აზარტული ქალბატონის საინტერესო თავგადასავლები - გზაპრესი

აზარტული ქალბატონის საინტერესო თავგადასავლები

ხდება ხოლმე, რომ ადამიანს რაღაც დროის განმავლობაში იცნობ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მის შესახებ ბევრი რამ არ გცოდნია. ქალბატონი გიზოლდი ჩანტლაძე ემიგრანტია, მეუღლესთან ერთად თურქეთში ცხოვრობს. ენა და კალამი კარგად რომ უჭრის, ვიცოდი, მაგრამ ახლა შევიტყვე, რომ გამომგონებელიც ყოფილა. ის საკმაოდ წარმატებულია და მინდა, თქვენც გაგაცნოთ.

- სიყვარულის ქალაქში დავიბადე 1968 წელს და დღემდე მოვდივარ სიყვარულით ისე, რომ ჩემი მოძრაობის ამპლიტუდა არასოდეს სცდება ამ გრძნობას.

- რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და რატომ წახვედით საქართველოდან?

- ანკარაში ვცხოვრობ, უკვე მეხუთე წელია. 2 ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს, ისინი საქართველოში, თბილისში ცხოვრობენ, მე კი აქ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. "ნაციონალების" ციხეს გადარჩენილმა, ბევრი რამის გაკეთება ვცადე საქართველოში, მაგრამ ამაოდ. როცა ჩემი ერთ-ერთი გამოგონება დავარეგისტრირე "საქპატენტში", ამის მერე დაინტერესდნენ ჩინეთიდან და თურქეთიდან. ბედისწერამ აქ ჩამომიყვანა. აქტიურად ვთანამშრომლობ "თურქპატენტთან", სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან" და არ ვიშურებ ძალებს იმისათვის, რომ დავაარსო ქართულ-თურქული კულტურის ცენტრში, ანკარაში.

GzaPress- გამოგონებაზე მომიყევით დაწვრილებით.

- სპეციალობით ფიზიკოსი ვარ და შევქმენი ბავშვთა ხელოვნური კვების ბოთლის ახალი მოდელი.

- საინტერესოა და რით განსხვავდება აქამდე არსებული ბოთლებისგან?

- ამ ეტაპზე რით განსხვავდება, ძნელი სათქმელია, თავის დროზე კი ეს ერთადერთი მოდელი იყო, რომელსაც საკვების ტემპერატურის კონტროლი შეეძლო მუდმივად. თურქეთში როგორც კი ჩამოვედი, 4 თვეში გაიყიდა ჩემი გამოგონება. ფაბრიკა, რომელმაც იყიდა, ამ ეტაპზე ისევ აწარმოებს თუ არა, არ ვიცი.

- ახალი გამოგონებებიც გაქვთ?

- კი, მაგრამ ველოდები მოქალაქეობას. როგორც არამოქალაქე, დიდი პროცენტით ვიბეგრები და ამიტომ მოქალაქეობის შემდეგ მირჩევნია, დავაპატენტო.

- ეს გამოგონებაც ბავშვთა კვებასთანაა დაკავშირებული? კონკრეტულად არ გეკითხებით, ვფიქრობ, არ შეიძლება თქმა ამ ეტაპზე.

- დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ თემა საფრენი აპარატებია.

- აზარტული ადამიანი ხართ და ვიცი, ერთ დროს კაზინოშიც ძალიან აქტიურად დადიოდით.

- დიახ, იყო დრო, როცა ჩემი გასართობი კაზინო იყო. ვთვლი, რომ ერთ დროს ეს ჩემი სისუსტე იყო. აზარტული ვარ ზოგადად ყველაფერში. უკვე დიდი ხანია, კაზინოში აღარ დავდივარ. არასოდეს ვხარჯავდი იმაზე მეტს, რისი უფლებაც არ მქონდა. აი, მაგალითად, ვიღაცისთვის გართობა ხომ არის რესტორანი, მე არასოდეს მხიბლავდა ქეიფი და სუფრასთან დიდხანს ჯდომა. ვერთობოდი ისე, რომ არავის არაფერს ვაკლებდი. მერე გაჭირდა ცხოვრება და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი გართობა თამაშის ნაცვლად ყოფილიყო გაჭირვებულების დახმარება და ასე დავშორდი ნელ-ნელა კაზინოს. ერთხელ, კაზინოში იმ განზრახვით წავედი, რომ 1-2 საათი გავჩერდებოდი და მალევე წამოვიდოდი. მოჭერილს ვერაფერს ვიტან და სპეციალურად ჩავიცი ყველაფერი ისეთი, რაც ორ საათში შემაწუხებდა და თამაშს მივატოვებდი. დილით ფეხშიშველი, "პარეოთი" ვიჯექი პოკერის მაგიდასთან. ერთხელაც, ვერ დავიძინე და მივხვდი, გარეთ უნდა გავსულიყავი. ვიფიქრე, ქალაქში გავივლი და მალევე დავბრუნდები-მეთქი. ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობი მსახიობი დავინახე (სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა). მაშინ უკვე ხანში შესული გახლდათ. ყავარჯნით ხელში ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. დავასწარი და გავუჩერე. რა ჯობდა ამ ბატონთან ერთად ღამის თბილისში სეირნობას? გაუხარდა, უარი არ უთქვამს, ჩამიჯდა მანქანაში და მთხოვა, ისე წადი, ბანკომატთან მოვხვდეთო. გზად ვისაუბრეთ მთისა და ბარისა, ისე მომენდო, რომ გამიმხილა, - განსაზღვრული თანხა, გასართობად რაც მედო ჯიბეში, სულ წავაგე და ახლა კიდევ უნდა მოვხსნა და გავაგრძელო თამაშიო. გადაირია, მეც გულახდილად რომ ვუთხარი, როგორ მჭამდა თამაშის სურვილის გრძელი ჭია. იმ ღამეს გათენებამდე ერთ მაგიდასთან ვითამაშეთ. სამიანების კარე გახსნა და ბედნიერად ჩამეხუტა - "ტროიკუ ნადო უვაჟატ", - ჩამჩურჩულა ყურში. მე კი, საბჭოთა ბავშვს, რომელიც სამიანს ვერ ვიტანდი, გამიკვირდა, - რამხელა მნიშვნელობა ჰქონია, ეს "სამიანი" სად შეგხვდება-მეთქი. დილით ორივე მოგებული, ბედნიერები ერთმანეთის გაცნობით, ალიონს შევეგებეთ.

GzaPress- რა თანხა მოგიგიათ და წაგიგიათ?

- ეგ საიდუმლოა. ისე, ორივე შემთხვევაში ძალიან ბეეეეეევრი.

- მეუღლე რით არის დაკავებული?

- აქ სამშენებლო კომპანია აქვს და წარმატებულად საქმიანობს.

- შეეგუეთ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას? ხომ ახერხებთ ჩამოსვლას?

- მე ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს, ამიტომ პრობლემა არა მაქვს. შვილებიც მსტუმრობენ.

- ახალ გამოგონებაზეც მუშაობთ, ალბათ. საინტერესო პროცესი იქნება. როგორ მოგდით იდეა?

- ვწერ ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს, თანაც ფიზიკოსი ვარ და შემოქმედებითი ცხოვრება ჩემი თანამგზავრია. იდეა რაღაცნაირად, თავისით მოდის, მერე ვიწყებ მის ხორცშესხმას.

- წარმატებებს გისურვებთ.

მარი ჯაფარიძე