"გინდათ, სიმართლე? ქვეყანაში სუს-ი აკონტროლებს ყველაფერს" - გზაპრესი

"გინდათ, სიმართლე? ქვეყანაში სუს-ი აკონტროლებს ყველაფერს"

ამ დრომდე მიდის მსჯელობა, თუ ვინ გასცა 20 ივნისს აქციის დაშლისა და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. ეს კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის ორაზროვანმა პასუხებმა უფრო მეტად გააჩინა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას თავად იღებს, თუმცა ბრძანება რომ მან გასცა, ამაზე ხაზგასმით არ საუბრობს. გახარიას თქმით, სამართალდამცავები კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ, რადგან მომიტინგეებმა შტურმი მიიტანეს და პარლამენტის შენობაში აპირებდნენ შესვლას. იმასაც აღიარებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში პოლიციელების ქმედებებში იყო გადაცდენა და ამ ფაქტებს ძალოვანები გამოიძიებენ. 10 პოლიციელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა, მაგრამ ვინ არიან ისინი, რა თანამდებობები ეკავათ და კონკრეტულად რას ედავებიან, ეს დეტალები ჯერ გასაიდუმლოებულია.

ამ დრომდე საზოგადოება ითხოვს შს მინისტრის გადადგომას. ბრძანების გაცემაზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. ამ ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ სწორედ ჩუბინიძე ფიგურირებს სროლების დროს სპეცრაზმელებთან კადრებში. უფრო მეტიც, ერთ კადრში ჩანს, სამიზნესაც კი ურჩევს იგი სპეცრაზმელს. მეორე ვერსიით, სუს-ის ხელი ურევია მოვლენების ასე განვითარებაში, იურისტი მირიან ნიკოლაძე კი თვლის, რომ გიორგი გახარიას ბრძანების გარეშე აქციის დარბევა არ მოხდებოდა.

- ბატონო მირიან, აქციის დაშლაზე გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

- ყველაფერს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს და როგორც შიდა კანონებით, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტებით რეგულირდება. პოლიციის შესახებ კანონით პირდაპირ განსაზღვრულია, რა დროს ხდება სპეციალური საშუალებების, ხელკეტისა და სპეციალური მოწყობილობის გამოყენება. ხელისუფლების წარმომადგენლები იძახიან, კანონით ამის უფლება გვქონდაო. კი ბატონო, გქონდათ, ჩვენ არ ვდაობთ ახლა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ იგივე კანონი გიდგენს აუცილებლობებს, თუ რა დროს შეგიძლია გამოიყენო ძალა.

- პოლიციის ქმედება სამართლიანია?

- არ ვდაობთ, რომ პარლამენტის დაცვა აუცილებელია, არც იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ ეს ხელებაწეული ადამიანების პროტესტი იყო. ჩვენ ვხედავდით, როგორ იგერიებდა პოლიცია ამ ხალხს. არც ის არის აუცილებელი, ვილაპარაკოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. როცა შედიხარ პარლამენტის შენობაში და იკავებ იქაურობას, აფერხებ მუშაობას, კვალიფიკაციის საკითხი ცალკე შეფასების საგანია. ისიც ყველამ ნათლად დავინახეთ, როგორ გამოათრიეს პოლიციელები კორდონიდან, ართმევდნენ ფარებს, ესროდნენ სხვადასხვა ნივთს. დიახ, ეს არ იყო დანაშაული, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ შენობის დაცვით გამოწვეული სიკეთე ღირდა იმად თუ არა, რომ დასახიჩრდა ამდენი ადამიანი? მომიტინგეების მხრიდან დანაშაული რომ განხორციელდა, ეს არ არის სადავო. უკიდურესი აუცილებლობის დროს, როცა მსუბუქი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს წესრიგს, მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს ძალა პოლიციამ.

- ასეთ დროს დაშლის ბრძანებას ყველა შემთხვევაში შს მინისტრი გასცემს?

- პოლიციის შესახებ კანონით არ არის განსაზღვრული, რომ გინდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გასცეს ბრძანება, მაგრამ როცა ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა ხდება, გამორიცხულია, შს მინისტრის გარეშე ვინმემ იმოქმედოს. ეს არ არის სპეცრაზმის კონკრეტული ოპერაცია, როცა მას დამნაშავე აჰყავს. ერთია, დაშალო აქცია, მაგრამ მერე ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო? ეს სერიოზული დარღვევაა. ამავე კოდექსის მე-12 მუხლში ნათქვამია, პოლიციელის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს მაშინვე, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია. ანუ რომ დაშალეს აქცია, ამით მიზანს მიაღწიეს, მერე არ იყო საჭირო ამ ხალხის დევნა და ტყვიების სროლა. აშკარაა, მიზნის მიღწევის შემდეგაც გრძელდებოდა ხალხის დევნა. ის პირები, რომლებიც ხალხს მისდევდნენ, უნდა დაისაჯონ!

GzaPress

- თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ ქუჩაში გრძელდებოდა დარბევები, გზების გადაკეტვა და სხვა სახის დარღვევები, რომელიც აღკვეთეს. - კარგად ვუსმინე შს მინისტრის პოზიციას და ეს იყო აბსოლუტურად არადამაჯერებელი და ძალიან ზედაპირული. არადა, ველოდებოდი, რომ მას საფუძვლიანი არგუმენტები ექნებოდა. როგორც იურისტს, სხვა რამის მოლოდინი მქონდა. ჩვენ ვნახეთ, პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც ამზადებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. წარმოიდგინეთ, ეს რომ გამოეყენებინა ვინმეს, რა უმძიმესი შედეგი დადგებოდა. საკმარისი იყო 3-4 ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და ადამიანები შეიძლებოდა იქ ცოცხლად დამწვარიყვნენ. სიმართლე გითხრათ, ველოდი, მინისტრი იტყოდა, გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხალხი ემზადებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოსაყენებლად, მივხვდით, მივიღებდით სავალალო შედეგს და ამიტომ მივიღეთ აქციის დაშლის გადაწყვეტილებაო. ეს ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალზე დამაჯერებელი არგუმენტი იქნებოდა და არც ქმედებასთან მექნებოდა პრეტენზია. ჩემდა გასაკვირად, არც ერთ ჟურნალისტს არც გაუჩნდა ეს კითხვა. ამით იმას მაინც გავარკვევდით, არსებობდა თუ არა საფრთხე რეალურად. ძალოვანებს ჰქონდათ საშუალება, ამ გზით "გაეპრავებინათ" თავიანთი ქმედება. ახლა ეჭვი მიჩნდება, ეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ამბავი საერთოდ ხომ არ გამოიგონეს.

- პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ არ მოხდებოდა ძალის გამოყენება, რამდენიმე წუთში აქციის დარბევა მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ბახტაძე არ იყო საქმის კურსში? ისიც ფაქტია, ამ დროს პალიკო კუბლაშვილს მოლაპარაკებები ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან და ოპოზიციის ლიდერები მას უნდა შეხვედროდნენ და შეთანხმება გამართულიყო. ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში აქციის დაშლა დაიწყო. ამიტომ უფრო ეჭვობენ, რომ ეს გახარიას გარეშე მოხდა.

- დღეს სახელმწიფო სახელმწიფოს არ ჰგავს და სამინისტრო - სამინისტროს, რაც დიდი უბედურებაა. პოლიციის კანონში ისიც წერია, თუ ვითარება მწვავდება, შეუძლიათ სპეციალური საშუალების გამოყენება, მაგრამ მერე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ეს ფაქტი პროკურორს, შეტყობინების ვალდებულებები აქვთ. ამიტომ გამოძიება არის მნიშვნელოვანი, უნდა შეფასდეს ამ მიტინგის დროს ესკალაცია რა ზღვარზე იყო და რა დროს იმოქმედეს. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, იყო თუU არა იმის საშუალება, რომ მომხდარი აგვეცილებინა. ისიც ფაქტია, დღეს ჩვენს ქვეყანაში სუს-ი აკონტროლებს ყველაფერს. მგონია, რომ მათი ხელი ურევია ბრძანების გაცემაში. შინაგანად მიჩნდება ღრმა რწმენა, რომ აქ უფრო მეტად მოქმედებდა სუს-ი და არა შსს, მაგრამ საბოლოოდ ბრძანება აუცილებლად გახარიასი იქნება. ის დღეს გაურბის ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს, უჭირს თქმა, რომ ადამიანებისთვის თვალების დათხრაზე ბრძანება მან გასცა. მაინც ვიტყვი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (ე.წ. სუს-ი). ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ სამინისტროში საკვანძო თანამდებობების უმრავლესობაზე მყარად ჩაბღაუჭებულები ბრძანდებიან მიშა სააკაშვილის დროინდელი უინტელექტო, საშუალო და საშუალოზე დაბალი განვითარების ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე, ჩვენს წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელების მეტი არაფერი უკეთებიათ. გინდათ, სიმართლე? სიმართლე ესაა.

- რეზინის ტყვიები უნდა გამოეყენებინათ?

- კანონი გვეუბნება, მასობრივი არეულობის დროს გაქვს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება. როდესაც კანონი გიდგენს პროპორციულობის, კანონზომიერების პრინციპს, ეს არ უნდა გამოიყენო ტყუილუბრალოდ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პოლიციის მიერ დემონსტრაციების დაშლის დროს არ უნდა გამოიყენონ არაპროპორციული, გადამეტებული და არამართლზომიერი ძალა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მის მიერ გამოყენებული საშუალებების გრადაცია და სამართალდამცავი ორგანოები აღჭურვოს სხვადასხვა სახის საშუალებით (იარაღით), რომლის წყალობითაც მოხდება გამოყენებული ძალის დიფერენცირება. არალეტალური იარაღის გამოყენება უნდა დაექვემდებაროს მკაცრ კონტროლს პოლიციის მხრიდან. ძალის გამოყენებამდე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო არაძალადობრივი საშუალება. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები მიზნის მისაღწევად არაეფექტიანი იქნება. პოლიციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს, რომ სპეციალური საშუალების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთან, კანონი არ კრძალავს პოლიციის მიერ ერთდროულად რამდენიმე სპეციალური საშუალების გამოყენებას. კანონის აღნიშნული ხარვეზი პრობლემებს ქმნის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების არაპროპორციულობის კონტროლისა და პრევენციის კუთხით და პოლიციას აძლევს თვითნებობის მაღალ შესაძლებლობას. მაგალითისთვის, იმ მიზეზის გამო, რომ რეზინის ტყვიები კონკრეტულ პირობებში შეიძლება ლეტალურ ძალას წარმოადგენდეს, მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის კანონით, ასევე გაეროს ძირითადი პრინციპებითა და შესაბამის უფლებათა დაცვის კონვენციებით დადგენილ შეზღუდულ შემთხვევებში. რეზინის ტყვიის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს განსაზღვრული დისტანცია, რათა აღნიშნულმა არ გამოიწვიოს ადამიანის დასახიჩრება ან თავდამსხმელის პოლიციელთან მიახლოებისას გამოყენებულ იქნეს არა რეზინის ტყვია, არამედ სხვა სპეციალური საშუალება. უნდა მოხდეს ძალადობაში ჩართული პირების იზოლირება მშვიდობიანი დემონსტრანტებისაგან და მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იძულებითი ღონისძიებები. მასობრივი არეულობის დროს სპეცრაზმელი მოქმედებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას არეგულირებს. აქტიური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. კანონი სპეცრაზმელს, რომელსაც მასობრივი არეულობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა დაევალა, უკრძალავს სპეციალური საშუალებების გამოყენებას ორსულების, მცირეწლოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმული პირების მიმართ, თუმცა კანონი აზუსტებს - თუ ასეთი მოქალაქეები შეიარაღებული არიან ან ჯგუფურად ესხმიან თავს პოლიციელს, მაშინ კანონი სამართალდამცველს აქტიური მოქმედებებისთვის ხელ-ფეხს უხსნის. უფრო მეტიც, კანონი პოლიციელს აფრთხილებს, რომ თუ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას, მაშინ მას შეუძლია, აკრძალვა არ გაითვალისწინოს. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით გამოიყენოს ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები. ახლა სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს ისიც, იყო თუ არა ამოწურული სხვა უფრო ეფექტიანი საშუალებები.

- აქციის მონაწილეების მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

- სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი იმათაც, ვინ მოაწყო პარლამენტზე შტურმი, ყველა უნდა დააკავონ და რა თქმა უნდა, გახარია უნდა წაბრძანდეს სახლში, სხვანაირად წარმოუდგენელია. დღეს სახეზე გვყავს შეშინებული მინისტრი, რომელმაც ჩაისვარა და მე რა უნდა გადამიწყვიტოს ამ მინისტრმა? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ქმედებები შს სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ რეგულირდება, რომლის ქვედანაყოფები ასრულებენ მინისტრის ბრძანებას, მაგრამ ჩვენთან შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს, რას ვიზამთ. მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერს ისეთი შემთხვევაც გვქონდა, ვანო მერაბიშვილმა ვერ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა აიღო, მან გასცა ბრძანება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ.

- გიგა ბოკერიას გულისხმობთ?

- დიახ, მერე გავიგე, რომ ამ დარბევის ბრძანება გასცა გიგა ბოკერიამ. ასე ხდება საქართველოში პასუხისმგებლობების აღება. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ანარქიულ ვითარებაში ასეთი შერეული ბრძანებებიც ყოფილიყო გაცემული. კანონით ყველაფერზე პასუხისმგებელი შს მინისტრია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ის კი ცალსახაა, "ოცნება" დამთავრებულია. აქციის მონაწილეებმა სუს-ის ხელმძღვანელობის გადადგომაც უნდა მოითხოვონ. წარმოიდგინეთ, ამ დროს როგორი საკონტროლებელია გამწარებული სპეცრაზმელიც. მათი ფსიქოლოგია სხვანაირია, დღე და ღამე ვარჯიშობს, დღეში 2 000 ტყვიას ისვრის. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ეს მისი საქმეა და რობოტები არ არიან, მაგრამ მათი საქმიანობა უკავშირდება ინსტინქტებს. როცა უყურებს სპეცრაზმელი, რომ მას და მის თანამშრომლებს ვიღაც გამხეცებული ურტყამს და დებოშს აწყობს, სამი საათი იგერიებს, მაგრამ როგორც კი ბრძანებას იღებს, სხვა რეჟიმში გადადის. მისთვისაც ძნელია, კონტროლი გაუწიოს თავის ქმედებას. ასე რომ, ფსიქოლოგიურად ძალიან გაწონასწორებული ადამიანები უნდა შეარჩიონ სპეცსამსახურებში, რომლებიც ადეკვატურად იმოქმედებენ. ეჭვი მეპარება, ვინმეს ეთქვა, წადით და თვალები დასთხარეთ ხალხსო, მაგრამ ისიც ფაქტია, ხალხს დამიზნებით ესროდნენ და გაქცეულ ადამიანებს სადარბაზოებამდე სდიეს.

თეა ხურცილავა