კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული მაშველი გოგონები - გზაპრესი

კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული მაშველი გოგონები

დიდი ხანია, დამსვენებლების სიმრავლეა აჭარაში, თუმცა ოფიციალურად ზღვის სეზონი 15 ივნისს გაიხსნა. საზღვაო სეზონს სიახლით ხვდებიან მაშველები და წელს პირველად, ზღვის სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩნდებიან. ტურისტული სეზონის განმავლობაში 20 მაშველი გოგონა სანაპირო ზოლს გააკონტროლებს. მათი მოვალეობა პლაჟზე პატრულირება იქნება, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან, ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩააბარეს, შესაბამისი წვრთნები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიარეს და ამ დღეებში საქმიანობას ოფიციალურად შეუდგებიან.

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, აჭარის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 160-მდე მაშველი უკვე მუშაობს. მაშველების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, სრულად აითვისებენ ისინი შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ყველა მათგანი ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

ქალი მაშველების გამოჩენას გასულ კვირას საზოგადოების ნაწილის ქილიკი მოჰყვა. განსაკუთრებით მაშველი გოგონების ჩაცმულობაზე გაკეთდა აქცენტები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, იგივე უნიფორმა აცვიათ მაშველ მამაკაცებს. ბუნებრივია, ამ ნეგატივმა და ატეხილმა ხმაურმა გოგონებზე ძალიან იმოქმედა, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავად გასცა "კრიტიკოსებს" პასუხი და გოგონები გაამხნევა. მაშველი გოგონები აცხადებენ, საზოგადოებას დავუმტკიცებთ, ქალსაც თავისუფლად შეუძლია მამაკაცის მსგავსად, უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომაო.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში დღეს ბევრი გოგონა ეუფლება სხვადასხვა პროფესიას. ისინი 16 ივნისს ბათუმის ქუჩებში გამოჩნდნენ კიდეც და ქალაქში სტუდენტი გოგონების მარში ჩატარდა. ეს ღონისძიება ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი გზავნილია: "გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით". აქცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილი იყო. სტუდენტმა გოგონებმა მარში ევროპის მოედნიდან დაიწყეს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩაიარეს, შემდეგ პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან მივიდნენ და მსვლელობა ბათუმის დელფინარიუმთან დაასრულეს. ამ კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, მიზანი ქალების ხელშეწყობა და წახალისებაა იმ პროფესიებში, რომლებიც მანამდე კაცების საქმიანობად მოიაზრებოდა. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პროფესიებიც.

იმ დღეს საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ქრისტინე დიდმანიძეა. საზოგადოებაში ის არსებული სტერეოტიპის დანგრევას აპირებს და მაშველი ქალის ამპლუაშია. ქრისტინე ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. მეორე კურსის სტუდენტი ამბობს, რომ გამოწვევა მიიღო და საპასუხისმგებლო პროფესიაში ჩართვა კარგად აქვს გააზრებული.

GzaPressქრისტინე დიდმანიძე, მაშველი:

- საზღვაო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ყოველთვის ძალიან მინდოდა, მეზღვაურის ფორმა მცმოდა და აკადემიის სტუდენტი გავმხდარიყავი. ეს სურვილი ავისრულე და ვეუფლები პროფესიას. ცოტა ხნის წინ კი ახალი გამოწვევის წინაშე დავდექით. ჩვენს სასწავლებელში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და სტუდენტებს გვითხრეს, რომ გვქონდა შანსი, გოგონებს ბათუმის სანაპიროზე მაშველებად გვემუშავა. პირველად ჩემმა კურსელმა გოგონამ მიიღო გასაუბრებაში მონაწილეობა. ამ გასაუბრებაზე მეც გავყევი. როცა დეტალურად გავეცანი პირობებს, ჩართვა გადავწყვიტე, გაჩნდა შანსი ამ სფეროში დავსაქმებულიყავით. მერე კურსელი გოგონებიც შემოგვიერთდნენ. გავიარეთ ტრენინგები, როგორც სამედიცინო, ასევე სამაშველო ინვენტარის გამოყენების მხრივ. მთავარი მიზანია, მოქალაქეები ზღვაზე უსაფრთხოდ იყვნენ, თუმცა უმთავრესია, თავად დამსვენებლებიც ყურადღებით იყვნენ და ის წესები დაიცვან, რაც აუცილებელია ზღვაში შესვლისას. ყველანი ვღელავდით, რადგან საქართველოში პირველად გამოჩნდნენ მაშველი გოგონები, საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, იყო მაშველი და ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნო. თითოეულმა მაშველმა იცის, რომ სანაპიროზე ყოფნისას არ უნდა მოადუნოს ყურადღება და მაქსიმალური გააკეთოს ადამიანების გადასარჩენად. იმის ნაცვლად, ჩვენს გამოჩენას პოზიტივი მოჰყოლოდა, სოციალურ ქსელში დიდი ხმაური და კრიტიკა მოჰყვა. ბუნებრივია, ასეთ დამოკიდებულებას ძალიან განვიცდით, მაგრამ ყველაფერთან შეგუებამ მოგვიწია. სიმართლე გითხრათ, როცა ამ საქმეში ჩავერთეთ, მაშინაც ვფიქრობდით, როგორ შეხვდებოდა საზოგადოება ქალი მაშველის გამოჩენას, მაგრამ ამ დღეებში რაც ხდებოდა, ეს უკვე მეტისმეტი და გულდასაწყვეტია. საბედნიეროდ მისასალმებელია, რომ უფრო მეტი დადებითი მოდის, ვიდრე უარყოფითი და ეს ყველას გვიხარია. სირთულეები ალბათ თითოეულს გაგვაძლიერებს. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ საპასუხისმგებლო საქმეა და ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოვიბათ. ჩვენი მოვალეობა პატრულირებაა, პირველ რიგში კი მაშველისთვის ინფორმაციის დროზე მიწოდება, საფრთხეში მყოფს რომ დაეხმაროს. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ხალხის ნაწილში არსებული უარყოფითი აზრი ჩავახშოთ და ჩვენი შრომით დავამტკიცოთ, რომ ეს შესაძლებელია. უფრო მეტ პოზიტივს დავანახვებთ იმ ადამიანებს, ვინც გვაკრიტიკებდა.

- საქმიანობას უკვე შეუდექით?

- ჯერ ისევ პრაქტიკას გავდივართ, მალე დავიწყებთ მოვალეობის შესრულებას.

- კარგად ცურავთ? რამდენად რთული იყო მომზადების ეტაპი?

- აჭარელი ვარ და ცურვა კარგად ვიცი. ბავშვობიდან ვცურავ. ჩვენი მოვალეობა უშუალოდ წყალში შესვლა არ არის, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამისთვისაც მზად ვარ. ყველა ჩვენგანმა იცის ცურვა. დიდხანს ვემზადებოდით, ნორმატივები ჩავაბარეთ, ყველაფერი ძირფესვიანად გავიარეთ. საერთოდ ვთვლი, რომ ყოველთვის უნდა გადადგას ადამიანმა ნაბიჯი სიახლისკენ. სიახლეა საქართველოსთვის ქალი მაშველი, ეს გამოწვევა მიღებულია და მჯერა, იმედს გავამართლებთ.

- როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ახალ პროფესიას?

- გასაუბრებიდან სახლში რომ დავბრუნდი, ოჯახის წევრებს მოვუყევი, მუშაობის დაწყებას რომ ვაპირებდი. ნაწილობრივ მომიწონეს ნაბიჯი. მშობლები ღელავენ, რადგან რთულია, ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურში გოგონას გაშვება, მაგრამ მაინც მხარში მიდგანან და მათ მხარდაჭერას ყოველ წუთს ვგრძნობ. მიუხედავად საზოგადოების ასეთი რეაქციისა, ვფიქრობ, არ არსებობს მამაკაცისა და ქალის პროფესიები. ეს ქალებმა არაერთხელ დაამტკიცეს. უბრალოდ, ადამიანზეა დამოკიდებული, რას აირჩევს. მაშველი მაინცდამაინც კაცი რატომ უნდა იყოს? ორივე სქესს შეუძლია დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და იდგეს ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ და ჩემი სპეციალობის მიმართულებითაც მაქვს მიზნები, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. დღეს ახალ საქმეს ვიწყებთ. ჩემ გვერდით არის გოგონა, რომელმაც ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა. სწავლებისას მაშველი ბიჭებისგან საოცარ ამბებს ვისმენდით. გამოცდილი მაშველები გვიყვებოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა. გვიყვებოდნენ თავს გადახდენილ ამბებს, როგორ იხსნეს ადამიანები სიკვდილისგან. წარმოიდგინეთ, ერთ მაშველს, რომელიც ტრენინგს გვიტარებდა, 700 ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერი სახით, სიხარულით გვიყვებოდა. წარმოუდგენელია, ასეთი ამბები მოისმინო და არ გაგიჩნდეს სურვილი, შენც შენი წვლილი არ შეიტანო ამ საქმეში, მათ გვერდით არ დადგე. მისმა მონათხრობმა უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა.

GzaPress

- მაშველების უნიფორმა გააკრიტიკა საზოგადოებამ. თქვეს, რომ ამ ტანსაცმლით სიარული სიცხეში დისკომფორტს შეგიქმნით. - დიახ, კრიტიკის საგანი იყო ჩვენი ჩაცმულობა, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამ ტანსაცმელში. მათ სერიალებში რაც აქვთ ნანახი, იმის გადმოტანას ნუ ითხოვენ. ამ კრიტიკოსებს დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი გამართლებულია. პირადად მე, სურვილი მაქვს ის საქმე გავაკეთო, რასაც ბიჭები აკეთებენ. მომწონს, როცა სტერეოტიპები იმსხვრევა.

თეა ხურცილავა