ამბები წნორიდან და "კაჭკაჭა" ნინოს ოცნებები - გზაპრესი

ამბები წნორიდან და "კაჭკაჭა" ნინოს ოცნებები

ქალაქი წნორი ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 1938 წლამდე წნორს თურმე საქობოსუბანი ეწოდებოდა. ქალაქში მრავლადაა სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. საეკლესიო-ადმინისტრაციული დაყოფით ეს ქალაქი საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას ექვემდებარება. აქ მდებარეობს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში 4815 ადამიანი ცხოვრობს. ერთი დღე თამთა კუსრაშვილმა და ნიკა ჯავაშვილმა მიმასპინძლეს და ახლომდებარე სოფლები - ფანიანი და ქვემო მაჩხაანიც შემომატარეს. ფანიანი სიღნაღიდან 16 კილომეტრშია განთავსებული. ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე სოფელი ყოფილა ადრე, ახლა კი მიტოვებული და ჩამონგრეული სახლების სიმრავლე მოგხვდებათ თვალში. როგორც იქაურებმა მითხრეს, სოფელი მოსახლეობისგან წლების წინ დაიცალა და ვინც დარჩა, მათ ძალიან უჭირთ, რადგან არც მიწები აქვთ დასამუშავებლად და არც სამსახური.

GzaPress

ნოდარ და შორენა ჯალიაშვილებს 3 შვილი ჰყავთ - 18, 15 და 2 წლის ბიჭები. შევატყვე, ერიდებოდათ თავის პრობლემებზე საუბარი, თუმცა მათ გაჭირვებაზე ბევრი რამ მეტყველებდა... სამუშაო არ არის, მიწა არ გვაქვს, რომ დავამუშაოთ, ღორები გვყავდა და ისინიც დაგვეხოცა - დღე-დღეზე გოჭები უნდა დაეყარათ და ჭირი გაუჩნდა, ათიოდე ქათამი გვყავს და ეგაა. გაჭირვებით ვცხოვრობთ. მერაბი რომ არ გვეხმარებოდეს, რა გვეშველებოდა, არ ვიცითო, - მითხრეს (როგორც მერე გავარკვიე, ქვემომაჩხაანელი ახალგაზრდა კაცი, მერაბ მენთეშაშვილი რაიონში მცხოვრებ შშმ პირებს და არა მხოლოდ მათ, უკვე წლებია დახმარების ხელს უწვდის).

თვითონ ასეთი გაჭირვებულები მეზობელზე, 63 წლის დალი ტურიაშვილზე დარდობენ: ქარი რომ არის, გვეშინია, სახლი თავზე არ ჩამოენგრეს და შიგ არ მოჰყვეს შვილიშვილებიანადო. დალი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან გარიგებით გამოთხოვილა ფანიანში 45 წლის წინ:

- ჩვენი სოფელი ხალხით სავსე იყო, კარგად მახსოვს მაშინდელი დრო. კოლექტივში ვმუშაობდით ყველა, მაშინ რა გვიჭირდა, მშვენივრად ვიყავით. ახლა მიტოვებული სახლებიღაა გარშემო ან გაპარტახებული ეზოები - ზოგმა სახლი დაანგრია და მასალად გაყიდა. ჯერ მეუღლე მომიკვდა 54 წლის, მერე შვილი - 31 წლის, ამ უბედურებამ ბოლო მომიღო. ნახეთ, ეს სახლი გვენგრევა. 2 გოგო და 2 ბიჭი მყავს. ახლა შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ ჩემთან. პენსია და სოციალური დახმარება მაქვს, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ რაში გვეყოფა? თუ რამე სამუშაო გამოჩნდა სოფელში, ჩემი შვილი უარს არაფერზე ამბობს, მაგრამ ჭირს სამუშაო... ყოველღამე შიშით ვიძინებ - მეშინია, შვილიშვილებს ჭერი თავზე არ დაემხოთ. დამეხმარეთ-მეთქი, ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი. მეზობლებსაც უკვირთ, როგორ გძინავთ ამ სახლშიო. რა ვქნა, სხვაგან წასასვლელი რომ არსად გვაქვს?

ქვემო მაჩხაანი XIX საუკუნეში ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. სოფელში მდებარეობს იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი, ასევე თეატრი, რომელიც აშენებულია 1899 წელს და პირვანდელი სახითაა შემორჩენილი, როგორც ნაგებობა, ასევე ინვენტარი. პარტერი და იარუსი დაახლოებით 200 კაცს იტევს. ამის შესახებ ნანა ყარალაშვილი გვესაუბრა:

- თეატრი ხალხის შემოწირული ფულით აშენებულა - პატარ-პატარა წარმოდგენებს ატარებდნენ თურმე, თანხას აგროვებდნენ და ასე აუშენებიათ. პირველად ავქსენტი ცაგარელის "ხანუმა" დაუდგამთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული პიესა, რომელიც ცაგარელმა 1882 წელს დაწერა. ჩამოდიოდნენ სხვადასხვა თეატრალური დასები. ამ ბოლო დროს რეჟისორი ირაკლი გოგია ჩამოვიდა, ახმეტელის თეატრის მსახიობებმა "მოძღვრის აღსარება" გვაჩვენეს. სხვათა შორის, ტრადიცია გავაგრძელეთ და ჩვენც შემოსული თანხა ისევ თეატრს მოვანდომეთ - გაყვანილობა შევცვალეთ, ისევ აღორძინებას ვფიქრობთ.

GzaPress როგორც აღვნიშნე, მერაბ მენთეშაშვილი უკვე წლებია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარება - მისი ხელშეწყობით ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას, ხშირად მიჰყავს ისინი ექსკურსიაზე და იმის საშუალებას აძლევს, ბავშვებმა საქართველოს კუთხეები რომ გაიცნონ. აღდგომას კი ჯერ სამების ტაძარი მოილოცა მათთან ერთად, მერე ცოცხალი მუსიკის ფონზე სადილი გაუმართა ბავშვებს და იქვე გაცხადდა, რომ ან ფართობს გამოუყოფს მათ, ან უკვე არსებულ შენობას გაურემონტებს. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს ამ ყველაფერზე ლაპარაკი, სახლში მისულ სტუმრებს უარი ვეღარ გვითხრა: - ქვემო მაჩხაანი ძირძველი და ისტორიული სოფელია, პირველი სავაჭრო ცენტრი სწორედ აქ ყოფილა, მწერლისა და პუბლიცისტის, დიმიტრი მაჩხანელის დამსახურებით. უამრავი სალოცავი გვაქვს - ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის სახელობის, ასევე სამება, რომელიც მოქმედია და დედაოები ცხოვრობენ. ულამაზესი სოფელია. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, მშრომელი ხალხი ცხოვრობს, მუშაობა არავის ეზარება. მიგრაცია, რა თქმა უნდა, შეეხო სოფელს, თუმცა ნელ-ნელა ისევ უბრუნდებიან აქაურობას, მაინც აქეთ მოუწევთ გული. ვცდილობთ, სოფელს სახე შევუნარჩუნოთ. აქედან 25 კმ-შია ყარაღაჯი, ალაზნის ველზე უძველესი სოფელი, სახნავ-სათესი მიწები იქ გვაქვს და ვამუშავებთ.

- ბავშვებზეც მითხარით რამდენიმე სიტყვით, მათ ძალიან უყვარხართ და ბევრი რამ მითხრეს თქვენზე...

- ადრე სადაც ვმუშაობდი, იქვე ცხოვრობდა ერთი ბიჭი, ხშირად ვეხმარებოდი გადაადგილებაში, მერე მოვნთალე და აქედან გამიჩნდა სურვილი, დავხმარებოდი შშმ ბავშვებს. პატარაობიდანვე მომწონდა სხვების დახმარება, უფროსისთვის წყლის მიტანას ვერავინ დამასწრებდა... იმხელა სითბოსა და სიყვარულს ვიღებ ამ ბავშვებისგან, ვერ წარმოიდგენთ. აღდგომაც მათთან ერთად გავატარე, არ შემიძლია მათ გარეშე. ჩემს უმცროს ბიჭსაც შეუყვარდა ისინი. გულისხმიერების დეფიციტი და სხვისი გაჭირვების დაუნახაობა გვჭირს - აღდგომის დღესასწაულის სუფრა 3.000 ლარის ნაცვლად, ცოტა ნაკლები რომ დაგიჯდეს და ის თანხა ვინმე ასეთს მოახმარო, ხომ შეიძლება?

ნიკა ჯავაშვილი:

- რამდენიმე წლის წინ გავიცანით მერაბი. ნებისმიერ დროს შეუძლია, მოვიდეს და გკითხოს, რამე ხომ არ გჭირდებათო? დარეკვას ვერც ვასწრებთ, რამე რომ ვთხოვოთ, თვითონ რეკავს, - ამა და ამ დღეს რამე აქტივობა მოვიფიქროთ და ბავშვები გავახაროთო.

წნორში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირს თამთა კუსრაშვილი და ნიკა ჯავაშვილი ხელმძღვანელობენ. წნორში სახლი აქვთ ნაქირავები, სადაც ბავშვები იკრიბებიან და სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართული.

აჩიკო ზურაშვილი, 22 წლის:

- დედისერთა ვარ. დედიკომ მიმიყვანა კურსებზე კოლეჯში, სადაც შეფმზარეულობა ვისწავლე და მომეწონა ეს პროფესია.

- ე.ი. გემრიელ სადილებს აკეთებ?

- (იცინის) არა, მარტო პროდუქტების დაჭრაში ვეხმარებოდი. მე კომპიუტერული თამაშები მიყვარს, ჯეტიას ვთამაშობ და ხშირად ვიგებ.

GzaPress

- ფილმებს არ უყურებ? - უფრო მუსიკის მოსმენა მიყვარს, რუსულსა და ქართულ სიმღერებს ვუსმენ, დრამერიც კი ვიყავი. ახლა ელექტროგიტარის სწავლა მინდა.

ნინოს ღვლიღაშვილი 18 წლისაა, კაჭკაჭას ეძახიან და ამ მეტსახელს ამართლებს კიდეც. ძალიან მხიარული გოგოა და როგორც თვითონ მითხრა, უყვარს ხალხთან ურთიერთობა.

- 18 წლის გავხდი, ბებერი ვარ უკვე (იცინის). ოღონდ მაკაჭკაჭე და სხვა არაფერი მინდა. ჭორიკანა ვარ, მთელი სოფლის ამბებს მოგიყვები, თუ გინდა... მეზობლები ხშირად ვერ მოდიან ჩემთან, ბევრი საქმე აქვთ, არადა, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, მათ გარეშე არ შემიძლია... და-ძმა მყავს, ძმას ლაზარე ჰქვია, დას - ანანო. მე და ჩემი და ტელევიზორის გადართვაზე ვჩხუბობთ, სხვა - არაფერზე. ძალიან მომწონს, როცა ვმღერი, ყველაზე მეტად კი ეს სიმღერა მიყვარს: "აყვავებულა არაგვზე დეკა".

- როგორ გინდა იცხოვრო, რაზე ოცნებობ?

- როგორ მინდა ვიცხოვრო და პოპულარულად. მდიდარი მინდა ვიყო, კარგი მანქანები მყავდეს, სახლები მქონდეს თბილისშიც და ბაკურიანშიც, მართვის მოწმობა ავიღო და ყველგან ვიარო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც, სკოლის გახსნა მინდა. თამთა და ნიკა აპირებენ ისეთი ცენტრის გაკეთებას, სადაც მარტო პატარები კი არა, ჩვენც ვისწავლით რაღაცებს. ეჰ, ბევრი ოცნება მაქვს...

GzaPress თამთა კუსრაშვილი: - ინკლუზიური განათლების ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პერიოდში ვერც წარმოვიდგენდი, რეალობაში რამდენად ბევრ სირთულეს წავაწყდებოდი ამ სფეროში. სოფელში დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა დღის ცენტრში, რომელიც 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე იყო გათვლილი. პირველი კვირა საკმაოდ რთული გახლდათ. მივხვდი, ბევრი რამე ისე არ უნდა გამეკეთებინა, როგორც წიგნებში ეწერა. ახლა გაცილებით მეტი მშობელი გამოვიდა გარეთ და თავიანთი შვილებიც გამოიყვანეს ქუჩაში. გაიხსნენ, საუბრობენ პრობლემებზე, საჭიროებებზე. სიტუაციამ გვიკარნახა, შშმ პირთა მშობელთა კავშირი შეგვექმნა, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, მშობლებისთვის ტარდება ტრენინგები, ბავშვებისთვის - ვორკშოპები. უკვე შეისწავლეს ფოტოხელოვნება, თიხაზე მუშაობა, თოჯინების დამზადება. ახლა გვინდა ისეთი დღის ცენტრი შევქმნათ, სადაც სურვილის შემთხვევაში, 18 წელს ზემოთაც ივლიან. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ბავშვებთან ურთიერთობამ მთლიანად შეცვალა ჩემი და ნიკას ცხოვრება. ძალიან თბილები საოცრად გულისხმიერები არიან - ყოველთვის ხვდებიან, როდის ვართ ცუდად და უპირობოდ შეუძლიათ სიყვარული...

ნინო ჯავახიშვილი