რატომ გაანაწყენა "კაცების შოუს" ხუმრობამ წყალაფორეთელები - გზაპრესი

რატომ გაანაწყენა "კაცების შოუს" ხუმრობამ წყალაფორეთელები

"კაცების შოუს" წამყვანებმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს, რომ ხარაგაულში, სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლა წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ - ლეილა ხიჯაკაძემ დაამთავრა. ბევრი იცინეს იმის შესახებ, რომ ბოლო ზარის ღონისძიების რეჟისორიც, სცენარისტიც, მსახიობიცა და მომღერალიც ეს გოგონა გახლდათ; რომ თეთრ მაისურზე მარტო თავისი ხელმოწერა ჰქონდა; რომ ბანკეტზე მენიუს არჩევა არ გაუჭირდებოდა... ამ გადაცემას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. წერდნენ, რომ ამჯერად იუმორისტებმა სახუმარო თემა სწორად ვერ შეარჩიეს და გადაამლაშეს. შევეცადეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის 17 წლის ლეილა ხიჯაკაძე.

GzaPress- 11 წლისას დიდი ტრაგედია გადამხდა თავს, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და დღესაც მიჭირს ამაზე საუბარი. დედა გარდამეცვალა - ჩვენს სახლთან ავარია მოხდა, მანქანა დაგორდა და დედა, რომელიც ეზოში საქმიანობდა, ემსხვერპლა ამ ამბავს. უდიდესი ტკივილი განვიცადე. სიტყვებით ძნელია იმის გამოხატვა, რასაც მაშინ ვგრძნობდი. მეგონა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი და მეორე დილა აღარ გამითენდებოდა... 11 წლისა მივხვდი, რამდენად სასტიკად შეიძლება მოგექცეს წუთისოფელი. მამამ, ახლობლებმა, სკოლის პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.

- ლეილა, დედმამიშვილები არ გყავს?

- არავინ მყავს, დედისერთა ვარ. ცოტა ხნით თბილისში ვსწავლობდი დეიდასთან, მერე მამიდასთან ვცხოვრობდი, მაგრამ გადავწყვიტე, მამასთან დავბრუნებულიყავი - მარტო იყო და მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. ასე რომ, მე და მამა მარტო ვცხოვრობთ და სოფლის მეურნეობას მივდევთ.

- როგორც ჩანს, მამა აღარ დაქორწინებულა.

- არა, რას ამბობთ, არც უფიქრია. მამაჩემი, როლანდ ხიჯაკაძე ხარაგაულის თეატრის ყოფილი მსახიობი გახლავთ, ნათამაშები აქვს სხვადასხვა თეატრის სცენაზეც, მათ შორის, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებშიც. ახლახან მიიწვიეს სპექტაკლში "ხორუმი ქართული ცეკვაა", რომლის დამდგმელი რეჟისორიც ქალბატონი ირინე ჩხეიძე გახლავთ. მამამ ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი, ძალიან მიყვარს და ვამაყობ მისით.

- თქვენს სოფელზეც მომიყევი...

- წყალაფორეთში ულამაზესი ბუნებაა, დასასვენებლად შესანიშნავი ადგილია, თუმცა სოფელი დაცლილია, უმეტესობამ მიატოვა აქაურობა ან იშვიათადღა ჩამოდის. აქ რომ დავრჩე, ვერაფერს მივაღწევ, ამიტომ ვისწავლი, უცხო ენების ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება და მერე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს სოფელში. როდესაც ვუყურებ ამ ულამაზეს ბუნებას, მდელოებს, მთებს, თავი სამოთხეში მგონია. ვფიქრობ, აქაურობას ვინც ნახავს, ყველას მოეწონება. იყო დრო, როცა ჩვენი სოფლის სკოლაში 300 ბავშვი სწავლობდა, ახლა დაახლოებით 30 მოსწავლე თუ იქნება, წელს კი მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მე-12 კლასი დაამთავრა.

- ალბათ, ადვილი არ იყო კლასელების, მეგობრების გარეშე ყოფნა?

- რა თქმა უნდა, რთული იყო კლასელებისა და მეგობრების გარეშე ამდენი წლის გატარება, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეც შევეჩვიე კლასში მარტო ყოფნას. თუმცა, სკოლის გარეთ ბევრი მეგობარი მყავს და ამან გამაძლებინა.

- ლეილა, როგორ გაიგე "კაცების შოუს" იმ გადაცემის შესახებ, სადაც ამ თემაზე ხუმრობდნენ, როგორი იყო შენი რეაქცია?

- ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს ვიდეოს გაზიარება და ჩემი მონიშვნა. მწერდნენ, შენ საიდან გნახეს, სად გიპოვესო და ა.შ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, შენზე ასე რომ ხუმრობენ, მაგრამ რაღაცნაირად, აღტაცებაც გამოიწვია ჩემში. გული არ მტკენია, უფრო გამიკვირდა. იყო რაღაცები, რაც არაკორექტულად ჟღერდა სკოლასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც ჩანს, მიხვდნენ და შემდეგ გადაცემაში წარმატება მისურვეს. დიდი მადლობა მათ კეთილი სურვილებისთვის.

- როგორი მოსწავლე იყავი?

- ოჯახური მდგომარეობის გამო, რადგან ქალის საქმის გაკეთება მე მიწევდა, ათებს ვერ ვიღებდი, ზოგ საგანში 8 გამომყვა, ზოგში - 9. განსაკუთრებით მიყვარდა ისტორია, ქართული, ინგლისური, ხელოვნებასა და მუსიკაზე აღარაფერს ვამბობ. ბავშვობიდან ვმღერი, მონაწილეობა მივიღე ფესტივალში "იმერეთის ხმა" და გავხდი ფესტივალის აღმოჩენა. პედაგოგთან არასდროს მივლია, მაგრამ მუსიკა და სიმღერა ჩემთვის ყველაფერია.

- ბანკეტი ალბათ არ გქონდა, გული დაგწყდა ამის გამო?

- გული არაფერზე დამწყდა, რადგან ჩემი სკოლის დირექტორმა, ბატონმა გიორგი გველესიანმა და სკოლის პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის ერთი დღე ჩემთვის გაელამაზებინათ. 20 მაისს გვქონდა ბოლო ზარი, სკოლის ყველა მოსწავლე ჩემ გვერდით იყო და არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩავატარეთ. შემდეგ კი დირექტორმა და პედაგოგებმა ჩემს მეგობრებთან ერთად მიმიწვიეს რესტორანში და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.

- წარმატებებს გისურვებ!

ნინო ჯავახიშვილი