წამი, რომელსაც ვერავინ დააბრუნებს
font-large font-small
წამი, რომელსაც ვერავინ დააბრუნებს
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"

20 ივნისის ღამე ისტორიაში "გავრილოვის ღამედ" ჩაიწერება. 240 დაშავებულიდან 80 პოლიციელია, 35 ჩვენი კოლეგა - ფოტორეპორტიორები, კორესპონდენტები და ოპერატორები. რა თქმა უნდა, ეს ღამე უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთხელ გახდება განსჯის მიზეზი, პოლიტიკოსები და ექსპერტები თავის სიტყვას იტყვიან, ხალხი - თავისას, ამიტომაც ჩვენ შევეცადეთ პოლიტიკურად არაანგაჟირებული, რიგითი ადამიანები ჩაგვეწერა და მათთვის გვეკითხა აზრი, კიდევ ერთხელ შეგვექმნა სურათი, თუ რა და როგორ მოხდა.

ეკა აბაშიძე, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი:
GzaPress- რამდენიმე სხვა თანამშრომელთან ერთად დაახლოებით 12 საათისთვის წავედი რუსთაველზე იმ ჟურნალისტების ჩასანაცვლებლად, ვინც გაზი შეისუნთქა და თავს შეუძლოდ გრძნობდა. მისვლისას სიტუაცია დაძაბული არ იყო, პარლამენტის წინ რამდენიმე პოლიტიკოსიც ვნახეთ. "პალიტრანიუსის" ფეისბუკ-გვერდზე "ლაივი" გავუშვი, პოლიტიკოსების კომენტარებს ვიწერდი. დავინახე, რომ სამართალდამცველების კორდონის ერთ ნაწილში რაღაც შეხლა-შემოხლა იყო, ფარები რატომღაც მაღლა იყო აწეული. არ ვიცი, რა გახდა სიტუაციის უეცრად დაძაბვის მიზეზი. აქციის მონაწილეები გაიქცნენ კორდონისკენ, ვითარების ესკალაცია ძალიან მალე მოხდა - ყველა გარბოდა და გამორბოდა, ნებისმიერ საგანს იღებდნენ ხელში და უტევდნენ სამართალდამცველებს, ესროდნენ ბოთლებსა და რკინის საგნებს, სპეცრაზმის კორდონიდან კი უკვე რეზინის ტყვიების სროლის ხმა ისმოდა. ვცდილობდი, პირდაპირი ეთერი არ გამთიშოდა და მაქსიმალურად ახლოდან გადამეღო. ძალიან სახიფათო ადგილას ვიდექი, პირდაპირ ცენტრში და შეიძლებოდა ორივე მხრიდან მომხვედროდა ნებისმიერი საგანი ან ტყვია. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ ვერც მოვასწარი მედიის წარმომადგენლებისკენ გადასვლა, ასეთ სიტუაციაში პირველად მიწევდა მუშაობა და ცოტა არ იყოს, დავიბენი. ვხედავდი, როგორ დაფრინავდა რკინის საგნები, ბოთლები. აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციებიცა და ბარიკადებიც კორდონთან მაქსიმალურად ახლოს მიიტანეს, ზოგი უკან იხევდა, სისხლი მოსდიოდა, ფეხზე ვეღარ დგებოდა. რამდენიმე წუთი ასე გრძელდებოდა. უცებ მარცხენა მხარში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. მივხვდი, რომ რეზინის ტყვია მომხვდა, მაგრამ გადაღება მაინც არ შევწყვიტე. ცოტა ხანში აქციის მონაწილეებმაც უკან დაიხიეს და მე მხოლოდ პოლიციის კორდონს ვხედავდი, რომელთანაც ერთეულები თუ ბედავდნენ მისვლას და ისინიც სახეზე ხელებაფარებულები გამორბოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში, კომენტარების ჩაწერის მერე, ჩემი თანამშრომლები თუ სხვა ჟურნალისტები ჩემს სიახლოვეს უკვე აღარ იყვნენ. როცა აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს, ჩემმა ფოტოგრაფმა მიპოვა, ფარი ჰქონდა და მას ვიყავით ამოფარებულები. ვიფიქრე, ცოტა ხანს კიდევ გადავიღებ-მეთქი. ამ დროს თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ ქაშუეთისკენ გადავსულიყავი. ამას ისედაც ვაპირებდი, რადგან უკვე ვიგრძენი საშიშროება, რომ შეიძლებოდა ტყვია თვალში ან სხვა სახიფათო ადგილას მომხვედროდა. ამ დროს მეორე ტყვიაც მომხვდა, მარჯვენა ხელში. 9 წუთის განმავლობაში ორი ტყვია მომხვდა.
- როგორ ფიქრობ, მაინც რას მოჰყვა ასეთი დაძაბულობა და რეზინის ტყვიების სროლა?
- დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ვვარაუდობ, რომ სპეცრაზმის კორდონთან შელაპარაკება მოხდა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რამაც გამაკვირვა - როდესაც მომიტინგეებმა უკან დაიხიეს, სპეცრაზმი კვლავ ისროდა ტყვიებს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არ უტევდა და მესმოდა შეძახილები, რაღას ისვრითო. მესმოდა სხვა შეძახილებიც, რომ ამით ისინი არ შეშინდებოდნენ და არ დანებდებოდნენ. ხალხი მაინც გროვდებოდა და ისევ ბრუნდებოდა ადგილზე. ქაშუეთისკენ რომ გადავინაცვლე, დავინახე, ხალხის დიდმა ნაკადმა უეცრად, სწრაფად დაიწყო რუსთაველის გამზირისკენ სირბილი, თან იგინებოდნენ. აი, მაშინ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და მეც გავიქეცი. იმის გამო, რომ უკვე 2 ტყვია მქონდა მოხვედრილი, გადამიყვანეს საავადმყოფოში, ჭრილობები დამიმუშავეს და მალევე გამომიშვეს.
- რაც შეეხება ჟურნალისტებს, ითქვა, რომ მათ განსაკუთრებულად ერჩოდნენ.
- მე არ ვიცი, დამიზნებით მომხვდა თუ ბრმა ტყვიები იყო ან იქნებ ერთიც და მეორეც, მაგრამ ფაქტია, რომ მედიის წარმომადგენლების იდენტიფიცირება ძალიან მარტივი იყო, რადგან ყველას გვეჭირა ფოტოაპარატი, მიკროფონი ან ტელეფონი, გადასაღებად. ჩემმა ფოტოგრაფმა, გიორგი ჟამერაშვილმა მითხრა, მე დამიზნებით მესროდნენო. სიმართლე გითხრათ, უსაფრთხოებაზე ძალიანაც არ მიფიქრია. ჩემი დაზიანება გაივლის, მაგრამ ვისაც თვალში მოხვდა, მას რაღა ეშველება? ეს იყო წამი, რომელსაც ვერავინ დააბრუნებს და რომელმაც ზოგს ბედისწერა შეუცვალა! გვიან მივხვდი, თურმე რა დიდ საფრთხეს გადავურჩი. აუცილებლად უნდა გამოიძიონ ყველა შემთხვევა.

გოდერძი მარი, სტუდენტი:
- ორატორთა უმრავლესობა "ნაციონალია", არანაირი ახალი აზრი, არც თავისუფალი, არც ახალგაზრდობის. აქცია ჰგავდა თეატრს, რომლის ნაწილები დიდი ფიგურები იყვნენ. ერთი ტიპი ავიდა მიკროფონთან და თქვა, აქციაზე უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა, "ნაცები" რომ არ იყვნენო და ჩაქოლეს, ბევრმა სახეშიც კი უთავაზა. ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან! მოსახლეობა ცდილობდა, აქციაზე გამოეხატა პროტესტი, რის უფლებასაც მას ართმევდნენ და ამის გამო უწევდათ დაეცვათ საკუთარი სიტყვა. მე სტუდენტი ვარ და ჩვენი, სტუდენტების მთავარი მიზანია მოლაპარაკების დაწყება სამთავრობო სტრუქტურებთან, მშვიდობიან რეჟიმში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ხალხის განწყობა და შეძლებენ თუ არა მუხტის შენარჩუნებას. რაც შეეხება ფორმას, აქციამ არ უნდა მიიღოს აგრესიის სახე, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნიკოლოზ ლეკიშვილი:
- უმძიმესი ღამე იყო, ეს ჯოჯოხეთიც აღარაა, რაც ამ ღამეს გამოვიარე და ვნახე. შევეცადე, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ჩავმდგარიყავი და შეძლებისდაგვარად, თავიდან ამეცილებინა ჩემი ხალხის სისხლის ღვრა. აქციის ორგანიზატორებმა მომიტინგეები მიატოვეს, სასულიერო პირებთან ერთად მომიწია ამდენი ეგზალტირებული ახალგაზრდის "კბილებით" შეჩერებამ. თანაც იმ დროს, როცა ათასობით ასეთი ახალგაზრდის გვერდით არც ერთი პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციიდან აღარ იდგა. ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცად შეატოვეს! ყველაზე მძიმე წუთებში მამა შალვა აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის ჩადგა და ვითარების დამშვიდებას ცდილობდა. რაც შეეხება მამა პეტრეს განცხადებას იმის შესახებ, რომ ქაშუეთი დაკეტილი იყო, სიცრუეა. ნამდვილად ღია იყო, ამ ამბის უშუალო მონაწილე ვარ და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ.
კარგია, რომ მიტინგს ახალგაზრდები უძღვებიან, თუმცა უნდა მიხვდნენ, რომ სინამდვილეში მიკროფონიც, სცენაცა და ტექნიკური აპარატურაც პოლიტიკური ოპოზიციის კუთვნილებაა, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ვგულისხმობ. საკითხავი ის არის, რისთვის იქნება გამოყენებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და მათი ემოციური მუხტი. რადგან აქციის პირველსავე დღეს 2003 წლის მსგავსი რევოლუციური სცენარი არ განმეორდა და ვერ მოხერხდა პარლამენტის შენობაში შეჭრა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი გადავიდა სცენარის შემდეგ ეტაპზე, რასაც დაუყოვნებლად უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მიმართ ძლიერი უკმაყოფილების მუხტის გაჩენა, გახარიას გადაყენება, სამთავრობო კრიზისის გამოწვევა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ამ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ეს სცენარი არის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა, ოპოზიციისთვის თავის გადასარჩენად. და თუ მათ ეს ვერ შეძლეს, 2020 წლის გაზაფხულიდან, ოპოზიციას, ისევე როგორც ხელისუფლებას, მსმენელი და მხარდამჭერი აღარ შერჩება. ამიტომაც 2020 წლიდან ვაპირებ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ტრადიციული, კონსერვატიული იდეოლოგიით.

პაატა შეთეკაური:
- აქციები ეს არ არის რეაქცია მხოლოდ იმ ერთ ინციდენტზე, რომელიც, თავისთავად, ძალიან დამამცირებელი და დანაშაულებრივი იყო, გავრილოვის პარლამენტში "სტუმრობას" ვგულისხმობ. მთლიანობაში, დღეს ქუჩაში ხალხის გამოსვლა ამ მთავრობის წლების განმავლობაში უნიათო მმართველობის შედეგია. მთავრობას პირველ დღესვე მყისიერი რეაქცია რომ ჰქონოდა და კობახიძე გადაეყენებინა, ყველაფერი მაშინვე დამთავრდებოდა. 20 ივნისის აქციაზე იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც მთლიანობაში შეკრებილი მასის 1%-იც კი არ იყო. მათ იმდენი მოახერხეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები "წამოიკიდეს" პროვოკაციაზე და შედეგად, 300 ადამიანი დაშავდა. დაგვიანებული რეაქციები ამ მთავრობისთვის დამახასიათებელია, სულ სირაქლემის პოზაში არიან. მიკროფონთან იყო პატარა ჯგუფი, რომელსაც ის ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა, რის გამოც უმეტესობა გაერიდა აქციას, მათ შორის მეც. ცალსახად ვერ იტყვი, ვინ აქტიურობდა, უცნობი სახეები იყვნენ, თუმცა ორგანიზებულად მოქმედებდნენ. არც ეს და არც სხვა რამ მიზეზი არ გამოდგება ხელისუფლების გასამართლებლად, პასუხისმგებლობა 100%-ით მთავრობაზეა, მან გადააჭარბა ძალას, დაუშინა ტყვიები მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესროლა და არა - "ნაციონალებს"...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაკარგი არაფერი მქონდა და ყველა პრობლემაზე ვწერდი და ვლაპარაკობდი
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი