია დანარჩენ საზოგადოებაში. რაღაცები ახლაც კეთდება, მაგრამ ჩვენ მეტი კომუნიკაცია გვინდა. ქისტი და ქართველი ახალგაზრდები მეტად უნდა დავაახლოოთ ერთმანეთს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმება. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალიან შეიცვალნენ, როდესაც თვითრეალიზების საშუალება მიეცათ.
- შეცვლაში რას გულისხმობთ?
- უკეთესობისკენ შეიცვალნენ, როგორც ქცევით, ისე ცხოვრების წესით.
- მე, როგორც ერთი მოქალაქე, ქისტ ხალხს ჩემს უღრმეს პატივისცემას გიდასტურებთ და ძალიან მინდა, რომ ქისტი ხალხის ნიჭი და ერთგულება ქვეყანამ სათანადოდ გამოიყენოს.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ასეთი შეკითხვაც კი გაჩნდა: ღმერთმა თუ ასეთი შვილი გაჩუქა, რატომ ჩაერიე, რატომ დაუბრუნე მას სმენა?"
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"
"უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო დავა საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია მორალური თვალსაზრისითაც"
"დედა ციხიდან რომ გამოვიდა, მასთან ვიყავით, მაგრამ მიგვატოვა და მზრუნველობა ნათლიამ იკისრა..."
დასაკარგი არაფერი მქონდა და ყველა პრობლემაზე ვწერდი და ვლაპარაკობდი
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
206 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი