40 წელი საჭესთან - გზაპრესი

40 წელი საჭესთან

"თანდათან ვუახლოვდებით ევროპას" - ეუბნება გოგონა მის გვერდით მჯდომ ბიჭს. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, სტუდენტები არიან. ავტობუსის მძღოლზე საუბრობენ, ქალზე, რომელიც 60 წლამდეა. მანქანის მართვაზე ეტყობა, რომ დიდი გამოცდილება აქვს, აი, ისეთი, რომ იტყვიან, ინსტინქტების დონეზე აქვთ განვითარებული მანქანის მართვის ჩვევაო... მორიგი გაჩერების შემდეგ, მარტო მე დავრჩი მგზავრი. ამ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გავუშვებდი და გამოველაპარაკე. მაია კოშაძე საკმაოდ გახსნილი მოსაუბრე აღმოჩნდა და ძველი ამბებიც გაიხსენა...

- 40 წელია, ავტომანქანას ვმართავ. საგარეჯოში, კაკაბეთის სკოლაში ვსწავლობდი, სადაც მაღალ კლასებში ტრაქტორის ტარებას გვასწავლიდნენ VIII-X კლასამდე, თეორიულად და ხანდახან პრაქტიკასაც გვატარებდნენ. მეც რატომღაც სხვა გოგონებზე მეტად დავინტერესდი და იოლადაც ავითვისე. საბჭოთა კავშირი იყო და ასეთი სასკოლო პროგრამა ჰქონდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 წელი ვიმუშავე კოლმეურნეობაში. იმ წლებში ქალი საჭესთან, მით უფრო ტრაქტორზე, იშვიათობა იყო, მაგრამ ეს ჩემგან არავის გაჰკვირვებია, ლამის ბავშვობიდან ვმართავდი და ჩემს სოფელში შეჩვეული იყვნენ ჩემს გატაცებასა თუ პროფესიას.

ისედაც ყოველთვის მიყვარდა კაცური საქმეები, ავტომანქანასაც ადრეული წლებიდან ვატარებდი. ამიტომ, როდესაც კოლექტივში ეს საქმე გამოჩნდა, დიდხანს არ მიფიქრია. კახეთში მუშახელი ყოველთვის საჭირო იყო და რადგან კაკაბეთში ვცხოვრობდი, ადგილობრივ კოლექტივში დავიწყე მუშაობა, ვენახებს ტრაქტორით ვხნავდი. სხვა საქმეებსაც ვაკეთებდი, რასაც შეწამვლა და მოვლა სჭირდებოდა. რამდენიმე წელი ვიმუშავე კოლმეურნეობის ტრაქტორზე. მაშინ წასახალისებლად სიგელებს გვაძლევდნენ. დღემდე შენახული მაქვს. ხუმრობით ვამბობდი, ვინ იცის, ჩემს შვილიშვილებს რა პერიოდში მოუწევთ ცხოვრება და ისტორიას შემოვუნახავ-მეთქი... რამდენიმე გაზეთიც მაქვს შენახული, სადაც ჩემსა და კოლმეურნეობის სხვა ქალებზე სტატიებია გამოქვეყნებული. ეს ყველაფერი გვიხაროდა და სტიმულს გვაძლევდა, მაშინ ასეთი დრო იყო და უჩვეულოს ამაში ვერაფერს ვხედავდით.

- პროფესიით მექანიზატორი ხართ?

- არა, პროფესიით ფარმაცევტი ვარ. 10 წელი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიმუშავე, მაგრამ როდესაც გავთხოვდი, იმ წლებში ჩემი მეუღლე ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და ხანდახან მეც შევეშველებოდი ხოლმე. საბჭოთა წლებში მიკროავტობუსი გვყავდა, კოლექტივის ქალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ექსკურსიებზე დადიოდნენ, ასე მოვიარეთ, ალავერდი, ნეკრესი და უამრავი სხვა ადგილი. მივჯდებოდი საჭეს და დავატარებდი ქალებს, რაც არავის უკვირდა. ყველა მიცნობდა და იცოდნენ, მიკროავტობუსს კი არა, ტრაქტორს ვმართავდი.

- ოჯახის შექმნის შემდეგაც კაკაბეთშიც ცხოვრობდით?

- დიახ, 5 და ვართ. ჩემმა მშობლებმა თავიანთი სახლი ჩემს შვილს აჩუქეს და უმეტესწილად იქ ვიყავით, იქ მიწა გვაქვს, ვენახი და პატრონობა ხომ უნდოდა? საბჭოთა კავშირის შემდეგ, როდესაც საავადმყოფოში ვმუშაობდი, ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდით სოფელში. მას შემდეგ, რაც მეუღლე დამეღუპა, თითქმის სოფელში წავედი.

- თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ აღმოჩნდით?

- ჩემს მეუღლეს ყელის სიმსივნე აღმოაჩნდა და კარგა ხანს იბრძოლა გადარჩენისთვის. ავადმყოფობამდე და იქამდე, ვიდრე შეეძლო, მეორე ავტობაზაზე, 140 ნომერ ავტობუსზე მუშაობდა. ძალიან გაგვიჭირდა იმ წლებში. დაავადებას ვერაფერს ვშველოდით და მატერიალურადაც მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ოჯახში მთავარი შემომტანი ის იყო. მის სამსახურში მივედი და უფროსს, პაატა ბეჟანიშვილს, ჩვენი მდგომარეობა ავუხსენი და ვთხოვე, - უმუშევარი ვარ და იქნებ რამე გამომიჩინოთ-მეთქი. მან იცოდა, რომ "ბ" კატეგორიის მართვის მოწმობა მქონდა და "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს ვატარებდი. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ დამლაგებლის ვაკანსია მაქვსო, - მითხრა. სად მქონდა საქმე ასარჩევად, ორი წელი თბილისის მეორე ავტობაზაზე ადმინისტრაციაში დამლაგებლად ვიმუშავე. შემდეგ, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია გამოაცხადა, მეც გავგზავნე მონაცემები. ეს იყო "თბილისის ავტობუსების პროექტის" ფარგლებში. როგორც გითხარით, მე ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში ვაკეთებდი კაცის საქმეს და არც დავფიქრებულვარ. სასწავლო კურსი 25 ქალისთვის იყო განკუთვნილი და ყველა ხარჯი დაფარეს. ჩემი მონაცემების გაგზავნიდან მეორე დღეს დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. მას შემდეგ ვმუშაობ ავტობუსის მძღოლად.

GzaPress

- რამდენი წლის ხართ? - 58 წლის ვარ, პატარა აღარ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შესაძლებლობები უნდა გამომეყენებინა, სირთულეებიც მიყვარდა, შეძლებისდაგვარად ვეჭიდებოდი. საბედნიეროდ, ამ 40 წლის განმავლობაში არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მქონია, საკმაოდ კარგი, ფრთხილი მძღოლი ვარ და გამოცდილებაც თავისას შვება.

- როდის იწყება თქვენი სამუშაო დღე?

- დილით, 5:30 საათზე გამოვდივარ სახლიდან, რადგან დაახლოებით 7 საათიდან უკვე იწყება ტრანსპორტის ავტოპარკიდან გასვლა, ხანდახან უფრო ადრეც გამოვდივართ. მანამდე ტექნიკური პროცედურებია გასავლელი, - საგზურები იწერება და სხვა. ამიტომ, სადღაც 7-მდე სამსახურში უნდა ვიყო, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ და დასვენებას ვახერხებ.

- შვილები გყავთ?

- ორი შვილი მყავს, გოგო და ბიჭი. გოგონა გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, წელს დაამთავრა და გათხოვდა, ავსტრიელ ბიჭს გაჰყვა ცოლად და მგონი, არც არასდროს დაბრუნდება საქართველოში. გული მტკივა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე მგონია, შვილი დავკარგე... მერჩივნა, ქართველს გაჰყოლოდა... ბიჭმა შარშან შექმნა ოჯახი და წელს პირველი შვილიშვილი შემეძინა, ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი დღე ვმუშაობ, მაგრამ დაღლილს სახლში მიმიხარია, პატარა შვილიშვილი ყველაფერს მავიწყებს.

- შვილს თქვენი არჩევანი არ გაუპროტესტებია?

- კი, მაგრამ მაშინ სხვა არჩევანი არ გვქონდა, სამსახური მჭირდებოდა და როგორც კაცები იტყვიან, "რულის ტრიალი ვიცი", თუმცა, არც სხვა საქმეზე დამიხევია უკან. ახლა უკვე ჩემი შვილიც მუშაობს მეორე ავტობაზაზე მრეცხავ-ოპერატორად ანუ ავტობუსებს რეცხავს. თუმცა, ოჯახში ერთი ადამიანის შემოსავალი საკმარისი არ აღმოჩნდა, მით უფრო, რომ მას უკვე თავისი ოჯახი ჰყავს. მადლობა ღმერთს, ახლა აღარ გვიჭირს...

- მგზავრებს რა რეაქცია აქვთ, მძღოლი ქალბატონის დანახვაზე?

- ზოგს უკვირს, ზოგი პირდაპირ ამბობს, რომ მძღოლ ქალს არ ენდობა. მეღიმება, რა უნდა ვუპასუხო. თუმცა, არიან ისეთები, ვისაც უხარია ჩვენი დანახვა. რამდენჯერმე მითხრეს ქალებმა - სტიმული მომეცითო.

- ბევრი ქალი მუშაობს მძღოლად?

- ჩემთან ერთად კიდევ ერთი გოგო მუშაობს, ის ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა და ჩემსავით ამ პროექტიდან მოხვდა. უკვე შევეგუეთ.

- მძღოლები ამბობენ, რომ თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება ძალზე რთულია.

- იოლი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით, პიკის საათებში. მგზავრებს, როგორც წესი, ეჩქარებათ, ზოგჯერ უხეშადაც კი მოგვმართავენ, თითქოს ამაში ჩვენ მიგვიძღოდეს დანაშაული. თუმცა, საზოგადოება ჭრელია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ყურადღება არ მივაქციოთ. ზოგჯერ მართლა ასე ვიქცევი, ვითომ ვერ გავიგე.

- კოლეგა მამაკაცებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- შეიძლება ახალგაზრდა გოგონების უკვირდეთ, მაგრამ ჩემს მეუღლეს ყველა იცნობდა და შესაბამისად, ჩემ შესახებაც იცოდნენ, რომ საჭესთან დავბერდი. ამიტომ, არც არავის გაჰკვირვებია. ცდილობენ, ხელი მომიმართონ, შეძლებისდაგვარად დამეხმარონ... ნამდვილად არ მიჭირს მუშაობა, უფრო სწორად, ცხოვრებას მოაქვს ყველაფერი, მათ შორის პრაქტიკაც... ვერასდროს ვიფიქრებდი, იმ "ფორდიდან" ამხელა ავტობუსზე თუ გადავჯდებოდი და უფრო ადრეულ წლებს თუ გადავხედავ, კოლექტივის ტრაქტორიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე გრძელი, ხანგრძლივი და სხვადასხვანაირი გამოცდილებით სავსე წლები გავიდა. აქამდე მოვედი და თუნდაც, ამ კუთხით, საზოგადოებრივ ტრასპორტს ვგულისხმობ, ქვეყანასა და ქალაქში ბევრი რამე შეიცვალა.

- რა სირთულეები ახლავს თქვენს სამსახურს?

- საცობი, მოუწესრიგებელი და დამრღვევი მძღოლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ კანონმდებლობა მკაცრდება, მაინც ბევრი რამეა, რაც ტრანსპორტიდან უფრო მკვეთრად ჩანს. იმედია, თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამას ემატება ისიც, რომ ყვითელი ავტობუსები უკვე მოძველებულია. ამდენი წელია, მანქანას ვმართავ და რა თქმა უნდა, მისი სატკივარიც მესმის, რა აწუხებს, რისი შეცვლა ან შეკეთება სჭირდება, დაქოქვისთანავე, ხმით ვცნობ. თუ წვრილმანი რამე სჭირს, თავადაც ვშველი, ანუ როგორც მძღოლები ვიტყვით, გზაზე არ დავრჩები. თუმცა, ზოგჯერ მქონია შემთხვევა, რომ მე ვერაფერს გავხდები და ავტოფარეხში შევბრუნებულვარ, რომ ავტობუსისთვის ხელი შეევლოთ. ერთი სიტყვით, უკეთესი იქნებოდა, რომ უკეთესად გამართული ტრანსპორტი გყვავდეს. საერთოდ არ გამიჭირდებოდა მუშაობა, თუმცა, ახლაც მშვენივრად ვართმევ თავს. ერთხელ, ერთ კაცს ძრავა გაეთიშა, საერთოდ ვერ ქოქავდა მანქანას და თავში ხელები წაიშინა, რა გავაკეთოო... შემეცოდა... ბუქსირზე გამოვაბი და წამოვიყვანე. ასეთი შემთხვევები ადრეც მქონია. წვრილმან რამეებშიც დავხმარებივარ მძღოლებს. როდესაც მანქანას მართავ, ეს ჩვეულებრივი ამბავია...

საბედნიეროდ, ახლა ეტაპობრივად შემოჰყავთ ახალი ავტობუსები, რაც ჩვენთვისაც კარგია და მგზავრებისთვისაც.

ლალი პაპასკირი