გაიხარეთ ბიჭებო, ძალიან კარგებო! - გზაპრესი

გაიხარეთ ბიჭებო, ძალიან კარგებო!

26 მაისს, რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. ამაში ლომის წვლილი სამმა სამხედრო მოსამსახურემ შეიტანა და მართლაც რომ გმირობის ტოლფასია მათი ქმედება. ბიჭებმა საშინელი დაკვამლიანების მიუხედავად, ყველა ბინის კარზე დააკაკუნეს და იქიდან საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამშვიდობოს გამოიყვანეს. მართალია, 5 მოზარდი საფრთხისგან იხსნეს, მაგრამ სამხედროები კლინიკაში ინტოქსიკაციით მოხვდნენ.

34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი და 26 წლის დავით კვიწინაძე რუსთავის საავადმყოფოში მოათავსეს, შედარებით მძიმე იყო 34 წლის გიორგი მუსელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა. საბედნიეროდ, რამდენიმესაათიანი სამედიცინო დახმარების შემდეგ სამივე სახლში გაწერეს. ყველა მათგანს თავბრუ ეხვეოდა, ყლაპვა და სუნთქვა გაუძნელდა, გულისრევა დაეწყო. იმავე სიმპტომით კიდევ ერთი გოგონა მოხვდა რუსთავის კლინიკაში, ისიც გადასხმების შემდეგ ექიმებმა სახლში გაუშვეს.

ბიჭებს 26 მაისს, რუსთავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ამისთვის ემზადებოდნენ. გამთენიისას ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდნენ, როცა შემთხვევით შენიშნეს ბინიდან ცეცხლის ალი რომ გამოდიოდა, არც კი დაფიქრებულან, მაშინვე ხალხის დასახმარებლად გაიქცნენ.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად მეორე დღეს მე და ჩემი კოლეგა რუსთავში ჩავედით. მესამე სართულზე არსებული ბინა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მთლიანად დამწვარი დაგვხვდა, მაშველებისა და სამხედროების ძალისხმევით კი სხვა მცხოვრებთა სახლები დაწვას გადაურჩა. დამწვარი ბინის კარი დაკეტილი იყო. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, იქ მცხოვრებნი ნათესავთან არიან გახიზნულები. თურმე ბინა ნაქირავები ჰქონიათ. ბინაში მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობდა. ბავშვების დედა სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული, ამიტომ შვილებს მამა ზრდის. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ალბათ სამართალდამცავები დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, თუმცა სავარაუდოდ, ბინაში ხანძარი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. მეზობლებს ვესაუბრებოდით, როცა კორპუსთან სამხედროების მანქანა გამოჩნდა. იქიდან კი სამი სამხედრო მოსამსახურე გადმოვიდა. ძნელად მისახვედრი არ იყო, რომ ისინი სწორედ ის ბიჭები იყვნენ, ვინც წინადღეს მართლა გმირობა ჩაიდინეს.

ბიჭებს ვთხოვეთ გაეხსენებინათ დეტალები. თავიდან უარი გვითხრეს, განსაკუთრებული არაფერი ჩაგვიდენია, არ არის საჭირო ამაზე საუბარიო, მაგრამ საბოლოოდ ინტერვიუზე მაინც დავითანხმეთ.

GzaPress

კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი: - 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე უნდა მიგვეღო მონაწილეობა, დილით აღლუმი ტარდებოდა. მანქანით ვმოძრაობდით და ამ დროს შემთხვევით შევამჩნიეთ კორპუსიდან გამომავალი ძლიერი კვამლი. დაგვაინტერესა, რა ხდებოდა, რადგან ვიფიქრეთ, გამთენიისას შეიძლებოდა არც გაეგოთ მცხოვრებლებს, ხალხი რისკის ქვეშ რომ იყო. მანქანა გზის პირას დავტოვეთ და კორპუსის ეზოში შევედით. ბინიდან ძალიან დიდი ცეცხლის ალი გამოდიოდა. ეზოში პოლიციის ორი თანამშრომელი დაგვხვდა, გვითხრეს სამაშველო სამსახურისა და "სასწრაფოს" მოსვლას ველოდებითო. ვიკითხეთ, შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცითო. არ დავლოდებივართ მაშველების მოსვლას, მაშინვე სადარბაზოში შევედით, სადაც საშინელი კვამლი იყო. მესამე სართულზე გახლდათ ცეცხლის კერა. ბინის კარი ღია ჰქონდათ, იქიდან საშინელი ცეცხლი გამოდიოდა, კართან შოკირებული მამაკაცი იდგა და სიგარეტს ითხოვდა. მარტო შარვალი ეცვა, მთელი ტანი გაჭვარტლული ჰქონდა. ვკითხე, ვისთან ერთად ცხოვრობდა. - ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და აქ არიანო. გვეგონა, ცეცხლმოკიდებულ სახლში ბავშვები შიგნით იყვნენ. ვეცადეთ რამენაირად შიგნით შეგვეღწია და ბავშვების გადარჩენა მოგვეხერხებინა. გიორგი მუსელიანმა შესვლა დააპირა, ამ კაცმა გვანიშნა, ბავშვები გვერდით ბინაში, მეზობელთან არიანო. დრო არ ითმენდა. ბავშვები სასწრაფოდ გადმოვიყვანეთ იქიდან და ეზოში ჩავიყვანეთ, "სასწრაფოც" მოვიდა და მათ ჩავაბარეთ. ამ დროს სამაშველოც შემოგვიერთდა და პოლიციაც, ერთობლივი ძალებით დავიწყეთ კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია. მეორე სართულიდან პირველზე გადავხტი, სადაც ბეტონია დასხმული და ვცდილობდი მაშველებისთვის წყლის შლანგი მიმეწოდებინა. ზევიდან ერთი ქალი ყვიროდა, რანაირი მეხანძრე ხარ, შლანგის ხმარება არ იცი, ჩქარა, ცეცხლი ჩემს ბინაში შემოდისო. ამ დროს ზედა ბინებიდან ხალხის ყვირილი ისმოდა, ჩქარა, გვიშველეთ, ვეღარ ვსუნთქავთო. საშინელი ვითარება იყო, ზედა სართულებზე ასვლა შეუძლებელი გახლდათ, რადგან დაკვამლიანება მაღალი იყო, ვერაფერს ვხედავდით. არადა, ხალხი შველას ითხოვდა. ამ დროს ჩემმა მეგობარმა, დათო კვიწინაძემ თქვა, მოდი, შევამტვრიოთ შუშები და კვამლი გარეთ გავაო. ვამტვრევდით ზედა სართულებზე შუშებს, რომ ბინებიდან კვამლი გასულიყო. ხელის ცეცებით ავდიოდით ზედა სართულებზე. ყველას კარზე ვაკაკუნებდით და ვთხოვდით, ბავშვები თუ არიან, მოგვეცით, გავიყვანთო. ორი აზერბაიჯანელი ბავშვი იყო, ისინი გამოვიყვანეთ სამშვიდობოს, მერე კიდევ ერთი ბავშვი ვიპოვეთ მეშვიდეზე, სულ 5 ბავშვი გამოვიყვანეთ. ფანჯრები რომ ჩაიმსხვრა, კვამლი გარეთ გავიდა და იმხელა დაკვამლიანება აღარ იყო. პოლიციამ კორიდორი გააკეთა, პანიკაში მყოფ ადამიანებს შორის ჭყლეტა რომ არ მომხდარიყო და ასე გამოვიყვანეთ ყველანი. სამაშველოს, პოლიციისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობით კორპუსის ევაკუაცია მოხერხდა. სამაშველო ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. მეხანძრეები შუქებსაც აქრობდნენ. განსაკუთრებით ზედა სართულებზე ჭირდა, რადგან კვამლი უკვე ზევით იყო ასული. განსაკუთრებული აქცენტი ბავშვებზე გაკეთდა, რადგან დიდი ამ დროს გარბის და თავს შველის, ბავშვები კი დაუცველები არიან. ამ დროს მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობ, გადაარჩინო შენი მოქალაქე.

- არ გაგიჭირდათ სიცოცხლის გარისკვა?

- ჩვენ სამხედროები ვართ, ამდენი წელია ვემსახურებით სამშობლოს და ასეთი ექსტრემალური სიტუაციებისთვისაც მომზადებულები ვართ. როცა დავრწმუნდით ყველანი უსაფრთხოდ იყვნენ, სამხედრო ნაწილში მერე წავედით. თუმცა, იქ უცებ გიორგი მუსელიანი გახდა ცუდად, ღებინება დაეწყო, სისუსტეს გრძნობდა და თბილისში გადაიყვანეს. მერე ჩვენც გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, რადგან გულის რევა, წვა, თავბრუსხვევა დაგვეწყო.

- ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ, თქვენმა ოჯახმა რა თქვა, როცა ეს ამბავი გაიგო?

- დაოჯახებული ვარ, ორი შვილი მყავს. 2003 წლიდან სამხედრო ძალებში ვმსახურობ. ოჯახმა მოგვიანებით გაიგო. საავადმყოფოში დაზღვევის საბუთები მომთხოვეს და იძულებული გავხდი, მეუღლისთვის დამერეკა და მეთხოვა, სადაზღვევო ბარათი მოეტანა. ძლიერი მეუღლე მყავს, ისეთი, როგორიც უნდა იყოს სამხედროს ცოლი. სტრესში არ ჩავარდნილა, ყველაფერი ისე მიიღო, როგორც ეკადრება ჯარისკაცის მეუღლეს.

26 წლის დავით კვიწინაძეც რუსთავში ცხოვრობს. ის 8 წელზე მეტია, სამხედრო სამსახურშია. დათო დასაოჯახებელია. ისიც ბედნიერი და გახარებულია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. "მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდით. არ ღირს ამაზე აჟიოტაჟის ატეხა. ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ და უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ სიცოცხლე გადაარჩინე. უნდა გენახათ, როგორ გვიხდიდნენ მადლობას ის ბავშვები. ერთს ფეხსაცმელი გასძვრა, მერე ალექსანდრე მიბრუნდა უკან მისი ფეხსაცმლის მოსაძებნად, იპოვა და რომ მოუტანა, უნდა გენახათ, როგორ გადაუხადა მადლობა ბავშვმა. როგორც გვითხრეს, ეს მამაკაცი მარტო ცხოვრობს შვილებთან ერთად, შვილებს კარგად უვლის, მზრუნველი მამააო, ამბობდნენ მეზობლები. კაცი ნამდვილად შოკირებული იდგა ჩვენ წინ დერეფანში. ამ ამბით აჭრელებულია სოციალური ქსელიც. ბევრი მადლიერია ჩვენი ქმედებით. ამხელა დადებითი ემოცია რომ მოდის, ეს დიდი სტიმული და მოტივაციაა, ბევრი ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინო ადამიანმა. ასეთი დადებითი ემოცია გავსებს და გიხარია", - ამბობს კაპრალ-სპეციალისტი დავით კვიწინაძე.

GzaPress დათოს ისიც ვკითხე, დღეს ხომ არ გინახავთ თქვენი გადარჩენილი პატარები-მეთქი? არაო, დანანებით მიპასუხა: "ახლა აქ რომ მოვდიოდით, გვეგონა, იმ ბავშვებს შევხვდებოდით, კარგად გავიცნობდით და მოვესიყვარულებოდით, ტკბილეულიც კი წამოვიღეთ ბიჭებმა, რომ ისინი გაგვეხარებინა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვნახეთ". ბუნებრივია, ამ ფაქტის კიდევ ერთ მონაწილეს, 34 წლის გიორგი მუსელიანსაც გავესაუბრეთ. იგი 11 წლის ვაჟის მამაა, ჰყავს მეუღლე. უფროსი ლეიტენანტი 2010 წლიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. გიორგი მუსელიანი:

- ვემსახურებით საქართველოს და ვაკეთებთ იმას, რაც გვავალია. სამხედრო ფორმა რომ არ მცმოდა, მაინც ამას გავაკეთებდი. ვფიქრობ, ყველა ასე მოიქცეოდა. უბრალოდ, ჩვენ აღმოვჩნდით საჭირო დროს საჭირო ადგილას და გავაკეთეთ ის, რასაც ნებისმიერი გააკეთებდა.

- გიორგი, ნებისმიერ ადამიანს არ ეყოფა იმის გამბედაობა, შევარდეს ცეცხლში სხვის გადასარჩენად.

- სამხედრო სამსახურმა გვასწავლა რისკი, გამბედაობა და მოქმედებები საჭირო სიტუაციაში. რთულია, ილაპარაკო შენს გაკეთებულზე, მართლა მეუხერხულება. ჩემი შვილი და მეუღლე ექსკურსიაზე იყვნენ და საერთოდ არ მითქვამს მათთვის, რაც მოხდა. უბრალოდ, ამბავი რომ გავრცელდა, ამის მერე ვაჩვენე მეუღლეს სტატია.

- მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც ხომ არ გქონიათ?

- რამდენიმე წლის წინ მქონდა ცეცხლთან დაკავშირებული ასეთი შემთხვევა. სამსახურიდან სახლში მოვდიოდი, გაჩერებიდან დავინახე, ჩემს კორპუსს ცეცხლი ეკიდა. ძლიერი ცეცხლი გამოდიოდა მეთერთმეტე სართულიდან, ჩვენ მე-12 სართულზე ვცხოვრობდით და სახლში გავიქეცი, სადაც ცოლ-შვილი მეგულებოდა. გავრისკე და ლიფტში შევედი, რომ დროზე ავსულიყავი ზევით. მე-12 სართულის ნაცვლად მე-11 სართულს მივაჭირე თითი, საიდანაც ცეცხლი გამოდიოდა. იქ დედა და ახალშობილი ცხოვრობდა. ვიფიქრე, ის პატარა უფრო დაუცველი იყო იმ დროს, ვიდრე ჩემი შვილი. მინდოდა, დედა-შვილი გადამერჩინა. ლიფტი მე-11 სართულზე გაჩერდა და კარი ძლივს გავაღე, რადგან შუქი ჩაქრა. ესეც ალბათ ბედისწერა იყო. 12-ზე რომ მიმეჭირა თითი, ლიფტში ჩავრჩებოდი და გავიგუდებოდი. აუცილებლად ჩემს გვამს გამოიტანდნენ იქიდან. საბედნიეროდ, ვისთანაც მივდიოდი, ისინი სახლში არ დამხვდნენ, საშინელი კვამლი იყო, ყველაფერი დაბურული, სუნთქვაც შეუძლებელი იყო, ორიენტაციით ვიცოდი, კიბე სად იყო და ხელების ცეცებით ავედი ჩვენს სართულზე, თან მაისური და პიჯაკი სახეზე ავიფარე, კვამლს რომ არ გავეგუდე. ბინაში ასე შევაღწიე. როგორც აქ მოხდა, იქაც ზევით იყო კვამლი ასული. საიდანაც კვამლი გამოდიოდა, იმ ოთახის ფანჯარა ჰქონდა მეუღლეს გაღებული და დახმარებას ითხოვდა. პირველ რიგში დავხურე ის ფანჯარა, გავაღე აივნის კარი, საიდანაც კვამლი არ შემოდიოდა. მოვკიდე მეუღლეს და ჩემს შვილს ხელი, შევედით აბაზანაში, ჩავრთეთ გამწოვი, მოვუშვით წყალი და ვფიქრობ ეს იყო იმ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი. ამ დროს რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უნდა გამოირთოს ყველგან გაზი, რომ აფეთქება არ მოხდეს. ზუსტად არც მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავით ასე, მერე სახანძროს დახმარებით გაგვიყვანეს ბინიდან და ცეცხლის ლიკვიდაციაც მოხდა. გაირკვა, რომ დერეფანში იყო გაჩენილი ხანძარი, მერე კაბელებს მოედო და გადაედო ოთახებსაც. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა... 26 მაისს კი საკუთარ თავზე არ ვფიქრობდი, ვფიქრობდი, როგორმე ბავშვები გადამერჩინა. 5 პატარა გამოვიყვანეთ სამშვიდობოს და ახლა რომ ვნახო, ვერც ერთ მათგანს ვერ ვიცნობ სახეზე. მხოლოდ ერთი ხუჭუჭთმიანი ბავშვი დამამახსოვრდა და ის არასოდეს დამავიწყდება. დათომ ჩამოიყვანა ეს ბავშვი და მე გადმომცა, თვითონ სხვა ბავშვის გამოსაყვანად ისევ შებრუნდა. გარეთ, ეზოში გავიყვანე, მოსაცმელი მოვახვიე, დავსვი და ვუთხარი, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე-მეთქი, მერე მხარზე ხელი დავადე და ვკითხე, - როგორა ხარ, კაცი? ბავშვმა საოცარი თვალებით შემომხედა და მითხრა, - კარგად, მადლობა, ბიძია! - ეს სიტყვები ისე იყო ნათქვამი, წამში მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება და არც მისი სიტყვები. 34 წლის ვარ და ასეთი გულწრფელი და ტკბილი მადლობა ჩემთვის არავის არასოდეს უთქვამს. მართლა ამად ღირდა ყველაფერი.

ქალბატონი მარიამ მჭედლიძე ბიჭებს მადლობას უხდის და იმ წუთებს ასე იხსენებს:

- ალბათ დილის 6 საათი იქნებოდა, როცა მისაღებ ოთახში ჩემი ქალიშვილი შემოვარდა ყვირილით, დედა ხანძარია, ჩქარა გაიღვიძეო. მე მისაღებ ოთახში მეძინა და ამიტომ სუნი არ მიგრძნია. საძინებელ ოთახში კი უკვე საშინელი სუნი იყო. აივანზე გავედით, დავინახეთ, ჩვენს ქვედა სართულზე იყო ხანძარი გაჩენილი და ცეცხლი ჩვენს ოთახში ამოდიოდა. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რაც იმ დროს განვიცადეთ. გარეთ ვერ გამოვდიოდით, არაფერი ჩანდა. დახმარებას ვითხოვდით.Aამ ვითარებაში ამოდიოდნენ ეს ბიჭები, კარზე გვიკაკუნებდნენ და ყვიროდნენ, თუ არის სადმე ბავშვები მოგვეცით და გავიყვანთ, თქვენც ჩქარა გამოდითო. გამოვაღწიეთ გარეთ, ჩემ უკან მოდიოდა ერთი სამხედრო და ბავშვი მოჰყავდა. საბედნიეროდ, გადავრჩით. ჩემი ქალიშვილიც მოხვდა კლინიკაში, რადგან კვამლი ჰქონდა ნაყლაპი. იქ მეორედ შევხვდით სამიდან ორ ბიჭს, რომლებიც გვეხმარებოდნენ. სახლში 7 წლის ბავშვი გვყავდა და ის გამოიყვანეს სამშვიდობოს. იმ ღამით ვიგრძენით დამწვრის სუნი და სანამ დავიძინებდით, ვეძებდით საიდან მოდიოდა. ქვედა მეზობელთან კარი ბავშვებმა გაგვიღეს. ერთი პირველკლასელია, მეორე მგონი უფრო პატარა, მამასთან ერთად ცხოვრობენ, ბინა ნაქირავები აქვთ. ბავშვებმა გვითხრეს, მამიკო ცოტა ნასვამია და ჩაეძინაო. ეტყობა სიგარეტი დაუვარდა, ნელ-ნელა გაღვივდა ცეცხლი, რამაც გამოიწვია ხანძარი. რომ ვკითხეთ ბავშვებს, რამე ხომ არ იწვოდა, გვითხრეს, სიგარეტის ნამწვის სუნი იყო და ჩავაქრეთო, მაგრამ ეტყობა კარგად არ ჩაქრა და გაღვივდა. ძალიან მწარე ყოფილა. გიჟებივით დავრბოდით ოთახში და გარეთ ვერ გამოვდიოდით, თავს ვეღარ ვშველოდით. მადლობა ამ ბიჭებს, რომ გადაგვარჩინეს, გაიხარეთ ძალიან კარგებო.

თეა ხურცილავა